განათლება – ჯანდაცვისთვის
„ფული რეფორმებს ანათებს“
რაკი რეფორმა მტკივნეულია, ბუნებრივია, კონვულსიებს ვერც ჯანდაცვის რეფორმა ასცდა. ჰოდა, რაკი ვერ ასცდა, თეთრხალათიანთა უმეტესობა სიტყვას არ შეგაწევს, თუ ფული არ დაანახვე. ვერც გაამტყუნებ, რადგან ჰიპოკრატეს ფიცი – ფიცად, მაგრამ პირიც ყველას აქვს (და პირის გემოც). ამის პარალელურად, განათლების რეფორმაც აქტიურ ფაზაშია: აქეთ – ოქროსა და ვერცხლის მედლების (საზეიმო ვითარებაში) ჩამორიგებას ვერ აუდიან, იქით – პროკურორთა სტუმრობებს. მეტიც, შიგადაშიგ საჯარო სკოლებში დისციპლინის გამკაცრებასაც ლამობენ (ცნობილია, რომ განსაკუთრებით მეთორმეტეკლასელებს, რომლებიც ლამის სკოლებშივე ჩაბერდნენ, სკოლაში სიარულით დროის კარგვას იმ ოთხი სავალდებულო საგნის მომზადება ურჩევნიათ, უმაღლესში მოსახვედრად რომ უნდა ჩააბარონ). ხოლო, რაკი დისციპლინა გამკაცრებულია, მოსწავლეების გაცდენებიც მკაცრად კონტროლდება (თუმცა ისიც სათქმელია, რომ მეტ-ნაკლებად). რაც შეეხება კონტროლს: სამდღიანი გაცდენის შემთხვევაში მოსწავლეს მშობლის ცნობაც ჰყოფნის, თუმცა, თუ ავად გახდა და ავადმყოფობამ სამ დღეს გადააჭარბა, სავალდებულოა სამედიცინო ცნობა და სწორედ აქ იმალება რეფორმების მთავარი ინტრიგაც (პრინციპით: ხელი ხელს ბანს, ორივე კი – პირსო): ექიმის გამოძახება 8 ლარი ღირს, ცნობის გამოწერა – 7 ლარი. ესე იგი, სკოლის მოთხოვნებს დამორჩილება მშობელს ერთი შვილის ერთხელ ავად გახდომაზე 15 ლარი უჯდება, ხოლო, თუ ამას გრიპის სეზონსაც დავამატებთ, როგორც ჩანს, ამაზეა ნათქვამი: ძმა (განათლების რეფორმა) ძმისთვისაო (ჯანდაცვის რეფორმისთვისაო), შავი დღისთვისაო. თუმცა მხოლოდ ეს არ არის ჯანდაცვის რეფორმის ერთადერთი დევიზი: თუ ეგრეთ წოდებული „ფსიქო“ დაგჭირდათ, მამალი გიჟიც რომ იყოთ (ბუნებრივია, შესაბამისი ცნობის გარეშე), თუკი 25 ლარს გადაიხდით, მასაც გაინაღდებთ (რომელშიც ჩაგიწერენ: „პრაქტიკულად ჯანმრთელიაო“, ისე, რომ ჩაქუჩს მუხლზე საჩვენებლადაც არ გიკაკუნებენ). ესე იგი, „მთავარია, გქონდეს ფული, რომ არ იყო რეფორმებით დაჩაგრული“!