კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ოფიციალურად ბუნებრივი სიკვდილით გარდაცვლილ მონარქთა საეჭვო გარემოებანი

ფეოდალურ ხანაში პოლიტიკურ ოპონენტთა გზიდან ჩამოშორების ყველაზე ოპტიმალურ ხერხად მათი მოკვდინება მიიჩნეოდა. უფრო „ჰუმანისტებს” შეღავათიანი მეთოდი ჰქონდათ – თვალების დათხრით იფარგლებოდნენ. ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, სპარსეთში, დასაჭურისებასაც მიმართავდნენ. ჩვენი რესპონდენტის, ფსიქოლოგ გელა გარაყანიძის აზრით, იყვნენ სახელმწიფო მოღვაწენიც, რომელნიც ოფიციალური ვერსიით, ბუნებრივად გარდაიცვალნენ, თუმცა მათი სიკვდილის გარემოებანი ბევრ კითხვას ბადებს.

 

– ბატონო გელა, ვინ იყვნენ ის სახელმწიფო მოღვაწენი, რომელთა გარდაცვალების გარემოებანიც ეჭვის საბაბს იძლევა?

– ორ საყოველთაოდ ცნობილ მეფესა და საზოგადო მოღვაწეზე შევჩერდები – მეფე ბაქარსა და მეფე თეიმურაზ მეორეზე. ორივენი 1700 წელს დაიბადნენ და 1712 წლიდან დანათესავდნენ კიდეც, როცა თეიმურაზმა ბაქარის დაზე, თამარზე იქორწინა.

ბაქარი 1750 წელს გარდაიცვალა. არ უავადმყოფია, ჯერ ისევ ჯან-ღონით სავსე იყო... იგი არასოდეს ყოფილა რუსული ორიენტაციის, თუმცა 1725 წლიდან მოყოლებული, ნახევარი ცხოვრება რუსეთში გაატარა. ბოლო წლებში ძალზე აქტიურად მოითხოვდა სამშობლოში გაშვების ნებართვას... 1741-1761 წლებში რუსეთის მეფე (იმპერატორი) გახლდათ პეტრე პირველის ქალიშვილი ელისაბედი. პიროვნულად ბაქარს მასთან ცუდი ურთიერთობა არ ჰქონია... რაც შეეხება სამეფო კარს – შუვალოვებს, ვორონცოვებს, ტრუბეცკოებს, ბესტუჟევ-რიუმინებს... მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს სწორედ ისინი იღებდნენ. 

– ვის შეეძლო შეესრულებინა მათი დავალება, მაშინ ხომ სუკი და სპეცსამსახურები ჯერ არ არსებობდა?

– მოხალისე ქილერები უხსოვარი დროიდან „მოღვაწეობდნენ”. ზოგიერთი მათგანი განსაკუთრებული პროფილით გამოირჩეოდა – მხოლოდ მოწამვლაში იყო დასპეცებული... ისინი საკუთარ მეფეებს არ ინდობდნენ და სხვაზე აუკანკალდებოდათ ხელი? გვიან ფეოდალური ხანის რუსეთში, სულ რამდენიმე მეფეა (თითებზე დაითვლებიან), რომელიც ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალნენ. 

– სანამ თქვენეულ ანალიზზე გადახვიდოდეთ, მინდა აღვნიშნო, რომ არც ქართულ სახელმძღვანელოებში წერია რამე ბაქარისა და თეიმურაზ მეორის საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების შესახებ. ბაქარის სიკვდილის ირგვლივ, რომელი სპეციალისტი გამოთქვამს ეჭვს?

– ასეთები ძალზე ბევრნი არიან... თუნდაც, ქალბატონი ნინო მახათაძე, ნაშრომში – „მოსკოვის ქართული კოლონიის ისტორიიდან”, ქალბატონი ნინო საინტერესო პარალელს ავლებს და დანანებით აღნიშნავს, რომ ფეოდალური ხანის მეფე-პოეტთა თითქმის ყველა რჩეულ მემკვიდრეს წუთისოფელმა ტრაგიკული ბედი არგუნა: თეიმურაზ პირველის ვაჟები აღმოსავლური ტირანიის მსხვერპლნი გახდნენ (სამივენი), ალექსანდრე არჩილის ძემ შვედური ათწლიანი ტყვეობის შემდეგ სამშობლოს უნახავად დალია სული, პაატა ვახტანგის ძეს ქართველმა მსაჯულებმა გამოუყვანეს წირვა. 

– ბაქარიც და თეიმურაზ მეორეც მარტო მეფენი არ ყოფილან. მათ დიდი დამსახურება მიუძღვით ქართული კულტურის წინაშე. ვის არ სმენია „ბაქარის ბიბლიის” სიტყვათშეთანხმება, ანდა ვინ არ იცის, რომ თეიმურაზ მეორე ცნობილი პოეტია... 

– უპირველესად, ჩემი დაკვირვების ობიექტნი გახლდნენ ქართველი მემატიანენი. და ჰოი, საოცრებავ, ბაქარისა და თეიმურაზის სიკვდილს ყველა გვერდს უვლის – თითქმის ყველა. თუმცა, დუმილზე ეტყობათ, რომ რაღაც იციან.

ჩემი სათაყვანებელი გურამიშვილით დავიწყებ – მართალია, იგი აქცენტს მეთვრამეტე საუკუნის 20-30-იან წლებზე აკეთებს, მაგრამ ბაქარის გარდაცვალება რომ აღენიშნა თავის „დავითიანში”, არაფერი დაშავდებოდა. 

– საკამათო მოსაზრებაა. თუ მისი თხრობის არეალი 20-30-იანი წლებია, მოვალე იყო, 1750 წელს გარდაცვლილი ბაქარი თავის პოემაში ეხსენებინა?

– მე მესმის თქვენი. თქვენ გაიზარდეთ წიგნებზე, სადაც ეწერა, რომ ლეკების ტყვეობიდან გამოქცეული გურამიშვილი ვახტანგ მეფეს ეახლა მოსკოვში... ხომ ასეა? 

– ნუთუ ესეც საკამათოა?

– აბა, ვნახოთ რა წერია დედანში: „მუნით მოსკოვს მეფე ვახტანგს, ბაქარს – შანაოზსა ხანსა – ვიახელ და თაყვანსა ვეც; ბრძანეს: „სჭრიტე ჯაბახანსა.” თურმე მხოლოდ ვახტანგს არ ხლებია. რაც შეეხება სხვა მემატიანეებს, ისინი ვალდებულნი იყვნენ, მათი სიკვდილი შთამომავლობისათვის ეცნობებინათ. არც პაპუნა ორბელიანი, არც ომან ხერხეულიძე ამ საკითხზე კრინტს არ სძრავენ. 

– მხოლოდ იმის გამო, რომ მათი გარდაცვალების გარემოებანი აფიქრებთ?

– პაპუნას შემთხვევაში, ბოლომდე არა – ვინაიდან იგი 1758 წლით ამთავრებს თხრობას, მაგრამ ომან ხერხეულიძეს, რომელმაც მოახერხა და მთლიანად გამოტოვა 1765 წლის პაატა ბაგრატიონის შეთქმულება, საერთოდ არ აფიქრებს ბაქარის ხსენება. მისმა ვაჟმა ალექსანდრემ ხომ ერეკლეს ბევრი თავსატეხი გაუჩინა.

რაც შეეხება თეიმურაზს – ომანი მხოლოდ გაკვრით ეხება მის წასვლას რუსეთში: „წარვიდა მეფე თეიმურაზ როსიასა შინა იმპერატრიცა ელისაბედთან თხოვად შეწევნისა”. ამის შემდეგ საერთოდ აღარ აინტერესებს ამ ვიზიტის შედეგი და თეიმურაზის არსებობა. როგორც ჩანს, მისი მატიანის დამკვეთებმა, ვერანაირი გონივრული ინსტრუქცია ვერ მისცეს – თეიმურაზის სიკვდილი როგორ გაეშუქებინა. 

– როგორია თეიმურაზის სიკვდილის თქვენეული ვერსია?

– თეიმურაზი, რომელიც ჯანმრთელობის მხრივ არაფერს უჩიოდა, 1762 წლის 8 იანვარს აღესრულა. 1761 წლის 25 დეკემბერს სიცოცხლეს გამოასალმეს მისი ძმისწული ელისაბედი – რუსეთის იმპერატორი. შეიძლება, სავარაუდოდ, სამი სქემის – ვარიანტის არსებობა, დაშვება. პირველი – თეიმურაზი იმსხვერპლა იმავე ძალამ, რომელმაც მანამდე ელისაბედს მოუღო ბოლო. შესაძლოა, თეიმურაზმა თავისი ძმისწულის მკვლელობის თაობაზე, რაიმე სახის პროტესტი გამოხატა, ან რაღაცას შეესწრო, ან რაღაც ინფორმაციას ფლობდა. მეორე ვარიანტი – თეიმურაზი მოაკვდინეს თავისივე ამალის წევრებმა, ფულის მითვისების მოტივით. საქმე ისაა, რომ თეიმურაზმა ქართლიდან წასვლისას 100 ათასი მანეთის ოდენობის ფული წაიყოლა. მართალია, თავიდან საკუთარი ხარჯით მიჰყავდა ასკაციანი ამალა, მაგრამ მოგვიანებით, გზისა და კვების ხარჯებიც აუნაზღაურეს და რადგან ელჩობა გაუჯანჯლდა (თუ რატომ – ცალკე მსჯელობის საგანია), თვეში 1 000 მანეთიც დაუნიშნეს. მიუხედავად ამისა, გაირკვა, რომ გარდაცვლილ თეიმურაზს რუსეთში მოღვაწე სომეხი ვაჭრების ფული ემართა – 12 ათასი მანეთი... ამალის წევრები იძულებულნი გახდნენ რუსეთის სამეფო კარის მიერ ნაჩუქარი ნივთები გაეყიდათ და ვალი ისე გაესტუმრებინათ... მესამე ვარიანტი – რაც ყველაზე ნაკლებ სავარაუდოა, თეიმურაზი მოწამლეს ვახტანგ მეექვსის სამეფო სახლის გულშემატკივრებმა, კახელი ბაგრატიონების წარმატებისადმი (ისინი ხომ ორივე ტახტს ფლობდნენ) შურით აღვსილებმა... ან მათმა ნათესავებმა, ვინც 40-იან წლებში ქართლის ტახტის დასაუფლებლად წარმოებულ თეიმურაზ-ერეკლეს ბრძოლებს შეეწირა. 

– გეტყობათ, პირადად თქვენ, პირველ სქემა-ვარიანტს უფრო იზიარებთ. ამიტომ, იქნებ ჩვენი მკითხველებისთვის ელისაბედის თაობაზეც გეამბნათ?

– ელისაბდის პაპა ერეკლე პირველი გახლდათ. ელისაბედი 1709 წელს დაიბადა, ზუსტად იმ წელს, როცა ერეკლე გარდაიცვალა. მეორე პაპა, დედის მხრიდან – სამუილ სკავრონსკი – ლიტველი გლეხი იყო, არ არის გამორიცხული, ებრაელი ყოფილიყო. მარტა სკავრონსკაია – ასე ერქვა ელისაბედის დედას, რომელიც 12 წლით იყო უმცროსი პეტრეზე. ადვილი მისახვედია, პეტრე მას მზითევის გამო, ან პოლიტიკური მოსაზრებებით არ შეირთავდა – გარეგნული სილამაზით მოიხიბლა. მართლმადიდებლობის მიღების შემდეგ, მან სახელი შეიცვალა და ეკატერინედ მოგვევლინა. ჯვრისწერა 1712 წელს შედგა, მანამდე – რამდენიმე წლის განმავლობაში, ქართულ ტერმინს თუ ვიხმართ – ხარჭად ესვა პეტრე დიდს. პეტრეს გარდაცვალებიდან 2 წლის განმავლობაში (სანამ მოწამლავდნენ), რუსეთსაც მართავდა... „მართავდა” ხმამაღლაა ნათქვამი – გადაწყვეტილებებს უმაღლესი საიდუმლო საბჭო იღებდა. 

18 წლის ასაკში ელისაბედი, უკვე სრულიად ობოლი გახლდათ... თვითონაც ხელისუფლებაში სახელმწიფო გადატრიალების შედეგად მოვიდა.

– გენერალ პეტრე ბაგრატიონის ცოლიც ხომ სკავრონსკაია იყო. ამ ქალებს ერთმანეთთან რაიმე აკავშირებდათ?

– არაფერი, მოგვარეობის გარდა. ბაგრატიონის სიდედრი საყოველთაოდ ცნობილი გრიგოლ პოტიომკინის დისშვილია, მისი ქმარი კი – მდიდარი, განათლებული, ნეაპოლში რუსეთის ელჩად ნამუშევარი. პეტრე ბაგრატიონის ქორწილში თვითონ პავლე პირველი იყო მეჯვარე... 

– მაშ, თქვენ ამბობთ, რომ ამ ორი მეფის სიკვდილს ყველა დუმილით შეხვდა? ნუთუ არავის ეყო გამბედაობა, სიკვდილის ფაქტი დაეფიქსირებინა?

– კიდევ ვიმეორებ, პაპუნა ორბელიანი მდუმარებას არის მიცემული, მაშინ როცა, იმერეთის მეფის ალექსანდრე მეხუთის მიერ თავისი დედინაცვლის – კოჭიბროლასთვის თავის გაგდებინება არ ავიწყდება...

ერთადერთი, ვისაც თეიმურაზი „გაახსენდა”, ისევ მისი შვილთაშვილი გამოდგა – თეიმურაზ ბატონიშვილი, რომელმაც უკვე მეცხრამეტე საუკუნეში გაიმეტა ერთი სტრიქონი თავის „ახალ ისტორიაში”. ეს არის და ეს...

– რაც შეეხება მეფე ბაქარს, ნუთუ არავინ გამოუჩნდა ქომაგი, არავისზე ჰქონდა პიროვნული ამაგი?

– ბაქარის ქომაგია 1743 წელს მოსკოვში, მისი ხელშეწყობით, მეცენატობით დაბეჭდილი ბიბლია...

რაც შეეხება პერსონებს, მისი უდროო გარდაცვალება გულწრფელად დაიტირა სახელგანთქმულმა პოეტმა მამუკა ბარათაშვილმა, პოეტიკის სახელმძღვანელოს – „ჭაშნიკის” ავტორმა. თავის ოდაში „ქება მეფის ბაქარისა”, გვხვდება ასეთი სტრიქონები: „შეკრბეს ქართველნი, თვალ ცრემლით სველნი, განკვირვებულან შენსა წოლასა”...

სიტყვა „განკვირვებულან” არის აქ საინტერესო. როცა ადამიანი ბუნებრივი სიკვდილით აღესრულება, მის მიმართ ასეთ გაოცებას არ გამოხატავენ – „განკვირვებულან შენსა წოლასა”...

 

 

скачать dle 11.3