კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელ სფეროებში უნდა დავაბანდოთ ფული გლობალური ფინანსური კრიზისების დროს და ვინ მდიდრდება კრიზისების პერიოდში

 

 მიუხედავად მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისა, ანალიტიკოსების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა დაადგინა, რომ მსოფლიოს მოსახლეობა საკმაოდ მაღალი ტემპით მდიდრდება. უფრო ზუსტად, ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში (2011 წლის ივნისის ჩათვლით) გლობალური სიმდიდრე 14 პროცენტით გაზრდილა და, საერთო ჯამში, 231 ტრილიონი აშშ დოლარიც შეუდგენია. მეტიც, პროგნოზებიც საკმაოდ ოპტიმისტურია: გლობალური სიმდიდრე მომავალი ხუთი წლის განმავლობაში, თურმე, კიდევ 1,5-ჯერ გაიზრდება და ხუთიოდე წლის შემდეგ, ყველა ზრდასრული ადამიანი თავის ქონებას საშუალოდ 40 პროცენტითაც გაზრდის (სამწუხაროდ, შვეიცარიელ ანალიტიკოსებს არ გამოუკვლევიათ, შეეხება თუ არა ეს მაამებელი პროგნოზი საქართველოს ზრდასრულ მოქალაქეებსაც). რაც შეეხება გამდიდრების დინამიკას: როგორც აღმოჩნდა, სწორედ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონზე მოდის გლობალური სიმდიდრის მატების 54 პროცენტი და ამიტომაც, ბუნებრივია, ყველაზე მეტად სწორედ ამ რეგიონში მცხოვრებთა ქონებას უბარტყია (34-პროცენტით, რაც თანხაში 75 მილიარდი აშშ დოლარია). მათ 9,2-პროცენტიანი მაჩვენებლით ჩრდილოეთ ამერიკა მიჰყვება, მესამე ადგილს კი სიმდიდრის მატების იერარქიაში ევროპა იკავებს –  4,8 პროცენტით.

განჭვრეტად მომავალში ყველაზე მდიდრები ამერიკელები იქნებიან: მათი სიმდიდრის მაჩვენებელი 2016 წლისთვის, თუ პროგნოზი გამართლდება, 81 ტრილიონი აშშ დოლარი იქნება, მეორე ადგილს ჩინეთს უწინასწარმეტყველებენ (39 ტრილიონი აშშ დოლარით), მესამე ადგილს კი იაპონელები დასჯერდებიან (31 ტრილიონი აშშ დოლარი).  არცთუ ურიგო მომავალი ელით ინდოელებსა და ბრაზილიელებს (ბოლო 10 წელიწადში ინდოელთა საერთო სიმდიდრე გაორმაგებულა, თუმცა ეს თანაბრად არ ასახულა ინდოეთის ყველა მოქალაქეზე).

ახლა კი სტატისტიკას გადავხედოთ: დღეს მსოფლიოში 84 700 ულტრამდიდარი ადამიანია. მათი უმეტესობა ამერიკელია (35 400), მათ მისდევენ ჩინელები (45 165), მესამე ადგილზე კი გერმანელები არიან (4 135). „ფორბსის“ მონაცემებით, მიმდინარე წელს მსოფლიო მილიარდერთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით გაიზარდა (199 ადამიანით), რაც რეკორდული მაჩვენებელია რეიტინგის არსებობის ბოლო 25 წლის განმავლობაში. ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს ამერიკაში (413), შემდეგია ჩინეთი (115) და მესამე –  რუსეთი (101). სულ მსოფლიოში 1 210 მილიარდერია.

როგორ ახერხებენ ადამიანები გამდიდრებას  გაქანებული კრიზისის დროს, მაშინ, როდესაც ცნობილია, რომ კრიზისით გამოწვეული გაკოტრების გამო თვითმკვლელობის შემთხვევებიც იყო, –  საკითხს ეკონომიკის ექსპერტი ნოდარ ხადური განგვიმარტავს.

–  მსოფლიო მოსახლეობა, თურმე, მდიდრდება და გლობლური სიმდიდრეც იმატებს, ეს მაშინ, როდესაც მსოფლიოში 2008 წლიდან საკმაოდ მწვავე გლობალური ფინანსური კრიზისია. რა ხდება? კრიზისის დროს ლოგიკურია, რომ ვიღაც უფრო სწრაფად მდიდრდება და ვიღაც ასეთივე სისწრაფით ღატაკდება?

–  აქ ცოტა ღრმა ფესვებზეა საუბარი. გლობალური კრიზისი 2008 წელს დაიწყო, 2010-ში შემსუბუქდა ვითარება, ახლა კი უბრალოდ ამ კრიზისმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა თავი. 

– თუმცა ექსპერტები ვერ შეთანხმებულან, ეს მეორე დამოუკიდებელი ტალღაა თუ პირველის მეორე ნახევარი?

– ზოგადად არის მოსაზრება, რომ დიდი კრიზისები W-ს პრინციპით მოქმედებენ: დაცემას მოსდევს მცირე აღმავლობა, შემდეგ კი ისევ დაცემა. ანუ იმან, რაც 2010 წელს მოხდა, მცირე აღმავლობა მაქვს მხედველობაში, ცხადია, გამოიწვია შემოსავლების ზრდა. ცუდია თუ კარგი, არ ვიცი, მაგრამ ფაქტი ერთია: შემოსავლების საერთო ზრდა არ ნიშნავს, ზოგადად, შემოსავლების ყველასთვის თანაბრად ზრდას. ანუ იზრდება ვიღაცეების შემოსავალი; არ იზრდება ან პარალელურად მცირდება მეორე ნაწილის შემოსავლები და მესამე ნაწილის შემოსავლები სხვებთან შედარებით პროცენტულად უფრო ნაკლები ხდება. ასეთია რეალობა და, შესაბამისად, ის, რომ ვიღაცეებმა უფრო მეტი ფული იშოვეს და ვიღაცეებმა დაკარგეს, სამწუხაროდ, ჩვეულებრივი  მოვლენაა. პროცესებზე, რომლებიც მსოფლიოშია, არ მოქმედებს გათანაბრების პრინციპი, –  ყველა ერთნაირად გაღარიბდეს, ან ყველა ერთნაირად გამდიდრდეს. ვისაც შემოსავლის წყაროები დივერსიფიცირებული აქვთ, მათი შემოსავლები ნაკლებად მცირდება ან პირიქით, იზრდება კიდეც.

– ანუ კრიზისის შემთხვევაში გამოსავალია დივერსიფიცირება?

– როდესაც მარქსი თავის „კაპიტალს“ წერდა, მაშინ შემოსავლების წყარო იყო ძალიან კონკრეტული. ეგრეთ წოდებული პროლეტარიატი შემოსავლებს იღებდა ხელფასიდან, ეგრეთ წოდებული კაპიტალისტები კი შემოსავალს იღებდნენ კაპიტალიდან. დღეს ეს ასე აღარ არის, ანუ დღეს ყველაზე მსხვილი კაპიტალისტი შემოსავლებს იღებს არა მხოლოდ კაპიტალიდან, არამედ საკუთარი ხელფასიდანაც და პირიქით, მუშა, რომელიც მუშაობს ამა თუ იმ ქარხანაში, შესაძლოა, იყოს ამ ქარხნის მესაკუთრეც. ეს მთელ მსოფლიოში ასეა, ამიტომ ეს არ არის პროცესი, რომელიც ცალსახა შეიძლება, იყოს. პრობლემები, რომლებიც შემოსავლების გათანაბრებასთან და განაწილებასთან დაკავშირებით იქმნება მსოფლიოში, ძალიან გლობალურია, შედარებით ღარიბ, ეგრეთ წოდებული ყოფილი მესამე სამყაროს ქვეყნებში, მოსახლეობა უფრო მეტია, ეკონომიკა კი არათუ არ იზრდება, პირიქით, ეცემა, გაღარიბების პროცენტი უფრო მაღალია. სამაგიეროდ, ქვეყნებში, სადაც ცხოვრების დონე შედარებით მაღალია, გაღარიბების მაჩვენებელიც დაბალია. იქ მოსახლეობის ცხოვრების დონე იზრდება არა მხოლოდ იმიტომ, რომ შემოსავლები იზრდება, არამედ იმიტომაც, რომ მოსახლეობაც იკლებს.

– მსოფლიოში კრიზისი პირველად არ არის, ხომ არ გამოიკვეთა საქმიანობის ისეთი სფეროები, რასაც კრიზისი ყველაზე ნაკლებად აზარალებს?

– ასეთი სფერო და დარგი, რეალურად, ალბათ, არ არსებობს, არის მეტ-ნაკლებად მედეგი დარგები, მაგალითად, ძვირფასი ქვებით ვაჭრობა ანდა ოქროში დაბანდებული კაპიტალი.

– ნავთობი, გაზი?

– 2008 წელს 145 აშშ დოლარიდან ნავთობის ფასი ოთხჯერ შემცირდა.

– თუმცა შემდეგ ისევ გაიზარდა, ასე რომ, საერთო ჯამში, წამგებიანი არ არის ეს სფერო?

– დღესაც 100 დოლარის პარამეტრებზეა საუბარი. აქ არის რყევები, მაგრამ ძვირფას ლითონებთან და ოქროსთან მიმართებაში შედარებით სტაბილურობაა.

– მაგრამ კრიზისის დროს არა მხოლოდ გაიაფდა საქონელი, არამედ რაღაცეები გაძვირდა კიდეც, მაგალითად, ვერცხლი. ეს როგორ? 

– მოდი, ვთქვათ, კრიზისის დროს ფასები მცირდება, მაგრამ არის გამონაკლისები. კრიზისის დროს რაღაცის გაძვირება, ალბათ, სწორედ იმითაა გამოწვეული, რომ ადამიანები ცდილობენ, თანხა დააბანდონ ისეთ საქონელში, რომელსაც, მათი აზრით, შეიძლება, უფრო მყარი ფასები ჰქონდეს.

– და ისინი ხელოვნურად ზრდიან ფასებს კრიზისის დროს?

– დიახ.

– თუკი კრიზისის დროს ფასები მცირდება და შემოსავლებიც, ესე იგი, მათ შორის ბალანსი ნარჩუნდება, მაგრამ ცხოვრების დონე მაინც უარესდება. რატომ?

– უამრავი ფაქტორის გამო. იცვლება ადამიანების მოლოდინები და ისინი უფრო პესიმისტურად უყურებენ მომავალს, ცდილობენ, შეამცირონ გარკვეული ტიპის დანახარჯები და ამ დანახარჯების შემცირების გამო, თავიანთი პრიორიტეტები ერთი საქონლიდან მეორეზე გადააქვთ, ამიტომ ძვირდება ის საქონელი, რომელსაც ადამიანები ფულის დაბანდების კარგ საშუალებად მიიჩნევენ, მაგალითად, ასეთებია ოქრო და ძვირფასი ლითონები, მაგრამ იაფდება დანარჩენები, მათ შორის, ნავთობიც. ეს ყველაფერი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის ფსიქოლოგიურ ფაქტორზე, როგორ ირეაგირებს საზოგადოება შექმნილ კრიზისზე.

– პროგნოზში ნათქვამია, რომ ხუთი წლის შემდეგ დედამიწის ყველა ზრდასრული ადამიანი თავის ქონებას საშუალოდ 40 პროცენტით გაზრდისო. ეს როგორ უნდა გავიგოთ?

– მე არ ვიცი, რაზეა საუბარი: ქონების ნომინალურ თუ რეალურ მაჩვენებელზე. ანუ უბრალოდ ფასი გაძვირდება თუ სხვა რამ მოხდება. თუმცა საშუალოდ 40 პროცენტით ზრდა არ ნიშნავს, რომ ყველას ქონება გაიზრდება 40 პროცენტით.

– გასაგებია, ზოგის შესაძლოა, 100 პროცენტით გაიზარდოს, დანარჩენის, საერთოდაც, მინუსში წავიდეს და საშუალოდ 40 პროცენტი დაჯდეს. რატომ ხდება ხოლმე, რომ ძალიან ღარიბი მოსახლეობა კრიზისის დროს ყველაზე ნაკლებად გრძნობს კრიზისს. ეკონომიკურად, ეს ლოგიკურია?

– ეს ძალიან რთული თემაა. რა თქმა უნდა, არიან ადამიანები, რომლებიც იყვნენ ღარიბები და გამდიდრნენ და, პირიქით, იყვნენ მდიდრები და გაღარიბდნენ, თუმცა მათ ქონებრივ მდგომარეობაში გარკვეული ტიპის სიმყარე, ალბათ, მაინც არსებობს.

– საქართველოს შემთხვევაში, რაკი კრიზისი მწვავედ არ ასახულა ჩვენზე, გადამწყვეტი როლი იმ 4,5-მა მილიარდმა შეასრულა?

– იმ ოთხ-ნახევარი მილიარდი დოლარიდან ჯერ ყველა არ მიგვიღია, მაგრამ მთავარი ეს არ არის. მთავარი არის ის, რომ ჩვენთან ეკონომიკური დაცემა იყო, დაახლოებით, 4 პროცენტი, ანუ შედარებით ნაკლები, სხვა ქვეყნებში: ზოგან იყო 10 პროცენტი და შედარებით მეტიც. თუმცა ჩვენი მოსახლეობის ცხოვრების დონე 2009 წელს უფრო ნაკლები იყო, ვიდრე 2007 წელს. დარჩა დასაქმების და უამრავი სხვა პრობლემა.

– პროგნოზით, ჩინეთს მდიდარი ქვეყნების სამეულში მეორე ადგილს უწინასწარმეტყველებენ?

– ჩინეთში ცხოვრების დონე 4-ჯერ მაინც მცირეა, ვიდრე ევროპაში.

– ბევრნი არიან თუ ცოტა მოთხოვნები აქვთ?

– მილიარდ სამასი მილიონი ადამიანია და, თუ არ ვცდები, მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე, დაახლოებით, 5 ტრილიონ დოლარამდეა, მაშინ, როდესაც ევროპაში ეს მაჩვენებელი გაცილებით მაღალია – თექვსმეტი ტრილიონი დოლარია ნახევარ მილიარდ ადამიანზე. ჩინეთში შემოსავლები ერთ სულ მოსახლეზე ნამდვილად არ არის გაცილებით მაღალი, ვიდრე საქართველოში. მე ვლაპარაკობ საშუალო მაჩვენებელზე, თორემ იქ შეიძლება არიან გამონაკლისებიც, რომლებიც კარგ პირობებში ცხოვრობენ.

– ყველაზე მდიდრები, საშუალოდ, ისევ ამერიკელები იქნებიან. ეს, ალბათ, ლოგიკურია?

– ყველაზე მდიდარი ხალხი, ზოგადად, ალბათ, მაინც ევროპაშია. მაგალითად, ლიხტენშტეინში, ნორვეგიაში... ბუნებრივია, ვლაპარაკობ საშუალო მაჩვენებელზე, თორემ ისე ცხადია, რომ ვიღაც უფრო მეტად მდიდარია, ვიღაც კი –  ნაკლებად.

– პრეზიდენტი დაგვპირდა ათპუნქტიანი გეგმით სამუშაო ადგილების შექმნას და ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის გაზრდას. რამდენი პროცენტი უნდა იყოს ყოველწლიურად ჩვენი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, რომ ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდაპროდუქტის ოდენობა გაორმაგდეს?

– ამას დიდი ფილოსოფია არ სჭირდებოდა, მაგრამ ბატონმა კახა ბენდუქიძემ გააკეთა რაღაც გათვლები და თქვა, რომ 40 წლის განმავლობაში ყოველწლიურად 12-12 პროცენტით უნდა გაიზარდოს საქართველოს ეკონომიკა, რომ დავეწიოთ და გავუსწროთ ყველა ქვეყანას.

– ეს რეალურია?!

– 40 წლის განმავლობაში ყოველწლიურად 12-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის ილუზიაც არ უნდა გვქონდეს. წელს ექვსი-შვიდი პროცენტი თუ იყო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, შარშან კიდევ უფრო ნაკლები გვქონდა, 2009-ში კი კლება იყო.

– არ გვინდა გასწრება, გასაორმაგებლად რამდენი წელი დაგვჭირდება?

– იმისათვის, რომ ჩვენთან ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი გაორმაგდეს 10 წელიწადში, წელიწადში 7-პროცენტიანი ზრდა გვჭირდება და გაორმაგების შემხთვევაში, იქნება 5 200 ამერიკული დოლარი. მაგალითად, ნორვეგიაში ეს მაჩვენებელი 85 000 აშშ დოლარია, ლიხტენშტეინში –  120 000 აშშ დოლარი.

– მეტყველების უნარი დავკარგე!

– გერმანიაში, დაახლოებით, 45 000 დოლარია, სინგაპურში –  43 000 დოლარი, ჩვენთან კი –  2 600 დოლარი.

– თუ გვაქვს შესაძლებლობა, რომ, მთლად ლიხტენშტეინს თუ არა, გერმანიას გავუტოლდეთ?

– გერმანია ჩვენზე 15-ჯერ წინ არის ცხოვრების დონით. ეკონომიკური ზრდის 7-პროცენტიანი მაჩვენებლით, ათი წელიწადი გვჭირდება გასაორმაგებლად, 20 წელი დაგვჭირდება გასაოთხმაგებლად და ასე შემდეგ.

– ეს შვიდი პროცენტი ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმია?

– ამ ეტაპზე ასეთია, თუმცა 2007 წელს გაცილებით მაღალი ტემპი გვქონდა ეკონომიკის განვითარების.

– რა არის საჭირო იმისთვის, რომ გავზარდოთ ეს შვიდპროცენტიანი მაჩვენებელი? ერთი ინვესტიციები, ალბათ, დანარჩენი?

– მხოლოდ და მხოლოდ ინვესტიციები, ეს არის გადამწყვეტი, რადგან სწორედ ინვესტიციები ქმნის დამატებით სამუშაო ადგილებს. ამას გარდა, გასაღების ბაზრები, ტექნოლოგიების დანერგვა, საწარმოო გადაიარაღება და ასე შემდეგ.

– პრეზიდენტმა თქვა, რომ არ უნდა შეგვეშინდეს საგარეო ვალის აღების. როგორც ეკონომისტი, რას იტყვით, ვიყოთ უშიშრები?

– ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე საგარეო ვალის მაჩვენებელი, ოთხ-ნახევარი მილიარდი დოლარი, საშიში არ არის, მაგრამ საშიშია, რომ მაღალია საგარეო ვალის ზრდის ტემპი. თუ ეკონომიკა უფრო სწრაფად გაიზრდება, ვიდრე ჩვენი საგარეო ვალი, რა თქმა უნდა, უკეთესი ვითარება შეიქმნება.

 

 

скачать dle 11.3