კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მავნებლობა მოაქვს გენმოდიფიცირებულ პროდუქტს და რატომ არის შეუძლებელი საქართველოში გენმოდიფიცირებული პროდუქციის გამოვლენა

პრეზიდენტმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ყვითელი ჰიბრიდული სიმინდის პროგრამამ (რის ექსპორტითაც სოფლის მეურნეობის აწ უკვე ყოფილი მინისტრი შავი დედლებივით გაკეთებას გვპირდებოდა) ისეთ შედეგი ვერ მოიტანა, როგორსაც ველოდითო, თუმცა უნდა ითქვას, რომ ექსპერტები ამ პროგრამის განხორციელებამდეც არცთუ დალხენილ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ ამერიკულ ჰიბრიდულ სიმინდს საქართველოში. რაკი ამჯერად უცხოური ჰიბრიდული ჯიში აქტიურად შემოიჭრა ჩვენს ცხოვრებასა და ლექსიკაში, „მწვანეთა პარტიის“ ლიდერს, გიორგი გაჩეჩილაძეს დავეკითხეთ განსხვავებას ჰიბრიდულ და ჩვეულებრივ ჯიშებს შორის და ზედაც არც გენმოდიფიცირებული ჯიშების მავნებლობა დაგვვიწყებია.

 

– დავიწყოთ იმით, თუ რა განსხვავებაა ჩვეულებრივ და ჰიბრიდულ ჯიშებს შორის როგორც გემოვნური, ისე სასარგებლოობის თვალსაზრისით?

– ჰიბრიდი არის შეჯვარებული ჯიში, რომელიც არ მრავლდება, ისევე, როგორც ცხენისა და ვირის ჰიბრიდია ჯორი. ეს ბუნების კანონია. ბიოლოგიასა და გენეტიკაში ცნობილი ამბავია, რომ ჰიბრიდები შთამომავლობას არ იძლევიან.

– რა საჭიროა მაშინ ჰიბრიდული ჯიშები, თუ ისინი შთამომავლობას არ იძლევიან?

– ჰიბრიდული ჯიშები გამოჰყავთ გარკვეული თვისებების გასაუმჯობესებლად და საქართველოშიც არის ქართული ჰიბრიდული ჯიშები, რომლებიც ძალიან მაღალმოსავლიანია. მაგრამ მათ, რატომღაც, ამერიკული ჰიბრიდული სიმინდი აირჩიეს, რომლის პროგრამაც საქართველოში კრახით დამთავრდა, რასაც ჩვენ ჯერ კიდევ შარშარ ვამბობდით.

– ფაქტია, რომ ამ პროგრამამ არ გაამართლა, რა იყო ამის მიზეზი, ამერიკაში ხომ იძლევა ეს ჰიბრიდული სიმინდი მოსავალს?

– იმიტომ რომ ეს ჯიში გამოყვანილია ამერიკის კლიმატური და ნიადაგური პიროებისთვის. ამასთან, არის ტექნოლოგიურად ტევადი და ამიტომ სპეციალური შემზადება სჭირდება: სასუქების დიდი რაოდენობა, შესაბამისი ტექნიკა, ინტენსიური მორწყვა და ასე შემდეგ. საქართველოში არსებობდა კანონმდებლობა, თუმცა ახლა უკვე აღარ არის, რომ, სანამ ახალი ჯიში შემოვა, მას წლობით გამოცდა სჭირდება, რადგან საქართველოში ძალიან ბევრი კლიმატური და ნიადაგური ზონაა და თითოეულს აქვს თავისი სპეციფიკა. ქვეყანაში არსებობს აგროკლიმატური დარაიონებები და სხვადასხვა რეგიონში ერთი და იგივე  ჯიში სხვადასხვა მოსავალს იძლევა, ზოგან შეიძლება, საერთოდ არ მოვიდეს. ამიტომ ის ჯიშები, რომლებიც საქართველოში ხარობდა და გამოდიოდა, მორგებული იყო შესაბამის კლიმატურ ზონებსა და ნიადაგებს. მაგალითად, საქართველოში ხორბლის 100-ზე მეტი აბორიგენული ჯიშია, რომლებიც სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა მოსავალს იძლეოდა. ქართველმა გლეხმა იცოდა ეს და ამიტომ არასდროს განიცდიდა ხორბლისა და სიმინდის დეფიციტს. მათ კი ის მონოკულტურა, რომელიც ამერიკაში იყო გამოცდილი, შემოიტანეს და ყველა რეგიონში დათესეს.  ამერიკულმა ჰიბრიდულმა სიმინდმა მოისხა ერთი ტარო და დაბალია: მაქსიმალური სიმაღლეა ერთი მეტრი და 20 სანტიმეტრი, ჩვენი კი 2 მეტრი და 40 სანტიმეტრია და ორ-სამ ტაროს ისხამს. ამასთან, დასავლეთ საქართველოში არის რეგიონები, სადაც ამერიკული სიმინდი საერთოდ არ მოვიდა. საქართველოში არსებობს აგრარული უნივერსიტეტი, სოფლის მეურნეობის აკადემია, მაგრამ ამ საკითხზე „მწვანეთა პარტიის“ გარდა, კაციშვილს ხმა არ ამოუღია.

– ვერ დაგეთანხმებით, მაგალითად, პაატა კოღუაშვილი ამბობდა იმავეს.

– რა თქმა უნდა, ის ძალიან მაღალი დონის სპეციალისტია, მე ვგულისხმობ ოფიციალურ სტრუქტურებს. ერთი სიტყვით, ჩვენ მართლები აღმოვჩნდით და ის გლეხები, რომლებმაც დაგვიჯერეს, გადარჩნენ. მათ კრედიტები აიღეს და ისე შეიძინეს სათესლე მასალა, ახლა ხელისუფლებამ თქვა, რომ გლეხებს უნდა ვაპატიოთ ის თანხაო, მაგრამ, რადგან გლეხებს კრედიტები ბანკებისგან აქვთ აღებული, ესე იგი, ან ბანკები დაზარალდებიან, ან გლეხები. მაგრამ მხოლოდ ეს არ არის: ვთქვათ, გლეხს აპატიეს კრედიტი, მაგრამ რა უნდა ჭამოს ზამთარში და რა უნდა აჭამოს საქონელს?! სიმინდი ხომ მხოლოდ ადამიანის საკვები არ არის?! ზამთარში პირუტყვის საკვებიცაა. ამერიკულ სიმინდს მცირე მწვანე მასა აქვს, იმიტომ რომ დაბალი იზრდება, არადა ძალიან დიდი ღირებულება აქვს იმ მწვანე მასას, რითაც პირუტყვი იკვებება, ასე რომ, სიმინდი არა მხოლოდ ტაროთი უნდა შეფასდეს. ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ, რომ გლეხებს არა მხოლოდ აპატიონ თანხა, არამედ ზარალიც აუნაზღაურონ. მაგრამ აქ არის ერთი საინტერესო რამ: სიმინდი ერთადერთი კულტურა იყო საქართველოში, რომელიც მთლიანად უზრუნველყოფდა საქართველოს მოსახლეობას. 

– ითქვა ისიც, რომ სიმინდის ის ჯიში, რომელიც დღეს ქართულია, თავის დროზე არაქართული იყო?

– კარტოფილი სადაურია?!

– არ ვიცი, სამწუხაროდ.

–  ასე თუ ჩაეძიებით, ყველა ჯიში საიდანღაც არის. ეს ჯიშები სადღაც არსებობდა და შემდეგ აგროკულტურებად აქციეს. ასე რომ, ეს არგუმენტი თითიდან გამოწოვილია, მაშინ ლობიო საიდანაა?

– არც ეს ვიცი.

– არც მე ვიცი, ან ნიორი საიდანაა?! ყოველთვის არსებობდა რაღაც პირველადი მასალა და შემდეგ მოსახლეობამ ის შესაბამისობაში მოიყვანა გადარჩევით, სელექციით, გამოცდილებით და გამოიყვანა თავისი აბორიგენული ჯიშები, რომლებიც შეგუებულია  იმ კლიმატურ და ნიადაგურ პირობებს. ადამიანი საიდან წარმოიქმნა?

– ან მაიმუნისგან, ან თიხისგან.

– ამბობენ, რომ აფრიკის კონტინენტიდანაა, ესე იგი, ყველანი აფრიკელები ვართ?! ამას გარდა, საქართველოში არის გაცილებით უფრო მაღალმოსავლიანი სიმინდის ჯიშები, მაგალითად, ისეთები, რომელიც 12-14 ტონა მოსავალს იძლევა.

– ჰიბრიდულია თუ ჩვეულებრივი?

– ზოგი ჰიბრიდულია და ზოგი ჩვეულებრივი.

– თუ ჰიბრიდული არ ტოვებს თესლს, რატომ უნდა გამოვიყვანოთ?

– არის სპეციალური მეურნეობები და ის 40 მილიონი, რომელიც, ფაქტობრივად, გამოვიდა, რომ ამერიკელებს აჩუქეს, ამისთვის შეგვეძლო მოგვეხმარა. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ერთ-ერთმა უკრაინელმა ბიზნესმენმა ეს „პიონერის“ თესლი, ამერიკული ჰიბრიდული სიმინდის, თავის ინიციატივით შეიტანა უკრაინაში და ორჯერ იაფად ჰყიდდა, ვიდრე ჩვენთან სახელმწიფომ გაყიდა. როგორც გითხარით, ქართული ჰიბრიდები იძლევა 12-14 ტონას და ეს 40 მილიონი ქართველი სელექციონერისთვის რომ მიეცათ, გაშენდებოდა სელექციური სადგურები და აღორძინდებოდა ეს დარგი. ეს იქნებოდა დასაქმებაც, აგრარული მეცნიერების გაძლიერებაც და, პარალელურად, უფრო მოსავლიან სიმინდს მიაწვდიდნენ ჩვენს მოსახლეობას ქართველი სელექციონერები. უამრავი ჯიშია საქართველოში, რომლებიც სისტემატურად ითესებოდა და ქართველი ხალხი არასდროს ყოფილა ამ ჯიშებით უკმაყოფილო. დღეს ჩვენი სტატისტიკის სამსახურიც დაბნეულია, არ იცის, რა ციფრი დაწეროს ამერიკული ჰიბრიდული სიმინდის მოსავლიანობის შესახებ. 

– რატომ არ ვჯერდებით ჩვეულებრივ ჯიშებს და, საერთოდაც, რომელი უფრო სასარგებლოა?

– რაც შეეხება ამ ამერიკულ ჰიბრიდულ სიმინდს, როგორც ამბობენ, ეს არის საფურაჟე სიმინდი, რომლისგანაც ცუდი ხარისხის მჭადი კეთდება, ანუ საკვებად უხარისხოა. როგორც ფერმერები ამბობენ, მისი მარცვალი არც შინაურმა ფრინველმა შეჭამა.  როგორც ჩანს, ცხოველბისთვისაა განკუთვნილი, ოღონდ შეერთებული შტატების საქონლისთვის. ჩვენი საქონლისთვის ქართული სიმინდია საუკეთესო, იმიტომ რომ უზარმაზარი მწვანე მასა რჩება და, ამასთან, ქართული სიმინდის ტაროც დიდია.

– ამერიკაში რომ მოდის, იმ ჰიბრიდული სიმინდის ტაროც მცირე ზომისაა?

– რა თქმა უნდა.

– რომელი ჯობია: ქართული ჰიბრიდული თუ ქართული ჩვეულებრივი ჯიშები?

– ქართული ჰიბრიდული სიმინდი გამოყვანილია სპეციალურად იმისთვის, რომ მისი საკვები ღირებულებები უფრო მაღალია და უფრო მეტ მწვანე მასას ტოვებს ცხოველებისთვის საკვებად, მისი მოსავლიანობაც უფრო მაღალია, ანუ არის უნივერსალური. მეტსაც გეტყვით, საქართველოში არის ტექნოლოგია, რომელიც ქართველმა მეცნიერებმა შეიმუშავეს: სპეციალური ბუნებრივი წარმოშობის სტიმულატორს შეუძლია მოსავლიანობის 50  პროცენტით და მეტით გაზრდა. ერთი სიტყვით, აუცილებლად უნდა აღორძინდეს სათესლე მეურნეობები. სანერგეები აუცილებელია, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ქართული აბორიგენული ჯიშები. ბევრი ჩვენი აბორიგენული ჯიში,  თავისი უნიკალური თვისებებიდან გამომდინარე, გამოიყენებოდა, როგორც სასელექციო მასალა. თუნდაც, სამცხის კარტოფილი.

– ჩვენი კარტოფილის უცხო ჯიშით ჩანაცვლების მცდელობაც იყო, თუ არ ვცდები?

– ეს იყო 1996 წელს, მაგრამ ჩავაგდეთ ეს იდეა, რადგან მაშინ პარლამენტში ვიყავით და ბერკეტები გვქონდა. დღეს ეს ბერკეტები არ გვაქვს, ამიტომ იძულებული ვართ, უბრალოდ გავაფრთხილოთ მოსახლეობა.

– გენმოდიფიცირებული ჯიშები ითესება საქართველოში?

– არ ვიცით, თუმცა ეს სიმინდი ნამდვილად არ არის გენმოდიფიცირებული. მართალია, თავიდან გვქონდა ეჭვი, რადგან მწარმოებელი მუშაობს გენმოდიფიცირებულ პროდუქციაზე, მაგრამ შემდეგ დავადგინეთ, რომ გენმოდიფიცირებული არ იყო. მაგრამ გვაქვს ინფორმაცია, რომ მომავალ წელს იგეგმება ახალი პროგრამის განხორციელება: გენმოდიფცირებული სოიასა და მზესუმზირის თესლის შემოტანა. თუ სოიას ამერიკიდან შემოიტანენ, ის აუცილებლად გენმოდიფიცირებული იქნება, რადგან შეერთებულ შტატებში, ძირითადად, გენმოდიფიცირებული სოიაა.

– იწამლავენ თავს?!

– იქ კორპორაციული სისტემებია და თავიანთი პრობლემები აქვთ. თუ არ შევინარჩუნეთ ჩვენი ჯიშები, წლების შემდეგ იძულებული ვიქნებით, შევისყიდოთ ჩვენივე ჯიშები. ერთ რამეს გეტყვით, რომ ამ გიგანტმა კომპანიებმა: „მონსანტომ“, „პიონერმა“, „დიუპონმა“, გააკეთეს პროექტი. არქტიკაში შექმნეს უზარმაზარი საცავი, უწოდებენ „ნოეს ახალ კიდობანს“, სადაც ინახება მთელ მსოფლიოში არსებული აბორიგენული ჯიშები, მათ შორის, ქართულიც. ამაზე ძალიან დიდი თანხა დახარჯეს და ეს ის კორპორაციებია, რომლებიც გენმოდიფიცირებული სოფლის მეურნეობის პროდუქციას უწევენ პოპულარიზაციას და ავრცელებენ მათ. ისინი დაინტერესებული არიან, როგორმე მოსპონ ეს აბორიგენული ჯიშები და გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც გენმოდიფიცირებული სოფლის მეურნეობა კრახს განიცდის და ეს აუცილებლად მოხდება, საზოგადოება მოინდომებს დაბრუნებას ბუნებრივი ჯიშებისადმი. საქართველო, დიდი ომებისა და ჩხუბის შემდეგ, რასაც საპატრიარქოს ჩარევაც კი დასჭირდა, როგორც იქნა, შეუერთდა კარტახენას ოქმს. ეს არის გაეროს დოკუმენტი, რომელიც ქვეყანას აძლევს საშუალებას, შეზღუდოს ან აკრძალოს გენმოდიფიცირებული პროდუქტებისა და ნედელულის შემოტანა. ეს დოკუმენტი ორჯერ ჩააგდო ქართულმა პარლამენტმა და ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ჩავარდა გაეროს დოკუმენტი. მაგრამ, საბოლოოდ, ის მაინც მიიღეს. შესაბამისად, ჩვენ უკვე ოფიციალურად გვაქვს დოკუმენტი, რის საშუალებითაც შეგვიძლია, შევზღუდოთ საქართველოში გენმოდიფიცირებული პროდუქციის შემოტანა, მაგრამ არ გვაქვს ლაბორატორია. ანუ ეშმაკურადაა გაკეთებული, რადგან, თუ ოქმს მიიღებ, კონტროლის მექანიზმიც უნდა გქონდეს. რადგან კონტროლის მექანიზმი არ გაქვს, ეს ნიშნავს იმას, რომ ძალიან დიდი რაოდენობით მზა პროდუქცია შემოდის. როდესაც შემოწმება გვინდა, ჩვენ ლონდონში ვაგზავნით მასალას და ეს ფული ჯდება. ანუ, თუ გაქვს ფული, პროდუქციას გასინჯავ და დაადგენ, არის თუ არა გენმოდიფიცირებული, თუ არ გაქვს, ვერ დაადგენ. ამიტომ შესაქმნელია საბაზისო ლაბორატორია. მით უმეტეს, უკვე დამტკიცებულია, რომ გენმოდიფიცირებული პროდუქცია საშიშია განსაკუთრებით ბავშვებისთვის, რადგან მაღლა წევს ალერგიულ ფონს, არის ტოქსიკური შემთხვევები და არავინ იცის, გენეტიკურად რა შედეგებს გამოიღებს მომავალ თაობებში. რაც მთავარია, რადგან  კარტახენას ოქმი გაეროს დოკუმენტია, ესე იგი, გაერო აღიარებს, რომ გენმოდიფიცირებული პროდუქცია საშიშია ადამიანისთვის. არის კიდევ ერთი მომენტი: გენმოდიფიცირებული თესლები საშიშია ბიომრავალფეროვნებისთვის. როდესაც თქვენ გენმოდიფიცირებულ თესლს მასობრივად თესავთ და არ აქვს მნიშვნელობა, რა ტიპის მცენარეა, ის დამტვერვის გზით გადადის იმავე ოჯახის წარმომადგენელ სხვა მცენარეზე და ანადგურებს ბუნებრივ ფენას. თან ყველაფრის გენმოდიფიცირება შეიძლება: ყურძნიდან დაწყებული და ცხოველებით დამთავრებული. უბრალოდ მანიპულაციაა და ცხოველის გენი შეგიძლიათ, გადანერგოთ მცენარეში ან პირიქით. ცნობილია, რომ დათვის გენი გადააქვთ პომიდორში. შეგიძლიათ, პომიდორს მისცეთ ლიმონის გემო და ასე შემდეგ. ამას გარდა, აქ რელიგიური მომენტიცაა. როდესაც მარხვა ითხოვს, რომ მხოლოდ მცენარეული საკვები უნდა მიირთვათ, გენმოდიფიცირებულის შემთხვევაში, როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი, ცხოველურ საკვებს მიირთმევს თუ მცენარეულს?!

 

 

скачать dle 11.3