რატომ არის საქართველოში სომხეთთან და აზერბაიჯანთან შედარებით 15 წლამდე ასაკის მოსახლეობის რაოდენობა ნაკლები
გასულ კვირას მსოფლიოს მოსახლეობა შვიდ მილიარდამდე შეივსო, რასაც გაეროს შესაბამისი სამსახური კარგა ხანია, ელოდა. მიუხედავად გამრავლებით მოგვრილი სიხარულისა, შვიდმილიარდიანი მსოფლიო (სწრაფად გამრავლებისკენ მიდრეკილებით) საკმაოდ მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშეც აყენებს დედამიწის მოსახლეობას. გამრავლების რა ტენდენციებია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, ვინ უფრო სწრაფად მრავლდება, ვინ, პირიქით, ბერდება და როგორია ამ მსოფლიო დემოგრაფიულ მოზაიკაში საქართველოს ადგილი და მომავალი, თემაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი ავთანდილ სულაბერიძე გვესაუბრება (აქვე გეტყვით, რომ ინსტიტუტის თანამშრომლები უხელფასოდ მუშაობენ, ვინაიდან დაფინანსება შეუწყდათ).
– რას ნიშნავს მსოფლიოსთვის შვიდმილიარდიანი მოსახლეობა?
– დავიწყოთ პრეისტორიით: მსოფლიოში ერთმილიარდიანი მოსახლეობა 1801 წელს აღირიცხა და გაორმაგებას 130 წელი დასჭირდა. ამ პერიოდის განმავლობაში მომხდარი ეპიდემიები, ომები ამცირებდა ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობას და ამიტომ მოსახლეობის მატებას დიდი დრო დასჭირდა. ამიტომაც დედამიწის მოსახლეობა 130 წელში გაორმაგდა, თუმცა 1930 წლის შემდეგ 30 წელიწადში მიაღწია დედამიწის მოსახლეობამ 3 მილიარდს, მიუხედავად იმისა, რომ 20 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა მეორე მსოფლიო ომში. საინტერესო ის არის, რომ 1974 წელს მსოფლიო გახდა 4-მილიარდიანი. 1987 წელს – 5-მილიარდიანი, 1999 წელს – 6-მილიარდიანი და წელს უკვე – 7-მილიარდიანი. ესე იგი, სულ ბოლოს ერთი მილიარდით დედამიწის მოსახლეობის ზრდას დასჭირდა 12 წელი, რაც იმას ნიშნავს, რომ 12 წლის შემდეგ მსოფლიო 8-მილიარდიანი გახდება.
– დედამიწის რომელ ნაწილშია უფრო ინტენსიური გამრავლება?
– დემოგრაფიული თვალსაზრისით, მსოფლიო ორადაა გაყოფილი და ეს გეოგრაფიულად ასეც შეიძლება, მოიხაზოს: ხმელთაშუა ზღვის ზემოთ საქართველოს ჩათვლით და რუსეთის ტერიტორიის გაყოლებით არის დაბალი შობადობის ზონა, ქვემოთ კი – მაღალი შობადობის ზონა აზერბაიჯანის ჩათვლით, მაგრამ სომხეთის გამოკლებით. მსოფლიოში, ერთი მხრივ, არის მაღალგანვითარებული და განვითარებადი ქვეყნები და, მეორე მხრივ, დემოგარფიულად განვითარებული და დემოგრაფიულად განვითარებადი ქვეყნები. ჩვენ მივეკუთვნებით დემოგრაფიულად განვითარებულ ქვეყნებს. ანუ ეს ის ქვეყნებია, რომლებშიც მოქმედებს ოჯახის დაგეგმვის პრინციპი კონტრაცეფციის მეშვეობით. ანუ ამ ქვეყნებში განვითარებულია დემოგრაფიული ცნობიერება. მაგალითად, აფრიკაში რომ ჰკითხოთ მოსახლეობას, რამდენი შვილის ყოლას აპირებენ, გიპასუხებენ, რამდენსაც ღმერთი მომცემსო. ასეთი პერიოდი საქართველომ და დემოგრაფიულად განვითარებულმა ქვეყნებმა 50 წლით ადრე გაიარეს. დღეს ჩვენ ვიმყოფებით მოსახლეობის ახწარმოების თანამედროვე ტიპიდან უახლეს ტიპზე გადასვლის პერიოდში.
– ეს რას ნიშნავს?
– თუკი გამრავლების მაჩვენებელი აქამდე იყო შობადობის მეტობა მოკვდავობაზე, დღევანდელ ვითარებაში სიცოცხლის ხანგრძლივობა იზრდება და მცირდება შობადობა. თუმცა მოსახლეობის ოდენობა შეიძლება, უცვლელი დარჩეს, რადგან სიცოცხლის ხანგრძლივობის ხარჯზე მცირდება მოკვდავობის რაოდენობა, რაც იწვევს მოსახლეობის დაბერებას. ამდენად, მსოფლიო ორ პოლუსადაა დაყოფილი: მაღალი და დაბალი ბუნებრივი მატების მქონე ქვეყნებად. რის ხარჯზე იზრდება მსოფლიო მოსახლეობა? მიგრაციას ვერ დავაბრალებთ, იმიტომ რომ სხვა პლანეტიდან აქ არავინ ჩამოდის. რჩება ორი კომპონენტი: შობადობა და მოკვდავობა. დემოგრაფიულად განუვითარებელ ქვეყნებში ძირითადად ზრდა მიდის ქვემოდან, ანუ შობადობის ზრდის ხარჯზე. დემოგრაფიულად განვითარებულ ქვეყნებში კი მოსახლეობა იზრდება სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდის ხარჯზე. სწორედ ამიტომ ქმნის მოსახლეობის მატება პრობლემებს მსოფლიოში და, მეორე მხრივ, ისიცაა, თუ რამდენად მორალურია, როდესაც ბავშვს აჩენ ღატაკ ქვეყანაში და მას სწირავ სიღარიბისთვის. მაგრამ აქ თავის როლს ასრულებს მიგრაცია: როდესაც თავიანთ ქვეყნებში ვერ პოულობენ სამუშაოს და მიდიან სხვა ქვეყნებში, ამიტომაც არის მაღალია ევროპაში მიგრაციის დონე. საქართველოში ეს ჯერ არ დაწყებულა, რადგან მიგრაციის მეორე ფაზაში ვართ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ეკონომიკა არ არის განვითარებული სათანადო დონეზე, ინვესტიციები არ არის საკმარისი, არც სამუშაო ადგილები და ამიტომ აქედან მოსახლეობა გაედინება იმ ქვეყნებში, სადაც არის სამუშაო ადგილები. მესამე ფაზა დადგება მაშინ, როდესაც აქ შეიქმნება სამუშაო ადგილები, მაშინ, ბუნებრივია, შემცირდება მოსახლეობის მიგრაცია და ადამიანები გარედან დაიწყებენ შემოსვლას: ან ჩვენი მოსახლეობა დაბრუნდება, ან სხვა ქვეყნებიდან შემოვლენ. საერთოდ, მიგრაციის ფაქტორი გარკვეულ როლსაც ასრულებს. მაგალითად, ევროპაში, სადაც დეპოპულაციაა, გარკვეული როლი შეასრულა მიგრაციამ: აფრიკიდან და არაბული სამყაროდან შესულების ხარჯზე გაიზარდა მოსახლეობის რაოდენობა. ანუ იქ იყო ბუნებრივი კლება, მაგრამ ეს გადაფარა მიგრაციულმა მატებამ.
– როგორია ახალგაზრდა მოსახლეობის წილი დემოგრაფიულად განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებში?
– დემოგრაფიულად დაბალი განვითარების ქვეყნებში საკმაოდ მაღალია 15 წლამდე ასაკის მოსახლეობის წილი, მაშინ, როდესაც დემოგრაფიულად მაღალგანვითარებულ ქვეყნებში მოსახლეობა დაბერებულია. მაგალითად, მოგახსენებთ მსოფლიოს ათი ქვეყნის სიას, რომელთა მოსახლეობაც 100 მილიონს აღემატება.
– ვთქვათ ისიც, რომ ორ მილიარდზე მეტი, დედამიწის შვიდმილიარდიან მოსახლეობაში, ჩინელები და ინდოელები არიან.
– დიახ. მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, პირველ ადგილზეა ჩინეთი – მილიარდ 346 მილიონი ადამიანი, მეორეზე ინდოეთი – მილიარდ 241 მილიონი, მესამეზე ამერიკა – 312 მილიონი, შემდეგ ინდონეზია, ბრაზილია, პაკისტანი, ნიგერია, ბანგლადეში, რუსეთი – 143 მილიონით და ათეულს ხურავს იაპონია – 128 მილიონი. მე შევეხები საკითხს, თუ როგორ შეიცვლება 2050 წლისთვის ამ ქვეყნების განლაგება. პირველ ადგილზე გადავა ინდოეთი – მილიარდ 700 მილიონი ადამიანით, შემდეგი იქნება ჩინეთი – მილიარდ 313 მილიონით. ამერიკის შეერთებული შტატები 423-მილიონიანი მოსახლეობით გადაინაცვლებს მეოთხე ადგილზე და მესამე ადგილს დაიკავებს ნიგერია – 433 მილიონით. მეხუთე ადგილზე იქნება პაკისტანი, ბრაზილია კი მერვე ადგილამდე დაიწევს. იქ უკვე მკვიდრდება ოჯახის დაგეგმვა და მოსახლეობის ოდენობა მცირდება. მაგალითად, რუსეთის მოსახლეობა 143 მილიონიდან შემცირდება 126 მილიონამდე. ასევე, შემცირდება მოსახლეობის რაოდენობა იაპონიაში – 95 მილიონამდე, მათ ადგილს კი ათეულში დაიკავებს ეთიოპია – 174-მილიონიანი მოსახლეობით. ასევე, ათეულს დაემატება ფილიპინები – თავისი 150 მილიონით. ახლა ვნახოთ ამ ქვეყნებში მოსახლეობის სტრუქტურები: 15 წლამდე მოსახლეობის ოდენობით პირველ ადგილზეა ნიგერია – 49 პროცენტამდე, უგანდა – 48 პროცენტი, მალი – 47 – პროცენტი, ანგოლა – 47 პროცენტი, ზამბია – 46,5 პროცენტი, ბურუნდი – 46 პროცენტი, კონგო – 46 პროცენტი, მოზამბიკი – 45 პროცენტი, ჩადი – 45 პროცენტი, ბურკინა ფასო – 45 პროცენტი. ფაქტობრივად, სულ აფრიკის ქვეყნებია, სადაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ვერ მოახერხა ჯანდაცვის განათლების შეტანა. თუმცა ამან იმუშავა ბევრ არაბულ ქვეყანაში. ევროპულ ქვეყნებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, იაპონიაში, საქართველოში, რუსეთში ნაკლებია 15 წლამდე მოსახლეობა და, როდესაც ისინი შევლენ რეპროდუქციულ ასაკში, შობადობაც დაბალი იქნება. მაღალი შობადობის აფრიკული ქვეყნებიდან კი მიგრაციული დინებაა მოსალოდნელი დემოგრაფიულად მაღალგანვითარებულ ქვეყნებში სამუშაო ადგილების საძებნელად.
– დაბერების მაჩვენებელში ვინ ლიდერობს?
– ადრე დაბერება ითვლებოდა 60 წლიდან. მაგრამ ახლა, რაკი გაიზარდა სიცოცხლის ხანგრძლივობა, დაბერების მაჩვენებლად 65 წელი აიღეს, საერთოდ, დაბერების კარიბჭეა 4-დან 7 პროცენტამდე. ვნახოთ, როგორ გამოიყურება მსოფლიოს ათეული დაბერების მხრივ: ლიდერობს იაპონია – იქ 65 წელს გადაცილებული მოსახლეობის წილი 23 პროცენტია, მეორეა გერმანია – 20,7 პროცენტი, მესამე იტალია – 20 პროცენტი, შემდეგ მოსდევენ: ესპანეთი, შვედეთი, პორტუგალია, ბულგარეთი, ავსტრია, ფინეთი და მეათეა ლატვია – დაბერების 17,4-პროცენტიანი მაჩვენებლით.
– რუსეთი რა მდგომარეობაშია?
– რუსეთში ასეთი მაღალი არ არის დაბერებული მოსახლეობის ოდენობა – 13 პროცენტია. საქართველოში 15 პროცენტამდეა, თუმცა 15 წლამდე ასაკის მოსახლეობა 17 პროცენტია. სომხეთში 65 წელს გადაცილებული მოსახლეობა 10 პროცენტია, 15 წლამდე – 20 პროცენტი. აზერბაიჯანში 15 წლამდე მოსახლეობა 22 პროცენტია, დაბერებული – 7 პროცენტი. როგორც ვხედავთ, ჩრდილოეთ პოლუსის მოსახლეობა უფრო დაბერებულია, ვიდრე სამხრეთის და ამიტომაც ჩრდილოეთის მოსახლეობა უნდა შეავსოს სამხრეთისამ, რადგან ისინი უფრო ახალგაზრდები არიან. სხვადასხვა ქვეყანას სხვადასხვანაირი დემოგრაფიული პოლიტიკა აქვს: ჩინეთში, მაგალითად, სანქციებია დაწესებული, ინდოეთშიც იბრძვიან მოსახლეობის შემცირებისთვის, მაგრამ უშედეგოდ. მაგალითად, ირანში ჯერ კიდევ ჰომეინმა შეიტანა ოჯახის დაგეგმვის პრინციპები. როდესაც აუხსნეს, რომ მაღალი შობადობა პროგრესს უშლის ხელს, მან ირანელ ქალებს ნება დართო, რომ ჩადრის ქვეშაც კი ესარგებლათ კონტრაცეფციით. ასევე მოიქცა თურქეთი. ანუ ქვეყნებში ყოფითი ცხოვრება, რელიგიური და კულტურული ნორმები განაპირობებს მაღალ შობადობას. როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ აფრიკაში ახალგაზრდა მოსახლეობა 50 პროცენტამდეა, ვშიშობთ, რომ რვამილიარდიანი მსოფლიო ათ წელიწადში გვექნება.
– და ცივილიზებული სამყარო გადადის უმცირესობაში?
– რა თქმა უნდა. მსოფლიოს აქვს კიდევ ერთი პრობლემა: დასავლეთ ევროპაში საპენსიო ასაკის მოსახლეობის ჯანდაცვასა და სოციალურ უზრუნველყოფაზე დიდი თანხა იხარჯება. საქართველოში, როდესაც 1995 თუ 1996 წელს საპენსიო ასაკი 65 წლამდე ავწიეთ, რამდენიმე დემოგარფის გარდა, ხმა არავის ამოუღია, არადა საფრანგეთში 62 წლამდე უნდათ აწევა და როგორი გამოსვლებია, ანუ ზღვრის აწევა არ არის პანაცეა. საფრანგეთში საპენსიო ასაკის აწევა საბიუჯეტო პრობლემებს უკავშირდება, რადგან იზრდება საპენსიო ასაკის მოსახლეობის ოდენობა, ეს ზრდის დანახარჯებს.
საერთო ჯამში, მსოფლიოში 15 წლამდე ასაკის მოსახლეობა 27 პროცენტია, ხოლო 65 წელს გადაცილებული – 8 პროცენტი. განვითარებულ ქვეყნებში 15 წლამდე მოსახლეობის წილი 16-პროცენტს შეადგენს, 65 წლის ზემოთ ასაკის – 16 პროცენტს. რაც შეეხება განვითარებად ქვეყნებს: 15 წლამდე მოსახლეობა 29 პროცენტია; ხოლო 65 წელს გადაცილებული – 6 პროცენტი.
– მაგრამ, სამაგიეროდ, ახალგაზრდები ხომ საქმდებიან და ქმნიან დოვლათს?
– ბევრი მომენტია სოციალურ გადანაწილებაში, მაგრამ მაინც გამოდიან სოციალურ უზრუნველყოფაზე გაწეული ხარჯებით. ამას გარდა, ევროპაში ჩვილთა მოკვდავობა დაბალია და ამის ხარჯზეც ნარჩუნდება მოსახლეობა, იქ ათასიდან 7 ბავშვი თუ იღუპება, მაშინ, როდესაც ჩვენთან 1 000 დაბადებულზე 25-მდე ბავშვი იღუპება.
– ეს სამედიცინო მომსახურების მიუწვდომლობის შედეგია?
– ესეც და მძიმე ეკონომიკური ვითარება. საერთოდ, ჩვილთა მოკვდავობა ყოფით პირობებზეა დამოკიდებული. 2001 წელს, დემოგარფიული საზოგადოების თავმჯდომარე ვიყავი, გავაკეთე პროექტი და მივიტანე საკრებულოში. გინეკოლოგი იყო საკრებულოს თავმჯდომარე და ძალიან კარგად გამიგო ყველაფერი. დავუდე მონაცემები, რომ ჩვენთან ჩვილთა მაღალი მოკვდავობა იყო ზამთრის თვეებში: ნოემბრიდან აპრილამდე. გამოკითხვებით დავადგინეთ, რომ ჩვილები იღუპებობდნენ გაციების შედეგად. დედა, რომელიც მუშაობდა ბაზრობაზე, ტვირთავდა უზარმაზარ ტვირთებს, დაღლილი ვერ იღვიძებდა ღამით, როდესაც ბავშვს გამოცვლა სჭირდებოდა. არ იყო შუქი, გათბობა და ჩვილთა მოკვდავობის მიზეზიც გაციება ხდებოდა. დავსვი ასეთი საკითხი, გაგეცინებათ, რომ თუნდაც ღამეში თითო პამპერსით უზრუნველგვეყო სოციალურად დაუცველი ოჯახები, მაგრამ ყველაფერზე გამონახეს ფული, ამის გარდა. დღესაც იგივე სიტუაციაა. მეორეც, საპენსიო ასაკი გაზრდილია, პენსია კი ვერ უზრუნველყოფს საარსებო მინიმუმს, მაგრამ ვერ ვზრდით, თუმცა ისეთ სფეროებში იხარჯება ფული, რომ ამას პენსიის გაზრდა აჯობებდა.
– როგორი დემოგრაფიული ვითარებაა სამხრეთ კავკასიაში?
– მოსახლეობის ოდენობის მხრივ, ლიდერობს აზერბაიჯანი – 9 მილიონ 200 ათასი, ჩვენ მეორეები ვართ – 4 მილიონ 300 ათასით და მესამე ადგილზეა სომხეთი – 3 მილიონ 100 ათასით. ეს გაეროს მონაცემებია, თუმცა საქსტატის ინფორმაციით, საქართველოს მოსახლეობა 4 მილიონ 469 ათასია. ჩვენი შეფასებითი მაჩვენებლით კი, საქართველოს რეალური მოსახლეობა 683 ათასით ნაკლებია. ჩვენ ვამბობთ ფაქტობრივ მონაცემებს. გაეროს პროგნოზით, 2025 წელს საქართველოში იქნება 3 მილიონ 900 ათასი ადამიანი, არადა უკვე ამაზე ნაკლებია ფაქტობრივი მოსახლეობა, 2050 წელს კი, ასეთი ტენდენციით, მხოლოდ 3 მილიონ 200 ათასი, ხოლო ჩვენი შეფასებითი მაჩვენებლით, 2 მილიონ 400 ათასი. ეთნიკური შემადგენლობა ცალკე კვლევის თემაა. რაც შეეხება სომხეთს: დღეს ჩვენ სომხეთს ვუსწრებთ მოსახლეობის რაოდენობით, მაგრამ 2025 წლისთვის გავუსწრებთ მხოლოდ 300 ათასით, მაშინ, როდესაც, 1926 წლის აღწერით, ქართველები საგრძნობლად აღემატებოდნენ აზერბაიჯანელებსაც და სომხებსაც.
მე ვერ გეტყვით, კარგია თუ ცუდი მსოფლიოს მოსახლეობის ზრდა, რადგან იქმნება პრობლემები სოციალურ სფეროში, დასაქმების კუთხით, სურსათის, კვების…
– თან მოსახლეობა იმატებს მსოფლიოს განვითარებადი ქვეყნების ხარჯზე, სადაც პროდუქტი არ იქმნება?
– ბუნებრივია, პარალელურად გაგრძელდება მუშაობა შობადობის შესამცირებლად დემოგრაფიული კუთხით, მაგრამ, ამავე დროს, გაიზრდება დაბერებული მოსახლეობის ოდენობა დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარში, ხმელთაშუა ზღვის ზემოთ, ევროპაც და საქართველოც ბერდება და პირველი პრობლემა გახდება საპენსიო ასაკის მოსახლეობის გამოკვება, თუმცა ჩვენ უკვე დღესვე გვაქვს ეს პრობლემა. ესეც ვთქვათ, როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ჩვენთან გაიზარდოს შობადობა? პატრიარქის ინიციატივის შემდეგ 14 პროცენტზე ავიდა მესამე და შემდეგი ბავშვის წილი ახალდაბადებულებში, მაგრამ რეალური ახწარმოებისთვის 30-35 პროცენტია საჭირო. ანუ დღეს ჩვენ ორ-ნახევარჯერ დაბალი მაჩვენებელი გვაქვს. ბევრი მეტყვის, ბავშვი სიღატიკისთვის ხომ არ უნდა დაიბადოსო, ჯერ დავიცადოთ და შემდეგ ვიზრუნოთ, როდესაც კარგი დრო მოვაო.
– ვინ მოიყვანს იმ კარგ დროს, თუ ადამიანური რესურსი აღარ გექნა?
– რა თქმა უნდა, მასობრივად შემოვლენ სხვები. აქტიურად შემოდიან ჩინელები, სწრაფად შემოდის ინდური, არაბული ინვესტიციები, ამას მოჰყვება იქაური მუშები და შექმნიან თავიანთ დიასპორებს. რუსეთი ურალამდე ანექსირებული აქვს ჩინურ მოსახელობას და რუსეთი ვერაფერს უპირისპირებს. არავინ მითხრას, რომ ისეთ ქვეყანაში, რომელშიც იხურება დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტი, არ არსებობს არანაირი პროგრამა დემოგრაფიის პრობლემის მოსაგვარებლად, შობადობის გაზრდა პრიორიტეტადაა დასახული.