მოცეკვავე პრეზიდენტების, პრემიერ-მინისტრებისა და რესპუბლიკის მეთაურების ტოპ-ათეული
მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა ცეკვის ნიჭი, ყველა ცეკვავს, მათი ნაციონალობის, რელიგიური აღმსარებლობის, სექსუალური ორიენტაციისა და თანამდებობრივი მდგომარეობის მიუხედავად. ცეკვა მსოფლიოს პოლიტიკური ლიდერების საყვარელი გართობაა და ისინი მაქსიმალურად ცდილობენ, თავიანთი მოძრაობებითა და მუსიკის ჰანგების თანხლებით, თავი ყველას მოაწონონ. კარგად გამოსდით ეს მათ თუ არა ხალხმა უნდა შეაფასოს. „თბილისელების” ამ ნომერში მოცეკვავე პრეზიდენტების, პრემიერ-მინისტრების და რესპუბლიკის მეთაურების ტოპ-ათეულს გთავაზობთ. გაცნობებთ, რომ ყველა ამ ცეკვის ამსახველი ვიდეოს ნახვა პორტალ „იუთუბიზეა” შესაძლებელი.
ჯორჯ ბუში უმცროსი
ამერიკის ექსპრეზიდენტს რიტმის შეგრძნების საუცხოო ნიჭი აქვს. იგი ეთნიკური ცეკვების მოყვარულია. პრეზიდენტობის პერიოდში, უცხოეთში ვიზიტების დროს, ბუში არაერთმა კამერამ დააფიქსირა, როგორ ცეკვავდა იგი აფრიკელებთან და არაბებთან ერთად, მათ ნაციონალურ ცეკვებს. ლიბერიაში ვიზიტის დროს ბუში ამ აფრიკული ქვეყნის ქალ პრეზიდენტს, ელენ ჯონსონ სერლიფს გამოეცეკვა და ტამტამებზე დაუკრა ადგილობრივ მუსიკოსებთან ერთად. ამერიკის მაშინდელმა სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა, როდესაც მას პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ ჰკითხეს კომენტარი, აღნიშნა, რომ ბუში ნიჭიერი მოცეკვავეა და რიტმის კარგი შეგრძნება აქვს. გარდა ამისა, ყოფილა შემთხვევა, როდესაც ბუშს თეთრ სახლში, ჟურნალისტების თანდასწრებით, მარტოსაც უცეკვია. პრეზიდენტობის ბოლო წელს ჯორჯ ბუში ახალ ორლეანს ესტუმრა, სადაც ამერიკელები ჯაზის ანსამბლთან შესრულებული ცეკვით გააოცა.
რამზან კადიროვი
ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური, რამზან კადიროვი ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებას „ლეზგინკის” შესრულებით ამთავრებს. რამდენიმე ხნის წინ, გროზნოში ამხანაგური მატჩი გაიმართა ფეხბურთში, რომელშიც კადიროვის მეგობრების გუნდი ბრაზილიელ მსოფლიოს ჩემპიონებს დაუპირისპირდა. გროზნოში სტადიონის გახსნაზე რობერტო კარლოსი, კაფუ, რომარიო, დუნგა და სხვა ბრაზილიელი ვარსკვლავებისგან შემდგარი გუნდი ეთამაშა კადიროვის გუნდს. მატჩის შესვენების დროს კადიროვმა შეკრებილი სტუმრები და სტადიონზე მყოფი ქომაგები „ლეზგინკის” შესრულებით გააკვირვა.
ალექსანდრ ლუკაშენკო
ბელარუსის უცვლელი პრეზიდენტი, „ბაწკად” წოდებული ალექსანდრ ლუკაშენკო მუსიკისა და ცეკვის დიდი მოყვარულია. მრავალჯერადი საარჩევნო კამპანიების პერიოდში იგი ხშირად ცეკვავს მოქალაქეებთან ერთად „ხოროვოდში”. გარდა ამისა, 2007 წელს მუსიკალურ ფესტივალ „სლავიანსკი ბაზარზე” ლუკაშენკომ პოპულარულ რუს შემსრულებელთან, სკანდალურ ვერკა სერდიუჩკასთან ერთად იცეკვა. 2009 წელს მინსკის ერთ-ერთი უმაღლესი სასწავლებლის გამოსაშვებ საღამოს დაესწრო, სადაც კურსდამთავრებულ ტატიანა რადკევიჩთან ერთად, ვალსი იცეკვა. მოგვიანებით, ტატიანამ პრესასთან საუბარში აღნიშნა, რომ ძალიან ეშინოდა, პრეზიდენტის ფეხზე არ დაებიჯებინა.
ვიქტორ იანუკოვიჩი
უკრაინის მოქმედი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ცეკვის ხილვა ინტერნეტის ყველა მომხმარებელს შეუძლია. ნებისმიერს შეუძლია, შეაფასოს იანუკოვიჩის ცეკვის ნიჭი, რომელიც მან თავისი დაბადების დღისადმი მიძღვნილ კერძო წვეულებაზე გამოავლინა. 60 წლის იუბილე იანუკოვიჩს პოსტსაბჭოთა სივრცეში ცნობილმა მუსიკოსებმა და შემსრულებლებმა მიულოცეს, მათ შორის სოფია როტარუმ, იოსიფ კობზონმა, ვალერი მელაძემ, ლეონიდ აგუტინმა და ფრანგმა ვარსკვლავმა ლარა ფაბიანმა. პრეზიდენტი თანაბარი ენთუზიაზმით ცეკვავდა, როგორც წყნარ, ასევე ენერგიულ მუსიკაზე, მათ შორის „ჰავა ნაგილაზე”, რომელსაც ფილიპ კირკოროვი ასრულებდა.
ტარია ჰალონენი
ფინეთის პირველი ქალი პრეზიდენტი, ტარია ჰალონენი ცეკვის დიდი მოყვარულია. გავრცელებული ცნობის თანახმად, ერთხანს იგი მუცლის ცეკვის შემსწავლელ კურსებზეც კი დადიოდა. უცხოეთში ვიზიტების დროს კი, ფოლკლორს ეცნობა და ნაციონალური, განსაკუთრებით აღმოსავლური ცეკვებით ინტერესდება. ამას ადასტურებს ჰალონენის მიერ თურქეთში ვიზიტად ყოფნის დროს გადაღებული კადრები. ცნობისთვის, ტარია ჰალონენს „ფორბსის” მიერ შედგენილ მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალების რეიტინგში 62-ე ადგილი უკავია.
ბორის ელცინი
რუსეთის ფედერაციის პირველი პრეზიდენტი, ბორის ელცინი გართობის მოყვარული გახლდათ. არავისთვისაა საიდუმლო, რომ ელცინი ალკოჰოლის მიმართ გულგრილი არ იყო და ხშირად არაფხიზელ მდგომარეობაში ჩნდებოდა საზოგადოებაში. სწორედ შეზარხოშებული ელცინი ავარდა სცენაზე ევგენი ოსინის კონცერტის დროს და როკენროლის ელემენტების შესრულებით შეკრებილი მაყურებელი გააოცა.
ბარაკ ობამა
ამერიკის მოქმედმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ პოპულარულ ამერიკულ ტელეშოუში – „ელენ დე ჯენერის შოუ”, წამყვანთან ერთად, პირდაპირ ეთერში, მილიონობით მაყურებლის თვალწინ თავისი საცეკვაო მონაცემები გამოავლინა. ობამა ბიონსეს ცნობილი ჰიტის აკომპანემენტის თანხლებით შევიდა სტუდიაში და ელენთან ერთად რამდენიმე საცეკვაო მოძრაობა გააკეთა და ეს ისე გააკეთა, თითქოს სადმე კლუბში იყო. ცეკვის მოყვარულია მისი მეუღლე, მიშელიც, რომელმაც სულ ახლახან ერთ-ერთი ამერიკული სკოლის მოსწავლეების თანდასწრებით, იცეკვა ბიონსეს სიმღერაზე „მუვ იორ ბადიზე”.
სილვიო ბერლუსკონი
მართალია, სოლიდურ ასაკშია, მაგრამ იტალიის პრემიერ-მინისტრი – სილვიო ბერლუსკონი ბრწყინვალე ფორმაშია და სექსუალური სკანდალების მიუხედავად, იგი მაინც იტალიელების რჩეულ პრემიერად რჩება. ცნობილია, რომ სილვიოს მუსიკა უყვარს და საკუთარი სიმღერების ალბომიც კი აქვს გამოცემული. პრემიერის ცეკვის ნიჭის შესახებ კი ახლახან გახდა ცნობილი. მობილური ტელეფონით გადაღებულ სკანდალურ ვიდეოში ბერლუსკონიმ კარაბინერ ქალთან ერთად, სტრიპტიზის ელემენტების შემცველი მოძრაობები გააკეთა.
დიმიტრი მედვედევი
რუსეთის ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტის საცეკვაო ნიჭზე საზოგადოების აზრი ორად იყოფა. ნაწილი მიიჩნევს, რომ მედვედევი უნიჭო მოცეკვავეა, ხოლო დანარჩენები კი ფიქრობენ, რომ იგი დახვეწილი მოცეკვავეა და რიტმის საუცხოო შეგრძნება აქვს. მედვედევის ცეცხლოვანი ცეკვის ხილვა ასევე, სკანდალური ვიდეორგოლის საშუალებით გახდა შესაძლებელი, რომელიც ინტერნეტის საშუალებით გავრცელდა. ერთ-ერთ კერძო წვეულებაზე მედვედევი, რუსული ჰიტის, „ამერიკენ ბოის” შესრულების დროს, ცნობილ შოუ-მენთან, გარიკ მარტიროსიანთან ერთად ცეკვავდა.
უგო ჩავესი
სულ ახლახან ვენესუელის ქარიზმატულმა პრეზიდენტმა, უგო ჩავესმა გამოაცხადა, რომ საბოლოოდ დაამარცხა კიბო და სრულიად ჯანმრთელია. ამ ყველაფერს წინ მისი სატელევიზიო მიმართვა უძღოდა, სადაც იგი ვენესუელელი რეპ-მომღერლის შესრულებულ სიმღერაზე აცეკვდა და ბრეიკ-დანსის ელემენტების შემცვლელი მოძრაობები გააკეთა პირდაპირ ეთერში. უგო რომ ცეკვის მოყვარულია, ეს ფაქტი ყველა ვენესუელელისთვის ცნობილია, რადგან პრეზიდენტს არაერთხელ შეუსრულებია ნაციონალური ცეკვები ხალხთან შეხვედრების დროს. თუმცა, რეპის რიტმებზე ცეკვა მაინც სულ სხვა მოვლენა იყო.