ვინ არის ყველაზე მდიდარი ადამიანი დანიაში და რა აკავშირებს მას „ლეგოს” კონსტრუქტორებთან
დანია, ვიკინგების სამშობლო და ქვეყანა, სადაც ყველაზე მაღალია ფასები და ერთ სულ მოსახლეზე ასევე, ყველაზე მაღალია მთლიანი შიდა პროდუქტი. ეს ქვეყანა 1979 წლიდან შედის ევროკავშირში, თუმცა დღემდე ის ევროზონის წევრი არ არის და ეროვნულ ვალუტად კრონას გამოიყენებს. „ფორბსის” მონაცემებით ევროპის ამ მონარქიულ სახელმწიფოში სამი მილიარდერი ცხოვრობს, რომლებსაც, მართალია, მოწინავე პოზიციები არ უკავიათ ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში, თუმცა მათი საქმიანობა საკმაოდ საინტერესოა. სწორედ ამას შეიტყობთ ჩვენი ტრადიციული რუბრიკიდან.
კიელდ კირკ კრისტიანსენი – 4,7 მილიარდი დოლარი – 223-ე ადგილი „ფორბსის” რეიტინგში
1947 წელს ყველა ბავშვის საოცნებო სათამაშოების მწარმოებელმა კომპანია „ლეგომ” პლასტმასის კონსტრუქტორების გაყიდვა დაიწყო და კომპანიის დამაარსებლებმა, კრისტიანსენების ოჯახმა მთელი ეპოქა შექმნა. მათ გადატრიალება მოახდინეს სათამაშო ბიზნესში. კიელდ კირკ კრისტიანსენი საოჯახო ბიზნესის მესამე თაობის წარმომადგენელია. იგი 1947 წლის 27 დეკემბერს ბილუნდში დაიბადა. ბაბუამისი, ოლე კირკ კრისტიანსენი, „ლეგოს” დამაარსებელი, ძალიან ამაყობდა, რომ შვილიშვილი – კიელდი მცირე ასაკიდან ახერხებდა პლასტმასის კუბებისგან რთული მოდელების კონსტრუირებას და მისი ახალი იდეების გენერაციით ხორციელდებოდა ახალი მოდელები. 1979 წელს, 32 წლის ასაკში კიელდ კირკი კომპანია „ლეგოს” პრეზიდენტი გახდა და ამ თანამდებობაზე 2004 წლამდე იმსახურა. ამჟამად ის სამეთვალყურეო საბჭოს უდგას სათავეში. კიელდ კირკი 2008 წლიდან სათამაშოების „დიდების დარბაზის“ წევრი გახდა, მამამისი – გოტფრიდი კი ამ დარბაზის წევრი 1989 წლიდან იყო. საინტერესოა, რომ „დიდების დარბაზში” 1984 წლიდან იღებენ მათ, ვისაც სათამაშო ინდუსტრიის განვითარებისთვის წვლილი აქვს შეტანილი. „ლეგო” რომ ამ ინდუსტრიის გამორჩეული წევრია, ამას ყველა ბავშვი გიპასუხებთ. კიელდ კირკი დანიის უმდიდრესი ადამიანია, რომელიც დიდი გავლენით სარგებლობს სამშობლოში. იგი რაინდის ტიტულის მფლობელია და ხშირად მასპინძლობს „ლეგოლენდში” სამეფო ოჯახების წარმომადგენლებს, მეფეებსა და დედოფლებს მთელი მსოფლიოდან. სულ ბოლოს მის „სათამაშო სამყაროს” დიდი ბრიტანეთის დედოფალი, ელიზაბეთ მეორე ესტუმრა. კიელდ კირკი მეუღლესთან, კამილასთან, სამ შვილთან და ორ შვილიშვილთან ერთად, კოპენჰაგენში ცხოვრობს.
ლარს ლარსენი – 3,6 მილიარდი დოლარი – 304-ე ადგილი „ფორბსის” რეიტინგში
დანიის სამეფოს მეორე მილიარდერი, ლარს ლარსენი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში, ქალაქ არნბორგში დაიბადა. იგი სულ რამდენიმე წლის იყო, როდესაც მამა დაკარგა და დედა, მასთან ერთად, კიდევ 3 შვილს ზრდიდა. ოჯახი გაჭირვებაში ცხოვრობდა და დედა ერთდროულად რამდენიმე სამსახურში მუშაობდა, რომ შვილები გამოეკვება. ლარსის დედას პერიოდულად ფსიქიკური აშლილობები ჰქონდა და ფსიქიატრიულ კლინიკაში წვებოდა მკურნალობის კურსის გასავლელად. ამ დროს ოჯახის უფროსად ლარსი რჩებოდა. 1966 წელს ლარსმა ავეჯის ქარხანაში დაიწყო მუშაობა, სადაც საწოლებსა და საძინებლებისთვის აუცილებელ სხვა ნივთებს ამზადებდნენ. იმ პერიოდში ლარსს უამრავი იდეა ჰქონდა, თუმცა არ ჰქონდა ფული ამ იდეების განსახორციელებლად. საბოლოოდ, ახალგაზრდა ლარს ლარსენს „ნორესუნდბის ბანკმა” ნდობა გამოუცხადა და ხანგრძლივვადიანი კრედიტი გამოუყო კერძო ბიზნესის დასაწყებად. აღსანიშნავია, რომ მილიარდერი დღემდე ამ ბანკთან თანამშრომლობს.
საკუთარი მაღაზიათა ქსელის გახსნა ლარსენმა იუტლანდიიდან, ქალაქ ორჰუსიდან დაიწყო, სადაც 1979 წელს საძინებლებისა და აქსესუარების JYSK-ის პირველი მაღაზია გაიხსნა. მოგვიანებით ეს კომპანია „იკეას” მაღაზიათა ქსელის ძირითად კონკურენტად იქცა დასავლეთ ევროპაში და დანარჩენ მსოფლიოშიც. JYSK-ის გარდა, ლარს ლარსენი სხვადასხვა შვილობილ კომპანიას ფლობს – „დანიშ ბეტენლაგერს” და „ბეტენველტს” გერმანიასა და ავსტრიაში. იგი ასევე ფლობს „ბოლია.კომს” ინტერნეტ-მაღაზიას, რომელიც ავეჯის გაყიდვაზეა ორიენტირებული. ამჟამად JYSK-ს 1 750 მაღაზია ფუნქციონირებს მსოფლიოს 35 ქვეყანაში, მათ შორის ჩინეთში, ფარერის კუნძულებსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში. კომპანიაში 15 ათასი თანამშრომელია დასაქმებული. 2004 წელს დანიაში, ლარს ლარსენის ავტობიოგრაფიული წიგნი გამოვიდა: „გამარჯობა, ჩემი სახელია ლარსი”, რომელშიც ლარსენი თავად ყვება თუ როგორ მიაღწია ყველაფერს. წიგნი დანიაში ბესტსელერად ითვლება, მისი 2,4 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა. 2011 წლის ივნისში ლარსენს დანიის დედოფალმა დანებროგის რაინდის ტიტული უბოძა.
ნილს პეტერ ლუი-ჰანსენი – 1,8 მილიარდი დოლარი – 692-ე ადგილი „ფორბსის” რეიტინგში
64 წლის დანიელი მილიარდერის, ნილს პეტერ ლუი-ჰანსენის მამამ, ააგე ლუი-ჰანსენმა, სამედიცინო მოწყობილობების მწარმოებელი კომპანია 1957 წელს დააარსა. 1983 წლიდან კომპანია „კოლოპლასტს” ნილს პეტერი ჩაუდგა სათავეში. კომპანია სამედიცინო მოწყობილობებს აწარმოებს უროლოგიის განყოფილებებისთვის და ასევე, სხვადასხვა ხელსაწყოს ჭრილობების დასამუშავებლად. კომპანია „ჰედ-ოფისი“ ჰამბლბეკში მდებარეობს, ხოლო ამერიკაში სათავო ოფისი მინესოტას შტატში, მინეაპოლისშია. ნილს პეტერ ლუი-ჰანსენის კომპანიაში 7 ათასი ადამიანია დასაქმებული.