პოლიტიკური კალეიდოსკოპი
ყირგიზეთის ექვსშვილიანი
პრეზიდენტი
ყირგიზეთში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა, 55 წლის ალმაზ ატანბაევმა გაიმარჯვა. მას ამომრჩეველთა 62,95-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი. სულ არჩევნებში 16 კანდიდატი იყრიდა კენჭს და ხმების უმეტესობა სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა მიიღო. ყირგიზეთის კონსტიტუციის თანახმად, არჩევნებში გამარჯვებულად ცხადდება ის კანდიდატი, რომელიც ხმების 50 პროცენტზე მეტს დააგროვებს. ატამბაევისთვის ეს იყო გაპრეზიდენტების მესამე მცდელობა. პირველად მან 2000 წლის არჩევნებში მესამე ადგილი დაიკავა ხმების 6 პროცენტით, 2009 წელს 8 პროცენტი, ბოლოს კი, მესამე ცდაზე, ხმების უმრავლესობა მიიღო. ალმაზ ატამბაევი დაქორწინებულია და ჰყავს ექვსი შვილი, ხოლო თავისუფალ დროს მოგზაურობა უყვარს.
მოლდოვის პრეზიდენტის უწმაწური გამოსვლა
მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარემ და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, მარიან ლუპუმ, პირდაპირ ეთერში მიმდინარე პარლამენტის სხდომის დროს მიკროფონში შეიგინა. ინციდენტი მოლდოვის გენერალური პროკურორის გამოსვლის დროს მოხდა, როდესაც ლუპუს, უბრალოდ, დაავიწყდა მიკროფონის გამორთვა და მან ყველას გასაგონად თქვა უცენზურო სიტყვები. საინტერესოა, რომ ლუპუ რუმინულად ლაპარაკობდა, გინება კი რუსულ ენაზე წარმოთქვა. კომუნისტური პარტიის წევრებმა ლუპუს დასჯა მოითხოვეს, რადგან იგი რეგლამენტს არღვევდა უცენზურო სიტყვების გამოყენების გამო. მოლდოვის პრეზიდენტის გინება ვიდეო-პორტალ „იუთუბიზეა” ხელმისაწვდომი.
ბრაზილიის ექსპრეზიდენტს ყელის კიბო აღმოაჩნდა
ბრაზილიის ყოფილ პრეზიდენტს, ლუის ინასიო ლულა და სილვას სან-პაულოს საავადმყოფოს ექიმებმა ყელის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ონკოლოგების თქმით, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და უახლოეს მომავალში იგი ქიმიოთერაპიის კურსს გაივლის. ლულა და სილვა 2003-2011 წლებში იკავებდა პრეზიდენტის თანამდებობას და ამ პერიოდში ბრაზილიის ეკონომიკამ არნახული ზრდა განიცადა. გარდა ამისა, სწორედ და სილვას დამსახურებად მიიჩნევა ის, რომ ბრაზილიამ, 2014 და 2016 წლებში ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატისა და ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის უფლება მოიპოვა.
საუდელი მონარქისა და ირანის პრეზიდენტის ჰაჯი
საუდის არაბეთის მეფემ, აბდულა იბნ აბდელ აზიზმა, ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი მექაში ჰაჯის ჩასატარებლად მიიპატიჟა. აღსანიშნავია, რომ აჰმადინეჯადმა თავად გამოთქვა მექაში ჩასვლის სურვილი, თუმცა, დაამატა, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩავიდოდა, თუკი მას პირადად მიიპატიჟებდა საუდის არაბეთის მეფე. ირანელი და საუდელი ექსპერტების აზრით, ირანის პრეზიდენტის ვიზიტი მექაში ორ ქვეყანას შორის არსებულ დაძაბულ მდგომარეობას გაანეიტრალებს და მეგობრულ ჩარჩოებში მოაქცევს.
მორიგი პირველი ლედი – დიდ კინოში
როგორც ჩანს, „ოსკაროსან“ რეჟისორს, ვუდი ალენს, იმდენად მოეწონა საფრანგეთის პირველ ლედისთან, კარლა ბრუნისთან მუშაობა ფილმზე „შუაღამე პარიზში”, რომ, გადაწყვიტა, თავის მომდევნო ფილმში ერთ-ერთი როლი, კიდევ ერთ პირველ ლედის, ამერიკის პრეზიდენტ ბარაკ ობამას მეუღლეს, მიშელ ობამას დაუთმოს. „მიშელთან ერთად ერთ ოთახში რომ აღმოვჩნდე, აუცილებლად შევთავაზებდი მას როლს ჩემს ფილმში“, განუცხადა ჟურნალისტებს ვუდი ალენმა. ცნობილია, რომ ნიკოლა სარკოზის მოეწონა მეუღლის მიერ შესრულებული როლი, ხოლო, თუ რა რეაქცია ჰქონდა ბარაკ ობამას ალენის შემოთავაზებაზე, ჯერჯერობით უცნობია.