დიდი „ბუები“
ანუ „დაანებეთ ჩემს ცოლს თავი!“
მას შემდეგ, რაც ამ ჩვენს საგარეო საქმეთა მინისტრს რფ-ის პასპორტი კონვერტში ლამის იძულების წესით ჩაადებინეს, ქართველმა კანონმდებლებმა (ამ თუ სხვა მიზეზით) საჯარო სამსახურის რეფორმაზე მუშაობაც გაააქტიურეს, რა თქმა უნდა, პროცესს უცხოელი ექსპერტების მზრუნველი მეთვალყურეობის გარეშე არ ჩაუვლია; ან კი როგორ ჩაივლიდა, როდესაც ჩვენი დემოკრატია ჯერ მხოლოდ 5 წლისაა (პატიოსანი და საღად მოაზროვნე საქართველოს მოქალაქისთვის, ისევე, როგორც საქართველოს ისტორია, ეს კონკრეტული ფაქტიც რევოლუციური გადმოსახედიდან ითვლება)?! მათი რჩევით თუ ადგილობრივთა ინიციატივით, ის საკითხიც განიხილეს, შეუძლია, თუ არა უცხოეთის მოქალაქეს საქართველოს საჯარო სამსახურში დასაქმება (ბ-ნ ვაშაძეს ბედი აშკარად არ ჰქონია). უცხოელი ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ ურიგო არ იქნება, თუკი უცხოეთის მოქალაქეები თავიანთ ჭკუასა და გამოცდილებას საქართველოს მოახმარენ, მათი ოპონენტები კი საპირისპიროს შიშობენ და მათ შიშს მეტად კონკრეტული საფუძველიც აქვს: არც ჩვენი სამთავრობო სტრუქტურები და არც მოსახლეობა არც არასდროს უჩიოდნენ რფ-ის მოქალაქეების სიმცირეს (სხვადასხვა მონაცემებით, მათი რაოდენობა 800 000-მდეა). მეორე მხრივ, ისიც აშკარაა, რომ, თუკი უცხოელი ექსპერტები გადაწყვეტენ, რომ საქართველოს საჯარო სამსახურში ჩადგომისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქეობა წინაღობა არ უნდა იყოს, ოპონენტებს, სულაც რომ გაუცვდეთ ენები, მაინც არაფერი გამოუვათ (იმიტომ კი არა, რომ „პატარა კაცსა დიდ კაცთან“, უბრალოდ, „დიდ კაცებს“ ბუსავით დიდი და გონიერი თავები აქვთ). ამის პარალელურად, მოარული ხმებით, ბადრი პატარკაციშვილის ქვრივმა, რომელიც, ასევე მოარული ხმებით, რფ-ის მოქალაქეა, თხოვნით მიმართა ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრის აწ უკვე ყოფილ მინისტრს (ბ-ნ ლავროვს) და თავისი, როგორც რფ-ის მოქალაქის უფლებების დაცვა სთხოვა (გააძლიერეთ საქართველოზე ზეწოლაო). ბუნებრივია, იმაზე მეტი ზეწოლის, როგორც რფ გვაწვება, წარმოდგენა შეუძლებელია (და ისიც ფაქტია, რომ მხოლოდ საქართველოში აგებს პანტაპუნტით ქ-ნი გუდავაძე სასამართლო პროცესებს), ნაკლებად სავარაუდოა, რომ ოკუპანტები, მაინცდამაინც ქ-ნი გუდავაძის შეძახილს ელოდნენ (თუ რაიმე აქვთ გუმანში, ამის გარეშეც ამოგვინაყავენ თავ-ყბას). თუმცა, თუ ეს ასეა (თუ ქ-ნ გუდავაძეს სამართლიანობის დამდგენ მხარედ რფ წარმოუდგენია), იქნებ რფ-ის მოქალაქეებს ჩვენთვის არაოკუპირებულ ტერიტორიებზე მაინც დაენებებინათ თავი?!