სახეცვლილები
და მისავათებულები
მის შესახებ ბევრი არაფერი გვესმის, შესაძლოა, იმიტომ, რომ ფუტკარივით გამრჯედ შრომობს, თუმცა, გასულ კვირას ჩვენს ყურამდეც მოაღწია ამბავმა, რომ აშშ-ში საქართველოს ელჩს თემურ იაკობაშვილს ჰოპკინსის უნივერსიტეტში რევოლუციებისა და მათი ტრანსფორმაციული ძალის შესახებ მოხსენება წაუკითხავს (აბა, რა გეგონათ?!). უფრო მეტიც, ის მხოლოდ საქართველოს ვარდების რევოლუციას არ დასჯერებია და „მსოფლიოში მომხდარი რევოლუციური ძვრები, მათი გამაერთიანებელი მუხტი და სამომავლო ტრანსფორმაციის შესაძლებლობები საქართველოს 2003 წლის ვარდების რევოლუციის მაგალითზე მიმოიხილა (დაახლოებით ამ ლოგიკით: ლიბიაში რომ რევოლუცია მოხდა, ეს ჩვენ ვიყავითო. მაშ!);“
ბუნებრივია, იმავდროულად, ბ-ნ იაკობაშვილს არც ქართული რევოლუციის მიღწევების აღნუსხვა დავიწყებია. მათ შორის უპირველესად „უმოქმედო სახელმწიფოს ფუნქციონირებად ქვეყნად გარდაქმნა“ დაასახელა (ბუნებრივია, რაც დარჩა, იმ ტერიტორიაზე). ყველაზე დიდ მონაპოვრად კი (თუმცა, პირადად ჩემთვის უცნობია, რა განსხვავებაა „უპირველეს მიღწევასა“ და „ყველაზე დიდ მონაპოვარს“ შორის, ვინაიდან ეს ერთი და იგივეა), „ქვეყანაში მოქმედი ინსტიტუტები“ შეგვირაცხა. თუმცა, არც ჩრდილოვანი მხარეები გამორჩენია და ამ ჩვენი პოსტრევოლუციური რეალობის ყველაზე დიდ მინუსად სამოქალქაო საზოგადოების სისუსტე ჩაგვითვალა (მომყავს ციტატა: „სამოქალაქო საზოგადოება დღეს უფრო სუსტია, ვიდრე ვარდების რევოლუციამდელი“), ეს კი იმით ახსნა, რომ მაშინდელი არასამთავრობოელები ახლა, თურმე, ხელისუფლებაში ბრძანებულან.
თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ ქვეყნის დემოკრატიულობის საზომი მისი სამოქალაქო საზოგადოების სიძლიერეა და ეს ყველაზე კარგად სწორედ ყოფილმა არასამთავრობოელებმა უნდა იცოდნენ, მათ კი ამ მიმართულებით თითიც არ გაუტოკებიათ (უფრო პირიქით, მიასავათეს), უნდა ვივარაუდოთ, რომ საზოგადოებისთვის ხეზე სამოქალაქოდ ასვლა ძალიანაც მიზანმიმართულად არ უსწავლებიათ?!