სამადლობელი
რა სარგებლობა მოაქვს თავისუფალ მედიას
რაკი ჩვენი დედაქალაქი მშვენდება და ლამაზდება, აქ ახალი ჯიხურებიც უნდა დაიდგას. ჰოდა, ვინაიდან უნდა დაიდგას, 4 აუქციონზე 223 ფართიც გამოვა (აუქციონები 7, 9, 15 და 16 ნოემბერს უნდა ჩატარდეს), გამარჯვებულებს კი ამ ფართებზე ახალ-ახალი ჯიხურების ჩადგმისა და ვაჭრობის უფლება 5 წლის განმავლობაში მიენიჭებათ. მაგრამ, აუქციონამდე კარგი ხნით ადრე, გაზეთ „რეზონანსის“ მახვილმა თვალმა ბულაჩაურის ქუჩაზე აუქციონზე გატანილ ფართზე უკვე ჩადგმული ახალივე ჯიხური აღმოაჩინა. ხოლო, რაკი აღმოაჩინა, ბუნებრივია, ზარებიც დაარისხა. ამ ზარის ხმას თვით მერია გამოეხმაურა და მედიასაშუალებას დიდი მადლობაც გადაუხადა. კერძოდ, საპასუხო წერილში ბრძანა (სამადლობლის შემდეგ): „მოხდა ტექნიკური უზუსტობა, რის გამოც ბოდიშს ვუხდით როგორც ჯიხურის მეპატრონეს, ისე აუქციონში მონაწილეობით დაინტერესებულ პირებს (და მერე რა, ბოდიში რომ წამალი არ არის, თორემ, აფთიაქში გაიყიდებოდა). აღნიშნულ მისამართზე აუქციონი ძალაში რჩება, ხოლო 14 აგვისტოს გაცემული ნებართვის საფუძველზე დადგმული ჯიხურის ადგილის შეცვლა მოხდება. ერთი წლის შემდეგ, როდესაც მისი იჯარის ვადა ამოიწურება, ჯიხურის მფლობელს შესაძლებლობა ექნება, მონაწილეობა მიიღოს აუქციონში.“
რთული სათქმელია, რა მანქანებით მოხვდა ახალთახალი ჯიხური სააუქციონე ადგილას, მაგრამ, იმის ფონზე, რომ სახელმწიფო უწყებები ბუზის ბზუილადაც არ აგდებენ მედიასაშუალებების მიერ მოყოლილ ამბებს, მერიის ეს წერილი ერთგვარ გამონათებადაც შეიძლება, მივიჩნიოთ (იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩავთვლით, რომ პასუხი მთლად დამაკმაყოფილებელიც არ არის). ხოლო, თუ გავითვალისწინებთ, რომ, ესე იგი, მერიის სამსახურების მახვილ მზერასაც შეიძლება, გამოეპაროს, რაც მის ცხვირწინ ხდება, კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ თავისუფალი მედია ჰაერივით ყოფილა აუცილებელი თქვენივე (იქ, ზემოთ მყოფებს, ვგულისხმობ) გამართული მუშაობისთვის – თუნდაც, იმისთვის, რომ ფასადი მაინც იყოს მშვენიერი?!