WTO-ს ეროტიკა
ვაჭრობა, ანუ „სექსი“ ქართულად
მსოფლიო ვაჭრობაში ჩართულმა საზოგადოებამ, როგორც იქნა, ამოისუნთქა: რუსეთმა და საქართველომ კომპრომისულ შეთანხმებას მიაღწიეს და რფ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO-ს) წევრი ხდება. შეგახსენებთ, რომ ამ პროცესის მთავარი სირთულე ჩვენთვის მეტად მტკივნეული თემა იყო: დანარჩენი მსოფლიო და რფ ამ ჩვენს სამშობლოს სხვადასხვა საზღვრებში აღიარებენ (რფ – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე, დანარჩენები – ამ ორივე სეპარატისტული რეგიონიანად). როგორც გვითხრეს, კომპრომისულ ვარიანტში საქართველო-რუსეთის გაეროს მიერ აღიარებულ საზღვრებთან საერთაშორისო მონიტორები დადგებიან და საქართველოს სეპარატისტულ ტერიტორიებზე რფ-დან შესული ყველანაირი ტვირთის შესახებ მოგვაწვდიან ინფორმაციას, ოღონდ, ელექტრონულად. ამ ფაქტს საქართველოს პრეზიდენტი ქართული დიპლომატიის უდიდეს გამარჯვებად აფასებს, ქართული ოპოზიცია კი, არცთუ გამარჯვებად, რადგან ფიქრობს, რომ საერთაშორისო მონიტორები არა ფსოუსა და როკთან, არამედ ზუგდიდსა და გორთან განლაგდებიან. თავის მხრივ, საქართველოს ხელისუფლების ვერსიას ამყარებს რუსული პრესა, რომელიც აღნიშნავს, რომ კომპრომისულ წინადადებაზე თანხმობით, რფ-მ თავისი აღიარებები დააკნინა, რასაც არ ეთანხმება ქართული ოპოზიცია, რადგან მიიჩნევს, რომ, თუკი საერთაშორისო მონიტორები გორსა და ზუგდიდში განლაგდებიან, ეს დასავლეთის მიერ საქართველოს რფ-სგან მოხაზულ და არა გაეროს მიერ დადგენილ საზღვრებში აღიარებისკენ წაგვიყვანს. ამის პარალელურად, შეთანხმებით რფ-ის პრეზიდენტიც (აღიარებების ავტორი) კმაყოფილია, რაც, ბუნებრივია, ეჭვქვეშ აყენებს რუსული მედიის (ჩვენს მედიასთან ერთ ბედში მყოფის) კრიტიკულ დამოკიდებულებას (უფრო მეტიც, ისიც ითქვა, რომ მონიტორინგს არა საერთაშორისო მონიტორები, არამედ შვეიცარიის მიერ დაქირავებული კერძო ფირმები განახორციელებენო).
იმ მარტივი მიზეზით, რომ კომპრომისული შეთანხმების ხელმოწერელი ტექსტი არავის უნახავს (თუ რამდენიმე მაღალჩინოსანს არ ჩავთვლით), ბუნებრივია, მხოლოდ ლოდინიღა დაგვრჩენია იმის გასარკვევად, სად დადგებიან საერთაშორისო მონიტორები (და, საერთოდაც, იქნებიან კი საერთაშორისო მონიტორები) და როგორი სქემით მოხდება ტვირთების საქართველოს სეპარატისტულ ტერიტორიებზე გადმოადგილება. მანამდე კი აშკარაა, რომ რფ-საქართველოს თანხმობით WTO-ში გაწევრიანებას „ქართულად სექსის“ ელფერი აქვს: ათი უსმენს, ერთი ყვება და იმ ერთსაც ვიდეოში აქვს ნანახი!