ბატკანივით უცოდველი
ჯარი – ჯარის როლში
მართალია, იციან, რომ ტყუიან, მაგრამ რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა მთელი მსოფლიოს გასაგონად მაინც არისხებს განგაშის ზარებს: საქართველომ თავისი სამხედრო პოტენციალი აღადგინა და გუმანში დაკარგული ტერიტორიების ძალისმიერი მეთოდებით დაბრუნებაც აქვსო. ამის საპასუხოდ, ქართული სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა დუმს (თუ არ ჩავთვლით ცალკეული ექსპერტების განმარტებებს, რომ აშშ მხოლოდ ავღანეთში გასაგზავნ სამხედრო კონტინგენტს ამზადებს, რომლებსაც მხოლოდ იმ სამხედრო ამოცანების შესრულებას შეასწავლის, რაც ავღანეთში ამერიკულ სამხედრო მიზნებს მიესადაგება და დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებით ღირსების აღდგენაში იოტისოდენადაც ვერ წაგვეხმარება). ამის პარალელურად, თავად ოკუპანტებმა, მას შემდეგ, რაც ცხინვალის რეგიონი საფუძვლიანად გაამაგრეს, თავიანთი სამხედრო ბაზა საზამთროდაც მოამზადეს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ზამთარში თოვლი მოდის, როკის გვირაბით კომუნიკაცია კი გაჭირდებაო (ზემო ლარსით იქნებ ცხინვალის ბაზის როტაციის უფლებაც მიგვეცა?!). ბუნებრივია, ზამთარში ჩრდილოეთ ოსეთი, ანუ რუსეთის ფედერაცია, ისეა მოწყვეტილი ცხინვალის რეგიონს, როგორც აფრიკა და ავსტრალია, მაგრამ, ისიც ფაქტია, რომ ამ საქმეში ბრალი არც ჩვენს შეიარაღებულ ძალებს მიუძღვით: სულ ბოლო მათი აქტივობა ვენახში ყურძნის კრეფასა და ამერიკულ ბლოკბასტერში მონაწილეობით ამოიწურა. ასე რომ, ვფიქრობ, რუსი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის დასაშოშმინებლად ურიგო არ იქნებოდა, თუკი მთელ მსოფლიოს უტყუარ მტკიცებულებად (ქართული ჯარი ფეხს ჭიანჭველასაც არ ადგამსო) ფილმის შავ მასალას წარვუდგენდით, რომელშიც ქართულმა ჯარმა ქართული ჯარის როლი შეასრულა.