როგორ ყიდის ორი ქართველი საკუთარი ხელით შექმნილ სამოსსა და აქსესუარებს ამერიკაში, არგენტინასა და სხვა ქვეყნებში და რატომ ექცევა ყოველთვის ყურადღების ცენტრში უტა ბექაიას ნამუშევრები
არსებობენ ხელოვანი ადამიანები, რომელთა ნამუშევრების ხილვა, მათთან საუბარი, თუნდაც ინტერნეტის საშუალებით, სხვა პიროვნებებზე ემოციურ და დადებით შთაბეჭდილებას ახდენენ. ასეთი ადამიანების რიცხვს მიეკუთვნება უტა ბექაია, დიზაინერი და მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი, რომელიც 1998 წლიდან ნიუ-იორკში ცხოვრობს, მუშაობს. ის შარშან იმყოფებოდა საქართველოში და თბილისის „ფეშენ-ვიქზე“ თეატრალიზებული კოლექცია აჩვენა. წელს უტა ისევ ჩამოდის და ლევან მინდიაშვილთან (მას „თბილისელების“ მკითხველი უკვე იცნობს) ერთად შექმნილ კოლექციას მოდის ქართველ მოყვარულებს წარუდგენს. პირადად მე ამ ორი უნიჭიერესი, კრიტიკული, ორიგინალური ადამიანის შექმნილი კოლექციის ნახვას სულმოუთქმელად ველოდები.
უტა ბექაია: 80-იან წლებში გავიზარდე თბილისში. თინეიჯერი ვიყავი, როდესაც არეულობა დაიწყო. ანუ, ბავშვობა გავატარე კომუნიზმში, თინეიჯერობა კი – არეულობაში, ომში. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ხდებოდა ხელოვნებაში კარგი და საინტერესო რაღაცეები. მეც ამაში ვიყავი ჩართული. ეს მაძლევდა ძალას და მაცოცხლებდა, მგონი, ამიტომაც გადავრჩი. „ფეშენი“, ყოველთვის მაინტერესებდა. თბილისში ავანგარდული მოდის ასამბლეას აკეთებდა ჩემი მეგობარი და მეც გავაკეთე ჩვენება. 16-17 წლის ვიყავი, ჩვენებამ ძალიან წარმატებულად ჩაიარა. მაშინ ვგიჟდებოდი ტექნოზე და კოლექციაც ძალიან ფერადი, ბრჭყვიალა იყო. მოდელებს წითელი, მწვანე თმა ჰქონდათ, მაღალქუსლიანი, ფეხსაცმელებით დადიოდნენ. თბილისში კიდევ რამდენიმე კოლექცია გავაკეთე. ამ ყველაფრის შედეგი, რა თქმა უნდა, არ იყო ფინანსური მხარე. მაშინ ამაში ფული არ კეთდებოდა, მაგრამ ჩემთვის დიდ რამეს ნიშნავდა.
– ამერიკაში ჩახვედი და ყველაფერი ნულიდან დაიწყე. ალბათ, იყო სირთულეები, მაგრამ მიუხედავად ამისა, 150-ზე მეტი პროექტი გაქვს თეატრსა და კინოში გაკეთებული.
– 10 წელი დამჭირდა, რომ მათ მენტალიტეტს შევჩვეოდი. ამერიკელები ჩვენგან ძალიან განსხვავდებიან. მათ სპეციფიკური აღზრდა, დაუწერელი კანონები აქვთ – ის უნდა თქვა, ეს არ უნდა თქვა, ამას ხელი არ უნდა მოკიდო. ეს ძნელი სასწავლია. შესაბამისად, თავიდან, მუშაობის მხრივ, ძალიან გამიჭირდა, მაგრამ მერე ყველაფერი აეწყო. 150 კი არა, უფრო მეტი პროექტი მაქვს გაკეთებული. ერთ-ერთი რეჟისორი შემხვდა და მითხრა, სპექტაკლისთვის კოსტიუმები და სცენოგრაფია გამიკეთეო. ძალიან კარგი გამოვიდა – წარმატებული. მერე სხვა თეატრებშიც შემომთავაზეს მუშაობა. შემდეგ იყო ბევრი ფილმი. რაც ნიუ-იორკში ვცხოვრობ, სულ კოსტიუმებს ვაკეთებდი, თეატრებში და ფილმებზე ვმუშაობდი. უამრავი სპექტაკლი და ფილმები მაქვს გაკეთებული – ჩეხოვი, შექსპირის „ოტელო“, „ჰამლეტი“, „მაკბეტი“ სამჯერ გავაკეთე და სამჯერვე სხვადასხვანაირად. ბევრი ისეთი სპექტაკლიც იყო, რომლის ავტორებიც ახალგაზრდა, ჯერ ნაკლებად ცნობილი მწერლები არიან, ახლა რომ იწყებენ მუშაობას.
– შენს ყველა ნამუშევარს ემჩნევა უტას განსხვავებული და ორიგინალური ხელწერა.
– ძალიან სპეციფიკური ხელი და თვალი მაქვს. შესაბამისად, ხელწერა, ფორმები, ფერები ყოველთვის ერთნაირია და ჩემდაუნებურად, გამოდის ასე.
– რაც მთავარია, ძალიან მოსწონთ.
– ბევრი პროექტი მომაყარეს, შესაბამისად ესე იგი, მოსწონთ. ჩემი პროექტები ყოველთვის დიდ ყურადღებას იქცევს. ამიტომ, რეჟისორებთან ცოტა პრობლემა მქონდა ხოლმე. მათ არ უნდოდათ, რომ დიზაინი უფრო ძლიერი ყოფილიყო, ვიდრე პიესა. ძირითადად, ნიუ-იორკის თეატრებთან ვმუშაობდი, ზოგი მდიდარი თეატრია და ბევრი ხალხი დადის იქ, ზოგში, პირიქით – ნაკლები, ბევრი ახალგაზრდულია. ძირითადად, ერთ კომპანიასთან არ მიმუშავია, სხვადასხვა თეატრალური ორგანიზაცია აკეთებს ამ სპექტაკლებს. მეც მომწონს, როცა სხვადასხვა თეატრთან, კომპანიებთან ვმუშაობ. ეს უფრო საინტერესოა ჩემთვის. კინოშიც შემთხვევით აღმოვჩნდი. თეატრში მუშაობისას, ერთ გერმანელ გოგონას იღებდნენ კინოში, დიზაინერი გვჭირდებაო და წამიყვანეს. საშინლად მომეწონა კინოში მუშაობა.
– „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“... ამ სპექტაკლზეც იმუშავე და როგორც ვიცი, ძალიან კარგი შეფასებები დაიმსახურა.
– ერთი წლის წინ „მეტროპოლიტენ ოპერაში“ ბავშვებისთვის გავაკეთე „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“. ძალიან წარმატებული გამოვიდა. თვითონ თემა ისეთია, ბევრი რამის გაკეთების საშუალებას გაძლევს – წითელი, ბრჭყვიალა იყო. ბავშვებს პარიკები ეკეთათ, „მეიქ აფები“. ძირითადად, დიზაინს ვაკეთებდი, ბავშვებთან ისეთი ხშირი შეხება არ მქონია, მაგრამ ჩემთან მოდიოდნენ და მეჭორავებოდნენ. თან, ისინი რჩეული ბავშვები არიან – ნიჭიერები და მდიდარი ოჯახებიდან. „მეტროპოლიტენ ოპერასთან“ არსებულ სკოლაში სწავლა ძალიან ძვირი ღირს.
– როგორი შეფასებები იყო?
– გაგიჟდა ყველა, ძალიან კარგი, გამოხმაურება გვქონდა პრესაში და ამას ბევრი პროექტიც მოჰყვა. ხუთიანები დამიწერეს. ამ სპექტაკლზე პრესაში სტატიას იწყებდნენ ასე: დიზაინია ფანტასტიკურიო და მერე უკვე სხვა რამეზე წერდნენ. რაც კი გამიკეთებია, პროექტებიდან ეს ერთ-ერთი ყველაზე კარგი იყო, უფრო რბილი და კარგი საყურებელი. თან, ეს ბავშვები პროფესიონალები არიან, ძალიან კარგად თამაშობენ.
– ამ ყველაფრის პარალელურად, დიზაინერობასაც აგრძელებ?
– თუ არ ვცდები, 2003 წელს ნიუ-იორკში ავანგარდული მოდის კვირეული იყო. ჩემი ხელით გავაკეთე კოლექცია, ყველას მოეწონა. 2009 წელსაც მქონდა შოუ, ოღონდ თეატრალიზებული, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ახლა ვმუშაობ Saint Hollywood-ში – მანჰეტენზე ძალიან კარგ ადგილას. ეს არის დიდი სტუდია, საიდანაც გამოდის ძალიან ბევრი პროდუქტი, მათ შორის – მოდაც, სპექტაკლებიც, ფილმებიც, მოკლედ, ხელოვნების ქარხანაა. აქ დავიწყე მუშაობა და შარშან „თბილისი ფეშენ-ვიქზე“ მქონდა ჩვენება. წელს ლევანთან (ლევან მინდიაშვილი – ავტორი) ერთად დავიწყეთ მუშაობა და ახლა რასაც ვაკეთებთ, უფრო კომერციულია – ტანსაცმელი, რომელსაც ჩაიცვამ. წინა კოლექცია უფრო თეატრალური და სამხატვრო აქციის ნაწილი იყო. თბილისში შევაკერინე ორ კვირაში, ვაჩვენე და მერე ნიუ-იორკში გავაკეთე დიდი შოუ. ბევრი ხალხი მოვიდა. შემდეგ ტორონტოში წავიღეთ მოდის ფესტივალზე. იქაც წარმატებულად ჩაიარა. რაღაცეები იყიდება.
– როგორი იქნება კოლექცია? როგორც ვიცი, ძალიან კარგი ქსოვილები და მრავალფეროვანი ფერები გამოიყენეთ.
– არგენტინაში ძალიან კარგი ტილოები აქვთ, რბილი და ფერადი: ვარდისფერი, ყვითელი, მომწვანოა, პასტელური ფერებიც არის. ყველაფერს კი გეომეტრიული ფორმები აქვს. შარვლებია ისეთი, რომ ჩაიცვამ, აუცილებლად ყველასგან გამორჩეული იქნები. ცოტათი 80-იანი წლების რეტროც არის. გასაფორმებლად გამოვიყენეთ ბევრი რკინის ორნამენტი, რომლის დიზაინი ლევანმა გააკეთა. უმრავლესობა ქალებისთვისაა, მაგრამ, კაცებისთვისაც გავაკეთეთ. თან, ადვილი ჩასაცმელია და რაც მთავარია, მჩატეა, ჰაერს ატარებს. კაბების გარდა ყველაფერი უნისექსია – შარვლებიც, პერანგებიც, შორტებიც. ქალსაც შეუძლია ჩაიცვას და კაცსაც.
– თქვენი სამოსი, აქსესუარები ბევრგან იყიდება, მათ შორის საიტზეც: utalevan-tops.blogspot.com.
– არგენტინაშიც იყიდება და საიტითაც. ნიუ-იორკში არის ახალგაზრდა დიზაინერების ბაზრობა და იქ უნდა გავაკეთო სტენდი, სადაც ჩვენი სამოსი გაიყიდება. მომავალში ბუენოს-აირესში გვინდა მანუფაქტურის გაკეთება. თბილისშიც, რომ ჩამოვალ, დარწმუნებული ვარ, ვიპოვი ადგილს, სადაც მერე გაიყიდება კოლექცია. რაც მთავარია, ჩვენი ნამუშევრები არ ღირს ძვირი, ორიგინალურია და მხატვრების ხელით არის გაკეთებული. ჩვენების შემდეგ თბილისში ვაპირებ გამოფენის გაკეთებას შამპანურებით, მარწყვებით, მოდელი გოგონებით, რომ ხალხმა ნახოს სამოსი, მოიზომოს და თუ ენდომებათ ყიდვა, იყიდონ, შეგვიკვეთონ. როდესაც ამერიკაში ჩამოვალ, ნიუ-იორკში „ფეშენ-ვიქის“ პარალელურად, გავაკეთებ ჩვენებას და გამოფენას. დავპატიჟებ ხალხს, რომ ნახონ კოლექცია, შეკვეთები გააკეთონ. როგორც აღმოვაჩინე, ბრაზილიაშიც და საუდის არაბეთშიც გადის ჩვენი ნამუშევრები. კარგია, აზერბაიჯანზეც თუ გავალთ. მადრიდში ფესტივალზე ვართ დაპატიჟებულები. წავიღებთ კოლექციას, რომელსაც წინ ბევრი რაღაც ელოდება. თბილისში უნდა გავაკეთო ამ კოლექციის წიგნი. ფოტოებს გადავიღებთ, ყველა დეტალი გამოჩნდება და შემდეგ კლიენტებს გავუგზავნით.
– როგორ მუშაობთ შენ და ლევანი?
– ასე ადვილად არავისთან მიმუშავია. მე რაც მაქვს – მას არ აქვს და პირიქით, მას რაც აქვს, მე არ მაქვს. ბოლომდე ვეწყობით ერთმანეთს და ყველაფერი კარგად გამოგვდის. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს საკუთარ თავთან ვმუშაობ. ლევანსაც, ალბათ, ასეთივე შეგრძნება აქვს. თუ როგორ ვმუშაობთ, ამას თბილისის „ფეშენ-ვიქზეც“ ნახავთ.
– აღარ ხატავ?
– ყოველთვის ვხატავ და ძალიან მიყვარს. თანდათან ალბათ, ჩემი მხატვრობა მივა იმ დონემდე, რომ შემეძლება, ხალხს გავუზიარო. დიზაინში ვიცი, რასაც ვაკეთებ, ყურადღებას იპყრობს. მაგრამ, მხატვრობაში ჯერ ბოლომდე არ ვარ დარწმუნებული. ცოტა ხნის წინ ანიმაციის კეთებაც ვისწავლე. საშობაოდ ნიუ-იორკში ფანჯრების, ვიტრინების დიზაინსაც ვაკეთებ, ვაფორმებ. ინტერიერის დიზაინიც ბევრჯერ გამიკეთებია. ბევრი ადგილი მომიხატავს, მაღაზია, სახლიც მაქვს მოხატული.