კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის სანაცვლოდ დაუბრუნდა ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს მთაწმინდის პარკი

 31 ოქტომბერს ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი გარდაცვლილის იუბილეს მის გარეშე მესამედ შეხვდა. ტრადიცია, რომელსაც ამ დღეს პატარკაციშვილების ოჯახში წლების წინ ჩაეყარა საფუძველი, კვლავ გრძელდება, ოღონდ, ამჯერად მთავარი მასპინძლის – იუბილარის გარეშე. ეს დღე განსაკუთრებით მძიმეა დედის, ქალბატონი ნათელა პატარკაციშვილისთვის, რომელიც შვილთან დაკავშირებულ მოგონებებს წლების შემდეგაც განსაკუთრებული ემოციებით იხსენებს.   

 

ნათელა პატარკაციშვილი: ბადრის დაბადების დღეს მის  გარეშე უკვე მესამედ ვხვდებით. წინა დაბადების დღეებზეც ასე იყო – „არკადიაში” ოჯახის წევრები და ბადრის მეგობრები შევიკრიბეთ, ამ დღეს თბილისში აუცილებლად ჩამოდიან ხოლმე ბადრის შვილები. 31 ოქტომბერი ჩვენს ოჯახში განსაკუთრებით სევდიანი დღეა, მაგრამ, ბადრის ისე უყვარდა თავისი დაბადების დღე, ამ ტრადიციას ვერ დავარღვევთ. ამ დღეს მასთან ძალიან ბევრი სტუმარი მოდიოდა, თავად არავის ეპატიჟებოდა ხოლმე და ეს ყველამ იცოდა. მათ, ვინც ბავშვებით მოდიოდა, სათამაშოებს ახვედრებდა, უფროსებს კი იმას, რაც მათ მოსწონდათ.  თვითონ საჩუქრებს არ იღებდა, მარტო გაცემა უყვარდა. როცა 50 წლის გახდა, მეგობრებს გამოუცხადა: ხომ ვიცი, რომ დაბადების დღეზე საჩუქრებს მომიტანთ და ამისთვის ბევრ ფულს დახარჯავთ. არ მინდა თქვენი საჩუქრები და ის ფული ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დახმარების ფონდში შეიტანეთო. მისი ბევრი დაბადების დღე მახსოვს კარგად. ერთხელ რუსეთიდან ჩამოუვიდნენ ძველი მეგობრები და რესტორანში შეიკრიბნენ. რატომღაც, ისე მოხდა, რომ ყველა სტუმარს შავი პერანგი ეცვა, ბადრიმ შეხედა და ხუმრობით უთხრა: ისე ჩაგიცვამთ შავები, მგონი, დიდხანს აპირებთ თბილისში დარჩენასო. დაბადების დღეზე ჰქონდა ერთი ტრადიცია: როგორც კი გათენდებოდა, მე მირეკავდა და თავის  დაბადების დღეს მილოცავდა. საჩუქრის მიტანას მეც მიკრძალავდა, მაგრამ, მე მაინც ვუცხობდი ნამცხვრებს – უყვარდა ნამცხვრები, განსაკუთრებით  კი ჩემი გამზადებული და ამ სიამოვნებას როგორ მოვაკლებდი.

– ახლა როგორ ხვდებით მის იუბილეებს?

– მოდიან ხოლმე მისი ახლო მეგობრები, ვინც ბოლომდე ბადრის ერთგული დარჩა. ბევრი უცნობი ადამიანიც მოდის იმ დღეს „არკადიაში”. ჩემს მისვლამდე ყოველთვის მხვდება ყვავილები. დაცვის თანამშრომლებმა მითხრეს: მისი დაბადებისა და გარდაცვალების დღეებში მოდის ხოლმე მოხუცი ქალბატონი, მოიტანს საფლავზე ყვავილებს, ცოტა ხანს გაჩერდება და მიდისო. მე არ ვიცი, ვინ არის ის ქალბატონი, ალბათ, ბევრი  სიკეთე ახსოვს ჩემი შვილისგან. ადამიანების ასეთი დამოკიდებულება ბადრის ხსოვნის მიმართ ჩემთვის ბევრს ნიშნავს. უცხო ადამიანები ბადრის გაკეთებულ სიკეთეს რომ იხსენებენ, სიამაყით ვივსები. არ ვიცი, წლების ბრალია თუ რა, მაგრამ, ბადრიმ საოცარი მოლოდინის განცდა დამიტოვა. საერთოდ, არასდროს გვაფრთხილებდა  წინასწარ, როდის ჩამოდიოდა თბილისში. უცებ დარეკავდა და იტყოდა, ერთ საათში სახლში ვარო და, ალბათ, ამიტომაც, სულ ველოდები, სულ მგონია, დარეკავს და იტყვის – ერთ საათში მოვალო. ასეთი განცდა აქვთ ჩემს შვილებსაც.  

– მას შემდეგ, რაც ასპარეზზე გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი, ბადრი პატარკაციშვილის სახელი ძალიან ხშირად იყო ნახსენები. როგორია, ამასთან დაკავშირებით, თქვენი, დედის ემოცია?

– რა გითხრათ. მე გამწარებული დედა ვარ და არც ერთ დედას არ ვუსურვებ იმას, ჩემს დღეში აღმოჩნდეს, მით უმეტეს, ბიძინას დედის მესმის კარგად – ვიცი, რა ძნელია, როცა შენი შვილი ასეთ საქმეს ეჭიდება. ბიძინას არ ვიცნობ, ახლოს არ მინახავს, მაგრამ, ვიცი, რომ ამ კაცს, ჩემი შვილის არ იყოს, ამ ქვეყანაში ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული. ღმერთმა  დაიფაროს იმისგან, რაც ჩემს შვილს გადახდა, ახალგაზრდა კაცია და დიდხანს უნდა იცოცხლოს.  მეც ვიფიქრე, რომ, რაღაცნაირად, ბადრის გზას გადის, მაგრამ, დარწმუნებული ვარ,  ის უფრო მომზადებული იქნება პოლიტიკისთვის, ვიდრე ჩემი შვილი იყო. ერთხელ საჩხერეში ვიყავი ახლობლებთან ერთად და, როცა ბიძინას გაუგია, რომ იქიდან წამოვედი, თავის ახლობლებს შემოსწყრომია: რატომ არ მითხარით, ბადრის დედა აქ რომ იყო, უყურადღებოდ არ დავტოვებდიო. ეს რომ გავიგე, ძალიან მესიამოვნა. 

– რა შეიცვალა თქვენს ოჯახში ბოლო წლებში?

– ბავშვები გამრავლდნენ, ბადრის გოგონებს ეყოლათ სამი შვილი; სულ ახლახან ნანას ვაჟს, სანდროსაც ბიჭი გაუჩნდა,  პატარას ალექსანდრე დავარქვით. ბადრის სახელს შეგნებულად არ ვარქმევთ არც ერთ ბავშვს – ბადრი ერთი იყო და ის არ განმეორდება.  ჩვენს ოჯახში დღემდე ყველაფერი ბადრის უკავშირდება, ოქროყანის სახლში ხელუხლებელია მისი გარდერობი; ასევეა „არკადიაშიც” – ისევ თავის ადგილზე დევს ბადრის ნარდი; გაზეთებიც კი ისე აწყვია, როგორც თვითონ დატოვა ბოლოს. ყველგან, სადაც გავიხედავთ, ბადრის სურათები გვაქვს და ჩემს სახლშიც ასეა. აქამდე ვერ შევძელი ბადრის პირადი ნივთების წამოღება, მაგრამ, ახლა გადავწყვიტე, მისი რამდენიმე პერანგი და პირადი ნივთი ჩემს გარდერობში მქონდეს. 

– რამდენიმე თვის წინ  თქვენი ოჯახი  და ხელისუფლება, როგორც იქნა, მორიგდით იმ თემებზე, რაზეც დავა დიდხანს გრძელდებოდა. რაზე მოხდა გარიგება თქვენს შორის? 

– მთაწმინდის პარკისა და „ტელეიმედის“ საქმე შეტანილი იყო  საერთაშორისო საარბიტრაჟოში და  დავა ამ თემებთან დაკავშირებით გრძელდებოდა. ჩვენ ტელევიზიას ვერ დავიბრუნებდით, რადგან ტელევიზია ოფიციალურად ბადრის სახელზე არ იყო გაფორმებული – ყველამ იცით, რომ  ბადრი ჯერ დაკრძალული არ იყო, როცა ტელევიზია გოგი ჯაოშვილზე გაფორმდა. ერთადერთი, რასაც მივაღწევდით, ის იქნებოდა, რომ სახელმწიფოს დაეკისრებოდა თანხის გადახდა ჩვენი ოჯახისთვის, ეს თანხა კი იქნებოდა საკმაოდ სოლიდური, რომელიც დააწვებოდა ბიუჯეტს. ვფირობ, რომ ჩვენ მივიღეთ სწორი გადაწყვეტილება, რითაც ბადრის ხსოვნას გავუფრთხილდით. მას სულ უნდოდა, რომ ადამიანებს უკეთესად ეცხოვრათ,  ხიზილალას თუ ვერ შეჭამდნენ, ლობიო მაინც არ ჰქონოდათ სანატრელი. ჩვენ როგორ უნდა გვეიძულებინა ადამიანები, გადაეხადათ ფული იმაში, რომ ჩვენ  რაღაც აქტივი დაგვბრუნებოდა?! მე კარგად ვიცი, რომ ფული ცხოვრებაში ყველაფერს არ ნიშნავს, ამიტომაც, ოჯახის გადაწყვეტილება იყო ასეთი – ჩვენ არ ავიღებთ ამ თანხას, მაგრამ, სამაგიეროდ, დაგვიბრუნდება მთაწმინდის პარკი.

– ვადები დადგენილია, როდის დაგიბრუნდებათ ეს პარკი?

– არა, ჯერ აუდიტი მუშაობს, უნდა შეფასდეს და დაითვალოს, რა გაკეთდა პარკში ბადრიმდე და რა – მისი გარდაცვალების შემდეგ. როგორც ვიცი, ბადრის იქ 27 მილიონის ინვესტიცია ჰქონდა ჩადებული და ამის დამადასტურებელი დოკუმენტები არსებობს. ყველამ კარგად იცის, რამდენი შრომა ჩადო ბადრიმ მთაწმინდის პარკში. ინა თავისი ხელით რგავდა და უვლიდა ყვავილებს; თვითონ ბადრიც, როგორც კი თბილისში ჩამოდიოდა, მთაწმინდაზე გარბოდა. არც „იმედი” იყო ბადრისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი, მაგრამ, რაც მოხდა, მოხდა, ახლა ვერაფერი შეიცვლება და აღარ გვინდა, ზედმეტი აჟიოტაჟი ავტეხოთ. ამით ჩემს შვილს ვერ გავაცოცხლებ, მაგრამ, ძალიან მინდა, ყველა მისი დაწყებული საქმე კარგად გაგრძელდეს. აგერ, ცირკში დიდი რემონტი ჩავატარეთ და 25  დეკემბერს გაიხსნება. ცირკს ჩემი შვილიშვილი, სანდრო ხელმძღვანელობს – ერთადერთი კაცი გვყავს ოჯახში და დირექტორობა მას ჩავაბარეთ. მე მჯერა, რომ მთაწმინდის პარკშიც ყველაფერი ისე იქნება, როგორც ეს ბადრის უნდოდა. ძალიან მინდა, რომ ეს მჯეროდეს. შვილო, ბადრიმ ისე არ დაგვტოვა, რომ წელებზე ფეხი გვქონდეს დასადგმელი; მეც და ჩემი შვილებიც, სადაც მოვინდომებთ, იქ ვიცხოვრებთ, მაგრამ, ამის სურვილი არასდროს გაგვჩენია. ეს საქართველო ყველასია – ჩემიც, თქვენიც, სხვისიც, სად უნდა წავიდე აქედან?! სულ რომ არაფერი, მარტო იმისთვის არ დავტოვებთ ამ ქვეყანას, რომ  ბადრის ძალიან უყვარდა აქაურობა. როცა საუბარი იყო იმაზე, რომ ბადრი ისრაელში  დასაფლავებულიყო, მე ვთქვი, რომ ამაზე დიდი ღალატი ჩვენგან  არაფერი იქნებოდა. ბადრის საფლავი აქ გვაქვს, სად უნდა წავიდეთ? 

– ბადრის შვილები ჩამოდიან ხოლმე თბილისში?

– კი, უყვართ აქაურობა. დედას ეხმარებიან ლონდონში საქმეებში და თვითონაც ძალიან დაკავებულები არიან, მაგრამ, წელიწადში რამდენჯერმე აუცილებლად ჩამოდიან თბილისში. ისეთი ქართული ხასიათი აქვთ, ყველაფერში მამას ჰგვანან: უფროსი შვილიშვილი, მელანო, ბადრის მსგავსად, გიჟდება ტყემალსა და პურზე. ამ ზაფხულს  ბავშვებიც აქ ჰყავდათ – სადმე ფეშენებელურ კურორტზე კი არ წავიდნენ, ურეკში გადაწყვიტეს დასვენება; მთაწმინდის პარკშიც  ბევრჯერ აიყვანეს ბავშვები. პატარები არიან, მაგრამ, იქ სხვანაირად მიუწევთ გული. თვითონ როგორ გაიხარებდა იქ ბავშვებთან ერთად, ცოცხალი რომ იყოს!.. უყვარდა ბავშვები. ამხელა საქმეებს აგვარებდა, ასეთი დიდი ბიზნესები ჰქონდა და მართავდა მათ და, ვინ წარმოიდგენდა, რომ მისი მოტყუება ასე ადვილი იყო, მაგრამ, გული ჰქონდა ისეთი, როგორც  პატარა ბავშვს – ბავშვივით უხაროდა და სწყინდა ყველაფერი. ასეთი გულუბრყვილო თუ იქნებოდა ჩემი შვილი, ამას როგორ ვიფიქრებდი?!    

 

 

скачать dle 11.3