რის გამო მისდის გული, აკანკალებს და იშლება ჭკუიდან თეკლა კალმახელიძე და როგორ არ უნდა მოიქცეს ბიჭი მასთან ურთიერთობისას
„ჯეოსტარის“ ერთ-ერთი მონაწილე თეკლა კალმახელიძე ძალიან ხალისიანი, ენერგიული, მხიარული და ემოციური გოგონაა. მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი სურვილი „ჯეოსტარში“ მონაწილეობა იყო. რამდენიმეწლიანი ლოდინის შემდეგ, ოცნება აისრულა და ის ახლა პროექტში ერთ-ერთი გამორჩეულია.
თეკლა კალმახელიძე: პირველ კონცერტზე ისე ვინერვიულე, ვკვდებოდი, მაგრამ ვერავინ შემამჩნია, პირიქით, მეკითხებოდნენ: საერთოდ არ ნერვიულობო? ჩემი ერთ-ერთი დადებითი თვისება ის არის, რომ შემიძლია ემოციების გაკონტოლება.
– კრიტიკულ სიტუაციაშიც შეგიძლია ემოციების კონტროლი?
– არ ვარ სუსტი. ოჯახში ყველაზე უმცროსი ვარ, მაგრამ თითქოს ყველას ჩემი იმედი აქვს. იციან, რომ არ გავტყდები, არ დავეცემი, ყოველთვის გამოვძვრები ნებისმიერი სიტუაციიდან. შესაბამისად, უფრო მეტს მთხოვენ – ძლიერი პიროვნება ხარ და შეგიძლია, საკუთარი თავის, ემოციების კონტროლიო. იშვიათად გამოვდივარ წყობიდან, თუ რაღაც სასწაული არ მოხდა.
– როგორია წყობიდან გამოსული თეკლა?
– წყენა ძალიან მალე გადამივლის ხოლმე და მერე ამაზე ვბრაზდები. ყოველთვის ახლობლისგან უფრო მწყინს. ძალიან გულჩვილი ვარ, ჩემი ატირება ადვილია, ანუ სიძლიერესთან ერთად, რაღაც სისუსტეებიც მაქვს. ჩემი მდგომარეობიდან გამოსვლა იმას ნიშნავს, რომ უცებ ავფეთქდე და განწირულ ხმაზე ვიკივლო, ოღონდ მალევე გადამივლის.
– ალბათ, „ჯეოსტარმა“ შეგიცვალა გრაფიკი?
– შემიცვალა. თუმცა, თავისუფალი რეჟიმით არც მანამდე მიცხოვრია. ორი წელია, რაც უნივერსიტეტი დავამთავრე, ფიარის სპეციალობით და საკუთარ თავს სწორედ ფიარში ვხედავ. სტუდენტობის დროს, გარდა სწავლისა, ბანკშიც ვმუშაობდი.
– ანუ, შეგიძლია, ისეთ სამსახურში მუშაობა, სადაც დილის 9 საათიდან საღამოს 6 საათამდე ერთ ადგილას იჯდები?
– იმ დროს ასე იყო საჭირო. სხვანაირად არ შემეძლო, სახლში ვერ დავჯდებოდი. ჩემი ასაკისთვის ძალიან ნორმალური სამსახური იყო. საკუთარი შემოსავალი მქონდა. მართალია, არ მყოფნიდა, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნლობა. თუმცა, ის მაინც არ იყო ის სამსახური, რომელიც მე მინდოდა.
– ანუ, სულ შენი საქმე გქონდა, რაღაცით ყოველთვის იყავი დაკავებული.
– კი. უბრალოდ, ახლა არაადამიანურ რეჟიმში მიწევს ყოფნა – ფიზიკურად, მორალურად იღლები, ფსიქიკა სულ დაჭიმული გაქვს, ტონუსში ხარ. მარტო ის კი არ არის, მიხვიდე, იმღერო და წამოხვიდე. სიმღერის იქით იმდენი რამ ხდება, ბევრ რამეზე გიწევს ფიქრი. ელემენტარული რაღაც ავიღოთ: ჯდები კომპიუტერთან, ხსნი „ფეისბუქს“ და გხვდება უამრავი რაღაც. თან, ისეთი ტიპი ვარ, არ შემიძლია, ვიღაცას არ ვუპასუხო. მაგრამ, მთელი გულით რომ ეტყვი მადლობას, მერე პირად შეკითხვებზე გადადიან. ძალიან ბევრი მეგობარი მყავს და ისინი მიგვარებენ ახლა „ჯეოსტართან“ დაკავშირებით ბევრ რამეს. მათთან საქმე მაქვს, ისინიც მწერენ და ერთი ამბავია. რომ არ მივწერო, მიბრაზდებიან. არადა, საერთოდ არ ვარ ისეთი ტიპი, რომელსაც რაღაც უვარდება თავში, მაგრამ როგორ გინდა, დაუმტკიცო ეს სხვას.
– გოგონები ჭარბობენ თუ ბიჭები?
– რა თქმა უნდა, ბიჭები არიან, მაგრამ ძალიან ბევრი გოგონა მისვამს პირადულ კითხვებს. ჯერ ყველას აინტერესებს, რა ხდება „ჯეოსტარზე“, მონაწილეებს როგორი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან. ბიჭებს რაც აინტერესებთ, ახლა ყველაფერს ნუ მათქმევინებ. ძალიან მიყვარს ჩემი გულშემატკივარი, მათგან ისეთი თბილი მესიჯები მომდის, არ შეიძლება, გულთან არ მივიტანო. შესაბამისად, ყველას მიმართ კარგად ვარ განწყობილი. მაგრამ, ახლა თქვენი ჟურნალის საშუალებით მინდა მათ ვუთხრა: ცუდად ნუ გამიგებთ, მაგრამ ინტერნეტ-ნაცნობობით ვერ დავიწყებ ადამიანთან ურთიერთობას.
– ალბათ, თავად აირჩიე „ფიარშიკობა“.
– რაც დავიბადე და რაც თავი მახსოვს, მას შემდეგ სულ ვამბობდი, მსახიობი უნდა გამოვიდე-მეთქი. ხელოვანების ოჯახში ვარ დაბადებული: მამა, ძმა, მუსიკოსები მყავს, დედა პედაგოგია და გადამაყოლა სწავლას. დედას არაფრით არ უნდოდა, სცენაზე ვმდგარიყავი. ახლა რასაც ვიტყვი, რომ წაიკითხავს, ეწყინება, მაგრამ არა უშავს, ეწყინოს. მთელი ცხოვრება ვიცოდი, რომ მსახიობი ვიქნებოდი, მაგრამ როდესაც მეცხრე კლასში გადავედი, და საგნები უნდა ამერჩია, დედამ დამსვა და მითხრა: შენ გახდები ექიმიო. ოჯახის წევრებს ძალიან თბილი, მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, დედის, მამის აზრს დიდ პატივს ვცემთ. იმდენი მელაპარაკეს, ბოლოს დავიჯერე – კი, მინდა-მეთქი. რა ექიმობა, სისხლს რომ ვხედავ, ოფიციალურად ვიშლები ჭკუიდან და გული მიმდის, მაკანკალებს, ოღონდაც საავადმყოფოში ნუ შემიყვან. მაგრამ, დავიწყე ქიმია-ბიოლოგიაში მომზადება. საერთოდ კარგად ვსწავლობდი, მაგრამ, ტექნიკურ საგნებში ცოტა სუსტი ვიყავი. ეროვნული გამოცდების პირველი თაობა ვარ და გამოცდები რომ დაინიშნა, მათემატიკა ჩასვეს, რაშიც მომზადებული არ ვიყავი. ძალიან ბედნიერმა განვუცხადე დედას: გამოცდებამდე შვიდი თვეა დარჩენილი, მე ვერ მოვასწრებ მომზადებას-მეთქი და გამოვემშვიდობე სამედიცინოს. თეატრალურში მაინც არ გამიშვეს, გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვობიდან წერა მიყვარდა და დღესაც ვწერ, ხოლო ჟურნალისტიკა და ფიარი მონათესავე სფეროებია, მოვხვდი ფიარის ფაკულტეტზე. კმაყოფილი ვარ, ძალიან საინტერესო პროფესიაა და არც თუ უცხო ჩემი ტიპაჟისთვის, ანუ ტიპაჟურადაც მოვირგე. სიმღერა ჩემთვის ჰობი არ არის, ესეც პროფესიაა, შესაბამისად, ორი ისეთი პროფესია ავირჩიე, ერთმანეთს რომ არ უშლის ხელს და შემიძლია, ორივეში ბოლომდე დავიხარჯო.
– ბავშვობიდან მღერი?
– ბავშვობაში სულ სცენაზე ვიდექი, ვმღეროდი, მაგრამ რომ მივედი გარკვეულ ასაკამდე, ჩამომაშორეს – აღარც ანსამბლი იყო, რომელშიც ვმღეროდი („მუსიკალური ჰანგები“) და აღარც არაფერი, ცეკვასაც ჩამომაშორეს. მხოლოდ სწავლა, სწავლა და სწავლა. უცებ დედაჩემი ლენინად გადაიქცა. ისე გამოვიდა, რომ ყველაფერი დედაჩემის ბრალია, მაგრამ მერე ინანა. „ჯეოსტარამდე“ ჩემი ძმის მეგობრები იყვნენ ჩვენთან, ფანტასტიკურად მღერიან. მე ასეთ დროს ყოველთვის ჩუმად ვიყავი, არასდროს ვმღეროდი სახლში. გულნატკენი ვიყავი, თან დედა „მგრუზავდა“: არა, შენ არ ხარ მომღერალიო. ისე მოხდა, რომ იმ დღეს ვიმღერე, ლექსიც წავიკითხე, დედას ცრემლები წამოუვიდა. ვკითხე: დედა, რა გჭირს, ხომ მშვიდობაა-მეთქი? ბოდიში, რომ არ გაგიშვი თეატრალურზეო.
– და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, როგორ მოხვდი „ჯეოსტარზე“?
– ბოლოს ვთქვი, მივდივარ „ჯეოსტარზე“ და არაფერი აღარ მაინტერესებს-მეთქი. არ უნდოდათ, თუმცა წინააღმდეგობა რომ გაეწიათ, მაინც წავიდოდი. რაც კი „ჯეოსტარი“ არსებობს, ყოველთვის მეცამეტე ჯეოსტარელი ვიყავი, ან ჟიურის მეოთხე წევრი, ოღონდ სახლიდან. სულ მესმოდა: არა, არა, არა, მაგრამ გულის სიღრმეში ვიცოდი, ეს დღე დადგებოდა. რაღაც ძალიან უნდა გინდოდეს და აუცილებლად მიაღწევ – ეს მხოლოდ სიტყვები არ ყოფილა, მაგრამ იცი, როგორ უნდა გინდოდეს?! – თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილამდე უნდა გქონდეს გააზრებული. ჩემი მოხვედრა ამ პროექტში მართლა სასწაული იყო, რადგან ჩემზე გამოცდილი ადამიანები ვერ მოხვდნენ, ბავშვობიდან რომ პედაგოგები ჰყავთ. მე არ მყოლია. ახლა რამდენიმე თვე ვიარე ზაზა წურწუმიასთან, რომელმაც ბევრი ჯეოსტარელი გაზარდა. მას დიდი წვლილი მიუძღვის, ყველაფერი ამ ოთხ თვეში გავაკეთეთ.
– რომ ვერ გაიმარჯვო, ეს შენთვის ძალიან მტკივნეული ხომ არ იქნება? თუ შენთვის მაინც უფრო მნიშვნელოვანი მონაწილეობაა?
– მონაწილეობა – ამაზე ორი აზრი არ არსებობს. აქ არ მოვსულვარ იმისთვის, რომ გავიმარჯვო, თუმცა კონკურსია და რა თქმა უნდა, ყველას გვინდა გამარჯვება. „ჯეოსტარი“ იმიტომ ავირჩიე, რომ აქ ფანტასტიკური ხალხი და თავის საქმის პროფესიონალები არიან. არის ცოცხალი ბენდი, რაც პროფესიონალურად გაზრდის საშუალებას მაძლევს.
– ახლა უნდა მითხრა, როგორი ბიჭები მოგწონს?
– გამომდინარე იქიდან, რომ არ ვარ ეჭვიანი, თან იმდენად, რომ ხანდახან ამაზე ვბრაზდები, ალაბთ, ვერც მე ავიტან ვინმემ ჩემზე, იეჭვიანოს. უნდა მენდობოდეს, უნდა იყოს ძალიან მხიარული, იუმორის გრძნობა ყურებიდან უნდა გადმოსდიოდეს. მამაკაცური უნდა იყოს და არა მეწვრილმანე, პატარა რაღაცეებზე რომ ამახვილებს ყურადღებას. „ჟმოტიც“ არ უნდა იყოს. ამაში იმას კი არ ვგულისხმობ, რომ რაღაცეები უნდა დახარჯოს. შეიძლება, არაფერი ჰქონდეს, მაგრამ ისეთი მამაკაცური იყოს, სიტუაცია ისე გამოიყვანოს, შეფუთოს, რომ ყველაზე დასაფასებელი გახდეს. ძალიან ბევრი მეგობარი უნდა ჰყავდეს, ყველაფრისთვის მოიცალოს, მოკლედ, ჩემნაირი გიჟი უნდა იყოს. ვერ ვიტან ისეთ ადამიანებს, რომლებიც მეუბნებიან: ჰო, როგორც შენ გინდაო. ვერ ავიტან, ბიჭმა მთელი ცხოვრება, მეძახოს: ისე იყოს, როგორც შენ გინდაო, შეიძლება მოვკვდე. მირჩევნია, ჰქონდეს საწინააღმდეგო აზრი, ვიკამათოთ და არ გააკეთოს ყველაფერი ისე, როგორც მე მინდა.