კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

 

კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, რას ნიშნავს და რა განსხვავებულ პროცედურებს გულისხმობს დაჩქარებული ადმინისტრაციული სამართალწარმოება?

პასუხი: დაჩქარებული წესით ადმინისტრაციული საქმის განხილვის დროს სასამართლო უფლებამოსილია: 

ა) შეამოკლოს მოპასუხის მიერ თავისი შესაგებლის ან შეგებებული სარჩელის წარდგენის ვადა;

ბ) მესამე პირს არ განუსაზღვროს ვადა სარჩელზე საკუთარი მოსაზრების წარდგენისთვის;

გ) არ დაადგინოს მხარეების მიერ ექსპერტის დანიშვნასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრების წარდგენის ვადა;

დ) შეუმოკლოს მხარეებს ექსპერტის დასკვნასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრების წარდგენის ვადა. ამასთან, გადაწყვეტილებას საქმის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ მოსამართლე იღებს მხარის მოთხოვნით. საქმის დაჩქარებული წესით განხილვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, მაგრამ, ამასთანავე, იგი არ არის შებოჭილი სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებით. პროცესის დაჩქარების მიზნით, მოსამართლეს შეუძლია, დაეხმაროს მხარეს მოთხოვნის ტრანსფორმირებაში. 

კითხვა: რა დრო შეიძლება ჩაითვალოს პირის საავტორო უფლების წარმოშობის საწყისად?

პასუხი: საავტორო უფლება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე წარმოიშობა მათი შექმნის მომენტიდან. ნაწარმოები შექმნილად ითვლება, როდესაც ის გამოხატულია რაიმე ობიექტური ფორმით, რაც მისი აღქმისა და რეპროდუქციის საშუალებას იძლევა. აღსანიშნავია, რომ საავტორო უფლების წარმოშობისა და განხორციელებისთვის აუცილებელი არ არის ნაწარმოების რეგისტრაცია, სპეციალური გაფორმება ან სხვა ფორმალობათა დაცვა. არსებობს განსაკუთრებული საავტორო უფლება, რომლის მფლობელს თავისი უფლების განცხადებისთვის შეუძლია, გამოიყენოს საავტორო უფლების დაცვის ნიშანი, რომელიც დაისმება ნაწარმოების ყოველ ეგზემპლარზე.

კითხვა: ცნობილია, რომ მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილია სასამართლოში საქმის გაგზავნამდე მხარეების მიერ მტკიცებულებათა გაცვლის ვალდებულება. გთხოვთ, განგვიმარტოთ, რა იგულისხმება მტკიცებულებათა გაცვლისას დაცვის მხარის საგამონაკლისო უფლებაში?

პასუხი: დაცვის მხარის მიერ ისეთი მტკიცებულების წარუდგენლობა, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი დაცვის უზრუნველსაყოფად, არ იწვევს სასამართლოში საქმის არსებით განხილვაზე ამ მტკიცებულების დაუშვებლობას. სწორედ აღნიშნული უფლება წარმოადგენს დაცვის მხარის საგამონაკლისო უფლებას. მისი გამოყენება დაცვის მხარისთვის გარკვეულ დისკომფორტთანაც არის დაკავშირებული, კერძოდ; ამ უფლების გამოყენების შემთხვევაში, სხდომის თავმჯდომარე დაცვის მხარეს განკარგულებით აკისრებს ჯარიმას და საპროცესო ხარჯების ანაზღაურებას. ამასთან, ჯარიმის ოდენობა უნდა იყოს შემაკავებელი ხასიათის, მიყენებული ზიანის პროპორციული და უნდა შეესაბამებოდეს მხარის ფინანსურ მდგომარეობას. განკარგულების გასაჩივრება შეიძლება ერთჯერადად, გადაწყვეტილების მიმღები სასამართლოს თავმჯდომარესთან, რომელიც უფლებამოსილია, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს საჩივარი.

კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, პირის დამნაშავედ ცნობისთვის რა კრიტერიუმებით შეიძლება მოხდეს მტკიცებულებების შეფასება?

პასუხი: მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან არც ერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისთვის კი საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.  

კითხვა: რას გულისხმობს ადმინისტრაციულ პროცესში გამარტივებული სამართალწარმოება?

პასუხი: გამარტივებული სამართალწარმოება გულისხმობს სასამართლოს უფლებამოსილებას, ადმინისტრაციული საქმე განიხილოს და გადაწყვიტოს მხარეთა დაუსწრებლად მხარეების წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

კითხვა: მაინტერესებს, როგორ ტარდება გამოძიების პროცესში პირის ამოცნობა?

პასუხი: გამოძიების დროს ამოსაცნობად წარდგენა ტარდება ამომცნობის თანხმობით. ამოსაცნობად წარდგენამდე ამომცნობი უნდა გამოიკითხოს ამოსაცნობი ობიექტის ინდივიდუალური და გვარეობითი ნიშან-თვისებებისა და იმ გარემოების შესახებ, რომელშიც მას შეხება ჰქონდა ამოსაცნობ ობიექტთან. ამოცნობისას ამომცნობმა უნდა განმარტოს, რა ნიშან-თვისებებით ამოიცნო ამოსაცნობი ობიექტი. ამომცნობს ამოსაცნობი უნდა წარედგინოს იმავე სქესის არანაკლებ ორ ისეთ პირთან ერთად, რომლებიც ერთმანეთისგან და ამოსაცნობისგან მკვეთრად არ განსხვავდებიან გარეგნობითა და ტანსაცმლით. პირის ამოცნობა არ ტარდება, ხოლო ჩატარებული ამოცნობა დაუშვებელი მტკიცებულებაა, თუ ამომცნობი მიუთითებს ისეთ ნიშან-თვისებაზე, რომელიც საკმარისი არ არის ამოსაცნობი ობიექტის იდენტიფიკაციისთვის, ან, თუ ამომცნობს რაიმე ფორმით მიანიშნეს ამოსაცნობ ობიექტზე.  

კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, რას ნიშნავს მსჯავრდებულის რესოციალიზაცია და რა ღონისძიებებია კანონით გათვალისწინებული მსჯავრდებულთა რესოციალიზაციისთვის?

პასუხი: მსჯავრდებულის რესოციალიზაცია არის მსჯავრდებულში საზოგადოების, სხვა ადამიანების, ზნეობის ნორმებისა და ადამიანთა თანაცხოვრების დამკვიდრებული წესებისადმი პატივისცემისა და პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბება. მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის ძირითადი საშუალებებია: 

ა) სასჯელის მოხდა დადგენილი წესის შესაბამისად;

ბ) სარეაბილიტაციო პროგრამების განხორციელება;

გ) აღმზრდელობითი მუშაობა არასრულწლოვანთა მიმართ;

დ) მსჯავრდებულთა დასაქმება;

ე) ზოგადი და პროფესიული განათლების მიღება;

ვ) საზოგადოებასთან ურთიერთობა.

მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის საშუალებები გამოიყენება დანიშნული სასჯელის სახის, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მსჯავრდებულის პიროვნების, მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობისა და ქცევის გათვალისწინებით.

კითხვა: გთხოვთ განგვიმარტოთ როგორ ხდება წინასწარი გამოძიების სტადიასა და სისხლის სამართალწარმოების სხვა ეტაპებზე საჩივრის შეტანა და განხილვა?

პასუხი: საჩივრის შეტანა შეიძლება სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე.  საჩივარი შეაქვთ იმდენ ეგზემპლარად, რომ უზრუნველყოფილ იქნეს საჩივრის განხილვაში მონაწილეთათვის მისი გადაცემა. საჩივარი არ შეიძლება განიხილოს იმ პირმა, რომლის მოქმედება ან გადაწყვეტილება საჩივრდება. საჩივრის განმხილველი ორგანო ან პირი ვალდებულია, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა და სხვა პირთა დარღვეული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების აღსადგენად. საჩივარი განხილული და გადაწყვეტილი უნდა იქნეს საჩივარზე გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილების მქონე ორგანოსთვის ან პირისათვის საჩივრის გადაცემიდან სამ დღეში. საჩივრის განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება მომჩივანს, ხოლო, საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში, მას, ასევე, გადაეცემა გადაწყვეტილების ასლი.  

 

скачать dle 11.3