კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისთან დაეძაბა ურთიერთობა მოტოციკლისტ ნინი მელაძეს და რამ შეუცვალა მას მსოფლმხედველობა

ლამაზი, ჭკვიანი, ნიჭიერი, უცნაური და საინტერესო. ნინი მელაძე შეუძლებელია ყურადღებიდან გამოგრჩეთ. ის მაშინ გავიცანი, როდესაც თავი გადაპარსული ჰქონდა, ბაიკზე იჯდა და ზურგზე ვიოლინოს ბუდე ეკიდა. კონსერვატორიის პირველი კურსის სტუდენტზე მუსიკოსების ოჯახი და პედაგოგები ძალიან დიდ იმედებს ამყარებენ. პირველივე კონცერტზე მთელი დარბაზი ფეხზე ადგა.

 

 ნინი მელაძე: ბავშვობიდან მომყვება მძაფრი შეგრძნებების სიყვარული. მაგრამ, ადრენალინის მიღების გზები ასე მარტივად მოსაძებნი არ იყო პატარა ბავშვისთვის. „ვკატაობდი“ სკეიდბორდზე, მაგრამ რომელ ადრენალინზეა ლაპარაკი, მსგავსი არაფერი მიგრძნია. მერე გადავედი ველოსიპედზე და ბიჭებთან ერთად დანგრეულ გზებზე ვეშვებოდი, ანუ დაუნჰილით ვიყავი გატაცებული. ველოსიპედი რომ მყავდა, მაშინვე ვოცნებობდი მოტოციკლზე, ვეშვებოდი ტყეში და წარმოვიდგენდი, ველოსიპედის ნაცვლად როგორ ვიჯექი მოტოციკლზე. ძალიან ბევრს ვოცნებობდი. 

– არადა, ამ ასაკში გოგონები პრინცესობაზე ოცნებობენ, ბიჭებს ეპრანჭებიან...

– არასდროს მიოცნებია პრინცესობაზე, ფუშფუშა კაბებსა და ვარდისფერ სათამაშოებზე (იცინის). სულ პატარაობიდან ვგიჟდებოდი ცხენებზე და მინდოდა, ცხენი მყოლოდა. 

– ყველანაირი ტრანსპორტი გიტაცებს, ანუ სულიერიც და ძრავიანიც.

– კი, ცხენის სიყვარულმა ევოლუცია განიცადა და ახლა ყველაფერს მოტოციკლი მირჩევნია. თექვსმეტი წლის ვიყავი, როდესაც „მოპედი„ ვიყიდე. მის სამართავად მართვის მოწმობა საჭირო არ არის, თუმცა მაინც გამაჩერეს პატრულებმა. მოკლედ, პატრულებთან ურთიერთობა თავიდანვე დამეძაბა, რატომღაც პროტესტი აქვთ, როდესაც „მოპედი“ იქნება ეს თუ მოტოციკლი, მის საჭესთან გოგოს ხედავენ. არიან ისეთებიც, რომლებსაც პირიქით, მოსწონთ, მეკითხებიან რაღაცეებს. მაგრამ, ძირითადად, როგორც პატრულებს, ისე ჩვეულებრივ გამვლელებს, სულ რომ არაფერი თქვან, ისეთი სახე აქვთ, ფიქრობენ – ეს რა გოგოს საქმეა, წადი სახლში დაჯექიო. იყო შემთხვევები, მითხრეს კიდეც დედაშენს როგორ სძინავს, სახლიდან როგორ გიშვებენო... ამაზე ძალიან ვბრაზდები. ქუჩაში რომ მივდივარ, საერთოდ არ ვიყურები გვერდით. არ მაინტერესებს ვინ რას ფიქრობს. გავჩერდები თუ არა, არ არსებობს, ვიღაც არ მოვარდეს და არ თქვას: უი, ეს გოგოა?! ვგიჟდები, როგორ შეიძლება, ბუნებაში ვერაფერი წარმოიდგინონ და ყველაფერი გაუკვირდეთ. ყველაზე სტანდარტული კითხვაა, არ გეშინია?! 

– არ გეშინია?

– (იცინის) არა! ამით სიამოვნებას ვიღებ. როგორც იქნა, მივაღწიე, რომ ხუთას „კუბატურიან” მოტოციკლზე ავედი. უფრო მაღალ „კუბატურიანი” მოტოციკლი მინდა, მაგრამ ჯერჯერობით ამას ვჯერდები. ახალი ნაყიდი რომ მყავდა, ეს ჩემი „ცე ბე 500” ძალიან სწრაფი მეჩვენებოდა, ჭკუაზე არ ვიყავი ისე მიხაროდა. მაგრამ, ახლა მივეჩვიე და მეტი მინდა. ნარკოტიკივითაა – სულ მეტი და მეტი რომ უნდათ. ქალაქის საცობებში ძრომიალით ადრენალინს ვერ მიიღებ. მაინც უკმაყოფილო ვარ. 

– სახლში როგორ ხვდებოდნენ შენ უცნაურ, არავარდისფერ გატაცებებს?

– ბავშვობიდან ვიოლინოზე ვუკრავ. მეორე კლასში ვიყავი, როდესაც ლაურეატი გავხდი, პირველი ადგილი ავიღე თბილისის მასშტაბით სხვადასხვა ასაკში. წარდგენილი ვარ პრეზიდენტის სტიპენდიაზე... ვხატავდი, ვუკრავდი, ეს ჩემი ორი განუყოფელი ნაწილი იყო და ვერავინ ხვდებოდა, რა გზას ავირჩევდი. სოლფეჯიოს გაკვეთილებზე ვხატავდი. ვიოლინო ისე მიყვარდა, მასთან ერთად მეძინა. ძალით არასდროს არაფერი მომხდარა ჩემს ოჯახში. სახლში ყველა მუსიკოსია, უნდოდათ, პიანისტი ვყოფილიყავი. სიმებიან საკრავზე არავინ უკრავს, მაგრამ ჩემი დაჟინებული თხოვნით, ვიოლინოზე შემიყვანეს და მალევე მიხვდნენ, რომ სწორად მოიქცნენ. ბავშვობიდან ვიცოდი, რა მინდოდა და ასე ვცხოვრობ დღემდე. ისე კარგად ვაკეთებდი იმ საქმეს, რაც უხაროდათ, ანუ ძალიან კარგად ვსწავლობდი სკოლაში, ამიტომ ამ ჩემს ექსტრემალურ გატაცებებს არავინ მიშლიდა. იშვიათად ჩავდიოდი ეზოში, არასდროს მიტაცებდა ბურთი. ბორბლები მიყვარდა და მიყვარს დღემდე. 

– შენი უცნაურობების გამო ხელს გიწყობდნენ?

– ჩემი უცნაურობა რაში გამოიხატებოდა, სიმართლე გითხრა, ვერ ვხვდებოდი. სადმე რომ მივყავდი დედაჩემს, ყველას წინასწარ აფრთხილებდა, იცით, ცოტა უცნაური ბავშვიაო... რაღაცეებს აფრთხილებდა. მოშორებით ვიდექი და ეს ყველაფერი მესმოდა. კომპლექსიც კი გამიჩნდა, სხვებისგან ასეთი განსხვავებული რატომ ვარ? რატომ არ შეიძლება, ისე ვითამაშო და მოვიქცე, როგორც სხვა ბავშვები-მეთქი. მაგრამ ნელ-ნელა ეს კომპლექსები მომეხსნა და მივხვდი, რომ სხვებისთვის უცნაური ისაა, რაც მინდა და რა სურვილებიც მიჩნდება, იმას რომ ვაკეთებ. დედაჩემმა ძალიან ბევრი იზრუნა იმაზე, კარგი განათლება მიმეღო, დამეკრა, არ შემშლოდა ხელი არაფერში. არაფერს ვაშავებდი და შესაბამისად, ექსტრემალურ გატაცებებსაც არ მიშლიდნენ. 

– ბაბუა ცნობილი დირიჟორია.

– კი, კონსერვატორიის კათედრის გამგე. ბებიაც, დედაც მუსიკოსები არიან. ცხრა წლის ვიყავი, პირველად ჰოლანდიაში რომ წავედი და როკს მოვუსმინე. ამან საოცარი გავლენა მოახდინა ჩემზე. არის ჯგუფები, რომლებმაც საერთოდ შეცვალეს ჩემი მსოფლმხედველობა. ამის გავლენით ელექტრონულ გიტარაზე დაკვრა დავიწყე, ვუკრავდი როკ-ჯგუფებში. მქონდა პერიოდი, როდესაც ვიოლინოსაც დავანებე თავი, არაფერი მაინტერესებდა და დრო ტყუილად დავკარგე. მაგრამ, ალბათ, ესეც მნიშვნელოვანი პერიოდი იყო. ამან მიმახვედრა, რა მნიშვნელოვანი ყოფილა ჩემს ცხოვრებაში ვიოლინო. ახლა პირველ კურსზე ძალიან ბევრი საქმე მაქვს, სულ ვმეცადინეობ. 

– ვიცი, რომ კონცერტზე ფურორი მოახდინე, ხალხი ტიროდა და ფეხზე იდგა.

– თავის ქებასავით გამომდის, მაგრამ სულ ასე იყო, პატარაობიდან. ახლა ბაკალავრიატს დავამთავრებ და სწავლის გასაგრძელებლად უცხოეთში წავალ. 

– მოტოციკლს კარგად მართავ?

– როგორ არ მიყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი... (იცინის). რა თქმა უნდა, მოტოციკლს ისე ვერ ვმართავ, როგორც ვუკრავ, მაგრამ არა უშავს, ნორმალურად გამომდის. 

– როგორ ფიქრობ, ბიჭებს უფრო კეკლუცი, ქუსლებზე შემდგარი გოგოები მოსწონთ თუ შენნაირი, რომელმაც ზუსტად იცის, რა უნდა?

– არ მაინტერესებს, რა მოსწონთ ბიჭებს. მაინტერესებს ის, რისი კეთებაც მე მინდა. არადა, ვაკვირდები, რაც უფრო არ გაინტერესებს ისინი, მით მეტად გაბეზრებენ თავს (იცინის). ბევრ კითხვას მისვამენ, შენიშვნებს იძლევიან. ბიჭების შებმა არასდროს მიცდია, პირიქით, სულ თვითონ მეტენებოდნენ და არ ვიცოდი, როგორ მომეშორებინა. 

– ოთხბორბლიან ტრანსპორტზე არ ფიქრობ გადაჯდომას?

– ზამთარში შეიძლება, ვიფიქრო. ავტომობილზე, როგორც ჰობიზე, გატაცებაზე ვერ ვიფიქრებ, არ მომწონს. თავი კუბოში მგონია, რაღაც ოთხკუთხედ ყუთში ზიხარ. სიცივის გამო შეიძლება, ვიარო მანქანით, მაგრამ როგორც მოტოციკლს, ისე ვერ შევიყვარებ. ყველა მანქანა, რაც დადის ერთნაირი დებილობა მგონია. 

– შენი ოჯახის წევრი თუ გიტარებია მოტოციკლეტით?

– კი, დედაჩემი. გაგვაჩერეს და დამაჯარიმეს. „შლემი“ არ ეხურა. მაშინ მართვის მოწმობაც არ მქონდა და თან, „მოპედით“ ვიყავი, მას მოწმობა არ სჭირდება. მაგრამ, დიდი ამბები დატრიალდა. დედაჩემმა იჩხუბა, როგორ აბრაზებთ ჩემს შვილსო (იცინის). მერე ბევრი ვიცინე ამაზე. დედაჩემს შეხება არ ჰქონია პატრულებთან, არასდროს ჰყოლია მანქანა. სამაგიეროდ, ბებიაჩემმა დაამტვრია ბევრი მანქანა. ბაბუაჩემი უსაყვარლესი ადამიანია. რომ მოვდივარ მახსენებს ხოლმე, დღეს შეიძლება, იწვიმოს და მოტოციკლს გადააფარეო.

– ავარიაში თუ მოყოლილხარ?

– სერიოზულად არა. სკუტერით დავიმტვერი ერთხელ. ჩქარა მოვდიოდი დაღმართზე, დიდი ამობურცული ადგილი გამოჩნდა, დავამუხრუჭე, მაგრამ საჭე მაინც გამექცა და მოვსრიალდი. მიხაროდა მერე, მოვინათლე-მეთქი ამ ჩემი „ავარიუკათი” (იცინის).

– შენ გარდა ბევრი გოგო დადის მოტოციკლით?

– „მაღალკუბატურიანი“ მოტოციკლი არავის ჰყავს, მაგრამ „სკუტერები“, „მოპედები“ ბევრს ჰყავს. ნელ-ნელა იმედია, რომ „გოგო მოტოციკლზე” გაცდება შეფასებას – პირველად საქართველოში და ისეთი შოკისმომგვრელი აღარ იქნება როგორც დღესაა. მთელი ევროპა, ქალიან-კაციანად, დიდიან-პატარიანად ველოსიპედებით, მოპედებითა და მოტოციკლებით უმკლავდება საცობებს. ამაში განსაკუთრებული არაფერია. ის კი არა, ახალგაზრდა გოგოები ტრამვაის, მეტროს და ავტობუსის მძღოლებადაც კი მუშაობენ. რა მოხდა მერე?! 

– თავი რომ გადაიპარსე და კონსერვატორიაში ვიოლინოთი ხელში მოტოციკლით მიხვედი, ამ „პირველად საქართველოშის“ როგორ შეეგუენ?

– კონსერვატორიაში თუ ვინმემ რამე თქვა ერთ არანორმალურ, მოტოციკლისტ გოგოზე, ესე იგი, ჩემზე ლაპარაკობენ. აღარ უკვირთ უკვე, ყველამ ერთ დღეში გამიცნო. მეც კომპლექსები და სირცხვილი წარსულს ჩავაბარე. მაშინაც რომ გამიჩნდა კომპლექსები, საერთოდ ამერია ყველაფერი და ამის გამო ვიოლინოს თავი დავანებე. ამიტომ, ახლა იმას ვაკეთებ, რაც მომწონს, რაც მიხარია და არავის პრობლემას არ ვუქმნი. 

 

 

скачать dle 11.3