თამაში ბედთან
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹14-43(565)
დევიმ ხელები გაიწმინდა და მოკიდებული სიგარეტი გამოართვა.
– მაშ ასე, საიდან დავიწყო? – მიუბრუნდა თემოს, – ძალიან საინტერესო გვამია ანუ... მარიკა, სიხარულო, ჩვენი ბრალი არ არის, აი, ამან არ გაცალა თაფლობის თვე, – თქვა და მაგიდაზე გაშოტილ შიშველ გვამზე მიუთითა.
– გელოდები! მარიკას მოეშვი და საქმეზე გადადი, – გააწყვეტინა თემომ და იქაურობა ყურადღებით მოათვალიერა.
– რას ეძებ?
– სუფთა ჭიქას, წყალი რომ დავლიო.
– კარადაში ერთჯერადი ჭიქები უნდა იყოს. ოღონდ, ფრთხილად იყავი, იქვე სადღაც ქლოროფორმიც შევინახე და...
თემომ გველნაკბენივით გაუშვა ხელი კარადის კარს და შემობრუნდა. დევიმ თვალი ჩაუკრა:
– ვიხუმრე. ხომ უნდა დავისვენოთ ასეთი მძიმე ღამის მერე? პირადად მე აქედან ფეხიც არ გამიდგამს. ვახომაც ძალიან ივაჟკაცა – გარეთ იყო და პატრულებთან ერთად ცნობისმოყვარე ჟურნალისტების არმიას იგერიებდა. არც პატრონებს დაუყრიათ კარგი დღე.
– პატრონებს? რა უნდოდათ?
– კარგი რა, რაც საერთოდ უნდათ ხოლმე – გვამი არ გაკვეთოთ და გადმოგვეცითო. უკვე იცი, ვინც არის?
– ჰო, – თემომ რატომღაც გვამისკენ გაიხედა, – მაგრამ, ჯერ შენი ანგარიში უნდა ჩავიბარო. მიდი, შეუდექი...
– კარგი. ახლავე ხელთათმანს ჩავიცვამ და მივყვეთ თანმიმდევრობით. მარიკა, გარეთ ვახოს შენი ქმარი ხომ არ ელაპარაკება? მგონი, სმენა არ უნდა მღალატობდეს.
მარიკამ გაოცებით გადააქნია თავი.
– საოცარი ვინმე ხარ. ჰო, წეღან მომწერა, უნდა მოვიდე, ძალიან გვიანიაო და, ალბათ, მოვიდა კიდეც.
– კარგია, გამცილებელი აღარ გჭირდება. ახლა, რაც შეეხება ჩვენს ყმაწვილს. შეამჩნიეთ, ხომ, რომ წინა მოკლულისგან განსხვავებით, საკმაოდ ახალგაზრდაა.
– ეგ რა შუაშია? უფრო სწორად, რა კავშირში შეიძლება იყოს?
– არაფერი არ მიგულისხმია, ისე აღვნიშნე, – მრავალმნიშვნელოვნად გაიცინა დევიმ და გვამს მიუახლოვდა, – დავიწყოთ... თუ სახეზე შეხედავ და კარგად დააკვირდები, მიხვდები, რომ სიკვდილის წინ ძალიან ასიამოვნეს. გამომეტყველება ისეთი შერჩა, თითქოს დიდი კმაყოფილება ერთბაშად წარმოუდგენელმა შიშმა შეუცვალა და ეს ორი გრძნობა, თანაბრად შეერია ერთმანეთს. აქედან, შემიძლია ვივარაუდო, რომ, სანამ დანას გაუყრიდნენ, ორალური სექსით იყო დაკავებული, თუმცა დანამ ყველაზე „საინტერესო“ მომენტში გააწყვეტინა. პირველი დარტყმა საზარდულის არეში აქვს მიყენებული. ძალიან სისხლმდენი ჭრილობაა, მაგრამ არა, სასიკვდილო. ვფიქრობ, მკვლელმა ეს საგანგებოდ გააკეთა.
– რისი თქმა გინდა?
– დანარჩენი ჭრილობებიც რომ ეგრძნო.
– ანუ, მკვლელი მანიაკია? – წამოსცდა მარიკას.
– არა, მაგას ვერ ვიტყვი, მაგრამ, უნდა ვივარაუდოთ, რომ მკვლელს მისთვის მაქსიმალური ტკივილის მიყენება უნდოდა. ეს შურისძიებას ჰგავს.
თემომ შუბლი მოისრისა:
– კიდევ რისი თქმა შეგიძლია?
დევიმ მხრები აიჩეჩა:
– რა გითხრა? ჭრილობებიდან მხოლოდ ორია სასიკვდილო: ერთი გულის არეში მიყენებული, მეორემ კი საზარდულის არტერია გადაჭრა.
– შენ იცი, რა მითხარი? სისხლისგან დაიცალა და ამიტომ გარდაიცვალა, თუ ერთ-ერთი ჭრილობის გამო იყო სიკვდილი გარდაუვალი.
– აჰა, მივხვდი, რისი თქმაც გინდა, ანუ, სისხლისგან რომ არ დაცლილიყო, მისი გადარჩენა შეიძლებოდა თუ არა?! არა! გულის არეში მიყენებული დარტყმა სასიკვდილო იყო, ძალიან ზუსტი და ძლიერი.
– მკვლელი ქალია? – მექანიკურად იკითხა მარიკამ.
– აუცილებელი არ არის, საყვარელო, მამაკაცებიც კარგად აკეთებენ იმას, რაც შენ იგულისხმე, – მიუგო დევიმ და თვალი ჩაუკრა.
მარიკა გაწითლდა.
– დასკვნას როდის დადებ?
– ხვალ დილისთვის მზად იქნება. ლაბორატორიის დასკვნა მინდა უცხო ნაწილაკებზე – ტანსაცმელზე რამდენიმე საინტერესო ნაწილაკი ვნახე. თმაც... ვნახოთ, ლაბორატორიული ანალიზი რას გვეტყვის. შენ რას აპირებ?
– ბარში უნდა მივბრუნდე. დანაშაულის ადგილი კიდევ ერთხელ უნდა დავათვალიერო და მოწმეები დავკითხო.
– წინასწარ მოკვლევის ანგარიშს მოითხოვს ხვალ ახვლედიანი, – შეახსენა დევიმ, – ჰო, მარიკა, საკმაოდ ძლიერი, ნავარჯიშები სხეული აქვს და ისეთი აგებულება, რომ სპორტსმენი უნდა იყოს.
– მართალი ხარ, ყოფილი მოჭიდავეა, – დაუდასტურა თემომ.
– ჰო?! საინტერესოა... ანუ, უკვე იცი მისი ვინაობა?
– ეს სირთულეს არ წარმოადგენდა – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ჯიბეში ედო, მაგრამ, გვარი და სახელი ბევრს არაფერს ნიშნავს. მისი პიროვნების შესახებ ჯერჯერობით არაფერი ვიცით. წავედი ახლა მე და მარიკაც თან მიმყავს. შენ განაგრძე და, თუ რამე საგულისხმოს აღმოაჩენ, მაშინვე დამირეკე.
– რა თქმა უნდა. ყოველთვის ასე არ ვიქცევი? ისე კი, პირდაპირ სულზე მოგვისწრო ამ ამბავმა, ასე არ არის? – დევიმ მრავალმნიშვნელოვნად გაიცინა.
– შენსას არ იშლი, არა იმედი მაქვს, ამ მკვლელობის გამოძიების საშუალებას მაინც მომცემენ.
– ნუ იბოღმები. არც იმ საქმეებისთვის დაგიკლია რამე. მარიკა, მიხედე ერთი ამას.
მარიკა და თემო პროზექტურიდან გამოვიდნენ. ეზოდან ხმაური ისმოდა. მარიკამ ქალის მწივანა, ისტერიკული ხმაც გაიგონა.
– იქ ახლა საგიჟეთი იქნება. ჭირისუფალთან და ჟურნალისტებთან შეხვედრა თავიდან რომ ავირიდოთ, უკანა მხრიდან გავიდეთ. ვახოს დაურეკე და უთხარი, გზაში დაგვეწიოს.
– ჩემი ქმარი? – წამოსცდა მარიკას.
თემო შეიჭმუხნა.
– იმასაც დაურეკე, – მიუგო მშრალად და ჯიბიდან მანქანის გასაღები ამოიღო...
***
ბარმენი ჯერაც არ იყო გონს მოსული. დახლთან იჯდა და გაფითრებულ ოფიციანტს ელაპარაკებოდა, თან დამფრთხალი იხედებოდა აქეთ-იქით. ბარი პოლიციელებით იყო სავსე. გარეთ პატრულის რამდენიმე მანქანა მორიგეობდა. იქაურობა უკვე გაეწმინდათ ცნობისმოყვარეებისგან და მხოლოდ მომსახურე პერსონალიღა იყო დარჩენილი.
– შეიძლება, მეც შიგნით შემოვიდე? – ჰკითხა ვახოს ნიკამ, – ძალიან მაინტერესებს, ვუყურო, როგორ მუშაობს მარიკა.
ვახომ მხრები აიჩეჩა და თემოსკენ გაიხედა.
– პრინციპში, რას დააშავებ? – თქვა ყოყმანით, – მაგრამ, მაინც, თემოსთვის რომ გვეკითხა, ცუდი არ იქნებოდა. ცოტა სტრანნია ხოლმე მუშაობისას. მოიცა, მარიკას ვეტყვი, – ვახო მარიკასკენ გაემართა, რომელიც ერთად შეჯგუფებულ ბარის თანამშრომლებს ელაპარაკებოდა. ვახო მივიდა და ოდნავ დაქაჩა სახელოზე:
– შენს მეუღლეს აინტერესებს, როგორ მუშაობ და შემოსვლა უნდა. თემოს ხომ არ ვკითხო?
– რა არის აქ საინტერესო? – მარიკამ წყრომით შეხედა ვახოს, – თემოს ხომ იცნობ? ასეთ ექსპრომტებს ვერ იტანს. გადი და აუხსენი, რატომ არ შეიძლება აქ შემოსვლა. თუ დაიღალა და სახლში უნდა წასვლა, პრობლემა არ არის, წავიდეს, მე ოპერატიული მანქანით დავბრუნდები.
ვახო უხერხულად შეიშმუშნა:
– შენი ქმარია და იქნებ, შენ გეთქვა?!
– კარგი, მე ვეტყვი, – მარიკამ ამოიოხრა და ნიკასთან გავიდა.
– რა ხდება, დაიღალე?
ბიჭი დამნაშავესავით გაწითლდა:
– არა, პირიქით. ძალიან მაინტერესებდა, როგორ მუშაობთ და შიგნით შემოსვლა მინდოდა. მოგისმენდი.
– მომისმენდი, რა სიტყვაში კი არ გამოვდივარ, რა ბავშვობაა, ასე რატომ იქცევი? იცი, რა, შენ ახლა სახლში წადი და დაიძინე. მე როცა საქმეს მოვრჩები, ოპერატიული მანქანა მომიყვანს.
ნიკას შეეტყო, რომ ეწყინა ცოლის სიტყვები:
– რა მოგივიდა, მარიკა? ისეთი რა გითხარი?
– არაფერი. მომეჩვენა, რომ არ მენდობი. მაპატიე, თუ გაწყენინე, მაგრამ, ცოტათი გაღიზიანებული ვარ. თანაც, თემოს ძალიან არ მოსწონს, როცა უცხოები აქტიურობენ. თან, ინფორმაციებიც კონფიდენციალურია. მოკლედ, წადი და დაიძინე. უკვე გვიანაა, თან, ხვალ ვარჯიში გაქვს. მე მალე მოვალ...
ნიკა ჯიუტად არ იცვლიდა ფეხს.
– ნიკა, ნუ იბერები. ეს ჩემი სამუშაოა და ახლა დროს მაკარგვინებ. პაპავა გაბრაზდება. უამრავი საქმე მაქვს, შენ კიდევ, მაცდენ.
– დაგელოდებოდი...
– რისთვის? მანქანა მომიყვანს სახლში, ჩემზე არ ინერვიულო.
– კარგი. რადგან ასე გინდა... მერე ხომ მომიყვები?
მარიკას გაეღიმა:
– აბა, რა... აუცილებლად მოგიყვები, რადგან ასე გაინტერესებს.
ნიკამ ცოლს აკოცა, შებრუნდა და მანქანისკენ გაემართა. მარიკას წამით შეეცოდა კიდეც და კინაღამ უკან გამოეკიდა, მაგრამ, მალევე მოერია თავს და ბარში შებრუნდა.
– არა, არა! გამომძიებელს ცოლად არ მოვიყვან, – ჩაიხითხითა ვახომ, – არც ამ უწყებაში მომუშავეს.
– დამშვიდდი, შენ არც არავინ გამოგყვება, – ვალში არ დარჩა მარიკაც.
– რა იყო, რამ გაგაბრაზა? შენი ქმარი ცოტათი შემეცოდა კიდეც.
– შენ ამაზე ნუ ინერვიულებ. საქმეს მიხედე, თორემ, პაპავა უკვე იბღვირება.
– არაფერს მეუბნება და... რა ვიცი, რა უნდა გავაკეთო? – მხრები აიჩეჩა ვახომ, – მე ხომ არ გამოვიჩენ ინიციატივას? ეგეც არ მოსწონს, არ იცი მისი ამბავი?!
– ჰოდა, მივიდეთ და ვკითხოთ.
ვახო და მარიკა თემოსთან მივიდნენ.
– სადა ხარ? – საყვედურები მზად ჰქონდა თემოს, – მიდით, შემთხვევის ადგილზე ბიჭები მუშაობენ და მიეხმარეთ, მონახაზი წესიერად გააკეთონ. მერე აქ მოდით და პერსონალის დაკითხვაში მომეხმარეთ.
მარიკამ ვახოს მკლავზე მოჰკიდა ხელი და ტუალეტისკენ წაათრია. თემომ ოფიციანტი გაიხმო:
– აბა, ახლა ყველაფერი დალაგებით მოყევი.
– რაც ვიცოდი, უკვე გითხარით.
– არა, ასე არ გამოვა, თავიდან დავიწყოთ. მაგ ტიპის შესახებ რაც იცი, ყველაფერი უნდა მითხრა. მაგალითად, რომელ საათზე მოვიდა, სად დაჯდა, რას აკეთებდა, მარტო იყო თუ არა, რა შეუკვეთა... აქ ადრეც ყოფილა თუ დღეს პირველად ნახე...
ოფიციანტი აშკარად დაბნეული ჩანდა:
– არ ვიცი, არ მახსოვს...
– მოიცა, რა არ იცი? თუ გასახსენებელი დრო გჭირდება, არ არის პრობლემა. წვენი ან წყალი დალიე, დამშვიდდი და გაიხსენე. სანერვიულო რა გაქვს? შენ არავინ არაფერს გაბრალებს.
– იცით, რა... მგონი, ბართან იჯდა და სვამდა... მარტო იყო, ჩემთვის არაფერი შეუკვეთავს...
– დარწმუნებული ხარ? – თემომ სიგარეტის კოლოფი მიაწოდა, – ხედავ, ნელ-ნელა ხვდები, რას მოვითხოვ შენგან. მიდი, მოწიე. მეც მოვწევ. ესე იგი, ბართან იჯდა და მარტო იყო.
– კი, სვამდა... ადრე აქ არ მინახავს.
– ძირითადად, როგორი ხალხი დადის აქ?
– ყველანაირი. ჩვენ მთელი ღამე ვმუშაობთ და ზოგს სწორედ ეს მოსწონს. ზოგადად, წყნარი ბარი გვაქვს. აქ არც ჩხუბი მომხდარა, არც შეხლა-შემოხლა. ნორმალური ხალხი დადის. სვამენ, მუსიკას უსმენენ...
– მომსახურება ხომ არ გაქვთ განსაკუთრებული კლიენტებისთვის? მიხვდით, ხომ, რაც ვიგულისხმე?
ოფიციანტმა თავი გააქნია:
– ვერ მივხვდი. სპეციალურ სასმელს გულისხმობთ?
– არა, ქალით მომსახურებას. – თუ კლიენტს სასმელთან ერთად პარტნიორიც მოუნდება...
– მე არ ვიცი... მე მარტო კერძებით მომსახურება მეხება.
– ვიცი, მაგრამ, თვალებიც გაქვს და ყურებიც, თან სულელსაც არ ჰგავხარ... ასე რომ...
– არასდროს შემინიშნავს, სპეციალურად დაერეკოთ ვინმესთვის. მართლა. თუმცა, აქ ისეთებიც მოდიან და ასეთებიც. გეუბნებით, საკმაოდ წყნარი ადგილია. ეს დღეც არაფრით იყო გამორჩეული.
– კარგი. ახლა ის მომიყევი, გვამი როგორ ნახე.
– როგორც პირველად გითხარით: პერსონალის ტუალეტი დროებით დაკეტილია – სარემონტო სამუშაოები მიდის. უკვე მესამე დღეა, კლიენტებისთვის განკუთვნილი ტუალეტით ვსარგებლობთ და ამიტომ შევედი იქ. საეჭვო არაფერი შემინიშნავს, მაგრამ, კარი რომ გავაღე...
– ჰო. სწორედ ეგ მაინტერესებს და ზუსტად უნდა მითხრა, რა დაინახე, კარი რომ გააღე.
– სისხლის გუბე...
– თუ – მოკლული?
– არა. ძალიან კარგად მახსოვს, სისხლის გუბე დავინახე... შემეშინდა და დამლაგებელს დავუძახე. მერე უკვე ისიც შევნიშნე. პირსაბანზე მიყუდებული და თვალებღია... ძალიან შემეშინდა... ვნანობ, საერთოდ რომ შევეხე. ეს არ უნდა მექნა და პირდაპირ პოლიციაში უნდა დამერეკა... მაგრამ, მართლა ძალიან შემეშინდა.
– გასაგებია. შიში ბუნებრივი რამეა, ამიტომ, არავინ დაგსჯის ამისთვის. უბრალოდ, დეტალებს აქვს ჩვენთვის მნიშვნელობა. თვალები ღია ჰქონდა?
– დიახ, ეს კარგად მახსოვს. ამიტომაც მეგონა, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი იყო...
– კარგი. ახლა მე ბარმენს დაველაპარაკები. შენ კიდევ, იფიქრე, იქნებ რამე გაიხსენო.
ოფიციანტმა თავი დაუქნია.
თემო ბართან მივიდა.
– დალევთ რამეს? – ჰკითხა ბარმენმა. ძალიან ცდილობდა, თავი მხნედ სჭეროდა, მაგრამ თითები ოდნავ უკანკალებდა.
– ცივი წყალი დამისხით.
ბარმენმა ჭიქაში ყინულები ჩაყარა და წყალი დაასხა.
– თქვენი კლიენტის შესახებ მომიყევით.
– განსაკუთრებული არაფერი შემინიშნავს. ჩვეულებრივი კლიენტი იყო – იჯდა და სვამდა, მეტი არაფერი.
– მარტო იყო? არავის დალაპარაკებია? არც არავის დაურეკავს?
– მგონი, არა... თუმცა, გამახსენდა, მობილურზე დაურეკეს, რამდენიმე წუთით გარეთაც გავიდა – ალბათ, ტელეფონზე სასაუბროდ. აქ მუსიკა ყოველთვის ხმამაღლაა ჩართული.
– რამდენ ხანში შემობრუნდა, იქნებ გაიხსენოთ?
ბარმენი ჩაფიქრდა:
– დიდხანს არ ყოფილა გასული.
– როცა მოვიდა, ცუდ გუნებაზე იყო? მაგალითად, გაბრაზებული... ან – პირიქით...
– იცით, რაშია საქმე? მე კლიენტებს ასე არ ვაკვირდები, მით უმეტეს – უცხოებს.
– ანუ, პირველად იყო მოსული?
– დიახ. მე სახეზე კარგად ვიმახსოვრებ ადამიანებს, არ შემეშლებოდა.
– რას სვამდა, ეგეც გახსოვთ?
– რა თქმა უნდა. ყინულიან არაყს ლიმონით. თუმცა, ძალიან ბევრი არ დაულევია, მხოლოდ რამდენიმე ჭიქა.
– ბარის სხვა კლიენტებთან კონტაქტში არ შესულა? პირადად თქვენთვის არაფერი უკითხავს? კლიენტებს ხომ უყვართ ბარმენებთან საუბარი და გულის გადაშლა...
– ჩვეულებრივ, ასე ხდება ხოლმე. მაგრამ ის, უბრალოდ, სვამდა. მერე ადგა და ტუალეტში გავიდა.
– თუ, წავიდა?
– არა, არ წასულა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ საფულე, სიგარეტის კოლოფი და სანთებელა აქ დატოვა.
– აჰა, ეს უკვე კარგია. ოფიციანტმა მითხრა, რომ არაფერი შეუკვეთავს.
– დიახ, – ბარმენი მაშინვე დაეთანხმა, – არ ამდგარა აქედან, თუ იმ ათიოდე წუთს არ ჩავთვლით, როცა ტელეფონზე სალაპარაკოდ გავიდა.
– კარგი. ახლა სხვა კლიენტებზე ვილაპარაკოთ. იმ საღამოს ბევრი ხალხი გყავდათ?
ბარმენმა მხრები აიჩეჩა:
– როგორც ყოველთვის.
– ეგ რას ნიშნავს? ყოველთვის ბევრი ხალხი გყავთ თუ ყოველთვის ცოტა?
– საშუალოდ. აქ ძალიან ბევრი ხალხი არასდროს არის. წყნარი ბარია და აქტიური გართობის მოყვარულები დიდად არ გვეტანებიან.
თემომ წყალი დალია და რაღაც ჩაინიშნა თავის წიგნაკში.
– ჯერჯერობით არავინ წავიდეს – მომსახურე პერსონალს ვგულისხმობ. შეიძლება, კიდევ მქონდეს რამდენიმე შეკითხვა.
– კი, ბატონო, ჩვენ მაინც დილამდე ვართ ხოლმე.
– დილით იკეტებით?
– დიახ, თორმეტ საათამდე. თუმცა, დამლაგებლები ათზე უკვე მოდიან და ალაგებენ. თერთმეტზე მზარეული მოდის.
– ასე ადრე? თუ მუშაობას საღამოს შვიდი საათის შემდეგ იწყებთ, მზარეული ასე ადრიანად რას აკეთებს?
– საღამოს ბარი იწყებს მუშაობას. მანამდე, ახლო მდებარე ოფისებიდან, ლანჩზე მოდიან ხოლმე თანამშრომლები. რამდენიმე კომპანიისგან კორპორატიული შემოთავაზებები გვაქვს.
– გასაგებია.
თემო ადგა და ტუალეტისკენ წავიდა. იქ უკვე დაემთავრებინათ მუშაობა.
***
ნიკას გზაში მოერია ბრაზი, უფრო კი წყენა, რამაც მთელი მისი არსება მოიცვა. ცდილობდა, როგორმე გამართლება მოეძებნა მარიკას საქციელისთვის. თავს ირწმუნებდა, სხვანაირად მოქცევა არ შეეძლო, ეს მისი სამსახურია და, ვალდებულია, ზოგჯერ ყველასა და ყველაფერზე წინ დააყენოსო, მაგრამ, მეორე მხრივ, ეჭვმაც არ მოასვენა – იქნებ მარიკა მაინც არ მენდობა იმ ამბის შემდეგ და ამიტომაც მომიშორა თავიდანო. ეს ვერსია რეალობასთან ახლოს იყო და ნამდვილად ჰქონდა არსებობის უფლება, მაგრამ ნიკასთვის სიტუაციას უფრო ამძიმებდა. გაღიზიანებულმა სიჩქარეს მოუმატა. სახლში მარიკას გარეშე დაბრუნება არ უნდოდა, ვერც უკან მიბრუნდებოდა. გადაწყვიტა, ცოტა ხანს ქუჩებში ეხეტიალა. დათოსთანაც შეიძლებოდა ასვლა და ლამის გადაუხვია კიდეც მისი სახლისკენ მიმავალ გზაზე, მაგრამ, მოაგონდა, რომ იქ მაკა დახვდებოდა. ისედაც მოშხამულ გუნებაზე ძმაკაცის დასთან სტუმრობა... მისი რეპლიკები რომ წარმოიდგინა, მაშინვე აიღო ხელი ამ განზრახვაზე.
წინა საქარე მინაზე წვიმის მსხვილი წვეთები ატყაპუნდა. და მერე გვარიანად დასცხო... „კიდევ კარგი, რომ მარიკას მოიყვანენ მანქანით, თორემ, დასველდებოდა...“ – გაიფიქრა ნიკამ და საკუთარი თავი იმაში გამოიჭირა, რომ მარიკაზე მშვიდად ფიქრი არ შეეძლო. „მგონი, დათო მართალია და სიყვარული არც ისეთი დიდი ბედნიერებაა, როგორიც ხალხს ჰგონია. მაგრამ, ამის გარეშეც რომ ძნელია ცხოვრება?! ნეტავი, რას ვაკეთებდი, როცა მარიკას არ ვიცნობდი? მგონი, არაფერს. უაზროდ და ერთფეროვნად ვატარებდი დროს. ახლაც ვიცი, სიცარიელე დამხვდება სახლში. ამიტომ, სანამ ჩემი მარუსიაც არ მორჩება საქმეს და სახლში არ დაბრუნდება, ალბათ, დამირეკავს, მოვდივარო და მეც მერე ავიღებ იქითკენ გეზს“... – ნიკამ მაგნიტოფონი ჩართო, წყნარი მელოდია მოძებნა და სიჩქარეს მოუკლო. მაგრამ, ერთბაშად, გზაზე ისეთი რაღაც დაინახა, იძულებული გახდა, მანქანა გაეჩერებინა და რამდენიმე მეტრით უკანაც კი დაეხია...
***
მარიკამ ხელები სველი ხელსახოცით გაიწმინდა და გამომძიებელს დაღლილი ხმით სთხოვა:
– შეიძლება, ბარმენმა ყავა მომიდუღოს? ეტყობა, სისხლს ჯერაც ვერ შევეჩვიე. ცოტა თავბრუ მეხვევა. ჩვენ უკვე მოვრჩით აქ საქმეს.
– ყავა კარგი აზრია, – გაიბადრა ვახო, – მეც დავლევ.
– კარგი, დალიეთ, – მოწყალება გაიღო პაპავამ, – რამე მოსაზრებები გაქვთ? თუმცა, ცოტა ხანში მეც შემოგიერთდებით და მერე ვილაპარაკოთ. ბარმენს უთხარით, ყავა ჩემთვისაც მოადუღოს.
ვახომ ჩუმად გადაულაპარაკა მარიკას:
– ეს მგონი, აქ დარჩენას და ღამის გათენებას აპირებს.
– ჰო, მერე რა იყო?! თუ საჭიროა, გავათენებთ, – არ შეეპუა მარიკა.
– ჩვენ – ჰო, მაგრამ ეს ხალხი? ან, შენი ქმარი? არ ვიყავი მართალი, როცა ვამბობდი, გამომძიებელი ცოლი არ მინდა-მეთქი?!
– მართალი იყავი, მართალი, ოღონდ, ახლა გაჩუმდი, მიდი და ბარმენს სამი ყავა შეუკვეთე.
– ფული უნდა გადავიხადო? – გულუბრყვილოდ იკითხა ვახომ. მარიკას ხმამაღლა გაეცინა.
– ფული უნდა გადავიხადო-მეთქი?
– შენ როგორ ფიქრობ?
– რა ვიცი, აბა?! – ვახომ კეფა მოიქექა, – ალბათ, უნდა გადავიხადო. რა პონტია, სტუმრად ხომ არ ვართ?!
– აბა რა, სტუმრად ნამდვილად არ ვართ. უფრო სწორად, სასურველი სტუმრები არ ვართ, განსაკუთრებით ზოგიერთებისთვის.
ვახო ვერ მიხვდა მარიკას ნართაულს, ხელი ჩაიქნია და ბართან მივიდა. თითქმის მაშინვე მარიკასთან თემო დაბრუნდა.
– რამ გაგამხიარულათ?
– ვახომ ყავა შეუკვეთა და ფულის გადახდას აპირებს.
– რა ეშველება ამ ბიჭს... – თავი გადააქნია თემომ.
– თანაც, მთელი საღამოა, მიმტკიცებს, გამომძიებელი ცოლი არაფერში მჭირდებაო.
– ეტყობა, შენი ქმრის მდგომარეობაში შევიდა. ჰო, მართლა. ნიკას თვალი მოვკარი. წავიდა?
– მე ვუთხარი, რომ წასულიყო... რა უნდა გაეკეთებინა აქ. მაინტერესებს, როგორ მუშაობო... რა სისულელეა, არა?!
– შეიძლება. თუმცა, ვინ იცის?! მახსოვს, პირველად, მაკა რომ შევირთე და საქმეზე წავედი, გადაირია. მემუდარებოდა, მეც თან წამიყვანე, ძალიან მაინტერესებს, როგორ მუშაობო. ზუსტად ის სიტყვები მითხრა, რაც შენ გითხრა დღეს ნიკამ და მეც ასევე ვუპასუხე – რა სისულელეა-მეთქი.
მარიკას გაეღიმა:
– შეიძლება, ვახო მართალია.
– როგორ?
თემომ თავი გადააქნია:
– ყურადღებას ნუ მომაქცევ. საქმეზე გადავიდეთ: მითხარი, შენ რა ვერსია გაქვს?
– მე?! – მარიკა დაიბნა.
– ჰო. ვარაუდის დონეზე მაინც ხომ არსებობს რაღაც ვერსია?
– ვარაუდის დონეზე? – მარიკამ უნდობლად შეხედა პაპავას, – გულახდილად რომ გითხრათ, ცოტათი დაბნეული ვარ. შეიძლება, ჯერ თქვენი ვერსია მოვისმინო?
– არა, არ შეიძლება. მიდი, ნუ გერიდება, სულ ჩემთან ხომ არ იმუშავებ? მალე მარტო მოგიწევს ასეთი საქმეების გამოძიება.
– ჯერჯერობით თქვენთან ერთად მირჩევნია.
– ნუ ეშმაკობ, – მიუხვდა თემო, – მიდი, მიდი, თქვი...
– მე ორი მოსაზრება მაქვს: მკვლელი აქ, ბარში სტუმრებს შორის იყო. ტუალეტს ერთადერთი შესასვლელი აქვს და ისიც ამ დარბაზიდან. ფანჯარა ისეთი პაწაწინაა, იქ ადამიანი ვერავითარ შემთხვევაში ვერ გაეტევა, ანუ ჩემი მეორე ვარაუდი ასეთია: – მკვლელი სტუმრებს შორისაც იყო და მკვლელობის ჩადენის შემდეგაც აქ დაბრუნდა. იქნებ, როგორმე გავიგოთ, რომელი კლიენტი გავიდა ტუალეტში დროის სწორედ იმ მონაკვეთში? – ბარმენი და ოფიციანტი უკვე დაკითხეთ?
თემომ თავი დაუქნია:
– განსაკუთრებული არაფერი შეუნიშნავთ, ყველაფერი ჩვეულებრივად იყო. ის ტიპი კი პირველად ნახეს. ერთი სიტყვით, ან ძალიან ჭკვიანები არიან და იციან, რომ ასეთი პასუხები მათთვის მომგებიანი ვარიანტია, ან მართლა მეტი არაფერი იციან, ან, მესამე და უარესი ვარიანტი – რაღაცას ბოლომდე არ ამბობენ.
– ჩვენთვის რომელი ვარიანტი უფრო მისაღებია?
– კარგი შეკითხვაა. არც ერთი. ერთხელ კიდევ უნდა დაველაპარაკოთ ამაზე...
– გინდათ, რომ ეს მე გავაკეთო? – მიხვდა მარიკა.
– ჭკვიანი გოგო ხარ. ოფიციანტით დაიწყე. აი, ვახოც მოვიდა და ყავა მოგვიტანა. ბევრი ხომ არ გადაგახდევინეს?
– საერთოდ არ გადამახდევინეს და ცოტა შევფიქრიანდი.
– გეშინია, რომ ამას ქრთამში ჩაგითვლიან? ჰო, კარგი, ვხუმრობ. ეგ ყავა დალიე და თანამშრომლების სიახლოვეს იტრიალე. შეიძლება, რამე ისეთი წამოსცდეთ, რასაც ჩვენთან არ იტყვიან, ხვდები, ხომ, რასაც ვგულისხმობ?
– რა თქმა უნდა. არაფერი გამომეპარება, – შეიფერა ვახომ.
– და კიდევ: აუცილებლად შეამოწმე, პერსონალისთვის განკუთვნილ ტუალეტში მართლა რემონტია თუ არა.
ოფიციანტმა მარიკა უნდობლად შეათვალიერა:
– თქვენც გამომძიებელი ხართ?
– დიახ. ეჭვი გეპარებათ?
– არა, ისე ვიკითხე. არ ჰგავხართ გამომძიებელს.
– მე ჩვეულებრივი გამომძიებელიც არ ვარ. მაგალითად, მიყვარს ასეთ ადგილებში სიარული და ხალხზე დაკვირვება. ძალიან საინტერესოა..
– გეთანხმებით. ადამიანებზე დაკვირვება მეც მიყვარს. უმრავლესობა სულაც არ არის ისეთი, როგორადაც ცდილობს, თავი მოგაჩვენოს.
– საინტერესოა. აქ ხშირად შემოდიან ასეთები?
– რა თქმა უნდა, – ოფიციანტი გახალისდა, – წვენს მოგიტანთ. ფორთოხლის გირჩევნიათ თუ ალუბლის?
– არ მინდა. ჩვენი საუბარი გავაგრძელოთ. ყოველდღე მუშაობ?
– თითქმის, რადგან ფული მჭირდება. მხოლოდ ერთი დღე ავიღე გამოსაძინებლად.
– ფული ყველას სჭირდება. ესე იგი, თან ასე ერთობით – ადამიანებს აკვირდებით.
– ჰო, აბა, რა ვქნა? რაღაცით თავი ხომ უნდა გავირთო?
– მაგალითად, გუშინ ვისზე გაერთე, ვინ იყო საინტერესო და ორიგინალური „მოთამაშე“?
– იყო ერთი. მგონი, უცხოელია. აქ ადრეც მინახავს, ძირითადად მეგობრებთან ერთად მოდის, საინტერესო ტიპებთან. „იმნაირები“ არიან და მაგრად „ვკაიფობ“, როცა მათ ვუყურებ.
– „იმნაირები“, ანუ „ცისფერები“? – მარიკას რაღაც ენიშნა.
– ჰო. ძალიან მაგარია, როცა ვუყურებ, როგორ ცდილობენ ხოლმე, იმ ქალთან კარგი ტიპები იყვნენ.
– ანუ, უცხოელი ქალია? – მარიკამ იგრძნო, რომ მოზღვავებულ ემოციას ვეღარ მოერეოდა.
– დიახ. დიდხანს არ ჩერდებიან. მოვლენ, დალევენ, მუსიკას მოუსმენენ, დაილაპარაკებენ და მიდიან. ზოგჯერ ის ქალი ნამცხვარს გვიკვეთავს ხოლმე. არც ვიცი, მათზე ამდენს რატომ გიყვებით.
– არა, არა, საკმაოდ საინტერესოა. ესე იგი, გუშინ საღამოსაც იყვნენ.
– დიახ, მაგრამ, მალე წავიდნენ, თან – მოულოდნელად.
– რატომ გგონიათ, რომ მოულოდნელად წავიდნენ?
– პიცა შემიკვეთეს და აღარ დალოდებიან, როდის მივუტანდი.
მარიკამ ყურადღება დაძაბა:
– სხვა არაფერი შეგინიშნავთ განსაკუთრებული...
ოფიციანტი დაფიქრდა და თავი გადააქნია:
– არა, არაფერი მახსენდება. უბრალოდ, როცა შეკვეთა მივუტანე, მაგიდასთან აღარ დამხვდნენ.
– აჰა. გუშინ ღამე კიდევ ვის აკვირდებოდით?
– სამწუხაროდ, თქვენ ვინც გაინტერესებთ, იმის მიმართ ყურადღება არ გამომიჩენია. არაფრით არ იყო გამორჩეული. მთელი საღამო ძირითადად მის ზურგს ვუყურებდი – სულ ეს არის.
– გმადლობთ. ძალიან დამეხმარეთ. თუ არ შეწუხდებით, ბარმენს სთხოვეთ, აქ მოვიდეს.
– კი, რა თქმა უნდა... – ოფიციანტმა ფეხი აითრია, – ძალიან სიმპათიური ბრძანდებით. შეიძლება, როცა დრო გექნებათ, სადმე დაგპატიჟოთ? მომეწონა თქვენთან საუბარი.
მარიკამ მეგობრულად გაუღიმა და მარჯვენა ხელი ისე ასწია, ბიჭს თითზე წამოცმული, ოქროსფრად მბზინავი რგოლი უკეთ რომ დაენახა.
– გასაგებია. მაინც ძალიან სიმპათიური ბრძანდებით.
– გმადლობთ... ახლა კი, ბარმენს დაუძახეთ.
ვახო ქოშინით მიუახლოვდა მაგიდას:
– ტუალეტში მართლა რემონტია... თანამშრომლებს რაც შეეხება, მხოლოდ ერთ რამეზე საუბრობენ – რომ ეს ფაქტი ძალიან ცუდად იმოქმედებს ბარის იმიჯზე და, შეიძლება, სხვა სამსახურის მოძებნაც დასჭირდეთ. ბუნებრივია, ამას რომ ფიქრობენ. თემო სად არის?
– ადმინისტრატორის ოთახში, ბარის მმართველს ელაპარაკება. მე ახლა ბარმენს გავესაუბრები და, ალბათ, ამით მოვრჩებით.
– ჰო, თორემ, ძალიან დავიღალე, ყავამაც კი ვერ მიშველა. ხვალ დილაუთენია თათბირს დანიშნავენ, ამათი ამბავი რომ ვიცი.
– რა ხვალ, იცი, რომელი საათია? გეტყობა, საათს კარგად ვერ შეხედე, – გაეცინა მარიკას, – მორჩა, ახლა ხელი არ შემიშალო, ბარმენი უნდა დავკითხო...
***
თემომ სიგარეტს მოუკიდა და ფანჯრის მინა ჩამოსწია.
– ბოლი ხომ არ გაწუხებს? – ჰკითხა მარიკას.
– არა. ერთი სული მაქვს, სახლში დროზე მივიდე.
– ნიკას, ალბათ, სძინავს.
– არა, ვიცი, მაგისი ამბავი – ზის ტელევიზორის წინ და მელოდება.
– მაკაც მელოდებოდა ხოლმე. მერე დაიღალა, მერე მობეზრდა და ბოლოს ძალიან მობეზრდა... – წამოსცდა თემოს.
მარიკამ თანაგრძნობით შეხედა. თემომ უხერხულობის დასაფარავად გაუღიმა.
– სერიოზული საქმე ჩანს და, როგორც ამ ბოლო დროს ხდება ხოლმე, ბევრი არაფერი გვაქვს.
– მე მაქვს რაღაც, ოღონდ, ჯერ არ ვიცი, კარგია ეს ჩვენთვის თუ ცუდი, – დაიწყო მარიკამ.
თემო გამოცოცხლდა:
– მართლა? აბა, მოყევი.
– ოფიციანტმა მითხრა, რომ თავის კლიენტებზე დაკვირვებით ერთობა ხოლმე და... რომ მითხრა, გუშინ ვინ იყვნენ მისი დაკვირვების ობიექტები, ლამის სუნთქვა შემეკრა.
– ემოციების გარეშე! – მოუთმენლად ჩაერთო თემო.
– ვფიქრობ და, მგონი, არ ვცდები, გუშინ ბარში ჩვენი კარგად ნაცნობი ელჩის ქალიშვილი იყო თავისი ჰომოსექსუალი მეგობრებითურთ.
თემომ გაოცება ვერ დამალა:
– დარწმუნებული ხარ?
– უცხოელი ქალი თავისი ორი „იმნაირი“ მეგობრით, როგორ ფიქრობ, სხვა იქნება?
თემომ ამოიოხრა და შუბლი მოისრისა:
– ამას ნამდვილად არ ველოდი. იმიტომ თქვი, არ ვიცი, ცუდია ეს ჩვენთვის თუ კარგიო?
– ჰო. თუ ისევ შეგვიშალეს ხელი გამოძიებაში, მხოლოდ იმიტომ, რომ მკვლელობის ადგილას ქალბატონი ბრძანდებოდა და ამ ამბის გახმაურებას მოერიდებიან, მაშინ ჩვენი ყველა მცდელობა, მკვლელი ვიპოვოთ, წყლის ნაყვა იქნება.
– იქნებ, უბრალო დამთხვევაა? – ჩაილაპარაკა თემომ.
– შეიძლება. ამას არც მე გამოვრიცხავ. ამიტომ, რაღაც გეგმა მაქვს.
– ბევრი არ აიღო შენს თავზე, – თემო შუბლშეკრული ფიქრობდა, – რის გაკეთებას აპირებ?
– ვისარგებლებ იმით, რომ იმ ორი „იმნაირიდან“ ერთ-ერთის მეგობარი ვარ. სახლში ვესტუმრები და შევეცდები, გავარკვიო, რა იციან ამ ამბის შესახებ. იქნებ, მანამდე წამოვიდნენ, სანამ მკვლელობა მოხდებოდა?
– „იმნაირობა“ უკვე არის სამხილი? – უფრო საკუთარ ფიქრებს უპასუხა თემომ, – ფაქტია, რომ მკვლელი კლიენტებს შორის იყო, ამაში ეჭვი აღარ მეპარება.
– თუმცა, იმის ალბათობაც არის, მკვლელს სცოდნოდა ამ ადამიანის მოქმედების გრაფიკი. გარეთ ელოდა და, როგორც კი ის ტუალეტში გავიდა, თვითონაც შევიდა ბარში და უკან გაჰყვა. დააკვირდი, რომ ბარის დახლი ქუჩიდან კარგად ჩანს.
– ეგ ვერსიაც შეიძლება განვიხილოთ, მაგრამ, მე მაინც მგონია, რომ მკვლელი შიგნით იყო ჩასაფრებული, – თქვა მარიკამ და თავისი წყლიანი, ძალიან მეტყველი თვალებით თემოს ჯიუტად მიაშტერდა, თითქოს ეუბნებოდა, ამჯერად ჩემს ინტუიციას ვენდოთო...
გაგრძელება შემდეგ ნომერში