სტალინს არც სიყვარულსა და ფლირტში ჰყავდა ბადალი
სტოლიპინის კლანჭებში
სტალინი ბოლშევიკებმა „ჩაუშვეს“, – ამტკიცებს პროფესორი რადზინსკი და ამ ვერსიის დასამტკიცებლად სერიოზული არგუმენტებიც აქვს. ეს მაშინ მოხდა, როცა რუსეთის სოციალ-დემოკრატთა პარტიის ბოლშევიკურმა ფრთამ მე-4 სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, ანუ კონსტრუქციული პოლიტიკის გზა აირჩია. ბუნებრივია, მგზნებარე რევოლუციონერი სოსო ჯუღაშვილი, ამას არ დაეთანხმებოდა. ანუ, ის კაცი არ იყო, რომელიც პოლიტიკური ამინდის ცვალებადობის მიხედვით იცვლიდა პოზიციებს და ისეთი კერკეტი კაკალი აღმოჩნდა, მისი იზოლირება აუცილებელი გახდა. მომავალში, ბელადის თანაპარტიელებს ძვირად დაუჯდათ სტალინის ღალატი, მაგრამ იმ დროს, პარტიულმა ელიტამ „ვიღაც ჯუღაშვილი“ უპრობლემოდ გადაუგდო მეფის „ოხრანკას“. გადაწყვეტილება ვოლოგოდსკის ჯურღმულში მისი გადასახლების შესახებ, არც მეტი, არც ნაკლები, პირადად იმპერიის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარემ მიიღო, რომელიც იმავე დროს შინაგან საქმეთა მინისტრიც იყო. ეს გახლდათ სტოლიპინი. ამის შემდეგ რუსეთის პოლიციური რეჟიმი მზრუნველობას არ აკლებს კობას. სტალინის ბიოგრაფიის მკვლევარი მეცნიერი გაოცებულია, რომ ვერსად მიაკვლია პატიმრის ეტაპირების გზას ბაქოდან სოლვიჩეგორსკამდე. გაოცებას იწვევს ის ფაქტიც, რომ გამოსაცემად მომზადებული წიგნიდან „სტალინი ჩრდილოეთში მეფემ გადაასახლა“, რატომღაც, სწორედ ეს ფრაგმენტია ამოღებული. ერთადერთი, რასაც მეცნიერმა მიაკვლია, არის ვოლოგოდსკის გუბერნატორის მიერ ვოლოგოდსკის პოლიცმაისტერისადმი მიწერილი წერილი 1910 წლის 4 სექტემბერს. მასში აღნიშნული თანამდებობის პირი კითხულობს, სად არის პატიმარი ჯუღაშვილიო. ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ გუბერნატორის ცნობისმოყვარეობა 1 სექტემბერს, კიევში, სტოლიპინზე განხორციელებულ სასიკვდილო თავდასხმას უკავშირდებოდა. ფაქტების ურთიერთდაკავშირებისა და კონკრეტული ისტორიული ეპოქის გათვალისწინებით, აშკარაა, რომ 1911 წლის 6 სექტემბერს კობა, რომელსაც თავისუფლად შეეძლო 20 დღე მოეთმინა, რის შემდეგაც ლეგალური ცხოვრების უფლება მიეცემოდა, შემთხვევით არ იღებს გადაწყვეტილებას სასჯელის აღსრულების დაწესებულებიდან გაქცევის შესახებ. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ამ ტერორისტული აქტის შესახებ დღემდე მხოლოდ ისაა დადგენილი, რომ ის სანკტ-პეტერბურგიდან იმართებოდა და ჟანდარმერიის მთელმა იერარქიამ საქმის ირგვლივ უშედეგო ძიებით ვერაფერს მიაკვლია – ეჭვმიტანილიც კი ვერ დააკავა, ცხადი ხდება, სტოლიპინზე თავდასხმა უმაღლეს პროფესიონალურ დონეზე, გენიალურად ჩატარდა. ვინ გააკეთებდა ამას?
კავკასიელი ციმბირში – სტალინი და რუსი ქალბატონები
რამდენიმე წლის დევნისა და არალეგალურად ცხოვრების აუტანელი პირობების შემდეგ, 1913 წელს სოსო ჯუღაშვილი, ფაქტობრივად, სამუდამოდ გადაასახლეს. პატიმარმაც იცოდა, რომ ყველამ გაწირა და ვინ იცის, რომ არა თებერვლის რევოლუცია, ეღირსებოდა თუ არა თავისუფლება. ციხეებსა და კოლონიებში გამობრძმედილ სტალინს, ერთი წამითაც არ დაუკარგავს რწმენა, სასოწარკვეთილებას არასდროს მისცემია, პირიქით, ყოველთვის სიცოცხლის სიყვარულით გამოირჩეოდა. ბელადის 120 წლის იუბილემ მისი ბიოგრაფიის მიმართ ინტერესის ახალი ტალღა ააგორა. რუსეთის რეგიონების სტალინმცოდნეებმა მრავალი საინტერესო ინფორმაცია წარმოადგინეს, მათ შორის ციმბირელებმაც. აღმოჩნდა, რომ უდრეკი გმირი რევოლუციონერი კარგად ახსოვდათ. მას „ახირებულ იოსებსაც“ კი ეძახდნენ, რადგან გადასახლებაში მყოფ კავკასიელ მექალთანეს სერიოზული კვალი ჰქონდა დატოვებული ციმბირში. ვოლოგოდსკის გუბერნატორის, ხვოსტოვის (შემდგომში რუსეთის იმპერიის შინაგან საქმეთა მინისტრი), მემუარებში წერია, რომ 1911 წლის 6 ივლისს ჯუღაშვილს ვოლოგდაში შესვლის უფლება მიეცა, სადაც 6 სექტემბრამდე ცხოვრობდა (მანამდე, სანამ დედაქალაქში გაიქცეოდა). სანკტ-პეტერბურგში მისი მორიგი დაპატიმრების შემდეგ, 5 დეკემბერს, ის ისევ ვოლოგდაში გადაასახლეს, საიდანაც ისევ გაიქცა. 1912 წლის 28 თებერვალს, ამგვარად, სტალინმა ჩრდილოეთის ბანაკებში 18 თვეზე მეტი დაჰყო, რამაც არცთუ ისე კარგი მოგონებები დაუტოვა მომავალ ბელადს.
ვასილ ბელოვმა, რომელმაც ბრწყინვალედ იცის ციმბირელების ისტორია და მათ ფსიქოლოგიაში კარგად ერკვევა, წიგნში „დიდი გარდატეხის წელიწადი“, ბელადის 50 წლისთავისადმი მიძღვნილ იუბილესთან დაკავშირებით, აუცილებლად მიიჩნია ერთი ეპიზოდის გახსენება. ეს იყო დეპეშა არხანგელსკიდან, რომელთან დაკავშირებითაც სტალინი მკაცრი ტონით უბრძანებს პოსკრებიშევს (ბელადის სამდივნოს უფროსი): „დაუკავშირდით ბერგავინოვს, აუხსენით, რომ ქალაქებისთვის სახელების შეცვლა გაცილებით ადვილია, ვიდრე სოციალიზმის მშენებლობა. კატეგორიული წინააღმდეგი ვარ არხანგელსკს სტალინოპორტი ეწოდოს, ჯობია, მემარჯვენეებს მიხედოს“. ბერგავინოვი ჩრდილოეთის ოლქის პარტიული ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო, რომელსაც ციმბირის ცენტრის – ვოლოგოდსკის არხანგელსკში გადატანა უნდოდა. ასე უპასუხა სტალინმა მლიქვნელს, რომელიც იუბილარს მისასალმებელ, მისალოც წერილს უგზავნიდა.
ამის მიუხედავად, კობა ციმბირში „სხვა“ საქმეებითაც ყოფილა დაკავებული. ვოლოგოდჩინის მცხოვრებთათვის საიდუმლო არ იყო „ახირებული იოსების“ ამურული თავგადასავლები. საკმარისია ქორწინების გარეშე შობილი მისი შვილის, კონსტანტინე კუზაკოვის გახსენება, რომელსაც 20-იან წლებში ყველა კარგად იცნობდა, ადგილობრივი კომკავშირლებიც კი. თავად კუზაკოვიც, როცა 90 წლის შესრულდა, გაზეთ „არგუმენტი ი ფაქტის“ გამოუტყდა, რომ პატარა იყო, როცა გაიგო, სტალინის შვილია. დედა – მატრონა პროკოფის ასული კუზაკოვა, სოლვიჩეგორსკში ცნობილი იყო როგორც რევოლუციონერებისთვის „სტუმართმოყვარე“ დიასახლისი. არქივებში ახალგაზრდა ჯუღაშვილის სუსტი სქესის წარმომადგენლებთან არსებულ სხვა კავშირების შესახებაც მრავალი საინტერესო ინფორმაციაა. პირველი გაქცევა სოლვიჩეგორსკიდან 29 წლის „არესტანტმა“ პედაგოგი ქალის, მოკრეცოვას მეშვეობით განახორციელა. მან ქალის სამოსში გამოაწყო კობა და ნავამდე ჩააცილა, საიდანაც პატიმარმა მიმალვა შეძლო. გადასახლებულ „კავკასიელს“ თბილად იხსენებს იმ დროს 17 წლის სოფია კრიუკოვაც, რომელიც კერვას სწავლობდა სტალინის სახლში: „ვფიქრობ, იოსებ ბესარიონის ძე არ დამივიწყებდა, ის ყოველთვის ყურადღებიანი იყო ჩემს მიმართ“, – არ დაუმალავს რუს ქალბატონს. სამაგალითოა ჯუღაშვილის ურთიერთობა წყვილთან, რომელთა ქორწინება არ შედგა. სოსოს ყველაზე სანდო ახლობელი ვოლოგდაში იყო პეტია ჩიჟიკოვი, ის ვაჭრობის მუშაკი იყო, მანამდე კი მასავით გადასახლებული. სწორედ მისი პასპორტით გაიქცა სტალინი სანკტ-პეტერბურგში 1911 წლის 6 სექტემბერს. მომავალი ბელადის გამგზავრებამდე რამდენიმე ხნით ადრე კი, მოხდა ისე, რომ 23 წლის პეტკასთან (როგორც მას სტალინი ეძახდა) სიმპათიური გოგონა – პელაგია (პოლია) ანუფრიევა ჩავიდა ტოტემსკის ქალთა გიმნაზიის დამთავრების შემდეგ. საარქივო დოკუმენტებიდან და ევგენი გრომოვის წიგნიდან, „სტალინი: ძალაუფლება და ხელოვნება“, გამომდინარე, ახალგაზრდებს ქორწინება ჰქონდათ გადაწყვეტილი. არ შეიძლება არ აღინიშნოს გარემოება, რომელიც ნათელს ჰფენს სოსოსა და პოლიას ურთიერთობას. საქმე ის არის, რომ სტალინზე ვოლოგდელ ჟანდარმებს 24-საათიანი მეურვეობა ჰქონდათ დაწესებული, მეტიც, ყველას, ვისაც მასთან ჰქონდა ურთიერთობა, ოპერატიული მეტსახელი ჰქონდა. არც ეს შემთხვევა ყოფილა გამონაკლისი – პეტიას „კუზნეცი“ შეარქვეს, პოლიას – „ნარიადნაია“, ჯუღაშვილს –„კავკაზეცი“. იუმორს იწვევს აგენტების შეტყობინებები, რომ „კავკაზეცმა“ მალევე ჩაშალა ქორწინება; რომ აგვისტოსა და სექტემბერში, ის დიდი ხნით ჩერდებოდა „ნარიადნაიასთან“; რომ „კავკაზეცი“ „ნარიადნაიასთან“ ერთად ბესპალოვის სახლიდან აიყვანეს, შემდგომში მათ „კუზნეციც“ შეუერთდათ. „კუზნეცი“ შემდეგ მეთვალყურეობის გარეშე დატოვეს – „კავკაზეცი“ და „ნარიადნაია“ კი ჯერ ლინდერის აფთიაქში შევიდნენ, შემდეგ კი ისევ ბესპალოვის ბინაში დაბრუნდნენ, საიდანაც 4 საათის შემდეგ გამოვიდნენ. აშკარაა, რომ სტალინს არც სიყვარულსა და ფლირტში ჰყოლია ბადალი.