გმირობის წყურვილით
ანუ „გადაგდების“ ოსტატი
გასულ კვირას, თბილისს, ევროკავშირის 27 ელჩი ესტუმრა, ბუნებრივია, საქართველოში, ზოგადად, დემოკრატიის განვითარების ხარისხის დასაკვირვებლად, რჩევების მოსაცემად და აქაური გულისტკივილის მოსასმენადაც. ისინი პრეზიდენტსაც შეხვდნენ და უფრო ქვემდგომებსაც; კიდევ ერთხელ აღშფოთებაც გამოთქვეს ოთხი ქართველი მოზარდის გატაცების შესახებ (სხვათა შორის, არანაკლებ აღშფოთებული იყო ჩვენი უშიშროების საბჭოს მდივანი ქ-ნი ტყეშელაშვილი, ვინ გაიგონა, 14 წლის მოზარდების დაპატიმრებაო, თითქოს ჩვენი ძალოვანებისთვის 14-წლიანი ასაკი ხელის შემშლელი იყოს). პრეზიდენტის სასახლეში ლანჩსაც დაესწრნენ, „რედისონში“ შეხვედრებიც გამართეს და თავ-თავიანთ სამშობლოებშიც გაფრინდნენ, ოღონდ, მთლად უიმედოდაც არ დავუტოვებივართ; დაგვპირდნენ, რომ მოზარდების გათავისუფლების საქმეში თავს არ დაზოგავდნენ. თავის მხრივ, იმედი არც ჩვენს საგარეო საქმეთა მინისტრს გადაუწურავს: ყველაფერი მოგვარდება, თუმცა, დრო სჭირდებაო (თუ გავიხსენებთ, რომ თავად ბ-ნმა ვაშაძემ გასული წლის აგვისტოდან ამ წლის ნოემბრამდე იფიქრა, დაეთმო თუ არა ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეობა, როგორც ჩანს, მისთვის დრო ერთგვარად აბსტრაქტული ცნებაა). შესაბამისად, პირადად ჩემთვის (შესაძლოა, იმიტომაც რომ დროისადმი ასეთი ფილოსოფიური მიდგომით არ გამოვირჩევი) სრულიად გაუგებარი დარჩა, რატომ შევაწუხეთ 27 ევროპელი პატიოსანი გვამი, თუ მხოლოდ მათი აღშფოთება უნდა მოგვესმინა (ეს ხომ შორიდანაც ვიცოდით?!). მანამდე კი ხალხის რჩეულმა ბ-ნმა თორთლაძემ ცხინვალელ თვითმარქვიებს მიმართა, რომ მზადაა, თავად მოიხადოს სასჯელი 4 ქართველი მოზარდის გათავისუფლების სანაცვლოდ (დაახლოებით ასე: „შენს მაგივრად მე შემეყაროსო ჟამი“). ჩვენ, ბუნებრივია, ეჭვი არ შეგვაქვს ბ-ნი თორთლაძის გულწრფელობაში (და არც ის მიგვაჩნია დასაძრახად, თუ ახალი დროის ცოტნე დადიანობა მოსდომებია), თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ მოზარდების გატაცების მიზანი მოსახლეობის დაშინებაა (რომ მათ იძულებით დატოვონ ცხინვალის მიმდებარე ტერიტორია, რათა ოკუპანტებმა თავი უფრო უსაფრთხოდ იგრძნონ), გამორიცხულია, ბ-ნ თორთლაძეს არ სცოდნოდა, რომ ჯაყოები ყურებს არც კი შეიტოკებდნენ (სამაგიეროდ, ხომ თქვა?!). მეტიც, ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ჯაყოთა გულგრილობას (ბ-ნი თორთლაძის შეთავაზებაზე) სხვა მიზეზიც აქვს: შემომთავაზებელმა „გადაგდება“ იცისო.