როდის აზიანებს საწვავი ძრავას და რა შემთხვევაში დეფორმირდება ის
მძღოლების დიდი უმრავლესობა ძრავში ამა თუ იმ გაუმართაობას ან მის გაფუჭებას უხარისხო საწვავს აბრალებს. დღეს კი მევლუდ მელაძე ისაუბრებს როგორ მოქმედებს სხვადასხვა ოქტანობის საწვავი ავტომობილის „ორგანიზმზე“ და რისი დაზიანება შეუძლია საწვავიდან შეყოლილ ჭუჭყს ავტომობილში.
მევლუდ მელაძე: ცუდი ბენზინი ჩავასხი – ძრავა გამოსაცვლელი გახდა! მსგავსი წინადადება ხშირად მომისმენია. მოდი, ჯერ ცუდი ბენზინი ორ კატეგორიად დავყოთ: საწვავი, რომელსაც დაბალი ოქტანობა, ცუდი შემცველობა აქვს და საწვავი, რომელიც ჭუჭყს შეიცავს. რეალურად, საწვავი კიდევ ბევრ კატეგორიად შეიძლება დაიყოს – მომწამლავია თუ არა; თუ არ არის, შეიცავს თუ არა ტყვიას და სხვა. მაგრამ, ეს თემა ძალიან შორს წაგვიყვანს. დავიწყებ დაბალი ოქტანობის საწვავზე საუბრით. აქამდეც გვითქვამს, რომ შეიძლება, ავტომობილს თავად სჭირდებოდეს დაბალი ოქტანობის საწვავი, ანუ გააჩნია რა მოდელში ასხამთ მას. თუ ავტომობილს მაღალი ოქტანობის საწვავი სჭირდება და თქვენ დაბალს ასხამთ, გამორიცხულია, ძრავას მოუვიდეს ეგრეთ წოდებული „სტუკი”. „სტუკის” დროს ხდება ძრავაში მოსრიალე ელემენტების იმ დონეზე გაცვეთა, რომ იწყებს ხმაურს. ძრავიდან ისმის კაკუნის ხმა და მბრუნავი ელემენტები იმდენად დეფორმირდება, რომ იჭედება. ეს საწვავის ხარისხზე არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, იყოს დამოკიდებული. აქ პრობლემა გვაქვს ზეთთან.
– აბა, რა შეიძლება, დაემართოს?
– დაბალი ოქტანობის ბენზინის დროს, ძრავას ეწყება დეტონაცია. როდესაც აჩქარების პედალს ფეხს აჭერთ, მით უმეტეს, თუ ავტომობილი აღმართზე ადის, ანუ დატვირთულია, ისმის წკარუნი. ეს არის, ეგრეთ წოდებული „კლაპნების” ხმა, რეალურად კი, დეტონაცია – ძრავაში. ამ დროს ძრავაში დაგროვილი, აუფეთქებელი საწვავის ნაწილაკები იმპულსურად ფეთქდება, რაც წკრიალის ხმას გამოსცემს. პირველი ინჟექტორული სისტემით აღჭურვილი ავტომობილებიდან დაწყებული, დეტონაციის სენსორი თითქმის ყველა ავტომობილს უყენია. როდესაც ის ხვდება, რომ ძრავა დეტონაციას იწყებს, კომპიუტერი აბსოლუტურად ცვლის ბენზინის ჩასხმისა და ნაპერწკლის მიწოდების თანმიმდევრობას და ცდილობს თავად გამოასწოროს პრობლემა. ზოგჯერ ამას ახერხებს, ზოგჯერ – ვერა. თუ დეტონაცია დიდხანს გაგრძელდა, მან შეიძლება, „პორშინი” დააზიანოს, რადგან ის ამ დროს ვიბრაციას განიცდის და არის ალბათობა, გაიბზაროს. ამ დროს შესაძლოა, ავტომობილმა მუშაობა გააგრძელოს, მაგრამ დაკარგავს სიმძლავრეს. იმის თქმა მინდა, რომ დაბალი ოქტანობის საწვავმა შეიძლება, სერიოზულად დააზიანოს ძრავა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ გამოიწვევს ეგრეთ წოდებულ „სტუკს”.
– რაც შეეხება ჭუჭყს?
– უფრო მარტივად და ხშირად, ძრავას მუშაობა მწყობრიდან გამოჰყავს ჭუჭყს. თუ საწვავს ასხამთ არაპოპულარულ ბენზინგასამართ სადგურზე, სადაც ჩასხმის, სისუფთავისა და ჰიგიენის სხვა ნორმებს არავინ იცავს, დიდი ალბათობაა, ბენზინთან ერთად, მას ჭუჭყიც გამოყვეს. საწვავი სისტემა მინიატურულია, იმდენად ვიწროა ის გასაძრომები, რომელიც საწვავმა უნდა გაიაროს, იქ ჭუჭყის მოხვედრა, კატასტროფაა. მით უმეტეს, ინჟექტორულ სისტემაში, სადაც საწვავის პუდრივით ჩაფრქვევა ხდება. იქ თვალით უხილავი ჭუჭყიც კი სერიოზული პრობლემაა და თუ ჭუჭყი სისტემაში მოხვდა, გაფრქვევის მაგივრად, იწყებს საწვავის „ჩაწუწებას” წვეთებად, გაპარებას ან ჩადინებას, შესაბამისად, წვაც კატასტროფულად იმატებს. ასეა თუ ისე, საწვავის ფილტრს ხშირად უნდა გამოცვლა, მაგრამ ამას მძღოლების უმრავლესობა მაშინ აკეთებს, როცა ის უკვე იჭედება. ბევრი ჭუჭყი საწვავის ფილტრში ნიშნავს, რომ იქიდან ჭუჭის ნაწილაკები მაინც გაიპარება და სისტემაში შეერევა. მერე უკვე ფილტრის გამოცვლა დიდ შეღავათს აღარ მოგვცემს – უკვე გაჭედილია სისტემა და არა ფილტრი.
– თუ ცენტრალურ სისტემაში ჭუჭყი მოხვდა?
– მოგვიწევს სისტემის გარეცხვა. ის უნდა დაიშალოს და ინჟექტორები, საწვავის ავზი უნდა გაირეცხოს. არსებობს სისტემების გამწმენდი სპეციალური სითხეები, ასევე „რომპეტროლის ეფიქსი”, რომელიც საწვავს წმენდს. მაგრამ, ის ძალიან კარგია, თუ სისტემატურად გამოიყენებთ. თუ სხვა საწვავს ხმარობდით და გარეცხვისთვის „ეფიქსს” ჩაასხამთ, ეს დაძრავს ავზში დალექილ ჭუჭყს და ის ფილტრში გაიჭედება, ან სისტემაში გადავა. ამისთვის, როგორც მინიმუმ, უნდა გამოცვალოთ ფილტრი და თუ საჭირო გახდა, გამორეცხოთ ავზი. ამის შემდეგ გამოიყენეთ „ეფიქსის” საწვავი. იგივე ხდება გამწმენდ ხსნარებთან დაკავშირებით. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ – რაც უნდა ჭუჭყიანი საწვავი ჩაასხათ, ის გამოიწვევს ძრავას „სტუკს”.