კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელ კლუბთან შედგა დავით თარგამაძის დებიუტი „ბუნდესლიგაში“ და როგორ ერთობა იგი თამაშის შემდეგ

 

ბოლო დროს საქართველოს საფეხბურთო ნაკრები გულშემატკივრებს ნაკლებად ახარებს და წარუმატებელი მატჩების სერიაც საკმაოდ გაგრძელდა, თუმცა, ფეხბურთის ქომაგები თემურ ქეცბაიას მაინც იმედის თვალით უყურებენ. სულ მალე ნაკრები ახალი შესარჩევი ციკლისთვის დაიწყებს მზადებას, სადაც ვეტერანებთან ერთად ახალი თაობის ფეხბურთელებიც ეცდებიან, გაახარონ გულშემატკივარი. ამ ახალი თაობის ღირსეული წარმომადგენელია უკრაინული „ოლექსანდრიას” 22 წლის შემტევი ნახევარმცველი დავით თარგამაძე, რომელმაც ქეცბაიას ფორმაციის ნაკრებში მყარად დაიმკვიდრა ადგილი და სულ ახლახან ნაკრებში პირველი გოლიც გაიტანა. 

დავით თარგამაძე: ფეხბურთის თამაში 35-ე სკოლაში დავიწყე, იქიდან თბილისის „დინამოში” მოვხვდი, სადაც სამი წლის განმავლობაში „დუბლებში“ ვიყავი და 17 წლის ასაკში, 2006 წელს, გერმანიაში წავედი, „ფრაიბურგში”. იმ დროს იქ ალექსანდრე იაშვილი და ოთარ ხიზანეიშვილი თამაშობდნენ. 

– გუნდში როგორ მიგიღეს, იგრძენი თუ არა მხარდაჭერა ჩვენებურებისგან? 

– ძალიან კარგად მიმიღეს. თავდაპირველად სინჯებზე ვიყავი და მეორე გუნდში მოვხვდი. ამას დაერთო სავიზო პრობლემები, თან, ფეხბურთთან ერთად ვსწავლობდი და, საბოლოოდ, „ფრაიბურგის” 19 წლამდე ასაკის მოთამაშეთა გუნდში მოვხვდი, სადაც ორი წელი ვითამაშე, ამის მერე კიდევ ორი წელი კი, პირველ გუნდში გავატარე. 

– ენის მხრივ არ გაგიჭირდა? სად სწავლობდი და რა წარმატებებს მიაღწიე გუნდთან ერთად? 

– ენის მხრივ თავიდან გამიჭირდა, მაგრამ, მარტო არ ვიყავი – ბიჭებიც მეხმარებოდნენ. 19 წლამდე ასაკის გუნდთან ერთად „ბუნდესლიგის“ ასაკობრივ ჩემპიონატში გავიმარჯვე, მერე მეორე „ბუნდესლიგის“ ჩემპიონიც გავხდი და უმაღლეს ლიგაში გადავედი, ანუ გერმანიაში მეორე „ბუნდესლიგაში“ გამარჯვებაც ჩემპიონობად ითვლება. 

– უკრაინაში როგორ მოხვდი, იყო თუ არა ეს უკან გადადგმული ნაბიჯი კარიერის თვალსაზრისით? 

– „ფრაიბურგის” პირველ გუნდში რომ გადამიყვანეს, მერე ამერია ყველაფერი. მწვრთნელთან მქონდა პრობლემები: არ მათამაშებდა, სათადარიგო სკამზე უნდა ვმჯდარიყავი და, ეს არ მაწყობდა. მერე მენეჯერმა დამირეკა, რომ უკრაინული ვარიანტი იყო და ასე მოვხვდი „ოლექსანდრიაში”. რა თქმა უნდა, როდესაც გერმანიის „ბუნდესლიგიდან“ უკრაინის მეორე დივიზიონის გუნდში გადახვალ, ეს უკან გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ, როდესაც გუნდში არ გათამაშებენ, შენს პოზიციაზე ახალ ფეხბურთელებს ყიდულობენ და ხედავ, რომ სკამზე უნდა იჯდე მთელი სეზონი... მოკლედ, გადავწყვიტე, რომ გუნდიდან წავსულიყავი.

– ვიცი, რომ „ბუნდესლიგაში“ თამაში მოასწარი. როგორ გაიხსენებდი დებიუტს, ხომ არ ნერვიულობდი? 

– ჩვეულებრივად, გავედი და ვითამაშე, დიდად არ მინერვიულია. იმ დროს ქართველებიდან გუნდში მარტო ვიყავი დარჩენილი. ფრანკფურტის „აინტრახტთან” გამოვედი შეცვლაზე პირველად და 15 წუთი ვითამაშე, ამის მერე მიუნჰენის „ბაიერნთან” ვითამაშე ნახევარი საათი. 

– „ოლექსანდრიაზე“ რას იტყვი, როგორი ქალაქია? 

– პატარა ქალაქია, ნამდვილად საფეხბურთო, უმაღლესი დონის ინფრასტრუქტურით. კლუბის პრეზიდენტიც ისეთია, ფეხბურთი უყვარს და დიდ ფულს დებს გუნდში. პირველი ლიგიდან უმაღლესში გადავედით ახლა და, მართალია, ცუდად მივდივართ (იცინის), მაგრამ, წინ კიდევ ბევრი მატჩია. 

– თამაშის მერე როგორ ერთობი, კიევში ხომ არ ჩადიხარ? 

– კიევი დაახლოებით 300 კილომეტრშია და თამაშის მერე ხშირად ჩავდივარ. ბევრი მეგობარი მყავს იქ და თავისუფალ დროს თითქმის სულ კიევში ვატარებ. ხდება ისე, რომ, თუ მოვიგეთ, კლუბის წევრები რესტორანში ვიკრიბებით, ხანდახან კლუბშიც მივდივართ, მაგრამ, იშვიათად, უფრო – რესტორანში. ღამის ცხოვრება ნაკლებად მიყვარს. კიევის ღამის კლუბებში თუ დაიწყე სიარული, შეიძლება, ისე ჩაგითრიოს, რომ მერე სპორტზე სულ ვეღარ იფიქრებ (იცინის).

– პირად ცხოვრებაზე რას გვეტყვი, შეყვარებული თუ გყავს? 

– პირადში ჯერჯერობით არაფერია საინტერესო (იცინის).

– უკრაინელ გოგოებზე რას იტყვი?

– რა უნდა ვთქვა. შენც კარგად იცი, ან ფეხბურთზე უნდა იყო გადართული, ან სულ მათზე უნდა იფიქრო, ორივე ერთად არ გამოდის (იცინის).

– ქალები თუ დადიან იქ სტადიონებზე? 

– ძალიან უყვართ ფეხბურთელები, სულ დადიან. ზოგადად, სპორტსმენები უყვართ.

– უკრაინაში მოთამაშე სხვა ქართველებთან თუ გაქვს კავშირი?

– ჯაბა კანკავასთან, ალექსანდრე კობახიძესთან მაქვს ურთიერთობა. თამაშების მერე, თუ ჩვენი გუნდები ხვდებიან ერთმანეთს, ვიკრიბებით ერთად. კიეველ ქართველებთანაც მაქვს კავშირი, ბევრი მეგობარი მყავს იქ – ზოგი თამაშობს, ზოგს ბიზნესი აქვს.

– ეროვნულ ნაკრებზე რას იტყვი, როგორ მიგიღეს გუნდში?

– პირველი თამაში ჩატარდა პოლონეთთან, ამხანაგური მატჩი იყო. გუნდმა კარგად მიმიღო: ყველა გვერდში დამიდგა, განსაკუთრებით კი ნაკრების ძველი წევრებისგან  (კახა კალაძე, ლევან კობიაშვილი) ვიგრძენი თანადგომა – მამხნევებდნენ, მეუბნებოდნენ, არ ინერვიულო, ყველა ერთად ვართო, ძალიან კარგი, საბრძოლო სიტუაციაა. 

– როგორ შეაფასებდი ამ შესარჩევ ციკლს? 

– დადებითად ვერ შევაფასებ. როდესაც ბოლოსწინა ადგილზე გადიხარ, რთულია, წარმატებაზე ილაპარაკო. იყო თამაშები, რომ მართლაც შეიძლებოდა მოგება. ბოლო სამი მატჩი ვითამაშე ნაკრებში და ცუდად ნამდვილად არ გვითამაშია, მაგრამ როდესაც აგებ, კარგ თამაშს ფასი აღარ აქვს, რადგან ქომაგისთვის შედეგია მთავარი. 

– ნაკრებში პირველ გოლზე რას იტყვი? 

– ძალიან გამიხარდა. ეგ თამაში რომ მოგვეგო, რა თქმა უნდა, ორმაგად გამიხარდებოდა. საერთოდ არ ველოდი, რომ ეგ დარტყმა გავიდოდა. შორეულ ძელთან ჩავაწოდე და იქ ისე აირია სიტუაცია, რომ მეკარე დაიბნა და ბურთი არავის არ შეეხო, ისე გავიდა კარში. 

– ახალ შესარჩევ ციკლს შევეხოთ: ჯგუფში ესპანეთი და საფრანგეთი მოხვდნენ ჩვენთან.

– ძალიან რთული ჯგუფია – ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონები მოხვდნენ, ბელარუსი და ფინეთიც არ არიან ხელწამოსაკრავი გუნდები. მაგრამ, წინ კიდევ ერთი წელია და მაქსიმალურად უნდა მოვემზადოთ, ბევრი ამხანაგური მატჩია საჭირო, რომ ნაკრების წევრები ერთმანეთს შევეწყოთ.

– „ფეისბუქში” გიორგი თარგამაძესთან ერთად გადაღებული ფოტო გიდევს. ნათესავები ხართ? 

– ძალიან ახლობლები ვართ – მამაჩემის ბიძაშვილია, მგულშემატკივრობს და თამაშებზეც დადის. 

– გავიგე, რომ გუნდის გამოცვლაზე მიდიოდა აქტიურად საუბარი, თუ იცი, რომელი კლუბები დაინტერესდნენ შენით? 

– „ოლექსანდრიაში” კონტრაქტით კიდევ ერთი წელი უნდა ვიყო, მაგრამ, ზამთარში რომელიმე კლუბი ფულს თუ გადაიხდის ჩემში, უპრობლემოდ შემეძლება კლუბის გამოცვლა. ვიცი, რომ კიევის „დინამო” არის ჩემით დაინტერესებული, სხვა უკრაინული და უცხოური გუნდებიც იჩენენ ინტერესს, მაგრამ მენეჯერი ჯერ არ მეუბნება, კონკრეტულად რომელ გუნდებზეა საუბარი. პირობებს გააჩნია, როგორ კონტრაქტს შემომთავაზებენ. იქ წავალ, სადაც უფრო მეტ დროს მოედანზე გავატარებ – ეს მირჩევნია, ვიდრე მეტი ხელფასი ავიღო და სკამზე ვიჯდე. 22 წლის ვარ და, ახლა თუ დავჯექი სკამზე, მერე ძნელია რაიმე წინსვლაზე ფიქრი.

 

 

скачать dle 11.3