როგორ გახდა გიორგი ასანიძის მიერ კატარის სასტუმროს კედლიდან ჩამოხსნილი თეფში თამარ ბალავაძის კოლექციის ნაწილი
მიუხედავად იმისა, რომ ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა თამარ ბალავაძემ მითხრა, ინტერვიუების მიცემა არ მიყვარს, ჟურნალისტის როლში ყოფნა მირჩევნიაო, ჩვენი ინტერვიუ მაინც შედგა. საუბრის თემა კი მისი თეფშების მდიდარი კოლექცია იყო. თუ ვინ უსახსოვრა პირველი – ნიუ-იორკის თეფში და რას ნიშნავს ქალბატონი თამრიკოსთვის მისი კოლექცია, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
თამარ ბალავაძე: მამაჩემი, ვახტანგ ბალავაძე, ცნობილი მოჭიდავე იყო. ჯერ როგორც სპორტსმენს, შემდეგ კი მწვრთნელსა და მსაჯს, ხშირად უწევდა უცხოეთში მოგზაურობა. ცხადია, ჩვენთვის სუვენირებიც ჩამოჰქონდა ხოლმე. ერთხელაც, ნიუ-იორკიდან თეფში ჩამოიტანა, რომელზეც ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობები იყო გამოსახული.
– ეს იყო შორეულ კომუნისტურ წარსულში...
– ცხადია. ეს თეფში წლების განმავლობაში ინახებოდა ოჯახში. დროთა განმავლობაში უცხოეთში მოგზაურობა მეც დავიწყე. პირველად მე და ჩემი მეგობარი ხმელთაშუა ზღვის კრუიზში ვიყავით. მაშინ ტურისტებს გროშებს აძლევდნენ – მხოლოდ 40 დოლარი დაგვიხურდავეს. მოვიარეთ იტალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, მალტა, მაგრამ 40 დოლარად რას შევიძენდი?! – მხოლოდ სუვენირებს. ერთი პატარა თეფში მაინც ვიყიდე. ამის შემდეგ დაიწყო და დაიწყო...
მოგვიანებით, უკვე როგორც სპორტულ ჟურნალისტს, ხშირად მიწევდა და ახლაც მიწევს სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობა. პირველი, რასაც ჩასვლისთანავე ვაკეთებ – ჩემი კოლექციისთვის ვეძებ თეფშებს. შეიძლება, სხვა არაფერი ვიყიდო, მაგრამ თეფშები ყველა ქვეყნიდან ჩამომაქვს.
საერთოდ, მიყვარს სუვენირები და პატარ-პატარა თეფშებს ჩემს უახლოეს მეგობრებსაც ვჩუქნი. ჩემი წყალობით მათაც მოუყარეს თავი პატარა კოლექციებს.
– ბევრს მოგზაურობთ და, ბუნებრივია, კოლექციაც მრავალფეროვანი გექნებათ. ამჟამად რამდენი თეფში გაქვთ?
– ორასზე მეტი. თეფშები სხვადასხვა ზომისაა. იმ ქვეყნებში, სადაც მე არ ვყოფილვარ, ახლობლებს ან სპორტსმენებს ვაბარებდი ხოლმე თეფშებს. მახსოვს, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ბატუტზე მხტომელთა მსოფლიოს ჩემპიონატი იმართებოდა და რუსიკო ხოფერიას ვთხოვე, მიშველე-მეთქი. რომ დაბრუნდნენ, მიყვებოდნენ, შენს თეფშს მთელი გუნდი ეძებდა, ყველანი გიჟებივით დავრბოდითო. მონრეალის თეფში ზურა კახაბრიშვილმა ჩამომიტანა, მე კი მისი კოლექცია იორდანიის თეფშით გავამდიდრე. ძალოსნები კატარში რომ მიდიოდნენ მსოფლიოს ჩემპიონატზე, გიორგი ასანიძეს ვთხოვე დახმარება. შენ რაც დამაბარე, ვერ ვიშოვე და, აი, ეს რკინის თეფში ჩამოგიტანე, სასტუმროს კედელზე ეკიდა და ჩამოვახსნევინეო, – მითხრა თბილისში დაბრუნებულმა გიორგიმ. ბოლო წლებია, ჩემი ძმა, მამუკაც აქტიური კოლექციონერი გახდა, მან და მისმა მეგობრებმა ბევრი თეფშით გაამდიდრეს ჩვენი კოლექცია.
– ალბათ, ამ თეფშებთან გარკვეული მოგონებებიც გაკავშირებთ.
– ზუსტად მახსოვს, რომელი თეფში სად, როდის, როგორ შევიძინე, ვინ რომელი მაჩუქა. იცით, როგორაა? იმ ქვეყნებში, სადაც ტურისტული ინდუსტრია მაღალ დონეზეა, მაგალითად, გერმანიაში, საფრანგეთში, ავსტრიაში, იტალიაში – იქ დიდი არჩევანია. ბევრგან კი იმას იძენ, რასაც წააწყდები. 2000 წელს სიდნეიში ვიყავი ოლიმპიურ თამაშებზე. დიდი არჩევანი იყო, ავსტრალიის თეფში შევიძინე, მაგრამ, ცალკე სიდნეის თეფშიც მინდოდა. იმდენი ვარჩიე, ბოლოს, მგონი, მაინც ვერ გავაკეთე სწორი არჩევანი.
ჩემი კოლექციიდან ბევრი თეფში გამორჩეულად მიყვარს. მაგალითად, ვაშინგტონის თეფში; ულამაზესია ზაარბრიუკენის მოვერცხლილი თეფში, ეგვიპტე, პარიზი, მიუნჰენი... დასავლეთ ბერლინის თეფში არ მქონდა. ჩემი კოლეგა, ნანა თუთბერიძე მიდიოდა იქ კინოფესტივალზე და მას დავაბარე. ნანამ ბარსელონის თეფში ჩამომიტანა – ბერლინის თეფში არ მომეწონა და ეს წამოგიღეო. ბარსელონის რამდენიმე თეფში მაქვს, მაგრამ ეს განსაკუთრებით მომწონს. ხშირად თეფში სულ არ მომდის თვალში, მაგრამ, იმის გამო, რომ არჩევანი არ არის, მაინც ვყიდულობ. მახსოვს, ბელგრადში ვერაფერი ვნახე და, ბოლოს, ხელცარიელი რომ არ წამოვსულიყავი, გერბიანი თეფში აეროპორტში შევიძინე.
როგორც წესი, ეს თეფშები ძვირი არ ღირს – 15-25 დოლარი ან ევრო. ფაბერჟეს კვერცხების შეგროვება კი აჯობებდა, მაგრამ...
– ისტორიული თეფშები თუ გაქვთ?
– რამდენიმე. თუნდაც ეს, ნიუ-იორკის თეფში, რომელზეც ტყუპი ცათამბჯენებია გამოსახული, ჩემი მეგობრის საჩუქარია. ასევე, ისტორიულია გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის თეფში და საბჭოთა კავშირის თეფში 15 მოკავშირე რესპუბლიკის გერბებით.
– რას ნიშნავს თქვენთვის ეს კოლექცია?
– ყველაფერი მოგონებებს უკავშირდება, ისევე, როგორც ეს კოლექცია. გამიმართლა, რომ სპორტულ ჟურნალისტიკაში მოღვაწეობის პერიოდში ბევრი ქვეყანა ვნახე. ეს კოლექციაც იმ ქვეყნებსა და ქალაქებს მახსენებს, სადაც ვყოფილვარ.
– იმ ქვეყნებიდან, სადაც გიმოგზაურიათ, განსაკუთრებით რომელი მოგწონთ?
– საფრანგეთი, პარიზი მიყვარს. ძალიან მომეწონა სიდნეი – ულამაზესი ქალაქია. თუმცა, უამრავი ადგილია, რომელიც არ მინახავს და საშუალება რომ მქონდეს, გამუდმებით ვიმოგზაურებდი. თქვენ მაშინ გენახათ ჩემი კოლექცია!