კომბინირებული დიეტა
ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ, ორი პროდუქტი, რომლებიც ცალ-ცალკე დიეტურად ითვლება, ერთმანეთთან შეტანების (ანუ, ერთად მირთმევის) შემთხვევაში, სულაც აღარ არის დიეტური, მაგალითად, მოხარშული ხორცი და ცოცხალი მწვანილი, მოხარშული თევზი და მოშუშული ბოსტნეული და ასე შემდეგ.
გარდა ამისა, უნდა ვიცოდეთ, რომელი საკვები პროდუქტების კომბინირებაა სასურველი იმისთვის, რომ ორგანიზმმა უკეთ აითვისოს მათში არსებული ვიტამინები და მინერალები, რაც აუცილებელია არა მარტო გასახდომად, არამედ ჯანმრთელობისთვისაც. მაგალითად:
თუ გახეხილ უმ სტაფილოს შეაზავებთ მცირეოდენი ზეითუნის ზეთით, ორგანიზმი მაქსიმალურად აითვისებს სტაფილოში არსებულ A ვიტამინს, რომელიც აახალგაზრდავებს კანს, აუმჯობესებს მხედველობას და ხელს უწყობს ცხიმების დაშლას;
ბროკოლი მთლიანად „გადაგვიშლის“ თავის სასარგებლო თვისებებს, თუ მას პომიდორთან ერთად მოვამზადებთ;
სიმინდი + პარკოსნები: სიმინდი მდიდარია ამინომჟავებით – ტრიპტოფანითა და ლიზინით, რომლებიც გამოიმუშავებს სეროტონინს – „ბედნიერების ჰორმონს“. მათი ათვისება უფრო ადვილი და სრულყოფილი იქნება ნახშირწყლებთან ერთად, რითაც ასე მდიდარია ლობიო.
შნიცელი და ისპანახი: თუ უკვე მომზადებულ შნიცელს შეატანთ ერთ ულუფა ისპანახს, მაქსიმალურად შეამცირებთ ხორცის შეწვის შედეგად გაჩენილ კანცეროგენურ ნივთიერებას – ჰეტეროციკლურ ამინებს. სხვათა შორის, ისპანახი რკინის შემცველობით პირველ ადგილზეა ყველა ბოსტნეულს შორის.
მწვანე ჩაი და ლიმონი: მწვანე ჩაი მდიდარია კატექინებით, რომელიც გვიცავს უამრავი მძიმე დაავადებისგან, მათ შორის – ონკოლოგიურისგანაც. დადგენილია, რომ მწვანე ჩაისა და ლიმონის „ალიანსი“ მაქსიმალურად აძლიერებს კატექინების დადებით ეფექტს.
იოგურტი და ცოცხალი ხილი: სალათების შესაკაზმავად გამოიყენეთ უცხიმო, „ცოცხალი“ იოგურტი (ან მაწონი), რომელიც მდიდარია პრობიოტიკებით – ცოცხალ ხილთან და ბოსტნეულთან ერთად, ის გამაჯანსაღებლად მოქმედებს ნაწლავების მიკროფლორაზე, აწესრიგებს კუჭის მოქმედებას და ხელს უწყობს ორგანიზმიდან მავნე წიდების გამოდევნას, რაც დიეტისთვის აუცილებელი პირობაა.