რის გამო იმალებოდა „ელიტის“ გამარჯვებული ნონიკო კახაძე და ვის არ მოსწონს მისი წასვლა შანხაიში
რამდენიმე წელია, რაც სამოდელო სააგენტო „იმიჯ-ცენტრი“ ატარებს პრესტიჟულ სამოდელო კონკურსს – „ელიტ მოდელ ლუქ ჯორჯია“, რომლის გამარჯვებული „ელიტის“ საფინალო კონკურსში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ გოგონებთან ერთად მონაწილეობს. თამთა შედანია, ანა კოვაჩი, მარიტა ჯანაშია, სოფო შერგელაშვილი „ელიტ მოდელ ლუქ ჯორჯიას“ გამარჯვებულები არიან და ამ კონკურსის შემდეგ მათი სამოდელო კარიერა საკმაოდ წარმატებული გახდა. ამ მშვენიერი გოგონების რიცხვს 22 ოქტომბერს, „ივენთ ჰოლში“ ჩატარებული კონკურსის შემდეგ, რომელსაც „ელიტის“ უცხოელი წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, ნონიკო კახაძეც შეუერთდა. ის ნოემბერში უკვე „ელიტის“ საფინალო შოუზე მონაწილეობის მისაღებად შანხაიში გაემგზავრება.
ნონიკო კახაძე: 18 წლის ვარ, სტუდენტი. წელს ჩავაბარე ილიას სახელობის უნივერსიტეტში ბიზნესის ფაკულტეტზე. პროფესია საკუთარი გადაწყვეტილებითა და სურვილით ავირჩიე, ძალიან მომწონს.
– როდის დაიწყე მოდელობა?
– 13 წლიდან ამ სფეროში ვტრიალებ. სიმაღლეში რომ გავიზარდე, დედიკომ სამოდელო სააგენტოში წამიყვანა. „იმიჯ-ცენტრში“ რამდენიმე თვის წინ „მის საქარველოზე“ მოვედი. სხვათა შორის ამ კონკურსშიც მივიღე მონაწილეობა და ხუთეულში გავედი. შემდეგ უკვე გადავწყვიტე, „ელიტზე“ გამოვსულიყავი. ორივე კონკურსი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება – ერთი სილამაზის კონკურსია, მეორე უფრო სამოდელო. მოდელობამ ძალიან ბევრი რამ მომცა, უფრო თავდაჯერებული, დახვეწილი გავხდი. ეს ჩემს ჩაცმულობაზეც აისახა.
– სად უფრო მეტია დაძაბულობა?
– „მის საქართველოზე“ უფრო დაძაბული ვიყავი, თუმცა გამოცდილება მივიღე. ამიტომ, „ელიტზე“ ნაკლებად ვნერვიულობდი, ნაკლებად დაძაბული ვიყავი, თანაც, რეჟიმსა და გრაფიკს უკვე შევეჩვიე.
– ძალიან დატვირთული რეჟიმი გქონდათ ორივე კონკურსზე?
– გადატვირთული რეჟიმი გვქონდა, დილიდან საღამომდე რაღაცას ვაკეთებდით: ვვარჯიშობდით, ცურვაზე დავდიოდით, ფსიქოლოგიც გვყავდა, რომელიც ფსიქოლგიურად გვამზადებდა, იყო ფოტოგადაღებები. ადრე ასეთი რეჟიმი არ მქონია, თუმცა, როდესაც აბიტურიენტი ვიყავი, მაშინაც ვემზადებოდი და საკმაოდ დატვირთული ვიყავი. მაგრამ, ახლა სულ შეიცვალა ჩემი ცხოვრება, შეიძლება ითქვას, თავდაყირაც დადგა.
– მოგწონს?
– ძალიან მომწონს. ადრე არც თუ ისე გადატვირთული ვიყავი, ახლა ხან გადაღებებზე ვარ, ხან ჩაწერაზე. ძალიან მომწონს ეს საქმე. კონკურსმა ძალიან კარგად ჩაიარა, „ავთერ ფართიზე“ „ელიტ მოდელ ლუქის“ ტორტი გავჭერით. მიუხედავად იმისა, რომ ყოველი დღე დატვირთული გვქონდა, მაინც ძალიან კარგად მახსენდება.
– ელოდებოდი გამარჯვებას?
– როდესაც ასეთ კონკურსში მონაწილეობ, რა თქმა უნდა, ცოტათი მაინც გაქვს იმედი, მაგრამ ბოლოს ჩემი სახელი რომ გამოაცხადეს, გამიხარდა და თან, შემეშინდა.
– რის შეგეშინდა?
– დიდი პასუხისმგებლობა ვიგრძენი, საკუთარი ქვეყანა უნდა წარვადგინო უცხოეთში. თან, შანხაიში მივდივარ სულ მარტო, პირველად უნდა ვიფრინო თვითმფრინავით. კონკურსი არის 6 დეკემბერს. მე ნოემბერის შუა რიცხვებში უნდა წავიდე.
– ემზადები?
– ფიზიკურად დიდად არ მჭირდება მომზადება, პარამეტრებში ვჯდები.
– როგორია შენი პარამეტრები?
– სხეულის პროპორციები ასეთი მაქვს: 83-60-88, სიმაღლე – 177 სანტიმეტრი, წონა – 50. ფსიქოლოგიურადაც მზად ვარ, კიდევ ინგლისურში ვემზადები. კი ვიცი, წელს ჩავაბარე კიდეც ეროვნულ გამოცდებზე, მაგრამ მინდა, კიდევ უფრო მეტად დავხვეწო.
– აქამდე არსად ყოფილხარ, ანუ თვითმფრინავით არ გიფრენია?
– არასდროს ვყოფილვარ უცხოეთში, თუმცა ფრენის არ მეშინია. რაც მთავარია, ძალიან მაინტერესებს სიახლეები, უცხო ქვეყნის ნახვა, ხალხთან ურთიერთობა. ბიზნესის ფაკულტეტზე ტურიზმის განხრით ჩავაბარე და მინდა, ბევრი ვიმოგზაურო. იმედი მაქვს, იქ რომ ჩავალ, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, ჩვენი ქვეყანა კარგად წარვადგინო. თან, როგორც მეუბნებიან, კომუნიკაბელური და კონტაქტური ადამიანი ვარ.
– როგორ შეხვდნენ ოჯახის წევრები შენს გამგზავრებას?
– ძალიან ეშინიათ, ჩემები უფრო ნერვიულობენ, ვიდრე მე. შორს მივფრინავ და თან, სამი კვირა მარტო უნდა ვიყო. ისე, საერთოდ არ ვარ დამოუკიდებელი ადამიანი, მშობლებზე, დედაზე ძალიან ვარ დამოკიდებული. „მის საქართველოზე“ ბათუმში რომ ვიყავი ჩემები სულ მენატრებოდნენ. ეს თვისება ბევრ რამეში მიშლის ხელს. ახლა ვცდილობ, აღარ ვიყო დამოკიდებული, უფრო დამოუკიდებელი გავხდე. ამაში შანხაიში გამგზავრებაც დამეხმარება.
– კიდევ როგორი ხარ?
– მხიარული ვარ და ძალიან მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, ბრაზიანიც არ ვარ, წყენა ადვილად მივლის. ღამის კლუბებში არ დავდივარ, მეგობრებთან ერთად მიყვარს ყოფნა, წიგნების კითხვა. მუსიკის მოსმენა ჩემთვის ძალიან კარგი განმუხტვაა, ყოველდღე შემიძლია, ვუსმინო. ასევე, მიყვარს პიანინოზე დაკვრა – არ შემიძლია ყოველდღე არ დავუკრა. ცეკვაზე დავდიოდი, როგორც ქართულ-ხალხურ ცეკვებზე, ასევე ლათინურზეც. მოყვარულის დონეზე ვცეკვავ. როცა ცუდ ხასიათზე ვარ, მირჩევნია, მეგობრები მოვიდნენ, დაველაპარაკო და გამოვიდე, ან კარგი მუსიკა ჩავრთო. თურმე, წყნარი და მორცხვი ბავშვი ვიყავი, სკოლაში დედის კაბის უკან ვიმალებოდი.
– ახლა, მგონი, აღარ ხარ მორცხვი.
– არა. აღარ ვარ მორცხვი. ნელ-ნელა მოდელობამ, ჩვენებებზე გამოსვლამ მოიტანა ყველაფერი, უფრო და უფრო თავდაჯერებული გავხდი და აღარ მაქვს კომპლექსები.
– გაქვს ისეთი მომენტები, როდესაც საკუთარ გარეგნობაში რაღაცეები არ მოგწონს?
– ეს უფრო ადრე იყო, ახლა არ ვარ ასე. თუმცა რაღაცას, ალბათ, შევცვლიდი ჩემს გარეგნობაში, მაგრამ ისეთს არაფერს.
– უცხოეთში სამუშაოდ წახვალ? ხშირად გოგონები უარს ამბობენ შემოთავაზებებზე...
– ვნახოთ, რა იქნება „ელიტზე“. ყველაფრის მიუხედავად, ვფიქრობ, რომ მზად ვარ ვიმუშაო უცხოეთში, ძალიან მინდა, ვნახო რაღაც განსხვავებული.
– როგორი ურთიერთობა გაქვს თაყვანისმცემლებთან?
– ცუდი ურთიერთობა არ მაქვს, მკაცრი არ ვარ, კარგად და მხიარულად ვუდგები. მოკლედ, ჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს. თუმცა, გააჩნია ადამიანს. ზოგიერთ თაყვანისმცემელთან კარგი ურთიერთობა მაქვს, ზოგს საერთოდ არ ველაპარაკები.
– აბეზარი თაყვანისმცემლებიც გყავს?
– არა, საყვარლები არიან.
– ალბათ, არ მოგწონს ერთჯერადი ურთიერთობები.
– არ მომწონს. ნამდვილი სიყვარული უნდა იყოს.
– როგორია ნონიკოსთვის ნამდვილი სიყვარული?
– მინდა, რომ იყოს ერთგული, სიმპათიური, გარეგნულადაც ლამაზი, მაგრამ შინაგანად უფრო უკეთესი. შავგვრემანი უნდა იყოს, ძალიან მაღალი, მწვანე ან ცისფერი თვალები უნდა ჰქონდეს. ხასიათით უნდა იყოს სერიოზული, ვაჟკაცური, ბევრს არ უნდა ლაპარაკობდეს.
– და კიდევ ყურადღებიანი.
– ძალიან ყურადღებიანი უნდა იყოს. ელემენტარული ყურადღებაც უნდა გამოხატოს და საჩუქრების გაკეთებაც არ უნდა დაავიწყდეს, რადგან ძალიან მიყვარს. უნდა იყოს რომანტიკულიც. ბიჭმა გოგონასთვის ბევრი რაღაც უნდა გააკეთოს.
– ყოფილხარ შეყვარებული?
– როგორ არა, ახლაც ვარ.
– როგორ შეეგუა შენს შანხაიში წასვლას?
– ძალიან ნერვიულობს, მაგრამ ეს მასზე არ არის დამოკიდებული. ჩემს საქმეს უნდა სცემდეს პატივს, წინააღმდეგობა რომ გამიწიოს, მაინც წავალ. მიყვარს, მაგრამ ახლა ეს არის ჩემთვის მთავარი.