როგორ შეძლო ბეწვისთვის სიმსუბუქის მინიჭება მაიკლ კორსმა
თუ ცნობილი დიზაინერი პოდიუმს გამანადგურებელ დარტყმას აყენებს, თუკი ყველაფერი, რაც პოდიუმზე ხდება, გაცილებით მეტად სადღესასწაულოა, ვიდრე სხვა დროს, ამ ყველაფერს შეუძლებელია, მიზეზი არ ჰქონდეს. მაიკლ კორსს მხიარულების არაჩვეულებრივი მიზეზი ჰქონდა. ის უკვე ოცდაათი წელია, რაც მოდის ბიზნესშია და ამ განსაკუთრებული დღის აღნიშვნა იმ დილით, ნიუ-იორკში საკუთარი ჩვენებით დაიწყო. მისი შემოქმედების თაყვანისმცემლები ბრჭყვიალა, მდიდრული ბეწვეულით დამშვენებული, ნამდვილი სადღესასწაულო კოლექციის ჩვენებას დაესწრნენ. მაიკლ კორსმა 19 წლისამ, ძალიან ახალგაზრდამ შედგა ფეხი ამ დაუნდობელ სამყაროში, მაგრამ დღემდე შეძლო ყველაზე მხიარულ, ღია და ლაღ დიზაინერად დარჩენილიყო. ის არ არის ექსცენტრიკული, არ გამოდის „პაკლონზე” მეკობრის ან დათვის ფორმაში, იცვამს სადად და ქალებისთვის ქმნის ელეგანტურ, წარმოუდგენლად დახვეწილ, მიმზიდველ და სექსუალურ კოლექციებს.
ჩვენების შემდეგ, საღამოს, მაიკლ კორსმა საიუბილეო თარიღი ნიუ-იორკში, კარლაილში, ბერელმანის ბარში აღნიშნა, რომელსაც, სავარაუდოდ, ის ცნობილი ადამიანები დაესწრებოდნენ და მიულოცავდნენ საყვარელ დიზაინერს იუბილეს, ჩვენებაზე წინა რიგებში რომ ისხდნენ: მაიკლ დუგლასი, კეტრინ ზეტა ჯონსი, ბეტ მიდლერი, ანჟელიკა ჰიუსტონი, დებრა მესინგი და სხვები. მომავალ თვეში კი, იუბილარ დიზაინერს, ამერიკის ელჩმა საფრანგეთში, პარიზში უმასპინძლა სპეციალურად მისთვის გამართულ ვახშამზე. იმავდროულად, კორსი პარიზში, სენტ-ონორეს ქუჩაზე მაღაზიას ხსნის და ბოლო შტრიხებს შეიტანს მის დიზაინში. ერთი სიტყვით, კორსს არაჩვეულებრივი იუბილე გამოუვიდა.
მაგრამ ტანსაცმელზე უნდა ვილაპარაკოთ და ალბათ, არ შევცდებით, თუ ნიუ-იორკის ამ ჩვენებას კორსის ყველაზე „ჰიტურს” ვუწოდებთ. კორსი მთელი კარიერის განმავლობაში აქტიურად იყენებდა ქაშმირს ფენებად, ტანზე მომდგარ აბრეშუმის ჯერსის, მელიის ბეწვს, კრისტალებსა და თვლებს საღამოს ჩაცმულობისთვის. ყველაფერი ეს იყო იმ დღეს პოდიუმზე. ფანელის ქურთუკი თუ საშემოდგომო ლაბადა, შიგნით საკოქტეილო, საღამოს თვლებით გაწყობილ კაბებს მალავდა. კოლექციის თემა სიმსუბუქე იყო, დიდი ბეწვის ქურქები და პიჯაკებიც კი გახსნილი ჰქონდათ მოდელებს, რათა შიგნით ჩაცმული თხელი, ჰაეროვანი, ქალური კაბები არ დაემალათ და სიმძიმის შეგრძნება არ შეექმნათ პოდიუმზე.
ულამაზესი ფერები ერთმანეთს ენაცვლებოდა – მოვარდისფრო-იასამნისფერი, ღია ნაცრისფერი, რძისფერი და ღია კაკაოსფერი. აბრეშუმი საოცარი მგრძნობელობით იყო შერწყმული შედარებით მყარ ქსოვილებთან. შავი აბრეშუმის შარვალი და მყარი პიჯაკი ერთ-ერთი ულამაზესი „ლუქი” იყო მთელ კოლექციაში. ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ კორსი ბოლო ტენდენციას არ ითვალისწინებს – მისთვის აქტუალური არ არის ფერების არევა და იმ ფერების შერევა, რომელიც ერთმანეთს, ერთი შეხედვით, საერთოდ არ უხდება. კორსი – მონოჰრომულია. მისი ყველა ანსამბლი ერთ ფერშია გადაწყვეტილი და ვერავინ იტყვის, რომ ეს უგემოვნობითაა გამოწვეული. ნაცრისფერი შარვალი, პიჯაკი და პერანგი, შავი კაბა, მოსაცმელი და ბეწვი... ამ მონოჰრომულმა „ლუქებმა” შექმნა კორსის უწყვეტი ხაზი.
თუ თქვენ რელაქსი გჭირდებათ, მაგრამ გლამურსაც ვერ სწყდებით, კორსმა ოცდაათწლიანი კარიერის განმავლობაში, დაამტკიცა, რომ სწორედ ის მამაკაცია, ვისაც ქალებისთვის ამის მიცემა შეუძლია.