ბედისწერა თუ არჩევანი?
არჩევნის ნება ყველაზე ფასეულია, რაც ადამიანს გააჩნია. ბედისწერა – სწორედ არჩევანია და, სანამ მას რამეს დააბრალებთ, კარგად დაფიქრდით, როდის დაუშვით შეცდომა არჩევანში. არასოდეს მოიტყუოთ თავი და არ გამოიყვანოთ თქვენს უსიამოვნებაში მთავარ დამნაშავედ ბედისწერა. ამის ნაცვლად, იფიქრეთ და კარგად გააანალიზეთ თქვენი ცხოვრება. როგორ გგონიათ, ქალმა, რომელმაც ურთიერთობა ცოლიან მამაკაცთან დაიწყო, თავისი მდგომარეობა ბედს უნდა დააბრალოს, თუ ამ ურთიერთობაში შეურაცხყოფა და ტკივილი უფრო მეტი იქნება, ვიდრე სიხარული?! ან, როცა ქალს ეზარება, ძალა და ენერგია დახარჯოს თავისი ერთადერთის საპოვნელად, მერე კი ბედს თუ უბედობას უნდა დააბრალოს მარტოდ დარჩენა? იმოქმედო თუ ისე დაელოდო მოვლენების განვითარებას – ესეც ხომ არჩევანია?!
ნურასოდეს მიბაძავთ სხვებს. მაგალითის დანახვა და გათვალისწინება კარგია, მაგრამ, თქვენი არჩევანი მხოლოდ თქვენი უნდა იყოს. არავინ უარყოფს იმას, რომ ყველა ადამიანს თავისი ცხოვრების გზა აქვს გასავლელი – ეს ფაქტია, მაგრამ, რომელ გზას აირჩევს და საით წავა, ეს ბედი კი არა, ჩვენი არჩევანია, რომელიც ყოველთვის გვაქვს. ცხოვრებაში რამდენჯერმე გვეძლევა შანსი, გავაკეთოთ სწორი არჩევანი და თუ ამას ვერ ვახერხებთ, ეს მხოლოდ ჩვენი ბრალია.
თუ კარგად გააანალიზებთ არჩევნის მნიშვნელობას, აუცილებლად ისწავლით ამ გენიალური შანსის თქვენს სასარგებლოდ გამოყენებასაც. ყველაფერი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. მთავარია, არ დააჯეროთ თავი ბედისწერის და მითუმეტეს – მისი ვერშეცვლის არსებობაში. რეალურად არის მხოლოდ არჩევანი და ის თქვენს ხელშია!