რესპირატორული დაავადების დროს მოერიდეთ ბანანის და ყურძნის ჭამას
ნებისმიერ ადამიანს მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციის მკურნალობის საკუთარი მეთოდი აქვს და, როგორც წესი, მასთან ბრძოლას სიცხის დამწევი საშუალებებითა და ანტიბიოტიკებით იწყებს. ასეთ დროს კი მკურნალობა, პირველ ყოვლისა, დიეტით უნდა დაიწყოთ. საკვებს, სხვა ყველა სიკეთესთან ერთად, ერთი განსაკუთრებული თვისებაც აქვს, კერძოდ, არეგულირებს იმუნურ სისტემას და ამაღლებს ორგანიზმის დამცველ ძალებს. გაციების დროს საკუთარ თავს გაცილებით სათუთად უნდა მოექცეთ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ პატარა-პატარა ულუფებით მიირთვით საჭმელი და უპირატესობა თხევად საკვებს მიანიჭოთ. სწორედ ამიტომ, ნებისმიერი სახის ფაფეული, კისელი და ვეგეტარიანული სუპი გაციებული ადამიანისთვის ყველაზე მარგებელია. შემწვარი, მწარე, ცხარე, მლაშე და მჟავე საკვები კი უფრო მეტად აღიზიანებს ლორწოვანს და სასუნთქი გზების შესიებას იწვევს. ამიტომ, უმჯობესია, ასეთ საკვებზე დროებით უარი თქვათ და თავი შეიკავოთ.
ყურადღება მიაქციეთ იმ პროდუქტების კვებით ღირებულებასაც, რასაც ავადმყოფობის დროს მიირთმევთ. თქვენი რაციონი გაჯერებული უნდა იყოს ვიტამინებითა და მიკროელემენტებით – გაციებული ორგანიზმისთვის ამას დიდი მნიშვნელობა აქვს.
ყველაზე მეტად უნდა ჭამოთ ახალი ხილი და ბოსტნეული, თუმცა, ყველა სახეობა როდია ამ დროს მარგებელი. სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ ბანანს, რადგან ის ძნელად გადამუშავდება და ორგანიზმს დამატებითი შრომა უწევს; ასევე, სასურველია, ყურძენსაც მოერიდოთ.
რაც შეეხება სტაფილოს, კარტოფილს, კომბოსტოსა და ჭარხალს, შეგიძლიათ, დიდი რაოდენობით მიირთვათ. ასევე, მარგებელია ხახვი და ნიორი.
მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე – ის არა მარტო ანოტივებს ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანს, არამედ, ჩამორეცხავს იქიდან ავადმყოფობის გამომწვევ მიკროორგანიზმებს. ამ დროს უმჯობესია ჩაისა და გაზგასული მინერალური წყლის სმა. ასევე, კარგია სამკურნალო მცენარეული ნაყენებიც.