რატომ შეიცვალა გვარი ნიკა მემანიშვილმა და რატომ ჰქონდა მას უსიამოვნო საუბარი გია ყანჩელის შვილთან
ყველა ნიჭიერ შემოქმედს უცნაურობები ახასიათებს, უფრო გასაგებად რომ ვთქვა, ბებიაჩემი იტყოდა ხოლმე – ყველა გენიოსი დარტყმულიაო. ადამიანი ინდივიდია და შესაბამისად ეს უცნაურობებიც ინდივიდუალურია, ნიკა მემანიშვილიც (მომავალში ნიკოლოზ რაჭველი) ამ კატეგორიაში შედის. მისი უცნაურობა ტელეფონზე არპასუხში გამოიხატება, რომელიც მისი წრის ადამიანებისთვის დიდი პრობლემაა, თუმცა, ამას თვითონ არ განიცდის, ნერვიც არ უტოკდება და ამ ყველაფერს თავის ახსნას უძებნის ჩვენთან ინტერვიუში. ამ ინტერვიუს მიზეზი კი მისი გვარის შეცვლაა. ინტერვიუზე კი ექსკლუზიური უფლება ერთი თვის წინ მივიღეთ. მართალია, მან დაგვიანებით მოიცალა ჩვენთვის, მაგრამ პირობა არ გაუტეხავს და ამ თემაზე პირველად ჩვენთან საუბრობს.
– მოშვებული და დაღლილი მეჩვენები. რა გჭირს?
– დაღლილი არა, გადაღლილი ვარ. დილით – რეპეტიცია, შუადღეს – სტუდია, საღამოს – სპექტაკლი და კიდევ კარგად გამოვიყურები ამის ფონზე.
– ისე, ყველაზე დიდ „გადამგდებად“ ითვლები, ტელეფონს არ პასუხობ. ამასთან დაკავშირებით არა მარტო ჩემი, არამედ შენი კოლეგებიც გემდურიან.
– მე არ მგონია, რომ ასეთი ვარ (იცინის). არც ერთი ჩემი კოლეგა და თუნდაც ნებისმიერი ჟურნალისტი იმის ნახევრად არ არის დაკავებული, როგორც მე და მხოლოდ მაგიტომ.
– ანუ, ხალხი 24-საათიან „ვეითინგ”-რეჟიმში გყავს?
– ჰო, რა ვიცი, ასე გამოდის. მაგრამ, სასურველია, იმ ხალხის ნაწილი, რომელთანაც საქმიანი შეხება არ მაქვს, შემეშვას – ნუ დარეკავენ და აღარ მოუწევთ ლოდინი. სხვათა შორის, ამ ბოლო დროს უკვე ბევრი ასეც იქცევა. ერთი-ორი წლის წინ ერთი დღის განმავლობაში არ ვუპასუხე არც ერთ სატელეფონო ზარს და დღის ბოლოს 241 „მისთქოლი” დაგროვდა. დღეს, რომ არ ვუპასუხო, დამიგროვდება 5-6 „მისთქოლი”, ან მაქსიმუმ – 10 დანარჩენი კი – ესემესები. მესიჯებით მატყობინებენ აუცილებელი, სასწრაფო თუა ჩემი პასუხი. შეძლებისდაგვარად, მეც ვპასუხობ ესემესით, ან ვურეკავ. რეპეტიციებზე ტელეფონით საუბარი დიდი უკულტურობაა და შესაბამისად, ამ დროს სად გდია ჩემი ტელეფონი, კაცმა არ იცის. ჩაწერის დროს შეიძლება პასუხი, მაგრამ სანოს სტუდიაში საერთოდ არ იჭერს და რა ვქნა?
– დღეში რამდენი საათი ხარ დაკავებული?
– დილის 10-ზე რეპეტიცია რომ მეწყება, მიმთავრდება 4-ზე. აგერ 5-ზე უკვე სტუდიაში მოვედი, მერე მივრბივარ „სუხიშვილების” ახალი შემადგენლობა შემყავს. 7-ზე იქ მოვრჩები და 8-ზე სპექტაკლი მეწყება. დამთავრდება თერთმეტის ნახევარზე. 11-ზე პირველად ვჭამ იმიტომ, რომ დღის განმავლობაში ვერც ვახერხებ და არც მახსენდება, ისე ვარ საქმით გართული. ამის მერე კი საწოლამდე ძლივს ვაღწევ. ზოგჯერ ტანსაცმლიანადვე მეძინება. ძირითადად, კვირა დღე მაქვს შედარებით თავისუფალი.
– ამ დროს როგორ ეთიშები ცხოვრებას?
– არ ვეთიშები კი არა და ვერ ვეთიშები. ამით ბევრს შევუქმნი დისკომფორტს. როდესაც „ქეთო და კოტეს“ ვაორკესტრებდი, მაშინ განმარტოება მჭირდებოდა და ბათუმში მივდიოდი ხოლმე. ერთადერთი კონტაქტი თეა ცეცხლაძესთან მქონდა, რომელიც აჭარის ტელევიზიის ხელმძღვანელი და ჩემი მეგობარია. ამიტომ, თუკი ვინმეს სასწრაფოდ უნდოდა რამე, თეას ეკონტაქტებოდა. შემდეგ მე ვურეკავდი ნინო ნახუცრიშვილს, რომელიც ჩემი დირექტორია და მისი მეშვეობით გვარდებოდა და დღემდე გვარდება ყველაფერი.
– ალბად, ნინოს უწევს უამრავი ბოდიშის მოხდა, შენი დაცვა და შენი საქციელის გამართლება?
– ნინო რომ არ მყავდეს, არ ვიცი რა მეშველებოდა. მას უწევს არგუმენტების ძიება, რომ ჩემი საქციელი გაამართლოს, ყველას უკიდეგანო ბოდიშს უხდის და რაც მთავარია, ისე განიცდის თითოეული ადამიანის საყვედურს, თითქოს თვითონ იყოს რამეში დამნაშავე. მე, რა თქმა უნდა, სულ ვკამათობ და ვამბობ, არ მიმაჩნია, რომ ვინმე ვალდებულია, გამომიყვანოს მდგომარეობიდან, მით უმეტეს, ბოდიშები იხადოს არაფრის გამო, რადგან არ მიმაჩნია, რომ ცუდად ვიქცევი. ჩემი ცხოვრების სტილი ნათელია და ყველასთვის ცნობილია, რა რეჟიმშიც ვარ. ამიტომ, თუ ვინმემ არ იცის, ან არ უნდა, გაიგოს, ეს მისი პრობლემაა. არ ვარ ვალდებული, ვიღაცას ბოდიში ვუხადო იმის გამო, რაც არ დამიშავებია. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის პატივისცემა და ერთმანეთის მდგომარეობაში შესვლა.
– თუმცა, ისიც ვიცი, რომ მიუხედავად სატელეფონო ზარების უყურადღებოდ დატოვებისა, ყოველთვის პირნათლად ასრულებ დაკისრებულ ვალდებულებას.
– კი ასეა. თუ ვთქვი, ვაკეთებ – რადაც არ უნდა დამიჯდეს, იმას აუცილებლად შევასრულებ და თავი დამანებეთ რა (იცინის). აი, შენს შემთხვევაშიც, როცა დამირეკე, პირობა მოგეცი ექსკლუზიურ ინტერვიუზე და ასეც მოვიქეცი. მართალია, 3 კვირის დაგვიანებით, მაგრამ როგორც დრო მომეცა მე თვითონ დაგირეკე. საბედნიეროდ, შენ თავი არ მოგიბეზრებია. თუმცა, ყოველდღე რეკვა და მესიჯების გამოგზავნა რომ დაგეწყო, ეს გამაღიზიანებდა და ცხოვრებაში აღარ გიპასუხებდი. რამდენიმე დღის წინ, ძალიან უსიამოვნო საუბარი მქონდა სანდრო ყანჩელთან, გია ყანჩელის შვილთან, რომელიც მეძებდა გერმანული გამომცემლობა „სიკორსკის“ თხოვნით. მათ გამოსცეს ჩემი გაორკესტრებული ნაწარმოები და ამაში საკმაოდ კარგი ჰონორარი უნდა ამეღო. მაგრამ, ვერ მიპოვეს და 3 თვე ვერ დამიჭირეს, ჩემი რეკვიზიტები რომ გაეგოთ და ჰონორარი გადმოერიცხათ და დღემდე არ მაქვს აღებული ის თანხა, ისევ ჩემი მოუცლელობის გამო. ანუ, ამით იმის თქმა მინდა, ამას შეგნებულად კი არ ვაკეთებ, რომ ვიღაცის მიმართ სიმპათია არ მაქვს და არ ვპასუხობ, ხშირად ასეთი საქციელით საკუთარ თავს უფრო ვაზარალებ.
– ახლა მომიყევი ჩემი მოსვლის მიზეზი გვართან დაკავშირებით – რატომ გადაწყვიტე, რომ რაჭველი გამხდარიყავი?
– რაჭველი ისედაც ვარ (იცინის), მაგრამ დღეიდან ნიკოლოზ რაჭველი ვიქნები. გვარი არ გადამიკეთებია, უბრალოდ, ასე ვთქვათ, ფსევდონიმი იქნება ამ ეტაპზე. თუმცა, არ გამოვრიცხავ, პირადობის მოწმობა და პასპორტიც შემდგომში უკვე რაჭველის გვარით ავიღო. არც ამის დრო მქონდა, რომ მეფიქრა და ჩამოვყალიბებულიყავი რაღაცაში, უბრალოდ, იმ მშვენიერ დღეს, როცა „ფეისბუქის“ ჩემს გვერდზე გამოვაქვეყნე ჩემი გადაწყვეტილება, ვიჯექი და წამიერად გამიელვა თავში – თუ არსებობს გვარი გურული, აფხაზი და ასე შემდეგ, რატომ არ შეიძლება, მე გავხდე რაჭველი?! თანაც, ეს მაშინ, როცა უამრავი წინადადება და შემოთავაზება მაქვს სხვადასხვა ქვეყნიდან, თანაც საკმაოდ გრანდიოზული და მასშტაბური პროექტებია დაგეგმილი. სწორად ამ ფიქრში, რომელიც წამიერად ხდებოდა, თან „ფეისბუქის“ გვერდს ვათვალიერებდი. ეს ჩემთვის განტვირთვისა და ინფორმაციის მიღების ერთ-ერთი წყაროა. ამ დროს გამიჩნდა კითხვა, თუ შევიცვლიდი გვარს რა რეაქცია ექნება საზოგადოებას და მემანიშვილებს. ძირითადად, ყველაზე მეტი მორიდება მაინც ჩემი გვარის წარმომადგენლებთან მქონდა, რომ არ სწყენოდათ. ამიტომ, დავწერე ეს ჩემს გვერდზე და მივიღე აბსოლუტურად ჯანსაღი რეაქცია. ყველაზე მეტად კი, ჩემი გვარის ადამიანებისგან გამიხარდა, რომ სწორად აღიქვეს, მოიწონეს გადაწყვეტილება. თუმცა, იყო რამდენიმე კომენტარი, სადაც ამის გამო მაკრიტიკებდნენ, მაგრამ ეს ნორმალურია. არსებობს ადამიანთა ორი კატეგორია. ერთნი ადვილად ეგუებიან სიახლეებს და მეორენი პირიქით, მაქსიმალურად კრიტიკულად უდგებიან.
– მახსოვს, შენი რეაქცია „ნიჭიერში“ რაჭველების გამოსვლისას, როგორ დადნი, ბედნიერი და ამაყი იყავი.
– ჰო, თუნდაც, აი, ის მომენტი. იმდენად გაცხოველებული სიყვარული მაქვს რაჭველების მიმართ, რომ ჟიურის წევრობის ყველანაირი ჩარჩოდან გამოვედი. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე, უცხოეთში თუკი რამეს გავაკეთებ და სადმე ჩემი აფიშა გაიკვრება, მინდა, ნიკოლოზ რაჭველი ეწეროს. ამით კიდევ უფრო ხაზს გავუსვამ ჩემს წარმომავლობას.
– თუმცა ტელეინტერვიუების დროს მაინც მემანიშვილი იწერება. ჟურნალისტებს არ აფრთხილებ, თუ რა ხდება?
– ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ გადავწყვიტე, მაგრამ ვფიქრობ, საქართველოში ისევ მემანიშვილი დარჩეს. თუმცა, ალბათ, დროთა განმავლობაში, არ გამოვრიცხავ, პასპორტიც რაჭველის გვარით ავიღო. თანაც, როგორც შეგპირდით. არავისთან მისაუბრია ამ თემაზე. დღეს კი თქვენი ჟურნალის მეშვეობით, მრავალ ათას მკითხველს ვაცნობებ, რომ მე ვხდები ნიკოლოზ რაჭველი, ჩემი კუთხის უდიდესი სიყვარულის დასტურად. რაც შეეხება ნიკოლოზს, მინდა ყველგან სრული სახელი დაიწეროს. პატრიარქმა მითხრა, როდესაც ნიკოლოზით მოგმართავენ, შენი ანგელოზი ამ დროს ხარობს და კიდევ უფრო გიცავსო. ლუკა რაზიკაშვილმა ხომ გადაწყვიტა იმთავითვე, რომ თავისი კუთხის (ფშავის) წარმოჩინებით წარმდგარიყო ქართულ ლიტერატურაში, მართალია, ის დიდი გენიოსი იყო და მე არც ვედრები, თუმცა გამიხარდება, თუ მუსიკაში მეც იგივეს ვიტყვი, რაც მან ლიტერატურაში მოახერხა. მაგრამ, ლუკამაც იგრძნო, რომ რაღაც სხვა უნდოდა. რაღაც თვალსაზრისით, შესაძლოა ითქვას, მასაც მივბაძე. აგერ გიო ახვლედიანიც აკა მორჩილაძე გახდა და არც არავის აქვს პრეტენზია. თუმცა, ეს იმდენად ინტიმური მომენტია, რომ არ შეიძლება, ვინმე ცუდად შეეხოს ასეთ გადაწყვეტილებას.
– რაჭველი როგორც გვარი, მგონი, არ არსებობს?
– რაჭველიშვილი არსებობს, ანიტა რაჭველიშვილი მსოფლიო მეცოსოპრანო, მაგრამ რაჭველი როგორც ვიცი, არ არსებობს. თუმცა, მგონი, ანიტაც აპირებს რაჭველი გახდეს. მის შემთხვევაში უფრო ადვილია, შვილს ჩამოაშორებს და მორჩა (იცინის). ახლა ისღა დამრჩენია, როგორც გამოზაფხულდება, ჩავიდე ჩემს ამბროლაურში და დიდი მუსიკალური დღესასწაული მოვაწყო, რომელიც ერთგვარი ჟესტი იქნება ჩემი რაჭველებისა და ახალი გვარის მიმართ. თანაც ამ ბოლო დროს საქართველოს რომელ კუთხეში არ ვიყავი ჩემს ორკესტრთან ერთად, მაგრამ რაჭამდე ვერ ჩავაღწიე.
– ახლა მე როგორ დავწერო? ბატონო ნიკა, ნიკოლოზ თუ როგორ მოგმართო?
– არ ვიცი. ეს ცოტა ისეთი თემაა. ბევრი ისევ ნიკას მეძახის და როგორც შენთვის იქნება მოსახერხებელი ისე დაწერე. საერთოდ ბაბუაჩემს ნიკიფორე ერქვა და თუ გინდა, ნიკიფორე დამიძახე (იცინის).
– ბატონო ნიკიფორე, ნიკა, ნიკოლოზ... ვერ გამოვთქვამ, მეუხერხულება, მომიყევი რამე სახალისო ისტორია. როგორც დუტაზე ამბობენ, უთოს ჩართავ და იქაც დუტას სახეაო, შენც ასე ხარ – სადაც სიმი აჩხაკუნდება, ყველგან შენ ხარ. ბევრი საინტერესო რამ გექნება გასახსენებელი.
– ჰო, საბედნიეროდ, მხოლოდ მუსიკასთან მაქვს შეხება და არა სხვა მიმართულებასთან. დუტა უკვე მრავალმხრივი გახდა და „ლოტოდან“ დაწყებული, ზღაპრებით, სპორტული გადაცემებითა და თეატრალური დადგმებით დამთავრებული, ყველაფერს ერთნაირად კარგად აკეთებს. მისი წარმატების საიდუმლო ის არის, რომ ყოველთვის ყველაფერი მაღალ ხარისხში აქვს. კურიოზებს რაც შეეხება, არ მამახსოვრდება. რა უნდა მქონდეს კურიოზი? არსად ჩავვარდნილვარ, არც დირიჟორის ჯოხი გამვარდნია, არც ვინმეს გავარდნია ბარაბანი, რომ მომხვედროდა და რა ვიცი, რა გავიხსენო (იცინის). კურიოზი ეს არ არის, მაგრამ საინტერესოა, რომ სანამ საქართველოში დავფუძნდებოდი ვენაში ვცხოვრობდი, საიდანაც პერიოდულად ჩამოვდიოდი და კონცერტები მქონდა, ბოლოს მაყურებელი კულისებში შემოდიოდა და მილოცავდა; ვინც ვერ შემოდიოდა, მირეკავდა; თუ არ რეკავდა, ამესიჯებდა მაინც. ახლა, როცა ჩამოვედი, მთავარი დირიჟორი გავხდი და რეგულარული სახე მიიღო ჩემმა დირიჟორობამ, აბსოლუტურად არავინ აღარ მოდის და აღარ მილოცავს. იმას ვერ დავაბრალებ, რომ არ მოსწონთ, რადგან ხშირად ანშლაგები გვაქვს და აპლოდისმენტებით, ბრავოს შეძახილით დარბაზი ინგრევა, მაგრამ ცოცხალი თავით, ახლოს არავინ მეკარება. არადა, ამ დროს ველოდები, ერთი სული მაქვს, როდის მოვა ვიღაც და მომილოცავს, მაგრამ ამაოდ. ქალბატონი ნანი ბრეგვაძის კონცერტი რომ გავაკეთეთ, მოგეხსენებათ, ვიდეოვერსია დავით გერსამიას ეკუთვნის და ეთერში რომ უნდა გასულიყო, ქალბატონმა ნანიმ სახლში ჩაიზე დაგვპატიჟა. თან, ვუყურეთ ჩვენს ნაშრომს. კონცერტი რომ დასრულდა, ატყდა ზარები, მესიჯი მესიჯებზე მოსდიოდა ყველას. მე საცოდავი კი ყველა ზარზე ჩემს ტელეფონს ვუყურებდი, რომელიც დადუმებული იყო. არ ვიცი, ეს რისი ბრალია, მაგრამ ხმამაღლა ვაცხადებ: როგორც პატარა ბავშვი ელოდება სტუმრად მისული ბიძია-დეიდისგან კანფეტს, ისე ველოდები კონცერტის შემდეგ მოლოცვას და გთხოვთ, მომილოცეთ რაა!
– რიგით ადამიანებს რა დამოკიდებულება აქვთ, როცა ქუჩაში გხედავენ?
– ყოველთვის ვგრძნობ მათ სიყვარულს, რაც უბედნიერესს მხდის. ჩვენ, ხელოვანი ადამიანები ძალიან მგრძნობიარენი ვართ და ასეთ რაღაცეებს დიდ ყურადღებას ვაქცევთ, გვსიამოვნებს, თუნდაც მე, რასაც ვაკეთებ ასეთი დოზით, შეიძლება სხვაგან მილიონერი იყოს ადამიანი, მაგრამ მე რომ „ათასიონერიც” არ ვარ, სწორად ამ ხალხის სიყვარული აბალანსებს და ავსებს ყველაფერს. ხშირად ვმგზავრობ ავტობუსით. ჯერ ერთ იმიტომ, რომ საკუთარი მანქანა არ მყავს, სამსახურის მანქანით დავდივარ და ხშირად მანქანის გარეშე ვრჩები, რადგან სამსახურის საქმეს სჭირდება. თანაც, ვგიჟდები ავტობუსით მგზავრობაზე. ასე უფრო მაქვს რიგით მსმენელთან, მაყურებელთან რეალურად ახლო კონტაქტი და ვხვდები მათ დამოკიდებულებასა და სიყვარულს. ეს კი ჩემთვის სასიამოვნო პროცესია და მეხმარება, დავაგროვო მათი დადებითი მუხტი და მერე უფრო მეტი გავცე.