როგორ „აბამს” სამ გოგოს ერთად მიკი ჯეჯელავა და სად აღმოაჩინა ქართველი ჯუდ ლოუ მაკა ზამბახიძემ
მაკა ზამბახიძეს უყვარს ნიჭიერი და საინტერესო ადამიანებისთვის გზის გაკვლევა, თუ ოდნავი ხელის კვრა, რათა ისინი, რაც შეიძლება მალე გაიცნოს და შეიყვაროს საზოგადოებამ. მსახიობი, რადიო და ახლა უკვე ტელეწამყვანი, ქართველი ჯუდ ლოუ, როგორც მას უწოდებენ, მიკი ჯეჯელავაც მათ რიცხვში აღმოჩნდა.
ინტერვიუ 1. ჟურნალისტია
მაკა ზამბახიძე
– ძალიან, ძალიან დიდი სიმპათიებით ვარ შენ მიმართ განწყობილი და არა მარტო მე. არა იმიტომ, რომ უზომოდ სიმპათიური ხარ, შენი თვალებიდან საოცარი გულწრფელობა და სიკეთე მოდის. მიხარია, რომ უკვე ტელევიზიითაც გაგიცნობს ხალხი. ბოლო პერიოდში ძალიან აქტუალური გახდი. აქამდე რას აკეთებდი?
– მართალია, რადიო ძალიან მიყვარს, მაგრამ როდესაც როგორც დიჯეი, არჯეი მიკით მომმართავენ, ცოტა მწყინს, რადგან მინდა, ჩემი ძირითადი პროფესიით გამიცნოს ხალხმა. ზოგადად, რადიო, მსმენელებთან კონტაქტი, ძალიან მსიამოვნებს. დავამთავრე თეატრალური. ჩვენი სადიპლომო სპექტაკლი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა და ის მარჯანიშვილის თეატრში გადავიტანეთ. ასევე, სისტემატურად ვმონაწილეობ თეატრალურ ფესტივალებში, ვმონაწილეობ ფილმში, რომელიც არცთუ ისე წარმატებული აღმოჩნდა და გადაღებული ვარ უამრავ რეკლამაში. ტელევიზიის „სივისთვის“ დამჭირდა იმ რგოლების ჩამოთვლა, სადაც კი გადაღებული ვარ და ყველა ვერ გავიხსენე, იმდენია.
– შენი წარსული იმდენად აქტუალური არ იყო, როგორიც მომავალია. მსუყე და საინტერესო პროექტები გაქვს დაგეგმილი, რომლითაც შენს სახელს აუცილებლად დაიმკვიდრებ ამ ბიზნესში.
– ამ ეტაპზე ეს ტელევიზიაა. მუსიკალური კონკურსის, „ნუცას სკოლას” წამყვანი ვარ. მიხარია, რომ პირველივე ჯერზე კარგ ადამიანებთან, კარგ პროექტში მოვხვდი, გადაცემაში, რომელიც მოწყვეტილია პოლიტიკას, ნეგატივს, აგრესიას. უკავშირდება ნათელ სახეებს, ბავშვებს, რომლებიც მომავალში პერსპექტივას სახავენ. მაგრამ, გადაცემის წამყვანობაზე მეტად მიხარია, რომ ახალი ფილმის გადაღებები იწყება, სადაც მთავარ როლს ვასრულებ. ცნობილი თანამედროვე ქართული რომანის ეკრანიზაციაა, სადაც ჩემთან ერთად ითამაშებს უამრავი საინტერესო ადამიანი – სალომე გასვიანი, თიკო სადუნიშვილი, ნატუკა გაგუნაშვილი...
– შენ ვინ გიყვარს?
– სამივე (იცინიან). საუბარია იმაზე, რომ ჩემი ბაბუის როლი კახი კავსაძემ შეასრულოს. თუმცა, ამაზე ჯერჯერობით მოლაპარაკებები მიდის. ერთ თვეში ვიწყებთ გადაღებებს. გადაღებები იქნება თბილისში, ბათუმსა და სამეგრელოშიც, რადგან მთავარი გმირი მეგრელი ბიჭია.
– პროვინციელი ბიჭი ხარ?
– არა, პირიქით. ძალიან ისეთი, თანამედროვე, „აზრზე მოსული” როგორც იტყვიან.
– შენი ნამდვილი სახელი მირიანია, არა?
– კი. რაც თავი მახსოვს, ყველა მიკის მეძახის. თან, პატარაობისას, თინეიჯერობისას ვფიქრობდი, ცოტა ბებრული სახელი მაქვს-მეთქი და ეს მომწონდა კიდეც. მაგრამ, ახლა მირიანი ძალიან მომწონს და ყველას ასე ვეცნობი. მამაჩემიც მირიან ჯეჯელავაა.
– შენ ყოფილხარ, მირიან ჯეჯელავა მეორე...
– (იცინიან) კი. ის ცნობილი წყალბურთელი იყო და როცა მისი ასაკის ხალხში ვამბობ, მისი შვილი ვარ-მეთქი, არ სჯერათ, რადგან ჩვენ შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაა. ორი დიდი ძმა მყავს.
– გოგოებს ყველაზე მეტად ვიცი, რაც აინტერესებთ, ამიტომ პირდაპირ გკითხავ, რამდენჯერ ყოფილხარ შეყვარებული?
– ისე, თვალთ რომ გიბნელდება და „რომეოვდები” – ორჯერ.
– ანუ, არ ეთანხმები აზრს, რომ სიყვარული ერთხელ მოდის.
– სიყვარული ადამიანში სულ არსებობს, უბრალოდ, გრძნობის ობიექტები იცვლებიან. მაგრამ, არ არსებობს, ის ადამიანი, ვინც გიყვარდა, შენს მეხსიერებაში, გულში, ტვინში არ დარჩეს. არ მინდა, რომ სევდიანად გამომივიდეს, მაგრამ ალბათ, დღე არ გავა, რომ ჩემი პირველი სიყვარული არ გამახსენდეს, სადღაც, წამიერად მაინც არ ჩამიკაკუნოს. არადა, ეს ურთიერთობა მრავალი წლის წინ დამთავრდა.
– რა რეაქცია გაქვს იმაზე, რომ ძალიან ბევრ გოგოს მოსწონხარ? ანუ, აღიქვამ შენ გარეგნობას და სარგებლობ ამით, თუ პირიქით, გაკომპლექსებს?
– ზედმეტი ყურადღება მაკომპლექსებს. ადამიანების ყურადღება კი, რა თქმა უნდა, მახარებს.
– აი, ვთქვათ, ქორწილში რომ მიდიხარ და ყველა გოგო შენ გეპრანჭება, რას შვრები?
– ეს ძალიან სახალისოა ხოლმე, მეცინება ამაზე. იქვე, ვერთობი მაგრამ არა ბოროტად, არავის დავცინი და არ ვამცირებ, ეს გამორიცხულია. პირიქით, მათთან ერთად ვხალისობ. ჩემს ერთ-ერთ მთავარ ღირსებად მიმაჩნია, რომ ვარ უშუალო და ძალიან უბრალო ადამიანებთან ურთიერთობისას. არასდროს წარმომიდგენია, რომ ვინმეზე რამით მეტი ვარ, რა სისულელეა. ბუნებით არ ვარ ასეთი. მეგობრები მეუბნებიან, რომ ზუსტად ისეთი ვარ სხვადასხვა სიტუაციაში, როგორიც მათთან – არ ვთამაშობ და რაღაც ნიღბებს არ ვირგებ. ეს მომწონს.
– ბევრ გოგოს მოსწონხარ, შენ თუ მოგწონს ბევრი?
– მუდმივად არა. შეიძლება იყოს სიტუაცია, როდესაც გინდა, ბევრ ადამიანს გაეპრანჭო – ერთი მოხიბლო, მეორე, მერე მესამე. მაგრამ, ყოველთვის ასე არ არის. შეიძლება ერთი გოგო მომეწონოს და მთელი ჩემი რესურსი მასზე დავხარჯო. ბევრს ვერ ვყოფნი.
– რაღაც მგონია, რომ ახლა არ ხარ შეყვარებული, თვალები დიდად არ გიბრწყინავს.
– ასეა და რაღაც ეს მდგომარეობა დიდხანს გამიგრძელდა. ეს მიშლის კიდეც იმ თვალსაზრისით, რომ შეყვარებული უფრო პროდუქტიული ვარ, მეტს ვმუშაობ, მეტი სტიმული მაქვს.
– რატის კი, ეს ყველაფერი პირიქით აქვს გათავისებული. ოჯახის შექმნა პრობლემა არ არის, თუ შენს მეორე ნახევარს, ისევე უყვარს შენი პროფესია როგორც შენ და პატივს სცემს. მაგალითად, ვახო პირიქითაც კია – საკმარისია, ერთი თვე მაინც გავჩერდეთ ახალი სიმღერის გარეშე, ჩხუბს იწყებს: გააკეთეთ რამე, რას ზიხართ, ამდენ დროს რატომ კარგავთო.
– პირადად მეც, მომისმენია ვახოსგან ასეთი ტექსტები.
– ვახო, ამ შემთხვევაში, მაგალითია, მაგრამ მინდა, რომ წყვილებს შორის ასეთი დამოკიდებულება იყოს. მართალია, შეცდომა ხშირად მოსდით ადამიანებს, მაგრამ არც ეს არის დიდი ტრაგედია. კარგი, მინდა, შენს „სავიზიტო ბარათს“ შევეხო და აუცილებლად უნდა აღვნიშნო, თუ როგორ ჰგავხარ ჯუდ ლოუს.
– მიხარია, რომ კარგ არტისტს მამსგავსებენ. რომ არ დაგიმალოთ, ხშირად თავადაც მიმიმსგავსებია საკუთარი თავი მისთვის. „დღის შოუში” და „ნანუკას შოუში” მხოლოდ იმისთვის მიმიწვიეს, რომ ჯუდ ლოუს ვგავარ (იცინის). ეს სასიამოვნოა, თუმცა არ მინდა, დაუსრულებლად გაგრძელდეს. არ მინდა, ვიღაცის ორეული ვიყო. ადრე თუ გვიან, მინდა, უცხოეთში წასვლა, სადაც ორი ვერსიაა, ან ძალიან არ გამომადგება ეს მსგავსება, ან პირიქით, ამის გამო მივიღებ როლებს. არ ვიცი, რეალურია თუ არარეალური ეს ოცნება, მაგრამ ვოცნებობ ჯუდ ლოუსთან ერთად ვითამაშო კინოში.
ინტერვიუ 2. ჟურნალისტია
მიკი ჯეჯელავა
– მინდა, დასაწყისში ვთქვა, როგორი მაგარი და უშუალო ადამიანი ხარ. მეორე ნახვაზე უკვე მეგონა, რომ მეგობრები ვიყავით და ერთმანეთს წლებია, ვიცნობდით. სიცოცხლითა და ხალისით სავსე ხარ და ეს გარშემო მყოფებისთვისაც გადამდებია. ძალიან გაუმართლა შენს საყვარელ ადამიანს, რომ გვერდით ჰყავხარ. ვახო იხარე და იამაყე (იცინიან)!
– ვახოს სამსახურის რაღაც პროექტის წამყვანი იყავი და ის აღფრთოვანებული იყო შენით. რატისაც მივაწოდე ამას წინათ აზრი, რომ თუ პრეზენტაციას გავაკეთებთ, მისი წაყვანა შენ მოგანდოთ. ძალიან ავიტაცეთ ეს იდეა. ვგიჟდები ნიჭიერი ადამიანების აღმოჩენაზე. არ მინდა, საკუთარ თავზე ასე საუბარი, მაგრამ ბევრისთვის მიმიცია გზა და მერე უკვე თვითონ იციან, რას და როგორ იზამენ. ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ შენ ძალიან, ძალიან ბევრს მიაღწევ.
– რადგან ვახო ვახსენეთ, მინდა დავამატო, რომ ის ძალიან მაგარი ადამიანია და არ ვიცი, ისე შეეფერებით ერთმანეთს. შეიძლება, ბანალური ფრაზაა, მაგრამ ერთმანეთისთვის ხართ შექმნილი. აღნიშნე, რომ ახალი ადამიანების აღმოჩენა გიყვარს. მე უკვე აღმომაჩინე. ახლა კი იმ პროექტში, რომელიც უნდა წავიყვანო, შენ ჟიურის წევრი იყავი და უამრავი ნიჭიერი ბავშვი აღმოაჩინე.
– შენც როგორ განიცდიდი?! ჩვენთან ერთად იჯექი და ნერვიულობდი.
– მართლა, დიდი პასუხისმგებლობაა ასეთი პროექტი. უამრავი კონკურსანტი იყო, რომელთაც შენი შეფასებით გონება გაეხსნათ, ბევრ რაღაცაზე დაფიქრდნენ. ამ შემთხვევაში, საქმე ბავშვებს ეხებათ – კატეგორიული არ ვიქნები, მაგრამ ხომ არ იყო ვინმე ისეთი, ვინც ძალიან მოგეწონა და საბოლოოდ, კონკურსში ვერ მოხვდა?
– საბოლოო შედეგები არ ვიცი, ეს უკვე ნუცას პრეროგატივაა, მან გადაწყვიტა. ჩვენ, უბრალოდ, დავეხმარეთ ასეული ბავშვის, ასე ვთქვათ, დაფერთხვაში. ერთი, ვინც განსაკუთრებით მოგვხიბლა და რატი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, აატირა, იყო გოგონა, რომელიც არაჩვეულებრივად უკრავდა, თავისი აკომპანემენტით მოვიდა. უცხო გარეგნობა, თავდაჯერებულობა, საოცარი ნიჭი – პირდაპირ მოგვნუსხა და ზუსტად ვიცი, რომ ის ბავშვი ამ პროექტშია. კარგი გადაწყვეტილება იყო ამ პროექტის დაწყება, თავიდანვე მიეჩვევიან მოზარდები პროფესიონალებთან მუშაობას და გემოვნებიანი სიმღერების შესრულებას.
– რა ხდება დუეტის კარიერაში?
– როგორც ყველა, ჩვენც ვემზადებით ახალი წლისთვის. სულ რაღაც ორი თვე დარჩა და ჩვენც უნდა ჩავწეროთ საახალწლო სიმღერა, რომელიც, ალბათ, ბატონი ვაჟა დურგლიშვილის იქნება. მისი სიმღერები კარგად გვაქვს დაცდილი, ყველა გვიჰიტდება. ძალიან გვინდა კლიპიც, მაგრამ ეს ყველაფერი ფინანსებზეა დამოკიდებული და ვნახოთ, როგორ მოვერევით. „პროფილში” გვექნება ჩვენი ახალი სიმღერის, „ვარსკვლავების” პრემიერა. ეს არის რომა რცხილაძის უძველესი და უკვდავი სიმღერა. მეტი ჯერჯერობით, არაფერი ხდება.
– ანუ, დუეტს საფრთხე არ ემუქრება. ვგულისხმობ, იმ ჭორებს, რომელიც პერიოდულად ჩნდება ხოლმე.
– არა, რა ვიცი, ჯერჯერობით ერთად ვართ. უკვე იმდენჯერ გავიგე ეს ჭორი, რეაქცია აღარ მაქვს.
– ისე, სულ კინკლაობთ და ჩხუბობთ, არა?
– კი, საშინლად, ისევე როგორც ოჯახის წევრები, სულ რაღაცაზე ჩხუბობენ, ვერ თანხმდებიან. და-ძმამ, დებმა, ძმებმა ხომ გამორიცხულია, ერთი დღე მშვიდობიანად ჩაატარონ, სულ ჩხუბობენ. ასე ვართ ჩვენც. ისე გვიჩხუბია მე და რატის, რომ, არ არსებობს, აი, ხვალინდელი დღე რომ გათენდება, შანსი არ არის, არ დავურეკავ, აღარ ვნახავ, დამთავრდა-მეთქი. მაგრამ, როგორც და – დას და ძმა – ძმას ვერ დაკარგავს, ასეა ჩვენთანაც.
– მომსწრე ვარ, ერთხელ რადიოში რაები მოახდინეთ.
– გახსოვს?! ხომ უეჭველი იფიქრე, დამთავრდა, დუეტი „ჯორჯია” დაიშალაო?
– საღამოს ეთერში უნდა ვყოფილიყავი და უცებ, მესმის ორი ადამიანის როგორი ჩხუბი, იცით?! სასწაული ყვირილი იყო. საშინელება ხდებოდა. ვიფიქრე, დახოცეს ვიღაცეებმა ერთმანეთი-მეთქი. გავედი და რატი და მაკა არ შემრჩა ხელში?! არაადამიანური ხმაური იყო. ყველანი ერთად ვაშველებდით. გვანცა კილასონია გადაირია, თქვენ ხომ არ გაგიჟდით, რა გჭირთო. რაღაც სიმღერაზე იყო დავა...
– სულ რეპერტუარზე და მსგავს რაღაცეებზეა ხოლმე ჩხუბი. ხომ იფიქრეთ იმ წუთში, რომ დუეტის კარიერა დასრულებულიაო?!
– კი (იცინიან). მერე ვინ დგამს ხოლმე შემარიგებელ ნაბიჯს?
– ერთ მეთოდს მივაგენი. უნდა მიუშვა, დაიცლება, დაიცლება, დაიცლება, დამახურებს თავზე ყველაფერს და მერე რცხვენია. ცოტა ხანში მშვიდდება და ხვდება, რამდენი იყვირა, იჩხუბა. მე კი ხმა არ გამიცია და რცხვენია. ვთქვათ, დავურეკავ, რატი, გავაკეთოთ რამე – ოო, არ მცალია, რაღაცეებს ამბობს. კარგი-მეთქი, ვეუბნები და ვტოვებ თავის სიტყვებთან მარტო. მერე, ალბათ უფიქრდება, ანალიზს უკეთებს და ხვდება, რომ არასწორად მოიქცა. საერთოდ, ჩემთვის პირველი ნაბიჯის გადადგმა პრობლემა არ არის. არ ვარ ამაყი და არანაირად არ მამცირებს დარეკვა, მესიჯის მიწერა თუ ნახვა. მაგრამ, რატომღაც, ისე ემთხვევა, რომ თვითონვე ხვდება და ვრიგდებით.
– ვახო ერევა ხოლმე თქვენს ჩხუბში?
– არა, ვაიმე, ვახო რა საყვარელია მაგ დროს, იცი (იცინიან)?! უკვე ისტერიკაში რომ ვართ ხოლმე მე და რატი, ვახო დგება, გადის და მარტო გვტოვებს. თან, მოგვაძახებს, დაგიხოციათ ერთმანეთიო. არ უნდა ვახოს, რომ რატის აწყენინოს, ცოლის მხარე დაიჭიროს, ან რაღაც ეგეთი. თან, ზუსტად იცის, რომ მეორე დღეს სულ სხვანაირად ავჭიკჭიკდებით (იცინიან).
– ეს, ალბათ, იმიტომ, რომ რატი და ვახო მეგობრობენ.
– კი, მაგრამ თავიდან იყო პრობლემები. რატის ძალიან გაუჭირდა შეგუება – ოჯახის წევრი რომ მიდის ოჯახიდან, მამა რომ გოგოს ათხოვებს, დაახლოებით ასეთი შეგრძნებები ჰქონდა. ოცდაოთხი საათი ერთად ვიყავით და მესმის, ძნელი იყო მისთვის. არ სჯეროდა, რომ ისევ ისე ვიქნებოდით, არადა ასეა. ეგონა, მომწყვიტეს. ერთადერთი, თუ ღამის სამ საათამდე კლუბებში არ ვართ, ეს მგონი, პრობლემა არ უნდა იყოს. გავთხოვდებოდი თუ არა, ეს კლუბები უკვე ყელში ამოვიდა. აღარ მენატრება ასეთი გართობა. სიამოვნებით წავიდოდი ჯაზ-კლუბში, მოვუსმენდი სხვა მუსიკას, მიყვარს ხმაურიანი და მხიარული გართობა, მაგრამ ასეთი თბილისში არ გვაქვს. ამ „ქავერების” მოსმენით კი, დავიღალე. თავადაც ამას ვაკეთებთ ამდენი წელია. კვირაში ერთი დღე „სითი ქლაბში” ვმღერით და ესეც მყოფნის.
– ვიცი, რომ შენი შვილიც კარგად მღერის.
– კი, უნდოდა, „ნუცას სკოლაში” მიმეყვანა, მაგრამ ჯერ არ არის მზად ამისთვის. სრულყოფილი სმენა აქვს, ორ ხმაში ფანტასტიკურად მღერის, მაგრამ ამ რაღაც საშინელი მუსიკის, ჰანა მონტანასა და მსგავსი მომღერლების გავლენა ეტყობა, ისევე როგორც მთელ მის თაობას. როგორც ჩვენთვის იყო ჯეკსონი, ჰიუსტონი და სხვა, მათთვის არიან ამ საშინელი მანერის მომღერლები. ვუთხარი, სანამ ამ მანერას არ მოიშლი და სანამ მათ მოსმენას თავს არ დაანებებ, არც იფიქრო კონკურსზე-მეთქი. ეს ამ თაობის სენია. მარტო ჩემი შვილი რომ იყოს, კიდევ რაღაცას მოვუხერხებდი, მაგრამ ყველას ერთად ვერ მოვერევი.
– ინტერნეტსივრცეში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა „ჯორჯიას” კლიპები, საკონცერტო და ტელეჩანაწერები. ერთ დღეს კი ეს ყველაფერი გაქრა.
– ამ ყველაფერს, ჩემი სახელით, ჩემი თაყვანისმცემელი დებდა, თან მარტო ჩვენსას კი არა, ძალიან ბევრი მომღერლისას, მერე მირეკავდნენ და აუ, მაკა, ეს ვიდეო არ მომწონს, ამოშალეო. ყველას სათითაოდ ვუხსნი, რომ არ ვდებ, ხალხო მე! „მაუსის” ხმარებაც არ ვიცი-მეთქი. მაილზე მივწერე, იქნებ სახელი შეცვალო, „ფრომ მაკა ზამბახიძე” არ იყოს-მეთქი. ეს თემა მაწუხებდა, მაგრამ მერე რატიმ ამიხსნა, რომ ეს ჩვენთვის კარგი იქნებოდა. ისე დიდი რაოდენობით ხალხმა ნახა და ისე ჰქონდა ამ ადამიანს ყველაფერი დადებული, უიტნი ჰიუსტონსაც რომ ჩაწერდი, ჩვენი ნამღერი ამოდიოდა. უცებ კი, ერთ დღეს აღმოვაჩინეთ, რომ ეს ყველაფერი წაიშალა.
– ამ ყველაფრის თავიდან დადება კი შეიძლება, მაგრამ დასანანია, თითო ვიდეო ხომ, თითქმის მილიონამდე ადამიანს ჰქონდა ნანახი.
– კი და ყველა სიმღერის რეიტინგი ვიცოდით. ძალიან დაგვწყდა გული. გამოვუშვებდით სიმღერას და ზუსტად ვხვდებოდით, ის ჰიტდებოდა თუ არა. „გულო, გულო” ერთ კვირაში ასი ათასმა კაცმა ნახა. ეს ნიშნავდა, რომ მორჩა, ეს სიმღერა გაჰიტებულია. ახლა თავიდან დავიწყეთ ყველაფერი, მაგრამ, არა უშავს, აღარავინ წაშლის მაინც.