კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უბრუნებს თურქეთი თავის ტერიტორიაზე მდებარე ისტორიულ ძეგლებს ყველას, საქართველოს გარდა

გასულ კვირას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა თურქეთიც მოიარა და თურქეთის პრემიერ-მინისტრს წერილიც მისწერა, რომლითაც თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული სულიერი და ხუროთმოძღვრების ძეგლების გადმოცემის საკითხი დააყენა. ამ მოთხოვნის საფუძველი სავსებით ლეგიტიმურია, იმ მარტივი მიზეზით, რომ თურქეთისვე ინიციატივით, მის ტერიტორიაზე არსებული კულტურული ძეგლები თავიანთ პატრონებს უბრუნდება. შესაბამისად, ბერძნებმა, რუსებმა და სომხებმა ამ ინიციატივით უკვე ისარგებლეს, საქართველო კი თითქოს თამაშგარე დარჩა. რატომ გახდა  საჭირო ამ პრობლემის მოგვარებაში საქართველოს საპატრიარქოს ჩართვა და რატომ ვერ მოხერხდა თურქეთისა და საქართველოს ხელისუფლებების დონეზე საკითხის გადაწყვეტა, – დეტალებს მამუკა გიორგაძე განგვიმარტავს.

 

– პატრიარქის ძალისხმევა აუცილებელი იყო, ეს არ არის სახელმწიფოთაშორის ურთიერთობის საკითხი?

– ძალიან სამწუხაროა, რომ ქვეყანას არ ჰყავს მის ბედზე ოდნავ მაინც მოფიქრალი ხელისუფლება. საუბედუროდ, არათუ ბოლო წლების განმავლობაში, თითქმის 1801 წლიდან დაწყებული, არ ჰყავს ასეთი პატრონი ქვეყანას. მეცხრამეტე საუკუნის შუა წლებში რომ გატყდა ქართველი, მას შემდეგ არ ჰყოლია მნიშვნელოვანი გუნდი, რომელიც შეძლებდა, ეპატრონა ქვეყნისთვის, გაიაზრებდა და გულთან მიიტანდა მთელ ამ სატკივარს.

– აბა, ილია ჭავჭავაძე?!

– მე ხელისუფლებაში წარმოდგენილ ადამიანებზე ვლაპარაკობ, თორემ ეროვნული მოძრაობა ყოველთვის იყო საქართველოში. ქართული სული ყოველთვის იბრძოდა იმისთვის, რომ ეროვნული მმართველი ჰყოლოდა საქართველოს, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ ავუბით მხარი კონკრეტული პიროვნებების ინიციატივას. ვერ აუბეს მხარი ილიას და, შესაბამისად, იმიტომაც აღმოჩნდა საქართველო ისეთი ხელისუფლების ამარა თავისი დამოუკიდებლობის სამი წლის განმავლობაში, რომელმაც არა მარტო ვერ შეძლო დამოუკიდებლობის შენარჩუნება, არამედ, სადაც კი შეიძლებოდა, ყველგან გააფუჭა საქმე. ის პრობლემა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, იმ ხელისუფლების, სოციალ-დემოკრატების კისერზეა, საქართველოზე რომ არც ფიქრობდნენ და არც აინტერესებდათ. შემდეგ მათზე უარესები მოვიდნენ ხელისუფლებაში, კიდევ შემდეგ კვლავ ამორფული საზოგადოება გვყავდა, ჩამოუყალიბებელი ხელისუფლებებით და ასე მოვედით დღევანდელ დღემდე. ამ პრობლემის კიდევ ერთი გამოხატულებაა ოშკის საკითხი: მთელი ხუთი წლის განმავლობაში, იმის ნაცვლად, რომ საქმე ეკეთებინათ, ფსიქოლოგიურად გვამზადებდნენ, ოშკი ინგრევაო, რომ შემზადებული შევხვედროდით ოშკის აღდგენის სანაცვლოდ, აზიზეს მეჩეთის აშენებაზე თანხმობას.

– ახლა უკვე „იუნესკო“ იზრუნებს ოშკზე. 

– საქმეც ესაა, ესე იგი, ყოფილა გზა?! ჩვენს ხელისუფლებას, იმ ადამიანებს, რომლებსაც ევალებათ ამ პრობლემის მოგვარება, არც კი უფიქრიათ სხვა გზებზე. ისინი უბრალოდ იყენებდნენ ოშკის სავალალო მდგომარეობას. თავისთავად, როდესაც ამას აკეთებ, ეს სხვა არაფერია, თუ არა მავნებლობა. არადა არის, თურმე, სხვა გზა, მაშინ, როდესაც ჩვენ ხუთი წლის განმავლობაში ამ მიმართულებით არათუ ნაბიჯი არ გადაგვიდგამს, ხელს ვუშლიდით იმათაც კი, ვინც ფიქრობდა, რომ საქმეს გააკეთებდა. შესაბამისად, ეს წლები დაიკარგა, რადგან ქართველ საზოგადოებას, ქართულ ეკლესიას არასწორ ინფორმაციას აწვდიდნენ, თითქოს რაღაც მზრუნველობით ეკიდებოდნენ ოშკის პრობლემას. ამიტომაც ჩარევა თითოეულ ჩვენგანში აღძრავდა ეჭვს, არ გავაფუჭოთ საქმეო. მაგრამ, როდესაც ეს გაიშიფრა, პატრიარქი დადგა იმ პასუხისმგებლობის წინაშე, რომ ქართულ ტაძრებს საქართველოს ეკლესიის გარდა პატრონი არ ჰყავს და მან გადადგა უპრეცედენტო ნაბიჯი. მისწერა თურქეთის ხელისუფლებას ამ წინადადებით და ამით კიდევ ერთხელ გამოჩნდა ჩვენი ეკლესიის მზრუნველი როლი, რადგან ეს არა მარტო სულიერი დანიშნულების ძეგლია, არამედ არის ქართული არქიტექტურის უბრწყინვალესი ნიმუში და, ბოლოს და ბოლოს, მთელი ის ტერიტორია და ოშკი მისტიკური ადგილია ქართული სახელმწიფოებრიობისთვის. იქ ჩამოყალიბდა ერთიანი ქართული ცნობიერება. ამდენად, პატრიარქის ეს ნაბიჯი ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, არა მხოლოდ ვუპატრონოთ ამ ტაძრებს, არამედ ის სული დავიბრუნოთ, რომლითაც ის ტაძრები აშენდა.

– თურქეთის მთავრობა თანამშრომლობს რუსეთთან, საბერძნეთთან და სომხეთთან მათთვის კუთვნილი ტაძრების დაბრუნების საკითხზე. ჩვენ რატომ ვართ იგნორირებული: იმიტომ რომ არ ვიაქტიურეთ თუ დაბალი ღობე აღმოვჩნდით?

– ამას აქვს თავისი სამართლებრივი, პოლიტიკური და ფსიქოლოგიური მომენტები. სამართლებრივი გახლავთ ის, რომ ეს ყველაფერი უკავშირდება პირველი მსოფლიო ომის შედეგებს და თურქეთმა დაიწყო პირველი მსოფლიო ომის შედეგად ჩამორთმეული ძეგლების დაბრუნება თავიანთი მფლობელებისთვის. ასე რომ, ეს, გარკვეულწილად, ნაბიჯია იმ მიმართულებით, რომ ბოლო პერიოდში სომხები და ბერძნები მნიშვნელოვან წინააღმდეგობებს უწევდნენ, და ამან წამოსწია ეს საკითხი წინა პლანზე. რაც შეგვეხება ჩვენ: ჩვენდა სამწუხაროდ, ამ ეტაპისთვის ქართულ მხარეს არასდროს განუცხადებია არათუ პრეტენზია, გულისწუხილიც კი არ გამოუმჟღავნებია იმ ძეგლების მიმართ. თურქებმა იცოდნენ, რომ, მაგალითად, სომხები დღემდე აცხადებენ პრეტენზიას, იბრძოდნენ, შრომობდნენ, ყოველდღიურად ახსენებდნენ ამ პრობლემას, მაშინ, როდესაც არათუ კომუნისტების დროს, დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდშიც კი არ მოუთხოვია საქართველოს თავისი კულტურული ძეგლები. ელემენტარულად ბრესტ-ლიტოვსკში ქართულმა მხარემ წარმომადგენელიც კი არ გააზავნა.

– მკითხველს დავუზუსტოთ: ლაპარკია რუსეთ-თურქეთს შორის მეოცე საუკუნის დასაწყისში ბრესტ-ლიტოვსკში მიმდინარე საზავო მოლაპარკებაზე.

– დიახ, შემდეგ, როდესაც გაფორმდა ჯერ მოსკოვის, შემდეგ კი ყარსის ხელშეკრულება, ქართულ მხარეს, ფაქტობრივად, პროტესტიც კი არ გამოუხატავს, მაშინ, როდესაც იმ ხელშეკრულებაში სომხური მხარე წინააღმდეგ გამოდიოდა. ამდენად, ბუნებრივია, ტერიტორიას, რომელიც ხელში ჩაგივარდა და მასზე არავინ აცხადებს პრეტენზიას, შენად აღიქვამ ფსიქოლოგიურად და უკვე რწმუნდები, რომ შენია და აღარ იწუხებ თავს. მთავარი ის არის, რომ ამ საუკუნეების განმავლობაში არათუ ამ თემის წამოწევა ვერ შევძელით მსოფლიო საზოგადოების წინაწე, არამედ ისიც კი ვერ მოვახერხეთ, რომ რაღაც ფორმით გამოგვეხატა ჩვენი პრეტენზიები. აქედან გამომდინარე, ძალიან ლოგიკურია თურქეთის მთავრობის პოზიცია, ჩვენც ასე მოვიქცეოდით მათ ადგილას. სხვათა შორის, როდესაც აზიზეს მეჩეთის აშენების სანაცვლოდ ოშკის აღდგენის ხელშეკრულებაზე იყო საუბარი, ჩვენ ოფიციალურად მივმართეთ თურქეთის საელჩოს საქართველოში და ვუთხარით, ნუ შეეცდებიან, ისარგებლონ დღევანდელი ქართული სახელმწიფოს და მისი ხელმძღვანელობის ბუნებით, იმიტომ რომ ჩვენ, როგორც ისტორიულ მეზობლებს, საუკუნეების განმავლობაში მოგვიწევს ურთიერთობა და თავის გამამართლებელ არგუმენტად ვერ გამოდგება დღევანდელი ხელისუფლების ქმედებების გამოყენება. ქართველმა ხალხმაც უნდა ვიაქტიუროთ, ვის რა დონეზეც შეუძლია, დავსვათ ეს საკითხები. თუკი ჩვენ ვიბრძოლებთ, უფალი ჩვენთან იქნება და, თუ უფალი ჩვენთან იქნება, გამარჯვებაც ჩვენთანაა.

– როდესაც გასული საუკუნის 90-იან წლებში თურქეთთან ჩარჩო-ხელშეკრულება გაფორმდა, მასში ჩაიწერა, რომ საქართველო არასდროს განაცხადებს პრეტენზიას თავის იმ ისტორიულ ტერიტორიაზე, რომელიც დღეს თურქეთისაა. ეს მაშინ აიხსნა იმით, რომ, თურქეთი რომ არა, შიმშილით ამოვიხოცებოდით. ეს ხელშეკრულება უშლის ხელს იქ არსებული ძეგლების გადმოცემის საკითხს?

– ამოვიღოთ და ვნახოთ, რაში დაიხარჯა ის 50 მილიონი თურქული კრედიტი?! ის იმისთვის დაიხარჯა, რომ ანზორ ბურჯანაძეს, ჭყონიასა თუ სხვებს ფული ეშოვათ და, აი, ამაში გაიცვალა საქართველოს ინტერესი. სწორედ ამას ვგულისხმობდით, როდესაც, თავის დროზე, იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ვითხოვდით. ესე იგი, რა, იმ 50 მილიონი დოლარის გამო, რომლითაც კერძო პირებმა ფული იშოვეს, ოშკი გავყიდეთ?! შევარდნაძემ კი, იმიტომ რომ მისი ტახტი გარანტირებული ყოფილიყო, გაყიდა საქართველოს ინტერესების დაცვა. ჩვენ რატომღაც გვგონია, რომ პოლიტიკური ბრძოლის მიღმა უნდა ჩავკარგოთ ის, რაც საქართველოს ეხება. იმ მდგომარეობამდე მიგვიყვანეს, რომ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლამ გადაფარა ქართული საქმის კეთება, რაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ქართული საქმე უნდა აკეთო ყველა პირობებში: რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვი თუ სხვა პოლიტიკურ აქტივობას ეწევი. სამწუხაროდ, რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში გაიყიდა ეს ტერიტორიები. ისე დაიდო ეს ხელშეკრულებები, თითქოს იმ 50 მილიონით საქართველო გადარჩებოდა.

– ძალიან საინტერესოა სომხეთის ვალის წარმოშობის ისტორია: სომხეთის კუთვნილ ხორბალს იტოვებდნენ, იმ მოლაპარაკებით, რომ მომავალში გაუქვითავდნენ. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ოფიციალურ დოკუმენტს ითხოვდა. ჩვენი პრემიერ-მინისტრი დოკუმენტში წერდა ხუთ ვაგონს, სამს მოსახლეობას ახმარდნენ, ორს ჰყიდდნენ, ხუთივეს ვალს კი ჩვენ გვაწერდნენ. ისევე, როგორც ამერიკიდან გამოგზავნილი მაღალხარისხიანი ჰუმანიტარული ხორბალი ჯერ თურქეთის პორტში შედიოდა, იქ იცლებოდა, ანუ იყიდებოდა და იტვირთებოდა იაფფასიანი და უხარისხო თურქული ხორბლით.

– დიახ და იმ ადამიანების უმეტესობა ისევ აქტიურია, ზოგი ხელისუფლებაშია და მორალს გვიკითხავს, თან დღესაც იმავეს განაგრძობს. ამის შედეგად კი ერთ მშვენიერ დღეს აღმოვაჩენთ, რომ ეს ქვეყანა აღარ არის ჩვენი და იმ მდგომარეობამდე მივალთ, რომ დასაცავიც არავინ იქნება.

– ჩვენმა პატრიარქმა დასახმარებლად კონსტანტინოპოლის პატრიარქსაც მიმართა. თურქეთის მთავრობისთვის მართლადიდებელი პატრიარქები ანგარიშგასაწევი მხარეა, თუ საქართველო სახელმწიფო დონეზე არ დააყენებს ამ საკითხს?

– თურქეთის ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის საქართველოს პატრიარქის როლი, ფუნქცია და ავტორიტეტი საქართველოში. მან ძალიან კარგად იცის, რა მორალური პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს პატრიარქთან ურთიერთობაში და, ბუნებრივია, ამას აუცილებლად გაითვალისწინებს, მაგრამ, თუ ამას საერთო ძალისხმევაც არ მიემატა და, პირიქით, თუკი ხელი შევუშალეთ მის უწმიდესობას ქართული საქმის კეთებაში, ბუნებრივია, თურქეთის ხელისუფლებას ექნება საბაბი, უარი თქვას. სამწუხაროდ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ამ საკითხებზე, გვავიწყდება, რომ უნდა ვიბრძოლოთ ისეთი მიმართულებითაც, როგორიცაა სამართლებრივი მხარე, ჩვენ შეგვიძლია, ამოვწიოთ იმ პერიოდის ის სამართლებრივი აქტები, რომელთა გამოც უბრუნებენ სომხებს, ბერძნებსა და რუსებს თავიანთ ტაძრებს. ჩვენ შეგვიძლია, წინა პერიოდების დოკუმენტაციაც ამოვწიოთ.  მოვძებნოთ ის სამართლებრივი მექანიზმები, რითაც შესაძლებელი იქნება, განვამტკიცოთ პატრიარქის პოზიციები. მოვძებნოთ პოლიტიკური არგუმენტები. თურქეთისთვის საქართველო საკმაოდ მნიშვნელოვანი რეგიონია და, ამდენად, ბუნებრივია, მრავალი პოლიტიკური არგუმენტი შეგვიძლია, მოვიტანოთ, რომ მათ ქართველთა ინტერესები გაითვალისწინონ. იგივე, როგორიცაა საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირება ამ საკითხებით. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ინტერნეტში სომხურ საიტებზე ყოველდღიურად იდება ახალ-ახალი მასალები, წერილები, არგუმენტები სომხეთის ინტერესების დასაცავად. ისინი მუშაობენ და მთელ მსოფლიოს აგებინებენ, რაშია საქმე. მეორე მხრივ, აზერბაიჯანიც ეწევა ძალიან აქტიურ პროპაგანდას ალბანური ეკლესიის წინ წამოსაწევად, მიუხედავად იმისა, რომ მუსლიმანური სახელმწიფოა. ის არწმუნებს მსოფლიოს, რომ ალბანური ეკლესია არსებობდა.

– არსებობდა?! დავით გარეჯს აცხადებს ალბანური კულტურის ძეგლად.

– დავით გარეჯს და ყარაბაღში არსებულ ძეგლებს. ეს ხალხი ძალიან აქტიურად მუშაობს და ერთ წუთსაც არ კარგავენ იმისთვის, რომ მსოფლიოს მიაწოდონ ინფორმაცია პოლიტიკური, სამართლებრივი თუ ფსიქოლოგიური კუთხით. ჩვენ კი ყველა მიმართულებით ვპასიურობთ. ერთია, რომ ასეთი ხელისუფლება ჰყავს საქართველოს და, მეორე, რომ ჰყავს უპასუხისმგებლო ოპოზიცია, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლითაა გართული და არაფრით განსხვავდება, ამ მხრივ, ხელისუფლებისგან. ოპოზიციას დაუსვამს ოდესმე ეს საკითხები? როდესაც საქართველოში სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტის წარმომადგენლები ჩამოდიან, მხოლოდ იმაზე ვსაუბრობთ, რა ცუდ რაღაცეებს სჩადის რეჟიმი, მაგრამ არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ საქართველოს ინტერესი დაცული უნდა იყოს ყველგან. გამოგვიყენებია ევროსაბჭოს ტრიბუნა იმისთვის, რომ ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა თურქეთისთვის შეგვეხსენებინა, რომ, ბატონებო, თქვენთან ჩვენი კულტურის ძეგლებია? იქნებ, როდესაც დგება რაღაც საკითხები, რომლებიც თურქეთს უკავშირდება, ძალიან მეგობრულად, თბილად და საქმიანად შევახსენოთ მათ ეს პრობლემა?! არ გვაქვს პრეტენზია თვითონ ტერიტორიის კუთვნილებაზე, მაგრამ იქ რომ ჩვენი კულტურული ძეგლები დგას, ფაქტია. ჩვენ ეს ყოველ წამს უნდა ვაკეთოთ. სამწუხაროდ, დღეს ისინი, თავი პოლიტიკურ ელიტად რომ მიაჩნიათ, არ არიან ქართული ცნობიერების მატარებელი. ეს ელიტა იმისთვისაა, რომ თავი მოიწონოს დემოკრატიულობის სტატუსით და იბრძოლოს ძალაუფლებისთვის.

– ცნობილია, რომ სომხეთი თურქეთში მდებარე ქართულ ტაძრებზე აცხადებს, რომ ისინი სომხური არქიტექტურის ძეგლებია. თუ ასე უპატრონოდ დარჩა ის ძეგლები, შეიძლება, რომ სომხეთს ერგოს? არის ეს საშიშროება?

– ეს საშიშროება არის. რუსეთ-თურქეთის ურთიერობას მეოცე საუკუნის დასაწყისში საქართველოს ეს ტერიტორია შეეწირა. დღესაც არ არის გამორიცხული, კვლავ ვიღაცის ინტერესებს შეეწიროს ქართული ინტერესი, მაგრამ აქ მთავარი ერთი თემაა: თვითონ სომხებმა ძალიან კარგად იციან, რომ ზედმეტს ითხოვენ, ისევე, როგორც საქართველოში ითხოვენ 600 ეკლესიას და შემდეგ იტყვიან, თუ ექვსასი არა, ექვსი მაინც მოგვეცითო; იქაც იტყვიან, თუ დანარჩენი არა, მაშინ იშხანი მაინც მოგვეცითო. ამდენად, მუშაობას ყოველთვის აქვს აზრი და მოაქვს შედეგი. როდესაც იბრძვი და ძალას არ იშურებ, შენს ინტერესს ყოველთვის ითვალისწინებენ. მით უმეტეს, თუ ეს ინტერესები დიდი ინტენსივობით გამოითქმება.

 

 

скачать dle 11.3