როდის გამოაჩენს კავკასიონის სამხრეთი ფერდობი თავის ცხრაბალიან სეისმურ აქტივობას და რა სიმძლავრის მიწისძვრას გაუძლებს თბილისში მდებარე ექსპლუატაციის ვადაგასული საცხოვრებელი სახლები
ბოლო წლებში დედამიწაზე მიწისძვრები და, ზოგადად, ბუნებრივი კატაკლიზმები არა მხოლოდ გახშირდა, არამედ ჩვენ გარშემო ლამის ერთგვარი რკალიც შექმნა. სულ ახლახან თურქეთში საკმაოდ ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რომლის ტალღებმაც სომხეთიც შეაზანზარა, უფრო ნაკლებად კი – აზერბაიჯანი. ბუნებრივია, მიწისძვრის თავიდან აცილება შეუძლებელია, მაგრამ, მეორე მხრივ, სავსებით რეალურია მიწისძვრით გამოწვეული დამანგრეველი შედეგების შემცირება. ეს კი, უპირველესად, შენობა-ნაგებობების სეისმომედეგობაზეა დამოკიდებული. აკმაყოფილებს თუ არა საქართველოში ახალმშენებლობები არათუ საერთაშორისო, რაიმე სტანდარტებს მაინც და რა მდგომარეობაშია თბილისში საკმაოდ მრავლად არსებული უკვე ამორტიზებული საცხოვრებელი სახლებისა თუ კორპუსების სეისმომედეგობა. თემაზე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გურამ გაბრიჩიძე გვესუბრება.
– მიწისძვრის პრევენციის ერთ-ერთი საშუალებაა ნაგებობების სეისმომედეგობა. რა მდგომარეობაშია, ამ მხრივ, ჩვენი შენობები?
– ანუ საკითხი ასე დგას: როგორ ვაშენოთ სეისმურად აქტიურ რეგიონებში. ერთი საუკუნეა უკვე, რაც მთელი კაცობრიობა რაღაც ნორმებს ქმნის, თუმცა ეს ნორმები ვითარდება, დაახლოებით, 10-15 წელიწადში იცვლება და ასე მოვედით ოცდამეერთე საუკუნემდე. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და ჩვენ დამოუკიდებელი გავხდით, რთული პრობლემები დადგა ჩვენ წინაშე. იცით, რომ საბჭოთა დროს ცენტრალიზებულად აშენებდნენ, ყველაფერი დარეგულირებული იყო, მათ შორის, ნაგებობების სეისმური მედეგობა.
– უხარისხო მშენებლობები საბჭოეთის სავიზიტო ბარათი იყო, სეისმომედეგობის ნორმებს იცავდნენ?
– რა თქმა უნდა. სეისმომედეგობის საბჭოთა ნორმები ერთ-ერთ კარგ ნორმებად ითვლებოდა და დღესაც ასეა, მაგრამ ჩვენ გამოვედით იმ საბჭოთა სივრციდან. მართალია, სახელმწიფო, ფაქტობრივად, არ ერევა საბაზრო ეკონომიკაში, მაგრამ, რამდენადაც შენობების აგება უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული, უსაფრთხოების უზრუნველყოფა კი სახელმწიფოს ფუნქციაა, ამიტომ მშენებლობები ნორმებს უნდა იყოს დაფუძნებული. მაგალითად, 1991 წლის რაჭის მიწისძვრა ისეთივე პარამეტრების იყო, როგორიც ის მიწისძვრა, რომელიც ახლა მოხდა თურქეთში, თუმცა თურქეთისნაირი დამანგრეველი შედეგები არ მოუტანია. ერთი სოფელი მთლიანად დაიფარა, თორემ ისე ვერ ნახავდით რაჭაში სახლს, რომელიც მთლიანად დაქცეულიყო. ეტყობა, ეს მაინც მშენებლობის კულტურის შედეგია. როგორც ჩანს, საქართველოში უფრო საფუძვლიანად აშენებდნენ, თუმცა ნორმების გარეშე. ერთი სიტყვით, პრობლემა ასეთია: როგორ ვაშენოთ ახალი და რა ვუყოთ ძველს? რაც შეეხება ძველს: ჩვენმა ინსტიტუტმა საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე დასვა საკითხი, რომ უნდა გაკეთებულიყო სეისმომედეგობის ეროვნული ნორმები და 2010 წლიდან ეს ნორმები, თუ როგორ უნდა ვაშენოთ, უკვე დევს ეკონომიკის სამინისტროს ვებ-გვერდზე.
– ყველა, ვინც 2010 წლიდან აშენებს, ვალდებულია, დაიცვას ეს ნორმები?
– რა თქმა უნდა.
– ვინ ამოწმებს, ასრულებს თუ არა ამ ვალდებულებას სამშენებლო კომპანია?
– მაკონტროლებელი ორგანო ახლა ყალიბდება.
– ანუ 2010 წლამდე ნორმების გარეშე აშენებდნენ?
– საბჭოთა ნორმებით აშენებდნენ, რომლებსაც ვადა გაუგრძელდა და ის ნორმები ნაწილობრივ ახლაც მოქმედებს.
– რა სიმძლავრის მიწისძვრაზე გათვლით შენდებოდა საბჭოთა დროს შენობები საქართველოში?
– თბილისი მაშინაც და ახლაც გათვლილია 8 ბალზე.
– ანუ რვაბალიანი მიწისძვრის ალბათობა დაბალია, თუმცა შესაძლებელია?
– რვაბალიანი მიწისძვრა თბილისში შეიძლება, მოხდეს 500 წელიწადში ერთხელ, მაგრამ ის შეიძლება, მოხდეს ხვალაც. მაგალითად, წინა საუკუნეში, ასი წლის განმავლობაში, საქართველოს ტერიტორიაზე ორი ცხრაბალიანი მიწისძვრა მოხდა: რაჭის და უფრო ადრე გეგეჭკორის, რვაბალიანი კი – ექვსი თუ შვიდი იყო. ბალიანობას განსაზღვრავენ სეისმოლოგები, მათ მიერ მოწოდებულ რუკებს კი ჩვენ ვურთავთ ნორმებს, რომლებიც მშენებლებმა უნდა გაითვალისწინონ. ასეთი ნორმები, როგორც გითხარით, 2010 წლის იანვრიდან დევს ეკონომიკის სამინისტროს ვებ-გვერდზე.
– 2010 წლამდე ვინ ამოწმებდა ამ ნორმების დაცვა-არდაცვას?
– იყო ექსპერტიზის სამსახური, რომელიც ატარებდა დიდი მშენებლობების ექსპერტიზას. ყოველ შემთხვევაში, ეს ახალი ნორმები იმას ნიშნავს, რომ ისინი მაქსიმალურადაა მიახლოებული ევროპულს და ჰარმონიზებულია მასთან.
– რა განსხვავებაა საბჭოთა და ევროპულ ნორმებს შორის? რით ჯობია ევროპული, უფრო უსაფრთხოა?
– უბრალოდ სხვადასხვა მიდგომებია. საბჭოთა ნორმებში პირდაპირ იყო მითითებული, რის გაკეთება არ შეიძლებოდა, ევროპულ ნორმებში კი ასეთი აკრძალვები არ არის, იმიტომ რომ ისინი დემოკრატიულ ღირებულებებზე არიან ორიენტირებული. ამიტომ არც ჩვენს ნორმებშია აკრძალვები, მაგრამ ვაძლევთ რეკომენდაციას, რომ, თუ გინდა ასე და ასე ააშენო, ესა და ეს უნდა გაითვალისწინო. ეს რაც შეეხება ახალ მშენებლობებს.
– მაგრამ რა ვუყოთ ძველ შენობებს, რომლებიც ასე მრავლადაა?
– ეს, ფაქტობრივად, მსოფლიო პრობლემაა. მეცნიერება წინ მიდის, ნორმები იცვლება და ტოვებს საშინელ კვალს. მთელი მსოფლიო და, მათ შორის, თბილისი აშენებულია ისეთი ნორმებით, რომლებიც თანამედროვე შეხედულებით არასაიმედოა. იცით, რომ თბილისში არის მეცხრამეტე საუკუნეში აშენებული შენობები, რომლებიც საერთოდ არ არის გათვლილი არანაირ მიწისძვრაზე. რა ვუყოთ ასეთ შენობებს? ზოგი ამბობს, რომ 20 წლის წინათ აშენებული შენობები არ აკმაყოფილებს თანამედროვე ნორმებს, მაგრამ, რა? გავაძლიეროთ.
– შეიძლება გაძლიერება?
– შეიძლება, მაგრამ ჯერ შესწავლა სჭირდება. როდესაც ვამბობთ, რომ შენობა აშენებულია შვიდ ბალზე და ამიტომ ვერ გაუძლებს რვა ბალსო, არასწორია, იმიტომ რომ 7 ბალზე გაანგარიშებისას ნაგრიშის მეთოდიკა გულისხმობს, რომ რაღაც დაშვებებია გაკეთებული. ზოგ 7 ბალზე გათვლილ შენობას, კოეფიციენტების გარეშე რომ იანგარიშო რვა ბალიანად, შეიძლება, არაფერი არ დასჭირდეს. მით უმეტეს, რომ ძალიან ძველი შენობები სეისმომედეგობის გარეშეა აშენებული, მაგრამ ისინი ხომ არ უნდა დავანგრიოთ.
– არის ასეთი შენობები თბილისში?
– როგორ არა, მაგალითად, სახლი, სადაც მე ვცხოვრობ, მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსაა აშენებული, მაგრამ მერე რა? მეტრნახევრიანი აგურის კედლები აქვს. ამდენად, ხელაღებით არ შეიძლება ამის თქმა. მით უმეტეს, რომ არის თანამედროვე, უახლესი მეთოდებით აშენებული შენობები, რომლებიც ძალიან საშიშია.
– რატომ?
– პროექტირების დროს ისეთი რაღაცეები არ არის გათვალისწინებული, რომ შესწავლა სჭირება.
– როდესაც შენობას გასდის ექსპლუატაციის ვადა, ნიშნავს, რომ მის სეისმომედეგობასაც გასდის ვადა?
– ჯერ თვითონ ეს ექსპლუატაციის ვადაა ძალიან ხელოვნური. მაგალითად, ნორმებში წერია, რომ ამა და ამ შენობის ექსპლუატაციის ვადაა 50 წელი, მაგრამ რა უნდა მოუვიდეს ამ შენობას 50 წლის შემდეგ, ამას არავინ ამბობს და, რასაკვირველია, არავინ მიადგება მას 50 წლის შემდეგ დასანგრევად. შენობას გადამოწმება სჭირდება, იმიტომ რომ ის მორალურ ცვეთას განციდის, გარდა ამისა, რომ გარკვეული დროის შემდეგ ამორტიზდება. ცვეთა უფრო ფართო ცნებაა. შეიძლება, შენობა დაზიანდეს საძირკველში წყლის ჩასვლის გამო; იმის გამო, რომ მცხოვრებმა რომელიმე კედელი დაანგრია. ანუ უნდა შეფასდეს ნაგებობების რეალური მდგომარეობა ადგილზე. ეს გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე ახლის აშენება. ახალმშენებლობების დროს იტყვი, საჭიროა ასეთი მასალა, ასეთი აგური, ასეთი არმატურა და პრობლემა მოგვარდება, მაგრამ უკვე აშენებულთან მიმართებაში სირთულეებია: უნდა ინახოს პროექტი, თუ ის არსებობს, შემდეგ ადგილზე უნდა შეამოწმო, ამ ხნის განმავლობაში როგორ შეიცვალა შენობის სიმტკიცე, უნდა შეაფასო მისი რეალური ტექნიკური მდგომარეობა, სად გაჩნდა ბზარი და ასე შემდეგ. ეს მონაცემები შედის კომპიუტერში და კომპიუტერი ძალიან ლამაზად გიანგარიშებთ, რომელ შენობას რა პრობლემა აქვს.
– ძალიან მეპარება ეჭვი, რომ ვინმემ დაიაროს და ადგილზე შეამოწმოს ამდენი შენობა იმის გასარკვევად, რომელს სად უჭირს?
– რატომ არა?! ყველამ რომ თავის სახლს მოუაროს?
– არ მჯერა, რომ სახელმწიფო ამისთვის გაიღებს თანხას. რას ურჩევთ მოსახლეობას, რომლებიც ვადაგასულ სახლებში ცხოვრობენ, რას უნდა მიაქციონ ყურადღება?