როგორ ჩაშალა ერეკლე მეორემ რუსი გენერლის შეთქმულება და ვინ უნდა ყოფილიყო ქართლ-კახეთის მეფე რუსეთის გეგმის განხორციელების შემთხვევაში
1770 წელს საქართველოში შემოვიდა რუსეთის საექსპედიციო კორპუსი გენერალ გოტლიბ-კურტ-ჰენრიხ ტოტლებენის მეთაურობით. ქართველთა და რუსთა გაერთიანებულ ლაშქარს ოსმალთაგან უნდა გაეთავისუფლებინა სამცხე-საათაბაგოს ციხეები. ნაცვლად ამისა, გენერალმა ტოტლებენმა აწყურის ციხესთან გამართულ ბრძოლაში ერეკლე მეორე მიატოვა და მისი ტახტიდან ჩამოგდებაც განიზრახა. დღემდე პოლემიკის საგანია, პირადი ინიციატივით მოქმედებდა ტოტლებენი თუ რუსეთის საიმპერატორო კარის დავალებით. ამის შესახებ გვესაუბრება საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი ვახტანგ გურული.
– რა მოვლენები უძღოდა წინ რუსეთის საექსპედიციო კორპუსის საქართველოში შემოსვლას?
– 1768 წელს დაიწყო რუსეთ-ოსმალეთის მორიგი ომი, რომელიც ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში მიმდინარეობდა. ამ დროისთვის დასავლეთ საქართველო (იმერეთის სამეფო, სამეგრელოს, გურიისა და აფხაზეთის სამთავროები) ოსმალეთის, ხოლო აღმოსავლეთ საქართველო (ქართლ-კახეთის სამეფო) – ირანის სავასალო იყო. იმერეთის მეფე სოლომონ პირველი ოსმალეთის წინააღმდეგ ომში რომ მიიღებდა მონაწილეობას, ამის შესახებ რუსეთში არც კი ეჭვობდნენ. სამაგიეროდ, რუსეთის იმპერატორი არ იყო დარწმუნებული, რომ ქართლ-კახეთის მეფე, ერეკლე მეორე, ოსმალეთის მხარეზე ჩაებმებოდა ომში, რადგან ერეკლე 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მტკიცედ ადგა პროირანულ ორიენტაციას და კარგი ურთიერთობა ჰქონდა როგორც ირანთან, ასევე ოსმალეთთან. ერეკლემ მაინც გადაწყვიტა ომში ჩაბმა და ასე შეიქმნა რუსეთ-იმერეთ-ქართლ-კახეთის სამხედრო პოლიტიკური კავშირი. შეთანხმებისამებრ, 1769 წელს, დარიალის ხეობით საქართველოში შემოვიდა რუსეთის საექსპედიციო კორპუსი 480 კაცითა და 4 ქვემეხით. მოგვიანებით საექსპედიციო კორპუსის რაოდენობა 1 200 კაცამდე გაიზარდა. პირობის თანახმად, ქართლ-კახეთისა და რუსეთის ლაშქარი მტკვრის ხეობაში უნდა შესულიყო და გაეთავისუფლებინა აწყურის, ხერთვისის, ახალციხისა და ახალქალაქის ციხეები.
– შემდგომში როგორ განვითარდა მოვლენები?
– რუსთა და ქართველთა ლაშქარი 1770 წლის მარტში სურამში შეერთდა. ქართველთა ლაშქარი 7 000 კაცს ითვლიდა, ხოლო რუსთა 200 კაცს. პირველი ეჭვი გენერალ ტოტლებენის მიმართ ერეკლეს მაშინ გაუჩნდა, როდესაც გენერალმა 1 200 კაციდან აწყურის ციხის ასაღებად მხოლოდ ნახევარი (600-700 კაცი) დაძრა, ხოლო ქვემეხები საერთოდ დატოვა. 17 აპრილს დაიწყო აწყურის ციხის იერიში, რომელიც მძიმე არტილერიის უქონლობის გამო წარუმატებლად მიმდინარეობდა. ერეკლე მეორე გენერალ ტოტლებენს ურჩევდა, ციხეების აღებისთვის საერთოდ დაენებებინათ თავი და მტკვრის ხეობაში ახალციხის მიმართულებით გაეგრძელებინათ ლაშქრობა, რადგან ახალციხის აღებას დიდი სამხედრო სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. მისი აზრით, ახალციხემდე არსებული ციხეების აღებაზე დიდი დრო და ენერგია დაიკარგებოდა, რაც ოსმალებს ახალციხის საფუძვლიანი გამაგრების საშუალებას მისცემდა. ქართველთა და რუსთა ლაშქარი, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მისულიყო ახალციხესთან. ტოტლებენმა ეს რჩევა არ მიიღო, 18 აპრილს კი ბრძოლა საერთოდ შეწყვიტა და რუსის ჯარი სურამისკენ გამოაბრუნა. ქართველთა ლაშქარი უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც აწყურის გარნიზონის დასახმარებლად ოსმალთა ახალი ძალები გამოემართნენ. ტოტლებენის გათვლა ძალიან მარტივი იყო: გენერალმა კარგად იცოდა, თუ რა მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ჩაცვივდებოდნენ ერეკლე და ქართული ლაშქარი რუსთა ღალატის შემდეგ. ტოტლებენი ვარაუდობდა, რომ ქართველთა ლაშქარს ოსმალები გაანადგურებდნენ და ერეკლეც დაიღუპებოდა.
– რა მოიმოქმედა ერეკლე მეორემ გენერალ ტოტლებენის ღალატის შემდეგ?
– ერეკლე მეორემ ვითარება ზუსტად შეაფასა, ამიტომ, აწყურის ციხეს სასწრაფოდ მოხსნა ალყა და უკან დაიხია. ბრძოლა ქართველებსა და ოსმალებს შორის მოხდა 20 აპრილს, ასპინძასთან. ერეკლეს ბრწყინვალე მხედართმთავრული ნიჭის წყალობით ოსმალთა და ლეკთა გაერთიანებული ლაშქარი სასტიკად იქნა დამარცხებული. ერეკლეს არ ჰქონდა ზუსტი ცნობები, თუ რას აპირებდა გენერალი ტოტლებენი, ამიტომ სურამის გავლით თბილისში დაბრუნებაზე უარი თქვა და ჯავახეთის გზით სასწრაფოდ დაბრუნდა დედაქალაქში, რათა გადამჭრელი ზომები მიეღო ავანტიურისტი გენერლის გეგმების ჩაშლის მიზნით.
– რა მოიმოქმედა გენერალმა ტოტლებენმა აწყურიდან უკან დახევის შემდეგ?
– გენერალი ტოტლებენი სურამში დაბანაკდა. იგი ერეკლეს დაღუპვასა და ქართული ლაშქრის განადგურებას ელოდა, მანამდე კი დროს არ კარგავდა და რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე ადგილობრივი მოსახლეობის დაფიცება დაიწყო. ეს უკვე იმას ნიშნავდა, რომ გენერალი, ფაქტობრივად, ერეკლეს წინააღმდეგ ამბოხებას ჩაუდგა სათავეში. როდესაც ერეკლეს მიერ მოპოვებული ბრწყინვალე გამარჯვების შესახებ შეიტყო, რუსი გენერალი შეშინდა და იმერეთში გადავიდა.
– როგორი იყო ტოტლებენის გეგმა და ვისი დავალებით მოქმედებდა იგი?
– ეს ძალიან რთული საკითხია. დეტალურად მსჯელობა ჭირს აუცილებელი მასალის სიმცირის გამო. არსებობს რამდენიმე ვერსია, მათ შორის, ყველაზე დაუსაბუთებელია ვერსია იმის შესახებ, რომ გენერალი ტოტლებენი მოქმედებდა პირადი ინიციატივით. ეს ვერსია შექმნეს რუსებმა, რათა დაეცვათ რუსეთის საიმპერატორო კარის პრესტიჟი და მათი ფარული გეგმები არ გამჟღავნებულიყო. მეორე ვერსიის მიხედვით, გენერალი ტოტლებენი მოქმედებდა უცხო ქვეყნების (ოსმალეთი, ინგლისი) ინტერესებიდან გამომდინარე, რომელთაც არ სურდათ სამხრეთ კავკასიაში რუსეთის მიერ დიდი გამარჯვებების მოპოვება. ეს ვერსია ეფუძნება იმას, რომ წინა წლებში რუსეთ-პრუსიის ომის დროს, რუსეთის იმპერატორის სამსახურში მყოფი ეროვნებით გერმანელი (პრუსიელი) გენერალი გოტლიბ-კურტ-ჰენრიხ ტოტლებენი, დაპატიმრებულ იქნა პრუსიის სასარგებლოდ ჯაშუშური საქმიანობისთვის. სახელმწიფო ინტერესების ღალატის გამო ტოტლებენი რუსეთში გაასამართლეს და სიკვდილი მიუსაჯეს, მაგრამ შემდგომ ეკატერინე მეორემ მოღალატე გენერალი შეიწყალა და მხოლოდ ქვეყნიდან გასახლება აკმარა. რუსეთის საიმპერატორო კარზე მყოფი გერმანელების მხარდაჭერით ტოტლებენმა რამდენიმე წლის შემდეგ რუსეთში დაბრუნება შეძლო და საქართველოში გამოგზავნილი საექსპედიციო კორპუსის მეთაურადაც დაინიშნა. მოქმედებდა თუ არა ამჯერად ტოტლებენი ინგლისისა და ოსმალეთის სასარგებლოდ, ძნელი სათქმელია. ყველაზე უფრო დასაბუთებულია მესამე ვერსია, რომლის მიხედვითაც, ტოტლებენი მოქმედებდა რუსეთის საიმპერატორო კარის ფარული ინსტრუქციის თანახმად. ამის დასამტკიცებლად მრავალი საბუთი არსებობს. აღსანიშნავია ის, რომ ტოტლებენს გადაუდგნენ მისივე საექსპედიციო კორპუსის ოფიცრები, რომლებმაც ვერანაირად ვერ ახსნეს გენერლის მოღალატური საქციელი. ამ ოფიცრების მიერ მიცემული ჩვენებები არ გაითვალისწინა, რუსეთის საიმპერატორო კარმა, ამ საქმის ძიება ბოლომდე არ მიიყვანა და ტოტლებენი გაამართლა.
– არსებობს ვერსია, რომ ტოტლებენს თანაუგრძნობდნენ ერეკლეს მოწინააღმდეგე ქართველი თავადები. იზიარებთ თუ არა ამ ვერსიას?
– უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ტოტლებენს მხარს უჭერდნენ ქართლის თავადები, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ ქართლის ტახტი ერეკლე მეორეს უკანონოდ ჰქონდა მიტაცებული, ტახტი კი ვახტანგ მეექვსის შთამომავლებს ეკუთვნოდათ. შეიძლება ითქვას, ქართლის თავადების დიდი ნაწილი მუდმივ ოპოზიციაში იყო ერეკლე მეორესთან და, ჯერ ვახტანგ მეექვსის ვაჟის – ბაქარის ქართლის ტახტზე აყვანას, ხოლო შემდეგ, ბაქარის მემკვიდრის ქართლში დაბრუნებას ცდილობდნენ. რუსეთის საიმპერატორო კარზე ამის შესახებ შესანიშნავად უწყოდნენ. გამორიცხული არ არის, რომ გენერალ ტოტლებენს პეტერბურგშივე მისცეს ინსტრუქცია ერეკლეს წინააღმდეგ ქართლის თავადებთან კავშირის დამყარების შესახებ. ყოველ შემთხვევაში, დოკუმენტურადაა დადასტურებული, რომ გენერალ ტოტლებენს ერეკლეს წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში მხარს უჭერდნენ დავით ქსნის ერისთავი და ზაალ ორბელიანი. 1770 წელს, ასპინძის ბრძოლის შემდეგ, ერეკლემ, რუსეთის იმპერატორისთვის გამარჯვების მილოცვის მიზნით, პეტერბურგში ელჩობა მიავლინა. გავრცელებული მოსაზრების საწინააღმდეგოდ უნდა ითქვას, რომ ამ დროისთვის ერეკლე მეორე, თავისი პროირანული ორიენტაციის გამო, სულაც არ იყო მისაღები პიროვნება რუსეთისათვის. რუსეთის საგარეო საქმეთა კოლეგიაში ზაალ ორბელიანს პირდაპირ განუცხადეს, რომ ეკატერინე მეორე უკმაყოფილოა ერეკლე მეორის პოლიტიკითო. ამ განცხადებით გახარებულ ზაალ ორბელიანს დაუფარავად უთქვამს: თუ ეკატერინე მეორე ერეკლეთი კმაყოფილი არ არის, მეფედ ან რუსი დასვით, ან ქვეყანა იმერეთის მეფე სოლომონს უბოძეთო. ასეთი გულახდილი დიალოგიდან კარგად ჩანს, რომ რუსეთის საიმპერატორო კარი და ქართლის თავადები შეთანხმებული გეგმით მოქმედებდნენ.
– თქვენი აზრით, მაინც კონკრეტულად რას ისახავდა გენერალ ტოტლებენის გეგმა?
– წარმატების შემთხვევაში, რუსეთი შეეცდებოდა ერეკლე მეორის ტახტიდან გადაყენებას და ქართლ-კახეთის ოკუპაციას. არ იყო გამორიცხული, ვითარების გათვალისწინებით, რუსეთს ხელი აეღო ქვეყნის ოკუპაციაზე და ერეკლეს ნაცვლად ტახტზე მისთვის სასურველი კანდიდატი აეყვანა. შეიძლება, რუსეთს ქართლ-კახეთის სამეფოს ორად გაყოფისა და ქართლში ვახტანგ მეექვსის შთამომავლის გამეფების გეგმაც ჰქონდა. უფრო დაწვრილებით რამის მტკიცება ძნელდება, რადგან ერეკლემ ტოტლებენის ავანტიურა ჩაშალა, ხოლო შეთქმულების მონაწილეთა საქმის ძიება და დამნაშავეთა გასამართლება, რუსეთის მოთხოვნით, ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. ყველა შემთხვევაში, ეს იყო ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული რუსეთის ვერა გული გეგმა, რომელსაც შორს მიმავალი მიზნები ჰქონდა.