„აბა, რა ეგონათ?!“
ანუ „ვინ გვარცხვენს“
თბილისის საკრებულოს უმრავლესობამ თქვა და ჩანაფიქრი უმალ სისრულეში მოიყვანა, კერძოდ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძე და ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის ხელმძღვანელი ვიქტორ დოლიძე თანამდებობებიდან გაათავისუფლა. „ნაცმოძრაობის“ საკრებულოური ფრაქციის თავმჯდომარე ნიკო ხაჩირიშვილმა გადაწვეტილება ასე ახსნა: ხსენებულმა პირებმა, არც მეტი, არც ნაკლები, თავი ვერ გაართვეს დაკისრებულ მოვალეობას (დაახლოებით, ამ პათოსით, „ვერ შასძლეს თავმჯდომარეობაო“). ზედაც, იქვე განმარტა, რომ პირადული არაფერია (ანუ, განა თვალის ფერს ვუწუნებთ ან პოლიტიკურ პლატფორმასო), უბრალოდ, თანამდებობებისთვის შეუფერებელნი ბრძანდებიანო. სხვათა შორის, არც ამ „შეუფერებლობის“ ახსნა დაგვამადლა: „კონკრეტული პრობლემების მოგვარებით უნდა ყოფილიყვნენ დაკავებული და არა ბუნდოვანი, არაფრისმომცემი იდეების განხორციელებითო“. აქედან გამომდინარე კი, დაასკვნა, რომ „მათ (ანუ ზურაბ აბაშიძემ და ვიქტორ დოლიძემ) თავი ვერაფრით გამოიჩინეს!“ თავმჯდომარეს სხვა უმრავლესოელებიც წაეშველნენ, სახელდობრ, ბ-ნმა იონათამიშვილმა ბრძანა, რომ ხსენებულები „დაკისრებულ მოვალეობებს არასათანადოდ ასრულებდნენ“, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ბ-ნმა ახვლედიანმა, საერთოდაც, ცეცხლი შეუნთო: „გავიდა წელიწადი და ოთხი თვე და ვხედავთ, რომ მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები პოლიტიკური, პოპულისტური და ამბიციური იყო. მიგვაჩნია, რომ, კონკრეტულ საკითხებს, რომლებიც თბილისელთათვის აქტუალურია, ასეთი ადამიანები არ უნდა აგვარებდნენ“. ბ-ნი ახვლედიანის მახვილ თვალს არც სხვა რამ გამოჰპარვია (მომყავს ციტატა): „სამწუხაროდ, ჩვენი კოლეგების მხრიდან თანამდებობების პოლტიკური ამბიციებისთვის გამოყენება შევნიშნეთ“. ხოლო ზემოხსენებულმა იონათამიშვილმა ისიც გაიხსენა, რომ ისინი (ანუ დოლიძე და აბაშიძე) „საკრებულოსა და მერიის წინ ნაგვის პარკებით ნაგავს ყრიდნენ“.
იმ მარტივი მიზეზით, რომ „ნაცმოძრაობა“ უმრავლესობაშია, ოპოზიციონერ დეპუტატებს თანამდებობები დაატოვებინეს და, სავსებით ბუნებრივია, რომ არც მათი არგუმენტაცია გაიზიარეს. რაც შეეხება იმას, თუ ვინ უნდა წყვეტდეს ან არ წყვეტდეს თბილისელთა პრობლემებს, სავარაუდოდ, ამომრჩეველი, რომელმაც ხმა მისცა საკრებულოს აწ უკვე ჩამოდეპუტატებულ წევრებს, სხვაგვარად ფიქრობდა, რაკი ხმას აძლევდა. ხოლო, რაკი ეს არგუმენტი აღარ არის, ვითომ, უპრიანი არ იქნება, თუკი საკრებულოს უმრავლესობა ბარემ იმასაც დააწესებდა, ვის უნდა ეყარა ან არ ეყარა კენჭი?!