ზურგშექცეულად ბეჭამოვარდნილები
„წყაროსთან ჩაგიყვანს და წყალს არ დაგალევინებსო“
ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ნატოს გენმდივნის სპეცწარმომადგენელი გასულ კვირას ჩვენს სამშობლოს ეწვია, თუმცა არც მანამდე დავვიწყებივართ. ყოველ შემთხვევაში, რუსულმა სააგენტოებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რის მიხედვითაც ამ ჩვენს პატივცემულ მოკავშირე აპატურაის უთქვამს, რომ „საქართველო ჩიკაგოს 2012 წლის სამიტზე „მაფს“ ვერ მიიღებს“. მაგრამ თბილისში ჩამოსულმა საპატიო სტუმარმა ჩვენს ვიცე-პრემიერ ბარამიძეს აუწყა, რომ ჟურნალისტებს მისი სიტყვების ინტერპრეტაცია მოუხდენიათ (ჟურნალისტები რომ არ ყოფილიყვნენ, ჩინოვნიკებს უნდა გამოეგონათ!), „რასაც მე მხარს არ ვუჭერო“! ხოლო, რაკი „არ უჭერს“, გვაიმედებს, რომ ნატოს ბუქარესტის სამიტის შეთანხმება ძალაშია. შეთანხმება, ანუ ის, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი, თუნდაც უშაბათო კვირას (კომენტარი ჩემია, – ნ. ხ.).
მეტიც, ნატოს გენმდივნის სპეცწარმომადგენელი გვარწმუნებს, რომ „მას არ შეუძლია, წინასწარ განაცხადოს, რა მოხდება ჩიკაგოს სამიტზე“ (აშკარაა, რომ ეს განცხადება ან ჩვენნაირ გულუბრყვილოყურიანებზეა გათვლილი, ან, უბრალოდ, დიპლომატიური ლაი-ლაია, ოღონდ, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ერთი და იგივეა). თუმცა, იქვე ადასტურებს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი „მხარს უჭერს და მიჰყვება იმ გზას, რაც ითქვა ბუქარესტში“ (ისიცაა, ემანდ ბეჭი არ ამოუვარდეთ, ამდენი მხარდაჭერით). ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ბ-ნი აპატურაი უკრაინისთვის შეფერხებად უკრაინელი ხალხის მიერ ნატოსთვის ზურგშექცევას ასახელებს, საქართველოს შემთხვეევაში კი ამბობს, რომ დაკისრებული ვალდებულებებია შესასრულებელი, ცხადია, ნატოსკენ სავალ გზაზე საკუთარ თავს, უპირველესად, ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი.
როგორც უნდა იყოს, რაკი აგერ უკვე რამდენიმე წელია, იმედი გვაცოცხლებს (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ბეჭამოვარდნილი ნატოს ღია კარში შესვლისა), შექმნილი მიზანსცენისთვის (იგინივე და „მაფი“) ზედგამოჭრილია: „წყაროსთან ჩაგიყვანს და წყალს არ დაგალევინებსო“.