სად შეიძლება თამარ მეფის საფლავის მოძიება და ვინ იყო მისი საფლავის „მწირველი“
საქართველოში ბევრი თქმულება არსებობს თამარ მეფის დაკრძალვისა და საფლავის ადგილმდებარეობის შესახებ. საისტორიო წყაროები კი ერთხმად მიუთითებენ, რომ თამარი გელათში დაკრძალეს. ამ საკითხის შესახებ უფრო დაწვრილებით გვესაუბრება ისტორიკოსი მანანა ხომერიკი.
– „აღმოიყვანეს და მცირეთა შინა დღეთა მცხეთად დადვეს და მერმე უკანასკნელ თვით მუნვე გელათს დაამკვიდრეს თვისსა შინა სამარხოსა, დიდებად მუნ შინა დამკვიდრებულთა პაპათა და მამათა მისთა, სახელოვანთა დიდთა მეფეთა თანა“ („ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისა“, ქართლის ცხოვრება). „მეფობასა შინა დაყო ოცდასამი წელიწადი და აღვიდა წინაშე ღმრთისა, სადა იგი მკვიდრობენ წინასწარმეტყველნი და მამამთავარნი და მეფენი. დამარხეს ახალსა მონასტერსა გელათს (ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანე, „ქართლის ცხოვრება“). თამარ მეფის გელათში დაკრძალვაზე მიუთითებენ ასევე ფარსადან გორგიჯანიძე, ვახუშტი ბაგრატიონი და თეიმურაზ ბაგრატიონი. მეცხრამეტე საუკუნის 40-იან წლებში დაკონკრეტდა თამარ მეფის სამარხის ადგილი – გელათის მთავარი ტაძრის სამხრეთ-აღმოსავლეთის მინაშენი, რომელსაც „თამარ მეფის ეკვდარს“ უწოდებენ. დავით მიტროპოლიტს ანდრია მურავიოვისთვის უთქვამს, ამ ეკვდარში სოლომონის მამის, ალექსანდრე მეფის დრომდე, ყოველწლიურად, თამარის ხსენების დღეს, ახდიდნენ მის საფლავის ქვას და პანაშვიდს იხდიდნენო. 1730 წელს, იმერეთის მეფემ, ალექსანდრე მეხუთემ, ამ ეკვდარში თავისი პირველი მეუღლე მარიამ ბეჟანის ასული დადიანი დაკრძალა. ისე გამოდის, თითქოს მან თამარ მეფის საფლავი მიითვისა. ერთ გელათურ სიგელში ალექსანდრე მეხუთე აცხადებს: „იყვნენ მუნ გელათსა კერძო მარჯვენით ეგვტერი დავიწყებული ჟამთა ვითარებისგან არავინ უწყოდა, თუ ვისი საძვლე ყოფილიყო ანუ სახელსა ზედა წმიდისა შენება საყდრისა. ხელ-ვყავ გაშენებად და შემკობად მისა. წილი წლით ვიგდეთ სახელსა ზედა ღმრთისათა და წმიდათა მისთა ზედა, თუ რომლისა არს და აღმოვიდა სახელი სიმხნისა მოსახელისა ანდრია პირველ-გამორჩეულისა. და ფრიად მთნდა ეს და მოვიმოწმეთ აფხაზეთის კათოლიკოზი გრიგოლ და სხვანი მიტროპოლიტნი და ეპისკოპოსნი და აღვაგებინე საკურთხეველი სახლსა ზედა ანდრიას მოციქულისასა დამყარებითა ხელთა მათთა თანა და მუნვე მივიღეთ დედოფალი კურთხეული, მეუღლე ჩემი, საუკუნოდ მოსახსენებლად“. ესე იგი, ეკვდარი მივიწყებული ყოფილა, წილი უყრიათ და ანდრია პირველწოდებულის სახელი ამოსულა, რის გამოც ალექსანდრე მეფემ ააგებინა „საკურთხეველი სახელსა ზედა ანდრია პირველწოდებულისა“..
მკვლევართა ნაწილს ალექსანდრეს გულწრფელობაში ეჭვი ეპარება. ივანე ლოლაშვილი აცხადებს, რომ მეფემ შექმნა „ყალბი დოკუმენტი“, თითქოს ეს ეკვდარი ძველთაგან დავიწყებული იყო. თუ ყურადღებას მივაქცევთ იმ ფაქტს, რომ ალექსანდრე მეფის განზრახვას მხარს უჭერდნენ მიტროპოლიტნი და ეპისკოპოსნი, ნუთუ ყველამ უღალატა მეფეთ-მეფე თამარის ხსოვნას. ან იქნებ, ეკვდარი იმ დროისთვის ცარიელი იყო?!
როგორც ცნობილია, საფრანგეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცულ დოკუმენტურ მასალაში აღმოჩნდა ფრანგი ჯვაროსნის – დე ბუას წერილი, რომელიც თამარ მეფის ნეშტის იერუსალიმში გადასვენებას შეეხება. ამ დოკუმენტის ქართული თარგმანი 1929 წელს ზურაბ ავალიშვილმა გამოაქვეყნა პარიზში, მაგრამ, უნდა ითქვას, რომ მას თავად არ სჯეროდა რაინდის მონათხრობის ჭეშმარიტებისა. ფრანგი რაინდი ბეზანსონის არქიეპისკოპოს ამადე დე ტრემლეს ატყობინებდა: „გავიგეთ და სანდო მაცნეთა წყალობით ჭეშმარიტად მივითვალეთ, რომ ვიღაც ქრისტიანები იბერიიდან, რომელთაც გეორგენებს (ქართველებს) უწოდებენ, ღვთის შემწეობით შეგონებულნი, უთვალავი მეომრით უშიშრად აღსდგენ ურწმუნოთა წინააღმდეგ. მათი თექვსმეტი წლის მეფე მსგავსია ალექსანდრესი (მაკედონელისა) შემართებითა და მოკრძალებით, რწმენით კი – არა. ამ ახალგაზრდას მოაქვს დედამისის – უძლიერესი დედოფლის თამარის ძვლები, ვინაიდან (თამარს) მისთვის სიცოცხლეში ანდერძად დაუტოვებია, როცა მოკვდებოდა, იერუსალიმში წასულიყო და მისი ძვლები უფლის საფლავის ახლო დაეკრძალა. დედის სურვილის ღრმად პატივისმცემელს, მას გადაუწყვეტია დანაბარების აღსრულება და დედის ნეშტის წმინდა ქალაქში დამარხვა ურწმუნოთა ნება-სურვილის მიუხედავად“. წერილი უთარიღოა, მაგრამ ცნობილია, რომ ამადე დე ტრემლეი ბეზანსონის არქიეპისკოპოსად იჯდა 1195-1220 წლებში, ესე იგი, წერილიც ამ ქრონოლოგიურ ფარგლებში უნდა იყოს დაწერილი.
– სარწმუნოდ მიაჩნიათ მკვლევრებს თამარ მეფის გელათიდან გადასვენების ვერსია?
– მკვლევართა ერთმა ნაწილმა სარწმუნოდ მიიჩნია თამარ მეფის გელათიდან იერუსალიმში გადასვენების ვერსია, მეორე ნაწილმა კი უარყო. პირველად 1940 წელს სარგის კაკაბაძემ გამოთქვა მოსაზრება იმის შესახებ, რომ ფრანგი რაინდის ცნობა სანდოა და გელათიდან თამარ მეფის გადასვენების შემდეგ მისი აკლდამა დიდი ხნის განმავლობაში ცარიელი ყოფილა.
– დღეს დარწმუნებით ვერ ამბობენ, გათხარა თუ არა ექვთიმე თაყაიშვილმა თამარ მეფის საფლავი. თქვენ რას იტყვით ამის შესახებ?
– რაინდის წერილის შესახებ არაფერი იცოდა ექვთიმე თაყაიშვილმა, რომელმაც 1920 წლის ივლისში ალექსანდრე ჯავახიშვილთან ერთად გელათში არქეოლოგიური გათხრები აწარმოა. სამეცნიერო ლიტერატურაში ადრე მითითებული იყო 1919 წელი, არადა, ხელნაწერთა ინსტიტუტში ექვთიმე თაყაიშვილის ფონდში დაცულ შავ ჩანაწერს აწერია: „გელათი, 1920 წელი. 26 ივლისი“. ექვთიმე თაყაიშვილის მიერ ჩატარებულ გათხრებთან დაკავშირებით საქართველოს ცენტრალურ არქივში მივაკვლიე დოკუმენტს, რომელიც ამ გათხრებში კორნელი კეკელიძის მონაწილეობაზეც მეტყველებს. 1920 წლის 17 ივლისს, საქართველოს საკათოლიკოსო საბჭოს თავისი ხაზინდარებისთვის დაუვალებია დეკანოზ კორნელი კეკელიძისთვის ხუთი ათასი მანეთის მიცემა „თამარ მეფის საფლავის გასამშვენიერებლად“. ექვთიმე თაყაიშვილმა ცხრა დღის შემდეგ დაიწყო გათხრები. სიტყვა „გამშვენიერება“ ალბათ, შენიღბულად „საფლავის გათხრას“ ნიშნავს, რისი აშკარად თქმაც სასულიერო პირებს არ სურდათ.
როგორც ექვთიმე თაყაიშვილის მიერ 1920 წლის 18 ივლისს დიმიტრი შევარდნაძისთვის გაგზავნილი ბარათიდან ირკვევა, ქუთაისის მიტროპოლიტს, იქაურ სამიტროპოლიტო წევრის თანდასწრებით „ცნობისმოყვარეებისათვის ეგრეთ წოდებული თამარის საფლავი აეხადა, მაგრამ გამოკვლევა თავის თავზე ვეღარ ეკისრა და დაეხურა“. ამის შემდეგ მიტროპოლიტს მეცნიერებისთვის უთხოვია დახმარება. ექვთიმე თაყაიშვილი წერს: „მერე ჩვენ გვთხოვა, მოდით და გამოვიკვლიოთ. მოდის კომისია: მე, კეკელიძე, სამიტროპოლიტო საბჭოს წარმომადგენელი, ალექსანდრე ჯავახიშვილი (როგორც ანთროპოლოგი) და შენ გთხოვთ, როგორც სამხატვრო საზოგადოების წარმომადგენელს და მხატვარს, უსათუოდ მონაწილეობა მიიღო შენებრ ენერგიული. საფლავს, როდესაც ავხდით, ყველაფერი ისე უნდა ჩაიხატოს, როგორც გამოჩნდება და ამის მასალაც უნდა წამოიღოთ“.
– როგორი იყო საფლავის გათხრით მიღებული შედეგი?
– თამარის საფლავად მიჩნეულ სამარხში თამარ მეფის ნაცვლად, სხვა ოთხი მიცვალებული აღმოჩნდა დაკრძალული. აქედან ერთი ქალია (ალექსანდრე მეფის მეუღლე უნდა იყოს), ორი – ახალგაზრდა მამაკაცი და ერთი – ბავშვი. ლოლაშვილი წერს: „მოსაზრება, თითქოს ალექსანდრე მეფემ თავისი მეუღლე დამარხა თამარ მეფის ნასაფლავარში, აქ გამოქვეყნებულმა ჩანაწერებმა (იგულისხმება ექვთიმე თაყაიშვილის ჩანაწერები, – მ.ხ.) დასტურდება. ექვთიმე თაყაიშვილს არ გაუხსნია თამარ მეფის საფლავი, იგი საძიებელია სხვა ადგილას, მისსავე ეკვდერში“. ჩვენ არ ვიცით, როგორ დაადგინა ლოლაშვილმა, რომ გახსნილი სამარხი თამარ მეფის „ნასაფლავარი“ არ იყო. თამარის გადასვენების შემთხვევაში მის „ნასაფლავარში“ ხომ არავითარი კვალი არ დარჩებოდა. მხოლოდ გადასვენების შემდეგ დაცარიელებულ სამარხში იქნებოდა შესაძლებელი ორი მამაკაცის, ბავშვისა და, ბოლოს ალექსანდრე მეფის მეუღლის დაკრძალვა. ალექსანდრეს რომ თამარის ძვლები შეეწუხებინა, გათხრისას ორი ქალის ნეშტი აღმოჩნდებოდა. ხოლო თუ ექვთიმე თაყაიშვილს შეცდომით თამარის საფლავი არ გაუხსნია, ეს ნიშნავს იმას, რომ არც ალექსანდრე მეფე შეხებია მეფის საფლავს და, როგორც ლოლაშვილი წერს, „იგი საძიებელია სხვა ადგილას მისსავე ეკვდარში“.
1887 წელს თედო ჟორდანიამ გამოაქვეყნა გელათის მონასტრის მეცამეტე საუკუნის სიგელი, რომელიც გაცემულია 1260-იან წლებში. ამ საბუთში სხვა „მწირველებთან“ ერთად მოხსენიებულია „თამარის მწირველიც“. ბაბილინა ლომინაძემ განმარტა ამ საეკლესიო ტერმინის მნიშვნელობა: „მწირველი“ ეწოდება საეკლესიო პირს, რომელსაც ევალებოდა მეფეთა და დიდებულთა საძვალის მოვლა-პატრონობა, მათი სულის მოსახსენიებელი წირვის შესრულება და სხვა. აღნიშნულ წლებში კი გელათის მონასტერში თამარ მეფის მწირველი ყოფილა დადგენილი. ამ ფაქტზე დაყრდნობით ბაბილინა ლომინაძე ასკვნის, რომ „თამარ მეფის ნეშტი არსად გადატანილი არ არის“. ეს დასკვნა ლოგიკური ჩანს, მაგრამ თამარ მეფის გადასვენების შემთხვევაში, მწირველი ხომ ძველებურად გააგრძელებდა მისი სულის მოხსენიებას და თუნდაც ცარიელი საფლავის მოვლას?! ბაბილინა ლომინაძე წერს, რომ დროთა განმავლობაში „თამარის სამწირველო მწირველიც მოიშალა – გაუქმდა (ამავე დროს, არ შემოგვრჩა რამე მატერიალური ნიშანი – მისი საფლავის მაუწყებელი). აი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ ვიცით დღეს ლოკალური მინიშნებით თამარ მეფის საფლავი გელათში“.
ჩვენი აზრით, თუ თამარ მეფის გადასვენების ვერსიას სარწმუნოდ მივიჩნევთ, უნდა ვიფიქროთ, რომ ეს საიდუმლოდ მოხდა მონღოლების შემოსევის წინ. ეს ფაქტი საქართველოში არ გახმაურებულა და ქართველ ისტორიკოსს – ვახუშტი ბატონიშვილს, ნიკო დადიანსა და სხვებს, არაფერი სმენიათ მის შესახებ. ყველა ერთხმად მიუთითებდა, რომ თამარ მეფე გელათში განისვენებს. ბერძენი არქეოლოგი ათანასიოს იკონოპულოსი დარწმუნებული იყო, რომ თამარ მეფის საფლავს მიაკვლია. ჯვრის მონასტრის ნეკროპოლის საფლავში მოთავსებული ყოფილა ორი მანდილოსნის ნეშტი. სამარხის გახსნისას იკონოპულოსს სურათი გადაუღია, რომელზეც გარკვევით ჩანს, რომ ამ ორი მიცვალებულის ძვლები საფლავში ბუნებრივად განლაგებული კი არ არის, არამედ არეულ-დარეულია, თითქოსდა იმის საბუთად, რომ ისინი საიდანღაც გადმოსვენებულებს ეკუთვნით. არსებობს ერთი დოკუმენტი, რომელიც, როგორც მიიჩნევა, სრულიად აბათილებს თამარ მეფის გელათიდან გადასვენების ვერსიას: რუსუდან დედოფალმა რომის პაპ ჰონორიუს მესამეს გაუგზავნა წერილი, რომელშიც თამარ მეფის გადასვენების შესახებ არაფერია ნათქვამი. დედოფალი პაპს ატყობინებდა: „ძმა ჩემი ქართველთა მეფე მიიცვალა და მისი სამეფო მერგო. აწ ვითხოვთ თქვენს კურთხევას ჩვენთვის და ყველა ჩვენ ქვეშევრდომ ქრისტიანისთვის. დამიეტში მყოფის თქვენის ელჩისგან მივიღეთ თქვენი დიდებული რჩევა და ბრძანება, რომე ჩემი ძმა წასულიყო ქრისტიანების შესაწევნელად. ისიც ამ ზრახვასა და წასვლის მზადებაში იყო, როდესაც ბოროტნი თათარნი შემოვიდნენ ჩვენს ქვეყანაში.“
თუ კარგად დაუკვირდებით, ფრანგი ჯვაროსნისა და რუსუდან მეფის წერილები ერთმანეთს არ აბათილებენ, არამედ ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ფაქტის შესახებ გვაწვდიან ინფორმაციას: 1. ფრანგი რაინდი გვამცნობს, რომ ახალგაზრდა ქართველი მეფე თავისი დედის თამარ მეფის ძვლებს იერუსალიმში მიასვენებდა. ცხადია, რომ ლაშა-გიორგი ამას რომის პაპის რჩევის გარეშე აკეთებდა. 2. რუსუდან დედოფლის წერილიდან ვიგებთ, რომ რომის პაპს ლაშა-გიორგისთვის „ქრისტიანობის შესაწევნელად“ წასვლა ურჩევია, რასაც არავითარი კავშირი არ ჰქონდა თამარ მეფის გადასვენებასთან. ამასთან, ლაშა-გიორგის მზადება დაუწყია, მაგრამ ვეღარ წასულა.
ბათუმისა და სხალთის ეპისკოპოსი დიმიტრი (შიოლაშვილი) წერს ერთ-ერთ ინტერვიუში, რომ კვიპროსზე ქართული ეკლესიის კვალი ჯერ კიდევ მეცხრე-მეათე საუკუნეებში ჩანს. ქართველებს აუგიათ მონასტერი, რომელიც მოგვიანებით თამარ მეფეს გაუმშვენიერებია. დღეს ეს სავანე ნანგრევებად არის ქცეული, მონასტრის ტერიტორია კი სულ გადათხრილია. გადმოცემით, აქ მდიდარი ქართველი ქალბატონი ყოფილა დაკრძალული და მძარცველები განძს ეძებდნენ. ბათუმისა და სხალთის ეპისკოპოსი იშველიებს ჯვაროსანი რაინდის წერილს და ასეთ დასკვნამდე მიდის: „იერუსალიმში მიმავალ მეფეს აუცილებლად კვიპროსი უნდა გაევლო. ამრიგად, სრულიად შესაძლებელია, რომ თამარმა განსასვენებელი თავისსავე აშენებულ და გამშვენებულ მონასტერში ჰპოვა“.
სრულ ჭეშმარიტებაზე პრეტენზიას ვერავინ განაცხადებს, მაგრამ ყველაზე საეჭვო ის ვერსიაა, რომლის თანახმადაც თამარის საფლავი შეიძლება, გელათის ტაძრის ეზოში აღმოჩნდეს. დიდებულ თამარ მეფეს ეზოში დაკრძალვას არავინ აკადრებდა.