რატომ მოუწყვეს საქართველოს რაგბის ნაკრებს ახალ ზელანდიაში აღლუმი
ლაშა ხმალაძე ერთადერთია, ვინც შეძლო, მსოფლიო საქართველოს მორაგბეთა ნაკრებზე აელაპარაკებინა. არგენტინასთან თამაშის დროს მის მიერ დადებული ლელო, მსოფლიოს ჩემპიონარის ოფიციალურ ვებ-გვერდზე იოლად შეგიძლიათ იპოვოთ. რა ხდებოდა შორეულ ახალ ზელანდიაში, როგორი დახვედრა მოუწყვეს ბიჭებს და რითი იყვნენ ისინი ყველაზე მეტად გაოცებულები, ამაზე თავად ლაშა ხმალაძე საუბრობს.
ლაშა ხმალაძე: ხანგრძლივი ფრენის შემდეგ ჩავედით ახალ ზელანდიაში. საფრანგეთიდან ჯერ ჩავფრინდი დუბაიში, იქიდან სიდნეიში და სიდნეიდან უკვე ზელანდიაში. აეროპორტშივე ვიგრძენით საზეიმო განწყობა, რომელიც იქ იყო. საქართველოს დროშებით დაგვხვდნენ ბავშვები, დიდები. იქვე ვიგრძენით რამხელა განსხვავებაა ჩვენი ქვეყნების ტრადიციებს შორის. მოგვილოცეს ჩასვლა და იყო დიდი ჟრიამული.
– ძალიან უცნაურად გამოიყურებიან. ქუჩაშიც ასე დადიან, თუ ეს მხოლოდ ოფიციალური ვიზიტების დროს ხდება?
– ჩვეულებრივი, ევროპული ტიპის სახელმწიფო წყობა აქვთ, უბრალოდ, ტომებს დღემდე კარგად აქვთ შენახული ტრადიციები. ქუჩაში ნაციონალური სამოსით არ დადიან. ტომის ბელადი ქვეყნის უმაღლესი პირი არ არის. როგორც ჩვენ გვაცვია კონცერტებსა და ქორწილებში ჩოხა, ისეა იქაც. მაგრამ, ტრადიციებსა და რელიგიურ რიტუალებს, სხვა შემთხვევებშიც დიდი გამოყენება აქვს. მისი ძალის დღემდე სწამთ. მაგალითად, ახალზელანდიელ რაგბისტებს რიტუალური მისალმება თუ მუქარა აქვთ, არ ვიცი ზუსტად რა შეიძლება დავარქვა – „ჰაკას“, რომელიც მთელ მსოფლიოში ძალიან პოპულარულია.
– ჰაკა – საოცრად თრგუნავს, ალბათ, მოწინააღმდეგეს.
– პირადად მე, ახალზელანდიელებთან ერთად არ მითამაშია, მაგრამ ჩვენს ბიჭებს ნათამაშები აქვთ და უთქვამთ, რომ ეს ნერვებზე ძალიან მოქმედებს. კი არ თრგუნავს, პირიქით, მოწინააღმდეგესაც სტიმულს აძლევს – ისე გმუხტავს და გაგიჟებს, ერთი სული გაქვს როდის დაიწყება თამაში და შეერკინებიო. ამ რაღაც მოძრაობების, ხელების ქნევისა და ღრიალის გარდა, ისინი იჭყანებიან, სისინებენ, ენას გიყოფენ... თამაშის მუღამზე კი არა, შეიძლება საცემრადაც გაიწიო, ისეთი სახეები აქვთ (იცინის). მთელი სხეული ტატუირებული აქვთ. ამასაც რაღაც რიტუალური დატვირთვა აქვს.
– ლამაზი ქალები ჰყავთ?
– ადგილობრივი, ძირძველი ტომები დიდად გადასარევი არიან. მაგრამ, ისე, არიან ნარევი, ღია ფერის ლამაზი გოგოები.
– გავიგე, ჩვენი ბიჭები იქ ძალიან პოპულარულები იყვნენო.
– (იცინის) საკმაოდ. ტელეფონის ნომრებს ტანზე არ აწერდნენ, მაგრამ სიმპათიას გამოხატავდნენ. ისე, ახლა ამაზე საუბარი ცოტა მეუხერხულება.
– გამოვეთიშეთ ჩემპიონატს, მაგრამ ჩვენი გუნდი ვის გულშემატკივრობს?
– გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა – ზოგი ახალ ზელანდიას, ზოგი ავსტრალიას, საფრანგეთს კი, მგონი, ნაკლებად. მოკლედ, ჩავედით და დაახლოებით, ისეთი რაღაცეებიც გააკეთეს, რაც პრემიერ-მინისტრის ძალიან პოპულარულ ვიდეოში (იცინის). მისალმებები გვქონდა ზუსტად ასე – ცხვირების ერთმანეთში მიდებით. როგორც ჩვენთან გადაკოცნაა, საფრანგეთში კი ორჯერ ან სამჯერ კოცნა, ისეაა მათთვის ცხვირის მიდება. აეროპორტიდან წავედით ქვინსთაუნში, ულამაზეს საკურორტო ქალაქში. მთებშია ჩაკარგული ეს ქალაქი, ულამაზესი ტბა, ტყე, თოვლი, ძალიან ლამაზია. ზელანდიაში, რაც ვნახე, ისე არ არის როგორც ავსტრალიაში. ჩვენთან რომ ზოოპარკშია, ის ცხოველები ქუჩაში არ დადიან. ერთადერთი ძალიან ბევრია ირემი, ლამები ჰყავთ. ძალიან ბევრია ცხვარი. იმასაც კი ამბობენ ზელანდიაში ადამიანებზე მეტი ცხვარიაო (იცინის).
– ალბათ, ჭამითაც ყველაზე მეტს ცხვრის ხორცს ჭამენ.
– კი, ნაციონალური საჭმელია, ყველაფერს ცხვრის ხორცისგან აკეთებენ. მაგრამ სამაგიეროდ, ვერ იტანენ კურდღლის ხორცს. სანადიროდ წაგვიყვანეს კურდღლებზე. ყველაზე მეტად კურდღლების მოშორება უნდათ და როგორც ჩვენ ვირთხას, ისე უყურებენ. იქ როგორ არის იცით? მგელი გარბის და კურდღელი მისდევს. „წითელქუდაც” კი კურდღელზეა და არა მგელზე (იცინის). ვხუმრობ, რა თქმა უნდა, მაგრამ მიწამოთმოქმედებაში რომ ხელს უშლით, ამის გამო ხოცავენ.
– ყველაზე მეტად რა გაგიკვირდათ იქ ყოფნისას?
– ველურები მართლა არ არიან. საკმაოდ ცივილიზებული ქვეყანაა, რომელიც სხვებზე მეტად ცდილობს, ტრადიციების შენარჩუნებას. სხვათა შორის, მასტერტონში თამაშის წინ ძალიან დიდი აღლუმი მოეწყო. ჩვენ ჩოხებით ჩავიარეთ, მთელი ქალაქი ქუჩაში იყო გამოსული, დროშებს აქნევდნენ.
– საბრძოლო იარაღი თან გქონდათ?
– რა თქმა უნდა, ხმალზე ხელი გვედო.
– ისე, ყველა ქვეყნის ნაკრებს რომ ნაციონალურ სამოსებში ჩაევლო, უმრავლესობა ქვედაკაბებში იქნებოდა.
– (იცინის) მართალი ხარ, შოტლანდიელები, სამოელები, ფიჯელები, ჩვენი ჩოხაც კაბასავით არის მუხლამდე.
– ქართველი გულშემატკივრები იყვნენ?
– არა, მხოლოდ რამდენიმე ადამიანი. ისინი, ვინც „ნატახტარის” გათამაშება მოიგეს და კიდევ სიდნეიში მცხოვრები ქართული ოჯახი, რომელთაც იქაური მოქალაქეობა აქვთ. ჩვენთვის ესეც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. საერთოდ, მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში იმხელა პასუხისმგებლობაა ჩემთვისაც და მთელი გუნდისთვისაც. თუმცა, მსოფლიოზე უკვე მესამედ ვთამაშობთ და მგონი, დროა, ახალ საფეხურზე ავიდეთ და ჯგუფიდან გასვლა მოვახერხოთ.
– რისი ბრალია ის, რომ „ღირსეულად დავმარცხდით” – ამას ვერ გავცდით? კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ვერ მოვიგეთ – ეს როდის მორჩება?
– პირობას ვდებ, რომ ძალიან მალე. ჩვენ ამის ყველაზე დიდი სურვილი გვაქვს. ამისთვის საჭიროა, გაცილებით მეტი გამოცდილება, მეტი ამხანაგური თამაში უმაღლესი დონის გუნდებთან, როგორიც, ვთქვათ, ინგლისია, რომელიც ჩვენს ქვეჯგუფში იყო. პირადად მე, საკმაოდ დაძაბული ვარ და ვნერვიულობ მოედანზე გასვლის წინ, როცა ასეთი დონის გუნდს ვხვდებით, თან მსოფლიოს ჩემპიონატზე. უკვე თამაშის დროს ყველაფერი გავიწყდება, მაგრამ ეს დაძაბულობაც არ უნდა იყოს. ასევე, საჭიროა, ახალი თაობა, რომელიც მაღალი დონის კლუბებში ითამაშებს სხვადასხვა ქვეყანაში და დიდი გამოცდილება ექნება. ჩვენი ნაკრებიდან ბევრი საფრანგეთში თამაშობს, მაგრამ პროფესიონალური კონტრაქტები არ აქვთ. ზოგი მუშაობს და ისე ვარჯიშობს, ზოგი როგორ და, ზოგი როგორ... არის ფაქტორები, რაც ხელს გვიშლის, მაგრამ გადაუჭრელი პრობლემები მართლა არ არის.
– შენ ერთ-ერთი საუკეთესო იყავი ჩვენი ნაკრებიდან, რაიმე შემოთავაზება ხომ არ მიგიღია?
– დიდი მადლობა. არ მქონია შემოთავაზება. ჩემპიონატის ფარგლებში ეს არ ყოფილა, მერე რა იქნება, ვნახოთ.
– ჩვენს ნაკრებს როგორი რეიტინგი აქვს?
– ყოველწლიურად დგება რეიტინგები, რომლის მიხედვითაც, ახლა მეთოთხმეტე ადგილზე ვართ. გასულ წელს მეთექვსმეტეზე ვიყავით. წინ მივდივართ, რაც ყველას ძალიან გვახარებს.
– ზელანდია, ალბათ, პირველ ადგილზეა.
– პირველ სამეულში, ყოველ შემთხვევაში, სულ არის. იქ საოცრად დიდ პატივს სცემენ რაგბის, ეროვნული სპორტია. ისევე როგორც ბრაზილიაშია, ბავშვი ფეხს აიდგამს თუ არა ფეხბურთის თამაშს იწყებს, ისეა ზელანდიაშიც რაგბი. შეიძლება უფრო მეტადაც უყვართ. ყველა პატარა ბიჭი რაგბიზე დადის. მთელი ქვეყანა მხოლოდ ამ ჩემპიონატით ცხოვრობს. სამწუხაროდ, ტურისტები ნაკლებად იყვნენ. სიშორის გამო ევროპიდან ცოტა ტურისტი ჩამოვიდა, მაგრამ ადგილობრივები ძალიან დიდი რაოდენობით იყვნენ. მომავალი ჩემპიონატი ინგლისშია და იმედი მაქვს, საქართველოდანაც ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჩავა.