ეროვნული გვარდიის ექსსარდალი კობა კობალაძე იმ სამხედრო პირთა შორის იყო, ვინც ორი წლის წინ მუხროვანის გახმაურებულ ამბოხთან დაკავშირებით დააკავეს და სახელმწიფო გადამტრიალებლის „სტატუსით” გისოსებს მიღმა მოხვდა. გენერალს, რომელიც ქართულ ჯარში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა, მძიმე ბრალდება არ დაუმტკიცდა და ის ციხიდან რვა თვის შემდეგ გაათავისუფლეს, რასაც მაშინ საკმაოდ ბევრი კითხვის ნიშანი მოჰყვა. შეკითხვები თავადაც ბევრი ჰქონდა, ზოგიერთ მათგანზე პასუხი თავად გასცა, ზოგი კი დროს მიანდო. ხმაურიანი ამბოხის ერთ-ერთი ხმაურიანი „პერსონაჟი“ დღეს მშვიდად ცხოვრობს – გენერლის მუნდირს შელეული ახლა უკვე მეცნიერულად სწავლობს იმას, რასაც წლები მიუძღვნა, ოთხ შვილს „კლასიკური” მამის მაგალითს აძლევს და „ბლინდაჟიდან” ნაცნობი სტრატეგიით „ზვერავს” გარემოს.
– ბატონო კობა, როგორ ხართ. როგორ ცხოვრობთ?
– კარგად ვარ. ვცხოვრობ ჩვეულებრივად, როგორც ყველა ამ ქვეყნის მოქალაქე, მშვიდად ვარ, წყნარად. არ ვიცი, ეს როგორ გამომდის, მაგრამ, ცდა ბედის მონახევრეა და, მეც ვცდილობ, თუმცა, ადამიანური ემოციებისგან შორს არ ვარ. ჩემს ასაკში ადამიანი აღარ იცვლება, მაგრამ, ახლა ბევრ რამეს უკვე სხვაგვარად ვუყურებ.
– თქვენ ძალიან დიდი გზა გაიარეთ ქართულ ჯარში. ახლა არ გიჭირთ იმ ყველაფრის გარეშე ცხოვრება, რაც თქვენთვის ასეთი ძვირფასი იყო?
– სიმართლე გითხრათ, განსაკუთრებული მიდრეკილება იმისკენ, რომ ჯარისკაცი ვყოფილიყავი, არასდროს მქონია. აქტიურად ვიყავი დაკავებული სპორტით, მქონდა თანრიგები და წარმატებები. პატიოსანი, შრომისმოყვარე ადამიანების ოჯახში გავიზარდე. დედაჩემი დღემდე მასწავლებელია, დღემდე რჩება სულით ხორცამდე მასწავლებლად და მეც დღემდე ამ გავლენის „მსხვერპლი“ ვარ (იცინის). ჩემი კავშირი ჯართან დაიწყო სამხედრო სავალდებულო სამსახურით – ვიმსახურე შორეულ აღმოსავლეთში. მე საკმაოდ კარგად ვიცი შორეული აღმოსავლეთი. როცა თბილისში დავბრუნდი, იმ პერიოდში აქ უკვე იყო დაძაბულობა სამაჩაბლოს მიმართულებით. იქაურობა ჩემთვის ძალიან ძვირფასი იყო და მეც ჩავერთე იმ პროცესებში. საერთოდ, ყველაფერი ჯაჭვური რეაქციით მისდევს ერთმანეთს: იქ, სადაც ხდება შეიარაღებული დაპირისპირება, მით უმეტეს – მასშტაბური და დიდი, გარდაუვალი პროცესია მსხვერპლი, ღვარძლი, სიბრაზე, ანგარიშგების სურვილი. აქედან რომ გადაიხედავ, შეკითხვები – სად, როდის, რა და როგორ – უკვე ისეა ერთმანეთში გადახლართული, პროცესებს ერთმანეთისგან ვერ გამოყოფ. ჯარი ძალიან საინტერესო ორგანიზმია, არ შეიძლება, სამხედრო პირმა ადამიანი ისე აღზარდო, რომ მას ფასეულობები არ ჩაუნერგო. ჯარისკაცობა ძალიან საპატიო და ღირსეული საქმეა, მაგრამ, გაცილებით ადვილია, ვიდრე ოფიცრობა – აქ „მე მინდას” პრინციპით წარმატებას ვერ მიაღწევ. როცა მაღალი რანგის სამხედრო პირი ხარ, განსაკუთრებულად უნდა მიუდგე შენს ჯარისკაცებს, „დამორჩილება” ჩვენთან ცუდადაა აღქმული – შეურაცხყოფა არასდროს არ ნიშნავს დამორჩილებას. ჩვენ იმ ქვეყნის შვილები ვართ, სადაც მეფე და ყმა ერთად იქნევდნენ ხმალს. მე მქონდა საშუალება, შემედარებინა ჩვენი ჯარი რეგიონისა და სხვა ქვეყნების სამხედრო კონტინგენტებთან. როგორც ჯარისკაცების ფიზიკური, ასევე, მორალური თვალსაზრისით. ქართველ ჯარისკაცს სხვანაირი შემართება აქვს. თუ გადავხედავთ ჩვენს სამხედრო კონტინგენტებს, რომლებიც სხვადასხვა რეგიონში ასრულებენ მისიებს, როგორი გასაკვირიც უნდა იყოს, ჩვენი ჯარისკაცები ყველასგან გამორჩეულები არიან თავისი გენეტიკური კოდით, რაც მე ძალიან მახარებს.
– თქვენ მოახერხეთ ჯარში უზარმაზარი ავტორიტეტის მოპოვება, რაც 2009 წლის მაისში, მუხროვანის ამბოხთან კავშირის გამო, ძვირად დაგიჯდათ.
– მე მონაწილე ვიყავი ყველა იმ პროცესის, რაც ამ ქვეყანაში ხდებოდა. რაღაც ეტაპზე ღმერთიც იყო ჩემს მხარეზე, რადგან ძალიან ღირსეული თანამებრძოლი მყავდა გვერდით, ჩემს ბიოგრაფიაში ლომის წილი იმ ბიჭების დამსახურება იყო, ვინც ჩემ გვერდით იდგნენ. იმ პერიოდში, როცა მუხროვანის ამბები მოხდა, მე უკვე ჩამოშორებული ვიყავი ქართულ ჯარს. როგორც კი პრეზიდენტის ინაუგურაცია ჩავატარეთ, მე, როგორც საქართველოს ეროვნული გვარდიის სარდალმა, დავწერე პატაკი და მოვითხოვე, რომ გადავმდგარიყავი დაკავებული თანამდებობიდან და გადავსულიყავი რეზერვში. ეს გავაკეთე საკუთარი ნებით, თუმცა, ამ ყველაფერს ჰქონდა წინაპირობები. იმ პერიოდში დაიწყო მასობრივი ისტერია ჩემ წინააღმდეგ, რომ მე ვარ კრიმინალი. ჩემ გარშემო დასმულ შეკითხვებზე პასუხი რომ გაცემულიყო, სარჩელი შევიტანე სასამართლოში იმ საგამომცემლო ჰოლდინგის წინააღმდეგ, რომელიც ცილისმწამებლურ კამპანიას ეწეოდა ჩემ წინააღმდეგ და ეს სასამართლო პროცესი მოვიგე.
– ამ პროცესით თქვენი რეაბილიტაცია, ასე თუ ისე, მოხდა. რატომ გაღრმავდა მოგვიანებით კონფლიქტი თქვენსა და ხელისუფლების მაღალჩინოსნებს შორის?
– არ ვიცი. იმ ოთხი წლის განმავლობაში მე ვცხოვრობდი საკმაოდ მშვიდად, არ მქონდა თვითმიზანი, რომ რაიმე პროცესებში ჩავრთულიყავი, არც საქართველოდან წასვლაზე ვფიქრობდი, თუმცა, მქონდა ძალიან ბევრი შემოთავაზება და ბევრად უფრო კომფორტული, ვიდრე საქართველოში. ჩემი ბიოგრაფიის წყალობით, მყავდა დიდი სამეგობრო, მათი ნაწილი გაფანტული იყო მთელ მსოფლიოში, ბევრი მათგანი მუშაობდა და დღემდე მუშაობს წამყვან თანამდებობაზე როგორც ევროპაში, ასევე, რუსეთში. ბევრი მთავაზობდა მასთან გადასვლას, თუმცა, უარი ვთქვი. ჯანდაბას ჩემი თავი, ნებისმიერ გარემოში შემიძლია ადაპტაცია, მაგრამ, რა მექნა შვილებისთვის? იმის გამო, რომ კომფორტულად მეგრძნო თავი, მათ სამშობლოს ვერ დავაკარგვინებდი. რამდენჯერმე დავტოვე ქვეყანა და ცოტა ხნით წავედი ევროპაში – ერთი ჩემი მეგობარი ერთ-ერთი ქალაქის მერად აირჩიეს და ინაუგურაციაზე დამპატიჟა. ეს იყო კერძო ვიზიტები, მეტი არაფერი. მაშინ, როცა დამაკავეს, ვფიქრობდი, ეტყობა, ჩათვალეს, რომ ამ მიმართულებით ჩემი შესაძლებლობა ამოვწურე, მცეს პატივი და კრიმინალური ხაზით მომცეს მიმართულება, მაგრამ, როდესაც შეხედეს, რომ ქურდობას ვერ „ვქაჩავდი”, თავი დამანებეს (იცინის). ბევრი შეკითხვა გამიჩნდა როგორც საკუთარ თავთან, ასევე, გარშემო მყოფებთან. ჩემი სიმართლის დასამტკიცებლად ბრძოლა პატიმრობის პირველი დღეებიდან დავიწყე. პირველი პროტესტი მაშინ გამოვხატე, როდესაც მოვიდნენ და ჩემს უფლებებს მაცნობდნენ. მაშინ ჩემს თავს „გავებუტე”, თუმცა, ვსაუბრობდი იმაზე, რაც იყო ჩემი სიმართლე (იცინის). რვა თვე და რამდენიმე დღე გავატარე გლდანის საპატიმროში და ამით ერთი ის დამიმტკიცეს, რომ პარალელურ სისტემაშიც კარგი ხალხი მუშაობს. კარგად გავიცანი ის პატიმრები, რომლებიც ჩემთან ერთად ისხდნენ განსასჯელის სკამზე, მათ ნაწილს ვიცნობდი, როგორც თავიანთი საქმის კარგად მცოდნე და ამ ქვეყნის ღირსეულ, პატრიოტ შვილებს.
– როგორ გადაიტანეთ პატიმრობა და გენერლის ეპოლეტების აყრა?
– ჩემთვის ეპოლეტები არავის აუყრია, ეს ასე მარტივად არ ხდება. ჩემს ცხოვრებაში იყო ისეთი პერიოდები, როცა დიდი კონფლიქტები მქონდა საკუთარ თავთან. გულწრფელად რომ გითხრათ, ბევრჯერ ისიც მიფიქრია, რომ ჩემს კუდაბზიკობასა და თავმოყვარეობას გადავაყოლე რაღაცეები. ალბათ, ბრალიც მაქვს იმ არაპროფესიონალიზმის აპოლოგეტში, რომელიც იყო 2008 წელს. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ოფიცერთა ის კორპუსი, რომელსაც, ალბათ, ჰქონდა შემართება და მოტივაცია, ცოდნას მოკლებული იყო. პატრიოტიზმით, შეიძლება, უფრო მეტი ზიანი მიაყენო შენს ქვეყანას, ვიდრე საჭირო დროს გამოვლენილი ცივი გონებით. ახლა ამ ყველაფერს უკვე სხვა საზომით ვუდგები. ჩემს ცხოვრებაში იმდენი საშინელების მომსწრე ვყოფილვარ, მათ ფონზე პატიმრობა არაფერია. მართალი კაცი ქვაზე მაგარია. მე ხომ ვიცოდი, რომ არ ვიყავი საქართველოს გადამტრიალებელთა შორის და ეს დავამტკიცე კიდეც – გაირკვა, რომ შეხება არ მქონია არაფერთან. ციხეში არ ვყოფილვარ ცუდ პირობებში, ჩემს ოთხ კვადრატულ მეტრ საკანში მარტომ გავატარე რვა თვე, მაგრამ, მე ვიყავი გალიის იქით, აქეთ სხვები თუ – პირიქით, ეს მეორე საკითხია. მე სრულიად თავისუფალი ვიყავი საკანშიც, მე არ ვყოფილვარ გამორჩეული პატიმარი – ხელბორკილით დავდიოდი მეც, ისევე, როგორც სხვები, თუმცა, ხელებზე ხელის ბორკილები არ მწვდებოდა და ფეხის ბორკილებს მიკეთებდნენ ხოლმე, მაგრამ, ვერ ვიტყვი, რომ ჩემს ბორკილებს განსხვავებული ჟღერადობა ჰქონდა. როცა საკანში შემიყვანეს, გვერდულად დავდიოდი, გამოსვლისას კი უკვე იმდენი მქონდა დაკლებული, პირდაპირ გამოვედი. (იცინის). ციხეში ტატუები არ გამიკეთებია არც გულზე, არც ხელზე (იცინის), ჟარგონებიც კი ვერ ვისწავლე – სათანადო ლიტერატურა არ აღმომაჩნდა. საკანში მქონდა წიგნები – ციხის ბიბლიოთეკას ვერ დავჯერდი და ჩემი მეუღლე მამარაგებდა წიგნებით და 6-7 თვის თავზე შემომიტანა ფროიდის, „სექსუალური კონფლიქტოლოგია.“ საინტერესო თემა იყო (იცინის). დროდადრო მამაოები მობრძანდებოდნენ ხოლმე, მაზიარებდნენ. როცა დამაკავეს, პირველი 42 დღე მარტო წყალზე ვიყავი, მერე მივხვდი, რომ არ უნდა მეშიმშილა. ციხე საოცარი ადგილია, იქ ბევრ რამეს სხვაგვარად აღიქვამ, ადრეც ვიცოდი, რომ მატერიალური ფასეულობები არაფერს ნიშნავს ცხოვრებაში, მაგრამ, იქ ეს უფრო კარგად გავაცნობიერე. მე უბედნიერესი კაცი ვარ – მეგობარი და ნაცნობი არ დამიკარგავს იმ პერიოდში, რაც იშვიათად ხდება ხოლმე. ბევრისთვის, ალბათ, გულიც მქონდა ნატკენი, შესაძლოა, მიწყენინებია კიდეც, მაგრამ, მაშინ მობილიზებულად იდგნენ ჩემ გვერდით. ბავშვები დღემდე მეკითხებიან, კიდევ როდის დაგიჭერენო, რადგან, მაშინ, როცა პატიმარი ვიყავი, ჩემს სახლში იმდენი ხალხი მოდიოდა, რამდენიც არასდროს უნახავთ. იმ პერიოდში ჩემი შვილები მეგობრებმა ევროპაში წაიყვანეს დასასვენებლად, ხომ იცით, ბავშვის ფანტაზია როგორია – ამას ჩემს დაჭერას უკავშირებდნენ. ამიტომ, როცა კარგად დასვენება მოუნდებათ ხოლმე, ეს შეკითხვაც უჩნდებათ (იცინის).
– თქვენ ერთადერთი განსასჯელი იყავით იმ გუნდიდან, ვინც მუხროვანის ამბოხთან დაკავშირებით გაათავისუფლეს.
– ჩემი მეგობრები დღემდე ხუმრობენ, ალიბაბა და ორმოცი ყაჩაღი იყავითო (იცინის). ის ხალხი ერთმანეთს მაინც იცნობდა, მე აბსოლუტურად არ მქონია შეხება იმ ბიჭებთან, კობა ოთანაძეს სასამართლო დარბაზში დავუახლოვდი. ძალიან მსუყე-მსუყე სასჯელები კი ჩამოურიგეს მათ. სხვათა შორის, სახელმწიფომ მე საკმაოდ უხერხულ სიტუაციაში ჩამაყენა: სასამართლო პროცესი რომ დასრულდა, სასამართლო დარბაზიდან ვერ გამოვდიოდი. როცა შენთან ერთად არის ხალხი, რომელთაც ცხოვრების მიმართულება აბსოლუტურად შეუცვალეს და სხვაგან „გადაამისამართეს”, ეს ხალხი თავის თავში პოულობს ძალას, რომ ფეხზე ადგეს და შენს სიხარულს ტაშით შეხვდეს – ეს იოლად გადასატანი არაა, ძალიან მძიმეა. მე დარბაზში პირდაპირ ვთქვი: არ მინდა სასამართლოს დარბაზიდან გასვლა, არაა პრობლემა, გადამიყვანეთ ციხეში და იქიდან გამათავისუფლეთ-მეთქი, მაგრამ, როცა მოსამართლე განჩინებას იღებს, შენ „სადის” ქვემდებარე აღარ ხარ. იმ პერიოდში ჩემი საქმე გაგზავნილი იყო ევროპის სასამართლოში, ნომერიც მიენიჭა განსახილველად, მაგრამ, უკან გამოვითხოვეთ ეს საქმე. მე შემეძლო საქმის გაგრძელება, თუმცა, უარი ვთქვი ამაზე. ალბათ, ცუდი მსახიობი გამოვდექი იმ შოუსთვის – ვერავის სურვილისამებრ ვერ დავიწყებდი გამოგონებებს, საკმაოდ შეზღუდული ფანტაზია მაქვს და ამას შეზღუდული მეხსიერებაც ემატება. ეს პროცესიც იმიტომ მახსოვს, რომ მას შემდეგ დიდი დრო არ გასულა. მე ფილმების პერსონაჟად ვერ გამოვდგებოდი – არაფოტოგენური ადამიანი ვარ. რომ მეტყვიან, სადღაც რესტორანში ვიჯექი და ვიღაცას რაღაც თემებზე ვესაუბრებოდი, პირდაპირ გეტყვით, რომ ეს გამორიცხულია. სუფრასთან რომ ვჯდები, საათ-ნახევარი ვერავის ვხედავ, მერე კი უკვე სახლში მინდა ხოლმე წასვლა (იცინის).
– ახლა რას საქმიანობთ, გენერლის პენსიით ინახავთ ოთხ შვილს?
– გენერალ კობა კობალაძეს პენსია არ აქვს – სახელმწიფო არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ პენსიონერად ვიგრძნო თავი. მე სულ მობილიზებული უნდა ვიყო. წესით, რეზერვში ვარ, მაგრამ, 2008 წლის მოვლენებმა ამ მხრივაც გამიჩინა კითხვის ნიშნები – ეტყობა, რაღაცისთვის მინახავენ. ჩემი ბიზნესი არ მაქვს, მაგრამ, მყავს მეგობრები, ვისთან ერთადაც „ვმოძრაობ”, რაღაცეებს ვაკეთებ, ხან მათ სჭირდებათ ხოლმე კონსულტაციები უსაფრთხოების საკითხებში, ხან სხვა საქმე გამოჩნდება და ვარ ასე, რაღაცეებს ვაწყობთ, ვალაგებთ. არც ჩემი საყვარელი საქმის გარეშე ვარ – ამ ზაფხულს ასპირანტურაში ჩავაბარე და სტუდენტი გავხდი (იცინის). იქ ისეთი კარგი შემადგენლობაა, მათთან ურთიერთობა ძალიან საინტერესოა ჩემთვის. ამას წინათ, ლექციებიდან გამოსულს, უნივერსიტეტთან სვანი მეგობარი შემხვდა და კარგად იხუმრა: რა იყო, საშემოდგომო ხომ არ გამოგყვაო. ერთი პერიოდი ისე აეწყო, რომ ყოველ წელიწადს სადღაც მგზავნიდნენ სასწავლებლად, ხან გერმანიაში ვიყავი, ხან ამერიკაში, ხან – ჩინეთში. ჩინეთიდან ჩამოსულს, აეროპორტში ჩემი მეგობარი ემზარი დამხვდა, მე მისი შვილის ნათლია ვარ. ემზარი გაბუტული სახით მიყურებს და მეკითხება: სად იყავი? მე ვუთხარი: ჩინეთში, შენ არ გამაცილე-მეთქი? რა გინდოდა ჩინეთშიო, კიდევ ჩამეკითხა. სასწავლებლად-მეთქი, ვუპასუხე. შენ რა ყოველ წელიწადს გასწავლიან, გავიწყდება და იმიტომო? (იცინის).
– გენერლის ფორმას საპატიო ადგილას ინახავთ?
– ჩემს სახლში საპატიო ადგილას ინახება ჯარისკაცის ჩაფხუტი, რომელსაც ხანდახან ჩემი შვილები იზომავენ ხოლმე. მას შემდეგ, რაც პატაკი დავწერე, გენერლის ფორმა მხოლოდ ერთხელ, ჩემი მეგობრის, გენერალ ზურაბ ირემაძის გასვენებაში ჩავიცვი, ასე იყო ეს ამბავი. ახლა მე სხვა ცხოვრება მაქვს, რომელიც ოჯახის, შვილების, მეგობრებისგან შედგება, მაგრამ, ახლა ბავშვებს აქვთ ისეთი რეჟიმი, მათ აღარ სცალიათ ჩემთვის – დილის 8 საათზე რომ გადიან სახლიდან, საღამოს ძლივს მოხოხდებიან ხოლმე. მეც არ ვარ პასიური, არ ვარ ადამიანი, რომელიც დივანზე წამოწვება პულტით ხელში, ხომ გაგიგიათ, მოწანწალე მგელმა მწოლიარე ლომს აჯობაო. გულგრილი ნამდვილად არ ვარ იმ ყველაფრის მიმართ, რაც ქვეყანაში ხდება, თუმცა, ამ ეტაპზე ჩემი მოქალაქეობრივი პოზიცია რჩება ჩემთან და ჩემს ახლო წრეში. ვცხოვრობ ამ ქალაქში, ჩვეულებრივ ვხვდები ადამიანებს, არ ვემალები არავის – მე არ მიცხოვრია ისე, რომ ვიღაცას დავემალო და მზერა ავარიდო. ტაქტიკური თვალსაზრისით, არსებობს ისეთი მომენტები, როცა სხვა როლში უნდა იყო. აქტიურ თავდაცვაში არ ვარ – ეს მანევრირებას მოითხოვს, რასაც მე არ ვაკეთებ. ახლა, ალბათ, ღრმა თავდაცვაში ვარ, „ბლინდაჟში” ვზივარ და არეალს ვაკვირდები (იცინის).