რა ფერის ჭურჭლით უნდა გაუმასპინძლდეთ არასასურველ სტუმარს და რატომ უნდა ამოდოთ თეფშის ქვეშ ხურდა ფული საქმიან პარტნიორთან ვახშმის დროს
სამზარეულო, სადაც ქალების უმეტესობა ბევრ დროს ატარებს, ერთგვარი მაგიური ოთახია. ასტროლოგიურად სწორად შერჩეული ჭურჭელი, ოჯახის წევრებსა და სტუმრებზე ზეგავლენას ახდენს, მათ გუნება-განწყობაზეც მოქმედებს და სწორად გაწყობილი სუფრა ერთგვარი რიტუალის ფორმას იძენს.
ყველა ჭურჭელი და ხელსაწყო, რასაც სამზარეულოში კერძის მოსამზადებლად იყენებთ, გარკვეული ენერგეტიკის მატარებელია. ასევე, სამზარეულოს ჭურჭელიც ინახავს ინფორმაციას, მოვლენათა ნიუანსებს, რომელსაც მისი მფლობელი გადასცემს. ასე რომ, დიასახლისიდან დიასახლისამდე ინფორმაცია თაობიდან თაობებს გადაეცემა. როდესაც ანტიკვარულ მაღაზიაში ან ქუჩაში ანტიკვარულ ჭურჭელს ყიდულობთ, აუცილებლად დაინტერესდით, ვინ იყო მისი მფლობელი, როგორი ხასიათით გამოირჩეოდა და ხომ არ იყო ის ცხოვრებაში უბედური ადამიანი. ადამიანის აურას ჭურჭელი ინახავს და, თუ მისი ყოფილი მფლობელი არ გამოირჩეოდა დადებითი აურით, შესაძლოა, ასეთი ნივთის ოჯახში შეტანამ მთელი რიგი პრობლემების წინაშე დაგაყენოთ.
ასევე, მაგიური თვისებებით გამოირჩევა ის თეფშიც, რომელზეც საკვები დევს და რომლიდანაც მიირთმევთ. თეფშის ფორმასა და ფერს აუცილებლად უნდა დააკვირდნენ დიასახლისები და აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ ის რჩევები, რომელსაც ასტროლოგები ვარსკვლავებსა და პლანეტებზე დაყრდნობითა და დაკვირვებით გთავაზობენ. კერძოდ:
მრგვალი ფორმის თეფში მასზე დალაგებულ საკვებს ავი თვალისგან იცავს; კვადრატული და შეტეხილი გვერდების მქონე თეფშის მფლობელი საკმაოდ ამაღელვებელი და რომანტიკული ბუნების ადამიანია; სამკუთხედი თეფშიდან საჭმლის ჭამა ადამიანს მეტად პიკანტურს ხდის და მის ავანგარდულ ბუნებას უსვამს ხაზს;
ასევე, იმასაც უნდა მიაქციოთ ყურადღება, თუ რა ორნამენტებითაა დატვირთული ის ჭურჭელი და, კერძოდ, თეფში, საიდანაც ყოველდღიურად იღებთ საკვებს.
ასტროლოგიურად, ციფრებით მოხატული თეფშის მიმართ დიდი სიფრთხილე გმართებთ, რათა მათი კომბინაცია უდიდესი ენერგეტიკული კოდის შემქმნელია. არ არის გამორიცხული, ასეთი ციფრების შეჯამება ისეთ კოდს იძლეოდეს, რომელიც ადამიანისთვის უბედურების მომტანია. ასეთი თეფშიდან საჭმლის მიღება კი, დროთა განმავლობაში, სერიოზულ პრობლემებს შეგიქმნით ჯანმრთელობის მხრივ, დაგირღვევთ ძილის ხარისხს, გაგიფუჭებთ გუნება-განწყობას. უმჯობესია, სადა, ერთი ფერის თეფშს მიანიჭოთ უპირატესობა, თუმცა, სიფრთხილისა და დაკვირვების გამოჩენა დიასახლისებს აქაც გმართებთ, რადგან ჭურჭლის ფერი ადამიანზე მოქმედებს და ისიც გარკვეული მაგიური თვისებების მატარებელია.
მაშ, ასე: უპირატესობა წითელი ფერის თეფშს მიანიჭეთ, თუ გსურთ, რომ სიყვარულში გაგიმართლოთ; საკუთარი თავის უკეთ წარმოსაჩენად შავი ან ყავისფერი ჭურჭელია უკეთესი; თეთრი ფერის ჭურჭლიდან ჭამა აზრების კონცენტრაციაში დაგეხმარებათ; ყველაზე კარგი კი ცისარტყელას ფერების მქონე ჭურჭლიდან საკვების მირთმევაა.
იმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, ჭურჭელს როგორი ფერის სუფრაზე აწყობთ და ვინ გყავთ სტუმრად მოპატიჟებული.
სუფრას თეთრი გადასაფარებელი გადააფარეთ და ცისფერი ფერის ჭურჭლითა და სანთლებით გააწყვეთ, თუ ოჯახის წევრებთან ან მოწვეულ მეგობართან გულითადი და გულღია საუბარი გსურთ;
არასასურველ სტუმარს ყვითელი ჭურჭლით მიართვით კერძი;
თუ საყვარელ ადამიანს ეპატიჟებით ბინაში ან, გსურთ, საპირისპირო სქესის სტუმრის განსაკუთრებული ყურადღება მიიპყროთ და თქვენით დააინტერესოთ, მაშინ, თეთრ სუფრაზე ვარდისფერი ჭურჭელი გაიტანეთ;
თუ თანამოსუფრესთან მკაცრი და სერიოზული საუბარი გაქვთ დაგეგმილი, უმჯობესია, მაგიდას ღია ყავისფერი შეფერილობის სუფრა გადააფაროთ და მწვანე ჭურჭლით გაიტანო კერძები და სტუმარსაც ასეთი ფერის თეფში დაუდოთ.
აუცილებლად გადააჯვარედინეთ დანა-ჩანგალი თეფშებზე – ეს სტუმარს თქვენ მიმართ კეთილად განაწყობს და მისგან წამოსული ცუდი ზრახვებისგან დაგიცავთ.
თუ საქმიან პარტნიორს ფინანსური დახმარების მიზნით მოიწვევთ სტუმრად, თქვენი თეფშის ქვეშ – ხურდა ფული დადეთ. ეს თქვეთვის მომგებიანია. ოღონდ, გახსოვდეთ, რომ ხურდა ფული ვერცხლისფერი უნდა იყოს.
თუ გსურთ, თქვენი მომზადებული კერძებით მოხიბლოთ სტუმრები, მაგიდაზე ადგილ-ადგილ დაფნის ფოთლები დაალაგეთ და იისფერი და ყვითელი სანთლები აანთეთ.