როგორ აწვალებს მამაკაცებს ნატა ჯანიაშვილი
20 წლის ნატა ჯანიაშვილი, რომელიც 5 წელია, რაც მოდელია, ერთ-ერთ სარეკლამო კომპანიაში და „ვა ბანკში“ მუშაობს.
ნატა: ბავშვობიდან ვოცნებობდი, მოდელი ვყოფილიყავი და ბოლოს ამიხდა ეს ოცნება. მოდელობას ძალიან დიდი შრომა სჭირდება, სამაგიეროდ, დიდ სიამოვნებას ვიღებ. პოდიუმზე გამოსვლაზე, ფოტოების გადაღებასა და პოზირებაზე ვგიჟდები.
– მოდი, საკუთარი თავი დაახასიათე.
– ვარ ძალიან მხიარული, კომუნიკაბელური, იოლად შევდივარ ადამიანებთან კონტაქტში, ჯიუტიც ვარ. დედისერთა ვარ, მაგრამ ეგოისტი – არა. ძალიან ცუდი გაბრაზება ვიცი, მაგრამ მალევე ვწყნარდები. გაბრაზებულმა მწარე „კბენაც“ ვიცი, თუმცა ადამიანმა ძალიან უნდა გამამწაროს, ამაფეთქოს, რომ ცოტა „ვუკბინო“ და მერე დავწყნარდები. საკმაოდ მიმნდობი ვარ, ადამიანს იოლად ვენდობი და მერე შეიძლება, დავჯდე და ვიტირო, იმიტომ, რომ მიღალატა. ვცდილობ ჭკუა ვისწავლო, მაგრამ ჯერჯერობით არ გამომდის. ჩემი მიმნდობი ხასიათით ძალიან ბევრი ბოროტად სარგებლობს.
– თაყვანისმცემლები ნამდვილად გეყოლება. როგორ გამოხატავენ ისინი შენს მიმართ სიმპათიებს?
– ყვავილებით, საჩუქრებით, მიმღერიან, ფუმფულა სათამაშოებს მჩუქნიან. თუ მამაკაცი არ მომწონს, არ მიზიდავს, ვერ ვამყარებ მასთან ურთიერთობას და მასთან არანაირი ურთიერთობა არ მსიამოვნებს. თუ მამაკაცი მომწონს, მისი წვალება მიყვარს და ამით ვახვედრებ ხოლმე. ამას სპეციალურად არ ვაკეთებ, ჩემს ხასიათშია და მსიამოვნებს, როდესაც ვაწვალებ მამაკაცს, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ მიყვარს.
– როგორ ფიქრობ, ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაში ინტრიგა, ქალური ეშმაკობების გამოყენება საჭიროა?
– ინტრიგის გარეშე ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა ერთფეროვანი, მოსაწყენი ხდება. შესაბამისად, სიახლეები და მრავალფეროვნება უნდა შეიტანო ურთიერთობაში, თორემ მერე მოგბეზრდება.
– შენი სასიყვარულო გატაცებები რამდენ ხანს გრძელდება?
– ჯერჯერობით არავინ მყვარებია, შესაბამისად ერთი შემიყვარდება და ეს სიყვარული სამუდამო იქნება. მოწონება მქონია, ხშირად ეს გრძელდება ერთი წელი, ან ერთი კვირა. ერთკვირიანი მოწონებებიც მქონია, მერე მამაკაცს ისეთი თვისება გამოუვლენია, რომ გადამყვარებია.
– როგორი მამაკაცები მოგწონს?
– ძალიან ბევრ ნიუანსს ვაქცევ ყურადღებას. „წიკები“ მაქვს, მამაკაცს რომ დავინახავ, ჯერ ფეხსაცმელზე ვუყურებ. ჩემთვის ასევე მნიშვნელოვანია, როგორი ტუჩები და მზერა აქვს მას. ანუ, მამაკაცის გარეგნობაში მომწონს დიდი ტუჩები და მამაკაცურობა, სიძლიერე მიზიდავს. მზერა კი გამჭოლი უნდა ჰქონდეს.
– რა უნდა გააკეთოს, შენი გული რომ დაიპყროს?
– მამაკაცს რომ ვაწვალებ, არ უნდა მობეზრდეს, უნდა აიტანოს ჩემი საქციელი და უნდა იბრძოლოს. მამაკაცი თუ ქალთან ურთიერთობისას ფარ-ხმალს ყრის, ჩემს თვალში ის ძალიან სუსტია. ურთიერთობა მოსაწყენი რომ არ გახდეს, გამოცდებსაც ვუწყობ – ცოტა წვალება, ქალური ინტრიგები და ასე შემდეგ. რაც შეეხება მამაკაცის გარეგნობას, მომწონს მაღალი, შავგვრემანი, ცისფერთვალება მამაკაცები.
– მოგეწონება, მამაკაცმა რომ გაწვალოს?
– მამაკაცმა რომ მაწვალოს, მე ორმაგად ვაწვალებ და ეს იქნება დაუსრულებელი წვალება. ამის საპასუხოდ უარესს მიიღებს.
– საყვარელი მამაკაცის მხრიდან აკრძალვებს აიტან?
– მამაკაცის მხრიდან ბრძანებებს ვერ ავიტან, თუ მთხოვს, მაშინ წავალ დათმობაზე. თუმცა, გააჩნია საკითხს, შეიძლება, რაღაც საკითხში დავეთანხმო. ისეთი მამაკაცებიც არ მიყვარს, ქალებს იოლად რომ ემორჩილებიან. ძლიერი მამაკაცები მიზიდავს.
– როგორ ფიქრობ, შეყვარებული მამაკაცების მართვა მართლა ძალიან იოლია?
– საკმაოდ იოლია, მაგრამ არ მიყვარს მამაკაცების მართვა. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა ამ ხერხის გამოყენება. პირადად მე, იოლად გამომდის შეყვარებული მამაკაცების მართვა.
– რა უნდა გააკეთოს ქალმა, რომ საყვარელი მამაკაცი სხვა ქალთან არ წავიდეს?
– ქალი ყოველთვის საინტერესო უნდა იყოს, მამაკაცის წინაშე ბოლომდე არ გაიხსნას. პირადად მე ყოველდღე სხვადასხვანაირად ვფიქრობ, ახალ-ახალი რაღაცეები მინდება და ერთფეროვნება მბეზრდება. ურთიერთობაში ყველაფერი ახალია საჭირო. ქალი დაუსრულებელი წიგნივითაა, ახალი-ახალი ფურცლების გადაშლისას, ის უფრო და უფრო საინტერესო უნდა ხდებოდეს. შესაბამისად, მამაკაცი თუ მრავალფეროვანი არ იქნება, ნამდვილად მომბეზრდება. არ მიყვარს მიუწვდომელი მამაკაცები. თუ მამაკაცი მაინც დაიწყებს სხვა ქალებისკენ ყურებას, ძალიან ხმამაღლა გავიცინებ და წავალ მისგან. ჩემთვის შეურაცხმყოფელია, როდესაც მამაკაცი ჩემთან ერთად არის და სხვა ქალს უყურებს. შესაბამისად, თუ მამაკაცს სხვა ქალთან მოუნდება წასვლა, არ უნდა დააკავო, წავიდეს, კარგად იყოს.
– შენი აზრით, რა სჭირდება მამაკაცს საყვარელი ქალისგან?
– მამაკაცს სჭირდება სითბო, ყურადღება და ცოტა წვალება. თავად საკმაოდ თბილი და მეგობრული ვარ. თუმცა ზოგს ცივი ვგონივარ, მაგრამ რომ გამიცნობენ, მერე ამბობენ, რა სხვანაირი ყოფილხარო. ბევრ ბიჭს უთქვამს ამ გოგონას, თავში აქვს ავარდნილიო, მაგრამ მერე, რომ გავუცნივარ, უთქვამთ, რა სხვანაირი ხარო. მამაკაციც თბილი უნდა იყოს და ყურადღებიანი. ის მამაკაცი, რომელიც ჩემს მიმართ არ იქნება თბილი და ყურადღებიანი, ალბათ არც შემიყვარდება და თუ მეყვარება, გადავიყვარებ. ყურადღებაზე, სითბოზე ვგიჟდები. მამაკაცს თუ უყვარხარ, თბილი და ყურადღებიანი უნდა იყოს შენს მიმართ.