როდის აქვს ქეთათოს სასიამოვნო ფორიაქი და რატომ არ სჭირდება მას გვერდით მამაკაცი-ბუტაფორია
მას გაუმართლა! შეხვდა ადამიანი, რომელსაც უყვარდა და რომელიც უყვარდა. რეალურ დროში კი, იდეალური მეორე ნახევრის პოვნა, თითქმის შეუძლებელია. ალბათ ამიტომ, ქეთათოსთვის განსაკუთრებით რთულია პირად ცხოვრებაში ცვლილებებზე ფიქრი და ეს არც მიკვირს. შეიძლება, იპოვო ირაკლი ჩარკვიანზე მეტად თუ არა, მასავით საინტერესო, სავსე ადამიანი?... თუმცა, ცხოვრება გრძელდება, ის სავსე და უცნაურია. სამყაროში გამორიცხული არაფერია.
ქეთათო: ცხოვრება ჩვეულ რიტმში მიედინება – არის ძალიან დატვირთული დღეები, ათასი რაღაც ხდება, ხან კონცერტია, კინოა, თეატრია. ეს სასიამოვნო ფორიაქია. ბევრად უფრო დამღლელი, ოღონდ გაცილებით სასიამოვნოდ დამღლელია, როდესაც რეპეტიციები მაქვს, სიმღერაზე ვმუშაობ. ამ დროს აბსოლუტურად სხვა რეჟიმში ვარ. მაქვს შედარებით მშვიდი, წყნარი პერიოდები, როდესაც იშვიათად გავდივარ გარეთ, საკუთარ თავთან ჩაღრმავების, ფიქრის დრო მრჩება. სხვადასხვაგვარი პერიოდებია და მათგან კიდევ უფრო განსხვავდებოდა ზაფხული.
– ზაფხულში ინგლისში იყავი, არა?
– კლასიკური დასვენება ამ ზაფხულს არ მქონია. ერთი თვე ლონდონში ვიყავი. დღის განმავლობაში პარკებში ვსეირნობდი, ვვარჯიშობდი, მზეს ვეფიცხებოდი ქალაქში, სადაც მზე განსაკუთრებულად ფასობს. მწვანე ბალახზე იოგას ვვარჯიშობდი. უდიდესი სიამოვნება იყო ჩემთვის ნანასთან ერთად სიარული, სკოლაში მიმყავდა-მომყავდა. მშობლის როლში ვიყავი შესული.
– ალბათ, ნანა როგორ ამაყობდა.
– საოცრად ამაყობდა. ჩემ ჩასვლას თურმე მისი კლასელებიც კი ელოდნენ. ნანა სულ ჩემს გარდერობს აკონტროლებდა – არ უნდოდა, ზედმეტად თამამი ფერები მცმოდა. მე ვუხსნიდი, რომ როგორმე თავად შევარჩევდი სამოსს, მაგრამ, როდესაც ხედავდა, თუ როგორი ინტერესით მაკვირდებოდნენ მისი კლასელები და ზოგიერთი ხელითაც ცდილობდა შემხებოდა, მიხვდა, ჯობდა, ნაკლებ კონსერვატორი ყოფილიყო ჩემთან მიმართებაში. ევროპაში ხომ მეტ-წილად გვიან ოჯახდებიან, ამიტომ მშობლები ნანას კლასელებს საკმაოდ ასაკიანი ჰყავდათ. ყველაზე ახალგაზრდა მე ვიყავი, რა თქმა უნდა, ფერად-ფერადი ტანსაცმელიც მეცვა (იცინის). ასე რომ, მთელი პერფორმანსი იყო ჩვენი სკოლამდე მისვლა და მოსვლა.
– თვითონ როგორ იყო შეგუებული იქაურ გარემოს?
– თავიდან საშინელი ნოსტალგია ჰქონდა, ვენატრებოდი. ორივეს ძალიან გაგვიჭირდა განშორება. მოწყენილი ხმით მირეკავდა, რაც ჩემზე საშინლად მოქმედებდა. ერთი თვე საკმაოდ მიმძიმდა განშორება, არავის დანახვა არ მინდოდა. რაღაცნაირად დავცარიელდი. მერე შევეგუეთ, როგორც მე, ისე ბავშვი. გადასარევი ურთიერთობა აქვს ბებია-ბაბუასთან. ბაბუა სულ თვალებში შესციცინებს, არაფერს აკლებს, უამრავ საჭირო ინფორმაციას აწვდის, რომელიც მარტო ბავშვს კი არა, ზრდასრულ ადამიანებსაც არ აწყენთ. სახლში თავისი პატარ-პატარა საქმეები ჰქონდა ნანას, საკუთარ თავს 6 წლის ასაკიდან თვითონ უვლიდა.
– შეცვალა იქ ცხოვრებამ?
– ძალიან შეცვალა. ნანას ლონდონში წასვლა ყველა თვალსაზრისით სწორი ნაბიჯი იყო. რა თქმა უნდა, პირველ ეტაპზე, როგორც ბავშვისთვის, ასევე ჩემთვის, ამან უამრავი სირთულე შექმნა, მაგრამ, იმის წყალობით, რომ ბაბუამ და ბებიამ სითბოთი და მზრუნველობით გაანებივრეს, ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. ერთი, რომ დედისგან მრავალი მილის მოშორებით ყოფნა აჩქარებს დამოუკიდებლად ცხოვრების ინსტინქტის გამომუშავებას, მეორე და უმთავრესი – თანამედროვე ევროპული ღირებულებები ნანასთვის სადღაც გაგონილი ფრაზა კი არა, ცხოვრების წესია, რაც უამრავ, ერთი მხრივ უმნიშვნელო დეტალში ჩანს. კლასში, ინგლისელების გარდა, ბევრი უცხოელი იყო. მულტიკულტურული ქალაქია და მიეჩვია სხვისი რელიგიის, ტრადიციების პატივისცემას. იმავდროულად, საკუთარი ტრადიციების მეტად დაფასება ისწავლა. რამდენიმე საფეხურით მაღლა ასწევს უცხოეთში გატარებული ეს ორი წელი ნანას, მის მსოფლმხედველობას გააფართოებს.
– როგორი სწავლის მეთოდი ჰქონდა?
– ინგლისში საშინაო დავალებას კვირაში ერთხელ აძლევენ, თამაშით სწავლობდნენ იქვე, სკოლაში ყველაფერს. ბაბუას, გელა ჩარკვიანს, დიდ ბრიტანეთში მისია დაუმთავრდა და საქართველოში ჩამოსვლა მოუწია. სხვათა შორის, ნანა ნერვიულობდა ახალ სასწავლო პროცესზე. ქართულ სკოლაში მეტ სიმკაცრეს ელოდა. თბილისში ინგლისურ სკოლაში აღარ შევიყვანე, რადგან ენას, რაც ყველაზე მეტად სჭირდება – პრაქტიკაა და ამ მხრივ ბაბუასთან განაგრძობს მეცადინეობას, ხოლო სანამ პატარაა და უცხო ენებისადმი მიდრეკილება აქვს, გადავწყვიტე ფრანგული ესწავლა. ამიტომ, ფრანგულ სკოლაში შევიყვანე, სადაც მისი ბავშვობის მეგობარი, ლილუ (ნანიკო ხაზარაძის შვილი) და ნანა ერთ კლასში არიან. ასე რომ, არ გასჭირვებია ახალ გარემოსთან შეგუება და ძალიან ბედნიერია. ლონდონშიც, მიუხედავად იმისა, რომ უცხო ქვეყნიდან ჩავიდა, საკმაოდ მალე გაიარა ადაპტაცია და მონახა საკუთარი ადგილი.
– საღამოობით რას აკეთებდი ლონდონში?
– სანამ ნანას ეღვიძა, ვცდილობდი, მასთან ვყოფილიყავი, რადგან ეჭვიანობდა, შენ ხომ ჩემთან ჩამოხვედი, სად მიდიხარო. ერთ საღამოს, უკვე თითქმის ეძინა, ვერც გაიგებდა, მაგრამ მაინც ვუთხარი, შენ რომ დაიძინებ, კლუბში წასვლას ვაპირებ-მეთქი. არ ესიამოვნა. ჩემ ჩასვლამდე თურმე ერთი თვით ადრე ღელავდა, რომ მე და მისი მამიდაშვილი კლუბებში ვივლიდით.
– ესე იგი, ნებართვით, წახვედი კლუბში.
– კლუბშიც, კონცერტებზეც. ჩემ ორი უსაყვარლესი ჯგუფის კონცერტზე ვიყავი – ფიჯეი ჰარვეისა და ფორტიშჰედის. ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე. კარგი ლონდონური ერთი თვე გამომივიდა. ჩამოვედი და დავიწყე რეპეტიციები ახალი ალბომისთვის – „თეთრი ღმერთი”. ეს ალბომი შეიქმნა ირაკლის ლექსებზე და რამდენიმე სიმღერის პრეზენტაცია მოხდა მესტიაში, „სვანსეტი-ს” ფესტივალზე. კლასიკური დასვენება რასაც ჰქვია, წყნარი, მშვიდი წელს არ მქონია.
– ახლა როგორი პერიოდი გაქვს ცხოვრებაში?
– ცოტ-ცოტა ყველაფრის. ის, რასაც მთელი წლის განმავლობაში აკეთებ ადამიანი, შემოდგომაზე იმკი. პარალელურად, მუდმივად მიმდინარეობს თვითშემეცნების პროცესი, რომელიც არასდროს მთავრდება. ყოველდღე, ყოველწამს საკუთარ თავს, გარემოს ადამიანები უამრავ კითხვას ვუსვამთ ისე, რომ ზოგჯერ პასუხი წინასწარ ვიცით.
– შენს პირად ცხოვრებაში ცვლილებები რომ მოხდეს, როგორ ფიქრობ, ნანა იეჭვიანებს?
– მე და ნანას ამაზე ხშირად გვისაუბრია, აბსოლუტურად გახსნილი ურთიერთობა გვაქვს და როდესაც ბავშვს უკითხავს, ვინმე ხომ არ მოგწონსო, მითქვამს მისთვის ახალი ურთიერთობების დაწყება ჩემთვის ძალიან რთული იქნება-მეთქი. ურთიერთობას რომ იწყებ, უნდა გიღირდეს და გაინტერესებდეს ის ადამიანი. მე ირაკლი ჩარკვიანს ვუყვარდი და როდესაც იცი წრფელი, ადამიანური ურთიერთობის ფასი, უკვე ძალიან გეხამუშება ფსევდოურთიერთობის გაბმა საკუთარი ტყუილების ლაბირინთში გზააბნეულ ადამიანებთან (იცინის). გიჭირს, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო დეტალებზე დახუჭო თვალი. სიყვარული, კი ძალიან იშვიათია. ადამიანების უმრავლესობისთვის ეს მხოლოდ წიგნებში ამოკითხული ცნებაა, რომელიც რეალურად არასდროს განუცდიათ. რადგან ცხოვრების განმავლობაში შემხვდა ადამიანი, რომლის გამოც ღირდა ჩემი დაბადება და რომელთან ერთადაც სიკვდილიც კი შვებას მომგვრიდა, ალბათობის თეორიის თანახმად, ნაკლები შანსი მაქვს, კიდევ ერთხელ ვიყო სრულფასოვნად ბედნიერი...
– თუმცა, მარტო ყოფნაც ხომ რთულია?
– არასწორ პარტნიორთან ერთად ყოფნას, მარტოობა მირჩევნია. კაცების უმეტესობა, მორალურად ძალიან სუსტია. ჩემზე სუსტი კაცი გვერდში არ მინდა, ბუტაფორია არ მჭირდება.