როგორ დაკარგა მამა-შვილმა ერთმანეთი და რატომ არ იცის შვილმა მამის გვარი
25 წლის იულია მიხეილის ასული სოლდატოვა ეძებს მამას, დაახლოებით 58 წლის გიორგის (გვარი უცნობია, უნდა მთავრდებოდეს ანი-ზე).
ისტორია: ვეძებ მამაჩემს, 1953 წელს დაბადებულ გიორგის (მისი გვარი და მამის სახელი ჩემთვის უცნობია). სამწუხაროდ, მამაჩემის შესახებ ძალიან მწირი ინფორმაცია მაქვს. მე მისი გვარიც კი არ ვიცი, რადგან დედაჩემს არ ახსოვს, ან, უბრალოდ, არ მეუბნება. ვიცი მხოლოდ ის, რომ მამაჩემის გვარი მთავრდება ანი-ზე, რომ მას აქვს ბერძნული ფესვები და რომ ის 1985 წელს ცხოვრობდა მუხიანის დასახლებაში, ერთ-ერთ კორპუსში, მე-9 სართულზე. იმის შესახებ, რომ ჩემი ნამდვილი მამა ქართველია, მე 18 წლის ასაკში გავიგე დედისგან, ისიც, სულ შემთხვევით. ფიზიკურად ძალიან ვგავარ მამაჩემს. მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ მამაჩემი ქართველია და, სავარაუდოდ, ამჟამადაც თბილისში უნდა ცხოვრობდეს, ძალიან მინდა მისი პოვნა. მინდა, ცხოვრებაში ერთხელ მაინც ვნახო მშობელი მამა. სამწუხაროდ, მე ქართული ენა ჯერ არ ვიცი. ცოტა ხნის წინ დავიწყე ენის სწავლა. ტერიტორიულად ნოვოსიბირსკში ვცხოვრობ დედასთან ერთად. მოგმართავთ თხოვნით, დამეხმაროთ და მაპოვნინოთ მამაჩემი.
დედაჩემი 1985 წელს ნოვოსიბირსკიდან ჩამოსული იყო თბილისში. ის მუშაობდა ბავშვთა პოლიკლინიკაში ექთნად და ცხოვრობდა მუხიანის დასახლებაში (ზუსტი მისამართი არ ვიცი). სწორედ მუხიანის დასახლებაში ცხოვრობდა ჩემი ბიოლოგიური მამა – გიორგიც. გადმოცემით ვიცი, რომ მაშინ მუხიანი ახლად შენდებოდა და იქ ცოტა საცხოვრებელი სახლი იყო. დედა ცხოვრობდა მე-3 სართულზე. მამაჩემი კი სხვა კორპუსის მე-9 სართულზე. მათ გაიცნეს ერთმანეთი და დედაჩემს შეუყვარდა გიორგი. დედასგან ვიცი, რომ მამას იმ დროს, ანუ 1985 წელს, ჰყავდა ავტომანქანა „ჟიგული“ (06). იმ დროს ეს მანქანა იშვიათობა იყო. ის მუშაობდა ერთ-ერთ ინსტიტუტში. ასევე, ვიცი, რომ მამაჩემის ფესვებში ბერძნული სისხლიცაა. ერთი სიტყვით, ეს ისტორია ჩვეულებრივად მოხდა: დედა (სახელს და გვარს ვერ დავასახელებ) ჩამოსული იყო სამუშაოდ და გაიცნო მამაჩემი, შეუყვარდა და დაორსულდა. საქმე ისაა, რომ ჩემმა ბიოლოგიურმა მამამ ჩემი არსებობის შესახებ არაფერი იცის, რადგან დედას ეს მისთვის არ უთქვამს. ვიცი, რომ მამაჩემისთვის ცოლად მის მშობლებს ქართველი გოგო უნდოდათ და უკვე იმ დროისთვის ურიგებდნენ ვიღაცას. შემდგომ დედაჩემი ნოვოსიბირსკში (საიდანაც იყო) დაბრუნდა და გათხოვდა. მე გამზარდა აღმზრდელმა მამამ, მიხეილმა. ჩემი ნამდვილი ისტორია სრულიად შემთხვევით გავიგე და გამიხარდა.
– მაინც, რა გაგიხარდა, როცა გაიგე, რომ მამაშენი ქართველია? კიდევ რა იცი მამაზე?
– პირველ ყოვლისა, გამიხარდა ის, რომ მე ქართველი ვარ, რადგან შინაგანად ყოველთვის დიდი სიმპათია მქონდა კავკასიელი ხალხის მიმართ, თან, ფიზიკურად ძალიან ვგავარ ქართველს, ალბათ, ამიტომაც გამიხარდა. ასეა თუ ისე, სინამდვილე გავიგე ჩემ შესახებ. სამწუხაროდ, დედაჩემს არ უნდა, რომ მე ჩემი ბიოლოგიური მამა ვიპოვო, რადგან შიშობს, რომ ამით მას პრობლემები შეექმნება (მან ხომ ჩემი არსებობის შესახებ არაფერი იცის), მაგრამ, დარწმუნებული ვარ ჩემი სურვილის უვნებლობაში. მე მხოლოდ ის მინდა, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც ვნახო მამაჩემი. ბუნებრივია, დედის პოზიციაც კარგად მესმის, მაგრამ, უარს მამის პოვნის მცდელობაზე მაინც ვერ ვიტყვი, რადგან მე მხოლოდ და მხოლოდ მისი გაცნობა მინდა. თუკი აღმოჩნდა, რომ მე მყავს სხვა დედმამიშვილები მამის მხრიდან და ისინი თანახმა იქნებიან, ურთიერთობა იქონიონ ჩემთან, ჩემზე ბედნიერი არავინ იქნება. ბუნებრივია, თუ მამაჩემს არ ექნება ჩემი გაცნობის სურვილი, გავუგებ, ოღონდ კი ვიცოდე, რომ მე ის ვიპოვე და კარგად და ჯანმრთელადაა.
– დედაშენმა თუ აგიხსნა, რატომ არ უთხრა მამაშენს შენი არსებობის შესახებ, ან, როგორ ფიქრობ, რა მიზეზით შეიძლება მისი გვარი არ ახსოვდეს, არ ახსოვდეს იმ ადამიანის გვარი, ვისგანაც შვილი გააჩინა?
– ნამდვილად ვერ გეტყვით, დედა ამის შესახებ არაფერს მეუბნება. მას, უბრალოდ, არ სურს ამ თემაზე საუბარი. მაგრამ, დანამდვილებით ვიცი, რომ მამაჩემის გვარი არ ახსოვს, რაც იცის, ყველაფერი მითხრა. არ მგონია, 25 წლის შემდეგ მას იმ ადამიანის გვარი ახსოვდეს და მე მიმალავდეს. უბრალოდ, დედას არ უნდა, რომ ჩემი გამოჩენით ჩემს მშობელ მამას პრობლემები შეექმნას ოჯახთან, შვილებთან და მეუღლესთან. მინდა მამაჩემის ოჯახის წევრებს მივმართო, წინასწარ მოვუბოდიშო და ვუთხრა, რომ ამ ისტორიაში მე ბრალი არ მიმიძღვის, უბრალოდ, ასე მოხდა 1985 წელს. მე პირადად არავის ვადანაშაულებ, უბრალოდ, მინდა მამის გაცნობა და ნახვა. იმედია, მისი ოჯახისთვის ეს მიუღებელი არ იქნება. მე სულ მარტო გავიზარდე და და-ძმა არ მყოლია. თუკი მამაჩემს ჰყავს შვილები, ისინი ჩემთვის ღვიძლი დედმამიშვილებივით იქნებიან.
თუ ვინმეს გაქვთ რაიმე ინფორმაცია ამ ისტორიის შესახებ ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 233-42-24; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.