კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აღმოჩნდა ლევან მინდიაშვილის ნახატი გერმანელ კოლექციონერთან პიკასოსა და მონეს ნახატების გვერდით და რომელმა ცნობილმა დიზაინერმა შეუკვეთა მას პორტრეტი

სახელი და გვარი – ლევან მინდიაშვილი. დაბადების ადგილი – ქალაქი თბილისი, 8 სექტემბერი, 1979 წელი. პროფესია: მხატვარი, პერფორმერი, დამოუკიდებელი კურატორი, ამჟამად დიზაინერობითაც არის დაკავებული. დღეს ცხოვრობს და მუშაობს ბუენოს-აირესში. მისი ნამუშევრები აუცილებლად უნდა ნახოთ საიტებზე: www.levan-m.com, www.levan-m.blogspot.com. დახასიათება: საოცრად ნიჭიერი მხატვარი, პერფორმანსი, გამორჩეული სტილი, განსხვავებული ხედვა, მისი ნამუშევრების ნახვის შემდეგ ბევრ რამეს განსხვავებული კუთხით აღიქვამ, ხედავ. პიროვნება – ნიჭიერი, ემოციური, ხალისიანი, უშუალო, მეგობრული. 

 

ლევან მინდიაშვილი: 5 წლის ასაკიდან ვიცოდი, რომ აუცილებლად მხატვარი ვიქნებოდი. სკოლის პარალელურად, სამხატვრო სკოლაშიც დავდიოდი. ასევე, ბოლო ორი წლის განმავლობაში სამხატვრო აკადემიაში გავიარე მოსამზადებელი კურსები. ბავშვობაში საშინლად მიყვარდა ქალების ხატვა. დიდი ოჯახი გვქონდა, ბევრნი ვცხოვრობდით ერთად. ბიცოლაჩემი ბიოლოგიურზე სწავლობდა და ჰქონდა ერთი წიგნი, სადაც შიშველი ქალისა და მამაკაცის გრაფიკული სქემა ეხატა. ეს იყო ჩემი ყველაზე საყვარელი წიგნი და სულ ვათვალიერებდი, ეს ნახატი შეიძლება, საათობით მეთვალიერებინა. ჩემი პირველი ნახატი სწორედ ამ ორი ნახატის რეკუნსტრირება იყო. ახლა ვხვდები, რატომ მაინტერესებდა. მთელი ცხოვრება ვხატავ ადამიანის სხეულს და ეს არის თემა, რაზეც მუშაობა ყველაზე მეტად მიყვარს. ფიზიკურად საშინლად მომწონს ადამიანის სხეული, თან ულევი შესაძლებლობები, უამრავი რაკურსი აქვს ინსპირაციისთვის. ხელოვნებაში ყველაზე მეტად მაინტერესებს მიღმისეული, უფრო ინტიმური, პირადი, რაც ადამიანის შიგნით ხდება, მაგრამ ეს ყველაფერი თავის გავლენას ახდენს, ნაკვალევს ტოვებს სხეულზე. ადამიანის სხეული კი ერთადერთი ვიზუალური საგანია, რომელზეც ყველაფერი მიღმისეული აღიბეჭდება. მე მაინტერესებს, რა ანაბეჭდს ტოვებს ადამიანის შინაგანი სამყარო მის სხეულზე, მის გარეგნობაზე.

სამხატვრო აკადემიიდან სანკტ-პეტერბურგში პრაქტიკაზე ორი კვირით წავედით მე და ჩემი მეგობრები. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოდან გავედი. რუსი მხატვრები ძალიან მიყვარდა, განსაკუთრებით სეროვი. ჩემთვის მისი ნამუშევრების ორიგინალში ნახვა მართლა სასწაული იყო. მაშინ აღარ მინდოდა ზეთში ხატვა, დავიწყე ახალი ტექნიკის ცდა – ექსპერიმენტები ტემპერით ტილოზე და მივედი კვერცხის ტემპერამდე. ეს მეთოდი დღეს ხშირად გამოიყენება საეკლესიო ხელოვნებაში, მაგრამ მე ხატების მაგივრად ნახატებს ვაკეთებდი. მინდოდა, ჩემს ნამუშევარში მარადიულობის განცდა გადამეტანა. მაშინ დავიწყე აქტიურად წყვილის თემაზე მუშაობა. ანუ, რას ნიშნავს, როდესაც ორი ადამიანი ერთადაა, შემდეგ გარდაიქმნებიან ერთ არსებად და რას ნიშნავს იყო ვიღაცასთან ერთად; რაზეა დაფუძნებული ადამიანური ურთიერთობები; ამ დროს ფიზიკურ-ბიოლოგიურ დონეზე რა ცვლილებები ხდება ადამიანში... მე და ჩემს სამ მეგობარს: ირაკლი ბუგიანიშვილს, ტატო ახალკაციშვილს, მალხაზ დათაშვილს სულ გვქონდა ჩვენი სამხატვრო ჯგუფი. ერთად ვმუშაობდით და სულ ერთად ვაკეთებდით გამოფენასაც. შემდეგ ირაკლი გერმანიაში წავიდა სასწავლებლად, სადაც ერთი გალერეა მისი ნამუშევრებით დაინტერესდა და გამოფენა გაუკეთა. შემდეგ ირაკლიმ მათ ჩვენი ნამუშევრები აჩვენა და ძალიან მოეწონათ. გალერისტები ჩამოვიდნენ თბილისში და პირადად მიგვიწვიეს გამოფენის გასაკეთებლად. ეს იყო მანჰაიმში, რომელიც პატარა კულტურული, სტუდენტური ქალაქია ფრანკფურტთან ახლოს. გამოფენამ ძალიან წარმატებით ჩაიარა. ჩვენც გაოცებულები ვიყავით, იმდენ ჟურნალში, გაზეთში დაიწერა და სერიოზული გამოხმაურება გვქონდა. ამ სტატიების გავლენით სხვა სამხატვრო ბაზრობებზე მიგვიწვიეს და 2005 წელს გერმანიაში საერთაშორისო არტ-ბაზრობაზე მთავარი პრიზით დაგვაჯილდოეს. 2006 წლის ჩათვლით, ინტენსიურად გვქონდა გამოფენები გერმანიაში, შემდეგ კი იტალიაშიც – ქართულმა გალერეა „უნივერსმა“ მოაწყო ჩვენი გამოფენა, ასევე პარიზში გაკეთდა ორი გამოფენა. ეს გამოფენები ჩემთვის იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ ჩემი შემოსავალი მთლიანად ნამუშევრებიდან მოდიოდა.

ნახატები საჯარო და კერძო კოლექციებში: გერმანია, საფრანგეთი, იტალია, საბერძნეთი, შვეიცარია, იაპონია, ამერიკის შეერთებული შტატები, არგენტინა, უკრაინა, რუსეთი, ავსტრია, თურქეთი, მექსიკა, ბოლივია, ჰოლანდია, ესპანეთი, ჩილე, ბრაზილია, შვედეთი, ჰონკონგი, დანია, პორტუგალია და საქართველო...

ჩემი ნახატები ძალიან ბევრ ქვეყანაშია. არგენტინაშიც სხვადასხვა ქვეყნიდან მოდიან მყიდველები და მეც ვცდილობ, მათთან სულ მქონდეს კონტაქტი. გერმანიაში ერთმა კოლექციონერმა შეიძინა ჩემი ნამუშევარი, რომელსაც პიკასო, მონე და გერმანელი ექსპრესიონისტების ნახატები აქვს სახლში. რა თქმა უნდა, ჩემი ნახატის შეძენა ძალიან სასიხარულო იყო. კალიფორნიის უნივერსიტეტში ჩემი ნამუშევარი გალერეა „უნივერსის“ წყალობით მოხვდა, რომელიც ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე არსებობს და შტატების უნივერსიტეტებთან ძალიან ახლო კავშირები აქვს. სულ ჰქონდათ სამეცნიერო გაცვლა-გამოცვლა – ჩამოდიოდნენ პროფესორები, აქედანაც მიდიოდნენ. ერთ-ერთი გამოფენის დროს კალიფორნიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის თანაშემწემ ნახა ჩემი სერია და იყიდა კალიფორნიის უნივერსიტეტისთვის. გერმანიაში ერთ საერთაშორისო პროექტზე მიგვიწვიეს, „გზაჯვარედინები“ ერქვა, ფართო თემა იყო და მეც ავირჩიე „მგზავრები“. ანუ, ცხოვრებისეული გზაჯვარედინები, როდესაც ჩვენი ცხოვრება კვეთს სხვა ადამიანის ცხოვრებას. სულ 7 ნამუშევარი იყო, რომელიც ასახავდა წყვილის ცხოვრებას ბავშვობიდან სიბერემდე: ანუ „ბავშვობა“, „მოზარდები“, „საყვარლები“, „ცოლქმრობა“, „მოხუცები“, „ავადმყოფობა“. მან ამ სერიიდან „საყვარლები“ იყიდა. ბუენოს-აირესში გავიცანი მექსიკელი კოლექციონერი, მასაც ძალიან მოეწონა ჩემი ნამუშევრები და იყიდა. ჰონკონგელ დიზაინერთან, ვილიამ ტანგთანაც არის ჩემი ნამუშევარი ურბანული სერიიდან. მან საკუთარი პორტრეტიც შემიკვეთა.

არგენტინა... ქართველი მხატვრის მიერ დანახული ბუენოს-აირესი, ანუ ურბანული სერიიდან

2006-2007 წლებში, როდესაც უკვე ევროპას შევეჩვიე, ყველაფერი დალაგდა, ახლის ძიება დავიწყე. მაშინ იყო პირველი წელი ვენეციის ბიენალეზე, როდესაც ლათინური ქვეყნებისთვის ცალკე პავილიონი გახსნეს და დაიწყეს ლათინურ-ამერიკულ ხელოვნებაზე საუბარი. მეც დავინტერესდი და ინტერნეტში დავიწყე მოძიება. რომელი მხატვარიც მომეწონა, ყველა ბუენოს-აირესიდან იყო. შემდეგ ერთი ფოტოგრაფი, მხატვარი გავიცანი – ქრისტიან ტონჰაისერი. ის დღეს ჩემი საუკეთესო მეგობარია და ნელ-ნელა მომწიფდა იდეა, არგენტინაში ჩავსულიყავი და მენახა, იქ რა ხდებოდა. ხელოვნების უნივერსიტეტში შევიტანე საბუთები მასტერის გასაკეთებლად და მიმიღეს. პირველად თვე-ნახევრით ვიყავი ჩამოსული. 2008 წლის აპრილის ბოლოს კი საბოლოდ ჩამოვედი არგენტინაში. გამიმართლა, რომ გავიცანი ქრისტიან ტონჰაისერი. ერთად რამდენიმე პროექტი გავაკეთეთ და შემდეგ ისინი სოფო კილასონიას კურატორობით, თბილისში ორ არტ-ფორუმზე ვაჩვენეთ. მისმა ოჯახმა, მეგობრებმა კარგად მიმიღეს. აქაური ხალხი ძალიან უშუალო, მეგობრულია, უცხოდ არ გაგრძნობინებენ თავს. ერთ-ერთ კონკურსზე გავაგზავნე ნამუშევარი, რომელიც გალერეას ძალიან მოეწონა და დავიწყე მათთან თანამშრომლობა. ერთი წლის შემდეგ გამოჩნდა სამხატვრო გალერეა, სადაც ახლა ვმუშაობ დირექტორის თანაშემწედ, კურატორად. ძირითადად, კრეატიული პროექტების გადაწყვეტაში, დიზაინში, ექსპოზიციების მოწყობაში, მხატვრების შერჩევაში ვეხმარები მათ. ჩვენი გალერეა ძალიან კარგ ადგილას მდებარეობს. უამრავი ხალხი მოდის და ბევრი საინტერესო ადამიანის გაცნობის საშუალება მაქვს. თეატრის ფესტივალზეც რამდენჯერმე მომიწია მუშაობა, ჯგუფების კოორდინაცია მევალებოდა. ახლა ერთ ექსპერიმენტულ თეატრალურ დასთან ვმუშაობ, პერფორმანსებს ვაკეთებ... ერთი წლის წინ გადავწყვიტე, რომ აღარ მეხატა ადამიანის სხეული და არც ადამიანები. თან, იმ პერიოდში დავიწყე პერფორმანსების გაკეთება, ანუ თავად დავიწყე სხეულთან მუშაობა. ამიტომ, ნაკლებად აქტიური გახდა იმის დახატვა, რის გაკეთებაც ფიზიკურად შემეძლო. ამ დროს გაჩნდა ახალი ურბანისტული სერია, რომელიც გავაკეთე პერსონალური გამოფენისთვის. ბუენოს-აირესში ევროპული არქიტექტურა აქვთ, ნიუ-იორკსაც ჰგავს, მაგრამ იმავდროულად, ძალიან თავისებურია. აქ სახლები არ არის ერთმანეთზე მიბჯენილი. არქიტექტურის ყველაზე ინტიმური მხარეა გაშიშვლებული, ხდება არალეგალური ფანჯრების გამოჭრა, ზოგი თავის სახლის გარშემო კედელს ღობავს, ხშირად წააწყდები ეგზოტიკურ ფასადს. პრესტიჟულ ქუჩაზე შეიძლება, ნახოთ ასიმეტრიული ფასადები – უცნაური ფორმის ფანჯრები, რომელიც თავისებურად არის შეღებილი. დავიწყე ურბანული სერიის გაკეთება. როდესაც არქიტექტურას უყურებ, ფიზიკურად ადამიანს ვერ ხედავ, მაგრამ ჩანს, თითოეული მათგანი როგორ ასვამს დაღს ბუენოს-აირესის ყოველდღიურ ცხოვრებას და როგორ ტოვებს ანაბეჭდებს ქალაქის სახეზე. ეს ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო, ანუ ორმაგ ინტიმურობაზე მომიწია მუშაობა: არქიტექტურის გაშიშვლებული ინტიმურობა და ადამიანის თავისუფალი ცხოვრების სააშკარაოდ გამოტანა. პერსონალური გამოფენის შემდეგ ადამიანების აზრი ორად გაიყო. ერთი ნაწილი აღფრთოვანდა, ამბობდნენ: ის, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში არის უშნო, ულამაზო, აწუხებთ, სხვა თვალით დაინახეს და ესთეტიკურად აღსაქმელი, მისაღები გახდა. ზოგი შეწუხდა: იმდენი ლამაზი შენობა გვაქვს, მშვენიერი სანახაობები, მაინცდამაინც ეს სიმახინჯე რატომ უნდა დახატოო. უფრო პოზიტიური შეფასებები იყო. 

ორი ქართველის ტანდემი...

მე და უტამ (უტა ბექაია – ავტორი) ერთმანეთის ნამუშევარი ინტერნეტში ვნახეთ, ძალიან მოგვეწონა და გადავწყვიტეთ, ერთად რაიმე საინტერესო გაგვეკეთებინა. როდესაც უტა ჩამოვიდა ბუენოს-აირესში, გავაკეთეთ მულტიმედია პერფორმანსი – „ფერომონა“. გვყავდა ორი მსახიობი, ერთი მომღერალი და 20 წუთი გრძელდებოდა, ვიდეოპროექციებით, საუნდით. ეს არის იმ დიდი პროექტის ერთი ნაწილი, რომელიც მომავალში გვინდა, ვაკეთოთ როგორც სამნაწილიანი თანამედროვე ოპერა-პერფორმანსი. დიდი სურვილი გვაქვს, ეს გავაკეთოთ თბილისში, რადგან მე და უტა რასაც ვაკეთებთ, გვინდა, ყველაფერი საქართველოში ჩამოვიტანოთ, ვაჩვენოთ. უტა ტანსაცმლის დიზაინს აკეთებს. ეს არის ის, რისი გაკეთებაც მეც მინდოდა. ამიტომ, გაჩნდა იდეა, ჩვენი მარკა გაგვეკეთებინა და დავიწყეთ ერთად მუშაობა. ნოემბერში თბილისის „ფეშენ-ვიქზე“ ჩამოვიტანთ სამოსს. ჩვენ საიტიც გვაქვს, სადაც დევს ეს ტანსაცმელი და უკვე ბოლო გაიყიდა. არგენტინაშიც, გერმანიაშიც, ლონდონშიც, ნიუ-იორკშიც, თბილისშიც გავყიდეთ. ყველაფერს ხელით ვაკეთებთ და გვინდა, ის, რაც ხელით ნაკეთია, განსხვავებულია, არტია, ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი. რაღაც პერიოდი გრაფიკულ ნახატებს ვაკეთებდი, მერე ვიფიქრე, ტანსაცმელშიც გვეცადა ამის გაკეთება. გადავიტანეთ ჩანთებზე, მაისურებზე, ყველას მოეწონა.

გამოფენა ნიუ-იორკში, „ნაკვალევები ჩემს კედელზე“ – ადამიანებისთვის გაშიშვლებული მხატვრის ინტიმური მხარე

ახლახან ნიუ-იორკში მქონდა გამოფენა, იმ გალერეამ წაიღო, რომელთანაც ბუენოს-აირესში ვმუშაობ. ეს არის „ხელმისაწვდომი ხელოვნების ბაზრობა“, რომელიც მსოფლიოს ეკონომიკის ფონზე დაიბადა. მისი ორგანიზატორების იდეა იყო ეჩვენებინათ, რომ მიუხედავად კრიზისისა, ხელოვნება მაინც ხელმისაწვდომია და შეიძლება მისი შეძენა. ნახატებს ლიმიტირებული ფასები აქვს: ყველაზე ძვირი ნამუშევარი იქ შეიძლება ღირდეს 20 ათასი დოლარი. ანუ, ნამუშევრების ფასი არის 500 დოლარიდან 20 000 დოლარამდე. გალერეამ ჩემი ბოლო ნამუშევრები წაიღო საწოლების სერიიდან. არტ-ბაზრობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ წელიწადში ორჯერ იმართება ნიუ-იორკში, ამერიკის სხვადასხვა შტატში, ევროპის წამყვან ქვეყნებში. ჩემი ნამუშევრები შარშან იყო, წელსაც გავგზავნე და გაისადაც აუცილებლად იქნება. მე სპეციალურად ძალიან პატარა ნამუშევრები გავაგზავნე და 600 დოლარი ღირდა... ჩემი ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარია დიდი ნახატი, რომელზედაც ზემოდან ვიდეოპროექციებია, ანუ, მულტიმედია ნამუშევარია. ივლისში ერთ გალერეაში მიმიწვიეს და გამოფენისთვის გავაკეთე. ჰქვია „ნაკვალევები ჩემს კედელზე“ და ჩემი ცხოვრების კონკრეტულ პერიოდს მოიცავს – ახალ სახლში გადავედი, მოკლე პერიოდში ბევრი ცვლილება მოხდა. სულ მინდოდა მეცადა, როგორ იმუშავებდა ერთად, ჩვეულებრივი გრაფიკული ნახატი, ზემოდან ვიდეოპროექციებით. საკმაოდ კარგი გამოვიდა, ყველა აღფრთოვანებული იყო. ერთმა გალერეამ 2012 წლისთვის პერსონალური გამოფენაც შემომთავაზა. ჩემი კედელია დახატული და მასზე მაქვს სხვადასხვა მომენტში, პერიოდში გადაღებული ვიდეოები და ისინია პროექცირებული. ანუ, ხედავ დახატულ სკამს, რომელიც მოძრაობს, ადამიანი ზის, ქრება, სხვა ადამიანები შედიან, გამოდიან, ინტერაქტიული, ცოცხალი ნამუშევარია. არც ვიდეოარტი და გრაფიკაა, მულტიმედია ნახატია. მაისში მქონდა პერსონალური გამოფენა, სადაც ჩემი საწოლი, მცენარე, წიგნი, ჩანაწერები წავიღე, და ერქვა „ლევანის ოთახი“. თან, ეს დაემთხვა არგენტინაში ჩამოსვლის 3 წელს. ხალხი ცოტა შოკში იყო, ოღონდ დადებითი ემოციებით. ბევრი მიცნობდა როგორც მხატვარს, მაგრამ რადგან ეს ყველაფერი ძალიან პირადი იყო, ამიტომ უკეთ გამიცნეს. თავიდან ამ გადაწყვეტილების მიღება არ იყო ადვილი, რადგან ყველაფრის პირადულის წარდგენა მიწევდა, მაგრამ რადგან ჩემი ხელოვნების მთავარი თემა ადამიანის ინტიმურობა, მისი პირადი ცხოვრება და გრძნობებია, ამიტომ არ გამჭირვებია იმ ნაბიჯის გადადგმა, რომ ჩემი ინტიმურობა წარმომეჩინა ხალხის წინაშე, ოღონდ არა სკანდალურად, არამედ საინტერესო ფორმით...

 

 

скачать dle 11.3