კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მე – დაქირავებული მკვლელი

უშიშროების პოლკოვნიკის ჩანაწერების მიხედვით

 

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ ¹29-42(564) 

 

გეგმის მიხედვით, „ობიექტი“ მანსურ-ხანის დაბადების დღეზე უნდა მომეკლა. ავღანელი ნარკობარონის დღეობა ორი დღის შემდეგ იყო და ზუსტად ვიცოდი, რომ ის ყოველთვის ფართოდ, მეგობრებისა და კოლეგების წრეში აღნიშნავდა ამ დღეს. ამიტომ, ყველა დეტალი გულდასმით დავამუშავე და მოთმინებით ველოდი იმ საღამოს, როდესაც ბობოლა ნარკობარონები მანსურ-ხანთან დღეობაზე შეიკრიბებოდნენ.

ორი დღის შემდეგ, საღამოს 10 საათზე, ყველა ნარკობარონი „ჰილტონის“ მეექვსე სართულზე მდებარე ფეშენებელურ რესტორანში შეიკრიბა. იქ მხოლოდ ნარკობარონები, მათი კბილებამდე შეიარაღებული მცველები და მოსამსახურე პერსონალი იმყოფებოდა. სხვას იქ არავის უშვებდნენ და მთელი პერიმეტრი ისე საიმედოდ იყო დაცული, რომ ბუზიც ვერ შეფრინდებოდა. თუმცა, მე წინასწარ დავიჭირე თადარიგი და რესტორანში წინა დღით შევიპარე ჩემი რეკვიზიტიანად, ხოლო, რომ არ აღმოვეჩინეთ, 18 საათი სავენტილაციო მილში ვიმალებოდი. „ტუსოვკა“ სულ რაღაც ნახევარი საათის დაწყებული იყო, რომ შეუმჩნევლად გამოვძვერი, შემდეგ საჭმელ-სასმლით დატვირთულ, უზარმაზარ ლანგარს დავავლე ხელი და დარბაზში დინჯად გავედი. ყველა საჭირო რეკვიზიტი, რაც „ობიექტის“ სალიკვიდაციოდ და იქიდან თავის დასაღწევად მჭირდებოდა, მიმტანის უნიფორმაში მოხერხებულად მქონდა დამალული. მთავარი იყო, დავალება შემესრულებინა და იქიდან მშვიდობიანად წავსულიყავი.

საქმის გასაკეთებლად და გასაქცევად მაქსიმუმ სამი წუთი მქონდა. გეგმის მიხედვით, მე ჯერ „ობიექტი“ უნდა აღმომეჩინა, შემდეგ მისი ლიკვიდაცია მომეხდინა, უმალვე ცრემლსადენი პაკეტები ამეფეთქებინა და, სანამ გაერკვეოდნენ, რა მოხდა, სამზარეულოს სავენტილაციო მილიდან გავქცეულიყავი.

„აბა, კოკი, ეძებე, დრო ჩაირთო!“ – მოვუწოდე საკუთარ თავს და უზარმაზარ დარბაზში „ობიექტის“ ძებნას შევუდექი, თან ლანგარს დავატარებდი. „ობიექტი“ დარბაზის მარცხენა კუთხესთან ბოკალით ხელში იდგა და მაშინ ჯერ კიდევ ნაკლებად ცნობილ, მაგრამ, საკმაოდ პერსპექტიულ პაბლო ესკობარს და მანსურ-ხანს ელაპარაკებოდა. მე ჯერ ცრემლმდენი პაკეტებიანი ბურთულები ავამოქმედე, ათ წამზე დავაყენე და მარცხენა კუთხისკენ შეუმჩნევლად გავაგორე, შემდეგ უნიფორმაში დამალული, მაყუჩიანი „სტარიდან“ „ობიექტს“ ორი ტყვია მარცხენა თვალსა და შუბლში მოვარტყი, რა თქმა უნდა, ადგილზევე მოვკალი და სამზარეულოსკენ გავემართე, რომ სავენტილაციო მილიდან გავქცეულიყავი, თან გავიფიქრე: „ჩქარა, კოკი, მოტყდი, პაკეტი ხუთ წამში აფეთქდება“. უცებ რესტორნის კარი შემოანგრიეს, ფანჯრები ჩაიმსხვრა და დარბაზში, კბილებამდე შეიარაღებული ნიღბიანი სპეცრაზმელები შემოიჭრნენ, მთელი პერიმეტრი დაიკავეს და სამზარეულოში გასასვლელი გზა მომიჭრეს. „ესღა მაკლდა! თუ სწრაფად არ მოვტყდი, დავიწვები და, ღმერთმა უწყის, რა მოხდება“, – გავიფიქრე მე და ამ დროს სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილმა მამაკაცმა იყვირა:

– „ინტერპოლი“! ყველანი დაწექით!

უცებ ცრემლმდენმა პაკეტებმა იფეთქა და დარბაზში კვამლმა დაიწყო გავრცელება. მე ამით ვისარგებლე, ვითომ შიშისგან ერთ-ერთ სპეცრაზმელს დავეტაკე, რომელიც ჩამსხვრეულ ფანჯარასთან იდგა, მოკლე დარტყმით მივთიშე და იქვე დავაგდე. შემდეგ ფანჯარაში გავძვერი და მილზე ჩავსრიალდი, რომელიც სასტუმრო „ჰილტონის“ ფასადის ერთ-ერთ არქიტექტურულ დეტალს წარმოადგენდა.

– დაიჭირეთ, არ გაგექცეთ! – მომესმა სამოქალაქოსამოსიანის ხმა, მაგრამ მე უკვე ქვევით მივსრიალებდი და, სანამ სავარაუდო მდევარი მომკრავდა თვალს, უკვე მეხუთე სართულის აივანზე ვიმყოფებოდი. ვინმეს რომ არ დავენახე, შუშის ღია კარში შევგორდი და ძალიან მდიდრულად მორთულ საძინებელში ამოვყავი თავი.

სუსტად, მაგრამ ძალიან ლამაზად განათებულ ოთახში უზარმაზარი თეთრი საწოლი იდგა, რომელზეც ულამაზესი, მოოქრული ჩუქურთმები იყო ამოჭრილი. საწოლზე იწვა ორი ტანწერწეტა, ჰაეროვან სამოსში გამოწყობილი გოგონა, ისინი ვერცხლის უზარმაზარი ლანგრიდან ჰალვას მიირთმევდნენ და ყვითელ წვენს აყოლებდნენ.

ერთ-ერთს რომ დამინახა, შეეშინდა და წამოკივლება უნდოდა, მაგრამ მეორემ მას პირზე ააფარა ხელი და ამის გაკეთების საშუალება არ მისცა.

მე პისტოლეტი მქონდა მომარჯვებული, რომელიც უნიფორმაში დავმალე და საწოლზე წამოწოლილ ქალებს ვუთხარი:

– ჩემი ნუ გეშინიათ, არაფერს გავნებთ. გთხოვთ, ნუ გამცემთ და აქაურობას ახლავე დავტოვებ.

– ლაილა, უხმოდ იჯექი, – უთხრა შეშინებულ ქალს მეორემ და მე მომიბრუნდა: 

– ვერ მიცანით, ბატონო ჩემო?

– აიშა, ეს შენ ხარ? – ლამის თვალები გადმომცვივდა ბუდეებიდან, როდესაც ჩემ მიერ  გადარჩენილი ავღანელი გოგონა ვიცანი.

– დიახ, მე გახლავართ. ეს კი ლაილაა, რომელიც, ასევე, თქვენ იხსენით რუსი ჯარისკაცების კლანჭებიდან, – მითხრა აიშამ.

აიშას სიტყვებზე, ჩემი არ იყოს, ლაილასაც უზომოდ გაუფართოვდა თვალები, მანაც მიცნო, მერე ჩემთან მოირბინა, დაიჩოქა, ხელზე მეამბორა და მითხრა:

– მაშინ ისეთი თავზარდაცემული ვიყავი, რომ მადლობის თქმაც კი ვერ მოვახერხე და, ახლა, ამდენი წლის შემდეგ გიხდით უდიდეს მადლობას, ჩემო ბატონო!

– გოგოებო, ამ ოთახიდან გამიყვანეთ და მადლობას იქით გადაგიხდით. შეიძლება, აქ სულ მალე შეიარაღებული სპეცრაზმელები მოცვივდნენ და, თუ მნახეს, კარგი არაფერი მოხდება, – ვთქვი მე და ხელი აივნისკენ გავიშვირე.

– ლაილა, შენ აქ დარჩი და, თუ ვინმემ გაბედა შემოჭრა, იცი, რაც უნდა უთხრა. მე კი ჩვენს მხსნელს იქით გავიყვან, – უთხრა აიშამ ლაილას და სასტუმრო ოთახში გამიყვანა, რომელიც ასევე ძალიან მდიდრულად იყო მორთული.

– ამ უნიფორმას გავიხდი, რომ არ მიცნონ და აქედან წავალ, თორემ, შენთან თუ აღმომაჩინა პოლიციამ, დიდ უსიამოვნებას გადაეყრები, – ვუთხარი აიშას. მან კი მომხიბვლელად გამიღიმა და მომიგო:

– დარდი ნუ გაქვთ, ჩემო ბატონო. აქ შემოჭრას ვერავინ გაბედავს, ვერც პოლიცია და ვერც ბოროტმოქმედები. ამიტომ, თქვენთვის აქაურობაზე უსაფრთხო ადგილი ამჟამად არ არსებობს.

შორიდან ძლიერი კაკუნის ხმა გაისმა და აიშას ვუთხარი:

– ალბათ, პოლიციაა და მე მეძებენ.

– ეგ არაფერი. თქვენ აქ იყავით, მე კი მალე მოვალ, – მითხრა აიშამ და ოთახიდან გავიდა, მალევე დაბრუნდა და მამცნო:

– მკითხეს, თქვენთან ხომ არავინ შემოჭრილაო, მაგრამ, უარით გავისტუმრე და წავიდნენ, თუმცა სასტუმრო სპეცრაზმის ალყაშია და ჯერჯერობით აქედან გასვლა შეუძლებელია. როგორც ეტყობა, თქვენ გეძებენ და უნდა დაიმალოთ.

უცებ აიშას მობილურმა დარეკა. მან მომიბოდიშა და უპასუხა:

– გისმენ, ჩემო ბატონო. დიახ, ნომერში ვარ და ლაილაც აქაა. დიახ, ამ წუთას იყვნენ და მკითხეს, თქვენთან ხომ არავინ შემოჭრილაო. არა, თქვენზე არაფერი უკითხავთ. არა, არ გვეშინია და გელოდებით. კარგი, თავს გაუფრთხილდით, ნახვამდის...

აიშამ ოქროს ტელეფონი გათიშა და მითხრა:

– ჩემი ქმარი იყო. ის და მისი მეგობრები პოლიციას დაუკავებიათ, მაგრამ, შემპირდა, მალე მოვალო. დღეს მისი დაბადების დღეა. წვეულებაზე ვიღაც მოუკლავთ და ყველანი პოლიციაში წაიყვანეს.

აიშას სიტყვებზე შევცბი და გუნებაში საკუთარი თავი გავლანძღე.

– შენი მეუღლე მანსურ-ხანია?

მას ჩემი შეკითხვა არ გაჰკვირვებია და ღიმილით მომიგო:

– დიახ, ჩემო ბატონო, მე და ლაილა მანსურ-ხანის ცოლები ვართ. თქვენ რომ სიკვდილისგან გვიხსენით და საავადმყოფოში დაგვტოვეთ, იქ კეთილმა პროფესორმა გვიპატრონა. შემდეგ ჩემმა ქმარმა წამოგვიყვანა და, ჩემი თხოვნით, მან ობოლი ლაილაც შეიფარა, მასზე იქორწინა და მას შემდეგ სულ ერთად ვართ. ჩემს მეუღლეს რომ თქვენი ამბავი მოვუყევით, ძალიან გაუხარდა და თქვა, ნამდვილი ვაჟკაცია და, თუკი ოდესმე სადმე შემხვდა, ასმაგი სიკეთით გადავუხდიო. თუმცა, ვფიქრობ, რომ ამჟამად არ ღირს მისთვის ამის გამხელა და თქვენს სიკეთეს სიკეთით მე და ლაილა გადაგიხდით.

მანსურ-ხანის ცოლები საკმაოდ ჭკვიანი და გონებამახვილი ადამიანები აღმოჩნდნენ და ალყაშემორტყმული „ჰილტონიდან“ ჩემი გაყვანის ძალიან ორიგინალური რამ მოიფიქრეს.

უკვე შუაღამე გადასული იყო, როდესაც ქალებმა სასტუმროს ადმინისტრაციაში დარეკეს და, როგორც საპრეზიდენტო აპარტამენტში მცხოვრებ კლიენტს შეეფერებოდა, ღამის რიოში გასეირნების საბაბით, სასწრაფოდ მოითხოვეს კომფორტული ვერტმფრენი. მათი თხოვნა თხუთმეტ წუთში შესრულდა. მე და აიშა „ჰილტონის“ სახურავზე დაშვებულ ვერტმფრენში ჩავსხედით და პატარა ყურეში დავეშვით, სადაც თეთრი ფერის ულტრათანამედროვე იახტას ღუზა ჰქონდა ჩაშვებული და ტალღებზე ირწეოდა.

– ამ იახტით, ჩემო ბატონო, უპრობლემოდ ჩახვალთ მონტევიდეომდე, იქიდან კი უკვე თქვენ თვითონ უპრობლემოდ იპოვით სწორ გზას, – მითხრა აიშამ, შემდეგ უზარმაზარი უნიკალური ოქროს ბეჭედი წაიძრო თითიდან, რომელშიც ხუთკარატიანი იასამნისფერი ბრილიანტი იყო ჩასმული, მომცა და მითხრა: – ეს ჩემგან სახსოვრად გქონდეთ, როდესაც დახედავთ, აიშა და ლაილა გაგახსენდებათ, რომლებიც თქვენ უეჭველი სიკვდილისგან იხსენით და რომლებიც მთელი ცხოვრება თქვენი მადლიერები იქნებიან.

გოგონამ კონვერტში ჩადებული ათი ათასი დოლარიც ჩამიცურა ჯიბეში, გადამეხვია, გამომემშვიდობა და ვერტმფრენით სასტუმროში დაბრუნდა. მე კი ულტრათანამედროვე, სწრაფმავალ იახტაში ჩავჯექი და მისმა ეკიპაჟმა ოცდაოთხ საათში ურუგვაის დედაქალაქში ჩამიყვანა. ჩვენს ასეთ სწრაფ სვლას ოკეანის სიმშვიდემაც შეუწყო ხელი. მონტევიდეოში რომ შევედით, მებაჟეებს ახალთახალი პასპორტი ვუჩვენე და ქვეყნის ტერიტორიაზე უპრობლემოდ შევედი.

ურუგვაიდან, იმავე საღამოს, ლონდონის გავლით მოსკოვში ჩავფრინდი, შემდეგ სამშობლოსკენ გამოვემგზავრე და ჩემს ოჯახს გამგზავრებიდან მეთერთმეტე დღეს დავუბრუნდი. მანამდე კი აიშას ნაჩუქარი უძვირფასესი ბეჭედი გადავმალე და ცოლ-შვილს მოსკოვში ნაყიდი საჩუქრები მივართვი.

– დაქანცული სახე გაქვს, ძვირფასო. ეტყობა, ბევრი იმუშავე, – მითხრა მერიმ და თმაზე ხელი გადამისვა.

– ბევრი რომ არ მემუშავა, ამდენ რამეს ხომ ვერ გიყიდდით? – ვუთხარი მერის, შემდეგ აიშას ფულიდან შემორჩენილი ხუთი ათასი დოლარიც დავდე მაგიდაზე და დავამატე, – აი, ფულიც, ცოტა ხანს გვეყოფა, მერე კი ღმერთი მოგვცემს.

– მოგვცემს, საყვარელო, რა თქმა უნდა, მოგვცემს. იმიტომ არ გვწირავს უფალი, რომ ასეთი ღვთისმოსავი და კაცთმოყვარე ადამიანი ხარ. ხუმრობა ხომ არაა ჩვენს დროში ამდენი ფულის პატიოსანი გზით შოვნა? ხუთი ათას დოლარს დღესდღეობით ერთბაშად მხოლოდ კაცის კვლაში იძლევიან, ალბათ, შენ კი ეს თანხა შენი პატიოსანი შრომით მოიპოვე, – მითხრა უზომოდ გახარებულმა მერიმ. რა იცოდა ჩემმა უსაყვარლესმა მეუღლემ, რომ სწორედ კაცის კვლით ვშოულობდი ფულს და, რომ სულ ახლახან 300 ათასი დოლარი შევმატე ჩემს სოლიდურ, საიდუმლო საბანკო ანგარიშს.

ფული, რა თქმა უნდა, აუცილებელი რამაა და ადამიანთა უმრავლესობა იმიტომ მუშაობს, რომ რაც შეიძლება, მეტი დააგროვოს. თუმცა, მე ასე არ ვფიქრობ და ჩემი სამუშაოთი, უპირველეს ყოვლისა, პროფესიულ კმაყოფილებას ვიღებ, ფული კი ამ შემთხვევაში მეორეხარისხოვან როლს ასრულებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ ადრე ნათქვამს – ისე ნურავინ გამიგებს, რომ პროფესიულ კმაყოფილებაში მანიაკი-მკვლელის მიერ განცდილ სადისტურ სიამოვნებას ვგულისხმობდე, ან ფულის მეორეხარისხოვნება იმას ნიშნავდეს, რომ საქმეს ნაკლებ ფასში, ან სულაც უფასოდ შევასრულებ. ნურასუკაცრავად!.. თუმცა, ერთხელ, ერთი საქმე მართლაც უფასოდ შევასრულე და სულაც არ ვნანობ ჩემს საქციელს.

ერთხელ მთელი ოჯახი მერის მშობლებთან ვიყავით სტუმრად. შეღამებული იყო და უკვე სახლში ვაპირებდით წამოსვლას, როდესაც გარეთ ხმაური ატყდა.

– ქეთა! ქეთა! შე ნაბოზარო! გამოდი, თორემ შემოგივარდებით და დედაბუდიანად ამოგხოცავთ, თქვენი დედაც!.. – ნაკაიფარი ხმით ღრიალებდა ვიღაც ბიჭი და ისეთი „რაზგონი“ ჰქონდა აღებული, აშკარა იყო, გაჩერებას არ აპირებდა.

დებოშიორმა ყვირილს უმატა და სასურველ შედეგს რომ ვერ მიაღწია, კარზე ბრახუნი ატეხა. ხმაზე ეტყობოდა, რომ რკინის კარს რკინას ურტყამდა.

– პისტოლეტის ტარს ურტყამს და, თუ არ გაუღეს, სროლას აუტეხავს, – თქვა ჩემმა სიმამრმა.

– რა ხდება, ეს ისტერიკიანი ვინაა? – დავინტერესდი მე.

– ქეთას ქმარია, – მომიგო სიმამრმა, მაგრამ, ცოლმა არ აცალა და განაგრძო:

– ეგენი ჩვენი კარის მეზობლები არიან, შვილო. ქეთას ბაბუა ცნობილი აკადემიკოსი იყო, მისი მშობლები უპატიოსნესი ინტელიგენტები არიან. ძმა კი აფხაზეთის ომის გმირია და სოხუმის დაცემის დღეს დაიღუპა. ცნობილი ამბავია – ხელყუმბარით თავი აიფეთქა და თხუთმეტი რუსი და ჩრდილოკავკასიელი მებრძოლი გაიყოლა თან. ეჰ, ის ცხონებული ყოფილიყო ცოცხალი და, ქეთასა და მის მშობლებს ვინმე რამეს გაუბედავდა?!

ქეთას ძმის გმირობის ამბავი კარგად ვიცოდი.

– აფსუს, რა ბიჭი იყო?! – დაამატა სიმამრმა, – ის რომ ახლა ცოცხალი იყოს, ამ ვიგინდარას თავს წააცლიდა...

– პოლიციას დაურეკონ, მოვლენ და დააშოშმინებენ, – ვთქვი მე.

– პოლიციაც მაგათია, უშიშროებაც და პროკურატურაც, – ხელი ჩაიქნია სიმამრმა, – ამ ნაძირალას მამა პოლიციის გენერალია და მინისტრის მოადგილე, ბიძა კი პრეზიდენტის გარემოცვაშია. ასე რომ, ხელშეუხებელია და ამიტომაა ასე დიდ გულზე.

როგორც ჩემი სიდედრის მონათხრობიდან შევიტყვე, 16 წლის ქეთა მასზე ხუთი წლის უფროსმა ბიჭმა ძალით გაიტაცა და ცოლად მოიყვანა. ბიჭი ნარკომანი იყო და, იმდენი ქნა, რომ ქეთაც წამალზე შესვა, გაანარკომანა და პირველი შვილი ავადმყოფი შეეძინათ, რომელიც რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. მიღებული სტრესისგან ქეთას თავის მოკვლა უცდია, მაგრამ მამამისს გადაურჩენია, შემდეგ კი მიყრუებულ სოფელში გადაუმალავს, რომ ქმარს არ მიეგნო.

– ეს არგასახარებელი, მაშინ, ჰოლანდიაში იყო წასული, – მითხრა სიდედრმა, – ცოლი რომ სახლში არ დახვდა, ამ საწყლებს მოუვარდა და საშინლად დააწიოკა. სიდედრ-სიმამრი სიკვდილის პირას მიიყვანა ცემით და ქეთა იძულებული გახდა, თბილისში დაბრუნებულიყო, რომ მის ქმარს მისი მშობლები არ დაეხოცა. შემდეგ ეს ნაძირალა თითქოს გამოსწორდა – აღარ ურევდა. ქეთა კვლავ დაფეხმძიმდა და ვაჟი გააჩინა, რომელსაც თავისი დაღუპული ძმის პატივსაცემად მისი სახელი დაარქვა. თუმცა, მშობიარობიდან სამი თვეც არ იყო გასული, რომ ქეთას ქმარმა ისევ აურია და საცოდავი გოგონა კვლავ წამალზე შესვა... ჩვილი დედ-მამას მიუგდეს და ისინი ზრდიდნენ. ერთ დღეს კი, ბავშვი მაშინ წლინახევრის იყო, საცოდავმა ქეთამ თავისი ქმრის რევოლვერიდან თავში გაირტყა ტყვია, მაგრამ, კვლავ გადარჩა – თურმე, წამლის ზემოქმედების ქვეშ იყო და რუსულ „რულეტკას“ თამაშობდა. მოკლედ, ქეთა მეორედ გადაურჩა სიკვდილს. სამი თვის შემდეგ კი საავადმყოფოდან რომ გამოეწერა, ის და ბავშვი ქეთას მშობლებმა საიდუმლოდ ავსტრიაში წაიყვანეს და იმ პანსიონში გაამწესეს, სადაც ლოთებსა და ნარკომანებს კურნავენ. მათ იქ ერთი წელი დაჰყვეს. სამი დღეა, რაც ჩამოვიდნენ და, აი, ამ ნაძირალამაც მოაკითხა.

– ქეთა! ქეთა! შე ნაბოზარო! – საშინელი ხმით იღრიალა ქეთას ქმარმა. უკვე გარეთ გასვლას ვაპირებდი, რომ იმ ნაძირალას ტკბილად დავლაპარაკებოდი, რომ როგორმე დამეშოშმინებინა, მაგრამ, უცებ რვა გასროლის ხმა გაისმა, შემდეგ – კივილი, რასაც მამაკაცის არაბუნებრივი ღმუილი შეუერთდა...

მთელი ოჯახი ქეთას ბინაში შევცვივდით და, მტრისას, რაც ჩვენ იქ ვიხილეთ... კართან იწვა, სამიოდე წლის ბიჭუნა, რომელსაც პისტოლეტის ტყვია შუბლში ჰქონდა მოხვედრილი; ცოტა მოშორებით ქეთას ქმარი ეგდო, მას ხანჯალი მარჯვენა მკერდში ტარამდე ჰქონდა ჩარჭობილი და სისხლში ცურავდა, ქეთა და მისი დედ-მამა კი მამის მიერ მოკლულ ბავშვს წამოსდგომოდნენ თავს... ქალები შეშლილებივით კიოდნენ, კაცი კი ღმუოდა. სწორედ მან დაჭრა ხანჯლით თავისი სიძე და, რადგან ცაცია იყო, მარჯვენა მკერდში მძიმედ, მაგრამ არასასიკვდილოდ დაჭრა და ის გარეწარი ცოცხალი გადარჩა... ქეთამ ერთხანს იკივლა, შემდეგ ახარხარდა, რაც იმის უტყუარი დასტური იყო, რომ ჭკუიდან შეიშალა. უცებ ქეთა ფანჯრისკენ გაქანდა, ღია ფანჯარაში ისკუპა და მეათე სართულიდან მიწას დაასკდა... მისი ქმარი კი სასწრაფო დახმარების მანქანით წაიყვანეს საავადმყოფოში და ექიმებმა სიკვდილს გადაარჩინეს.

დედა-შვილის დასაფლავებას უამრავი ხალხი დაესწრო და, მიუხედავად იმისა, რომ მე იმ ოჯახს არ ვიცნობდი, მაინც მივედი. ქეთას დედ-მამას განუწყვეტელი ტირილისგან ცრემლი ჰქონდათ დამშრალი და დროდადრო მხოლოდ ღმუილს ახერხებდნენ. მიცვალებულები რომ გამოასვენეს, ჩემს მახლობლად მდგარმა ერთმა აცრემლებულმა ქალმა მეორეს უთხრა:

– არა, არა, ამ ქვეყანას არც არასოდეს ჰყოლია პატრონი და არც ეყოლება. ის ნაძირალა ბიჭი, თურმე, კარგა ხანს დებოშიორობდა და პოლიციასაც კი არავინ გამოუძახა. ნუთუ ვინმე ღვთისნიერი ადამიანი ან, სულაც, ერთი კაცი არ აღმოჩნდა ისეთი, რომ იმ ნაძირალასთან გასულიყო და სიმშვიდისკენ მოეწოდებინა. ფუი, ასეთ ცხოვრებას რა ვუთხარი! ყველანი ჩვენ-ჩვენ ნაჭუჭებში ვართ ჩაკეტილები და არაფერი არ გვაინტერესებს. როცა ასეთი ნაძირალა ჩვენ ან ჩვენი ახლობლების სიცოცხლეს შეეხება, მხოლოდ მაშინ ამოვიღებთ ხოლმე ხმას, მაგრამ, მაშინ უკვე გვიანაა. ესაა კაცობა და ადამიანობა?

– ეეჰ, სადღა არიან კაცები? გადაშენდნენ, ყველანი ქალების კაბის ქვეშ იმალებიან, – მიუგო მეორე ქალმა პირველს და დაამატა, – ყველაზე კაცურად ქეთას მამა მოიქცა. დასანანია, რომ ის გარეწარი ვერ მოკლა, არადა, ის არგასახარი წამებით უნდა მოკლა. სიამოვნებით ავქნიდი ასო-ასო და მის ხორცებს ვირთხებს შევაჭმევდი.

ქალებს ვუსმენდი და მეგონა, რომ ისინი განგებ, ჩემ გასაგონად ლაპარაკობდნენ, რაც, რა თქმა უნდა, ასე არ იყო, მაგრამ ჩემზე ძალიან იმოქმედა მათმა სიტყვებმა და გადავწყვიტე, რომ ქეთას ქმარი მომეკლა. „მე მოვკლავ ამ ნაძირალას“, – ვთქვი გუნებაში და მიცვალებულები სასაფლაომდე აღარ მიმიცილებია, ქალაქში გავიარე და მომავალ საქმეზე ვფიქრობდი.

„დედას გიტირებ, შე ნაბიჭვარო, საშინელი სიკვდილით ამოგხდი სულს!“ – ვთქვი გუნებაში, როდესაც ქეთას მშობლების ამბავიც შევიტყვე და უკიდურესად შევშფოთდი.

ქეთას ნაძირალა ქმრის საშინელი მკვლელობის გეგმაც შემუშავებული მქონდა  და იარაღიც – გამზადებული. ის გარეწარი ეგრეთ წოდებული „შავი კოქტეილის“ მისხურებით უნდა გამენადგურებინა, რომელიც ჯერ კიდევ „კაგებეს“ დროიდან მქონდა შემორჩენილი და საიმედოდ ვინახავდი. „შავი კოქტეილი“ პულვერიზატორიან კაფსულაში იყო ჩასხმული. ამ საშინელი სითხის ადამიანისთვის სახეში შესხურების შედეგად მის სხეულში ხრწნის პროცესი იწყებოდა და ადამიანს დამბლა ეცემოდა, ტვინი კი არ ითიშებოდა, პირიქით, აქტიურდებოდა და ობიექტს ყველა თავისი ქმედება ახსენდებოდა, რაც მას საშინელ სულიერ ტანჯვას აყენებდა. ეს პროცესი ორი კვირა გრძელდებოდა, ბოლოს კი, გახრწნილი და აყროლებული სხეული ტვინთან ერთად კვდებოდა და ადამიანი იღუპებოდა. „შავი კოქტეილის“ საწინააღმდეგო საშუალება არ არსებობდა. „კაგებეში“ ეს იარაღი იმ მოღალატეების დასასჯელად გამოიგონეს, ვინც თავის უწყებას განსაკუთრებით დიდი ზიანი მიაყენა. ეს იმავე კატეგორიის მკვლელობაა, როგორც ლიტვინენკო მოკლეს ლონდონში, მაგრამ, „შავი კოქტეილი“ ბევრად უფრო საშინელი იარაღია და მსხვერპლს გაცილებით მეტ ტანჯვა-წამებას აყენებს. „შავი კოქტეილი“ არასდროს გამომიყენებია და ახლა პირველად უნდა მეხმარა. გეგმის მიხედვით, საავადმყოფოში ექიმის ხალათით, გარეგნობაშეცვლილი უნდა მივსულიყავი, ქეთას ქმრისთვის „შავი კოქტეილი“ სახეში შემესხურებინა და წამოვსულიყავი. საქმის წინა დღეს ყველაფერი წინასწარ მოვამზადე და უკვე დასაძინებლად ვემზადებოდი, როდესაც „ძიამ“ დამირეკა და შეხვედრა დამინიშნა.

– ხვალ, დილის 8 საათზე სკამებთან მოვალ, – ვუთხარი რომანს, მან კი მომიგო:

– თანახმა ვარ, მაგრამ ასე ადრე, რა, ხაშია?

– მხოლოდ ამ დროს მცალია, მერე კი გადაუდებელი საქმე მაქვს და არ ვიცი, როდის გავთავისუფლდები.

– კარგი, გასაგებია, ხვალამდე, – მითხრა „ძიამ“ და ტელეფონი გათიშა.

– აბა, რა ხდება, ჩემო რომან, – ვკითხე „ძიას“, როდესაც უჩვეულო დროს ჩვეულ ადგილზე შევხვდით ერთმანეთს.

„ძია“ არც კი დაინტერესებულა, რა საქმე მქონდა. ასეთი რამ ჩვენი პროფესიის ხალხში, უახლოეს მეგობრებშიც კი არ იყო მიღებული, ამიტომ ის პირდაპირ საქმეზე გადავიდა:

– ამ საქმეში დიდ ფულს იხდიან და შემსრულებლის წილი ერთი მილიონია.

– რაო, რა თქვი? – საკუთარ ყურებს არ დავუჯერე მე.

– შემსრულებელი, ანუ შენ, თუ, რა თქმა უნდა, დათანხმდები ამ საქმეს, ერთ მილიონ დოლარს მიიღებ, – მითხრა რომანმა და გავიფიქრე, რომ რომელიმე ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლის მკვლელობას მიკვეთავდნენ და „ობიექტის“ ვინაობა ვკითხე:

– მაინც ვინაა ისეთი, რომ ასე ძვირი ღირს?

– აი, ეს ვაჟბატონი ხომ კარგად გეცნობა? – მითხრა „ძიამ“ და ფოტოსურათი მომცა, რომელზეც ქეთას მამამთილი, მინისტრის მოადგილე, პოლიციის გენერალი იყო აღბეჭდილი.

– კი მაგრამ, ამ ტილიანი მინისტრის მოადგილეში მილიონ დოლარს ვინ და რატომ იხდის? – უბრალოდ ვკითხე მე, თორემ კარგად ვიცოდი, რომ შემსრულებელს არც შემკვეთის ვინაობას უმხელდნენ და არც ლიკვიდაციის მიზეზს, თუმცა რომანმა მითხრა:

– აი, სწორედ ახლა ვაპირებდი ამის თქმას და არ მაცადე.

– თქმას აპირებდი? – გამიკვირდა მე.

– დიახ, ვაპირებდი, რადგან შეკვეთა განსაკუთრებულია, ხოლო შემკვეთი კი თავის ვინაობას არც მალავს. პირიქით, მას უნდა, რომ ეს ამბავი გაბაზრდეს და ყველამ შეიტყოს, რომ მან თავისი სიტყვა შეასრულა, – მითხრა რომანმა და შემკვეთის ვინაობაც დამისახელა, რომელიც საქართველოს დამხობილი მთავრობის ერთ-ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი იყო, ამჟამად კი უცხოეთში ცხოვრობდა და ძალიან წარმატებულ ბიზნესს ეწეოდა.

– მივხვდი, რაშიცაა საქმე, ის, ალბათ, თავისი შვილისა და ძმის გამო იძიებს შურს, – ვთქვი მე.

– ჰო, ასეა, – დამიდასტურა რომანმა.

– სპეცშეკვეთის არსი რაღაში მდგომარეობს? – დავინტერესდი მე.

– რაში და „ობიექტი“ შხამიანი ტყვიით უნდა დაჭრა, რომ ორი-სამი დღე საშინლად იწვალოს და ისე ამოხდეს სული. ეს, შემკვეთის მყარი ნებაა და ამდენ ფულსაც ამაში იხდის. მისი შვილი და ძმა „ობიექტს“ თურმე ისე უწამებია, რომ ორივეს საშინლად ამოხდომიათ სული და „პოლნი აბაროტს“ უღებს.

– აუცილებლად ტყვიით უნდა დავჭრა და მხოლოდ ორი-სამი დღე უნდა იწვალოს, თუ შეიძლება სხვა საშუალება გამოვიყენო და მისი საშინელი წამება უფრო დიდხანს გაგრძელდეს?

– მთავარია, მას წამებაში ამოხდეს სული და, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს, მით უკეთესი. ტყვიის სროლა კი აუცილებელი არაა,  შეგიძლია, ნებისმიერი საშუალება გამოიყენო, – მომიგო რომანმა.

– კარგი, გასაგებია. ეს საქმე ორ-სამ დღეში იდეალურად შესრულდება და ამის შესახებ ტელევიზიით შეიტყობ.

– ფული მაშინვე ჩაირიცხება შენს ანგარიშზე, როგორც კი „ობიექტი“ წამებით სულს დალევს. ახლა კი ნახვამდის, წავედი, – „ძია“ წამოდგა და დინჯად გაუყვა გზას.

მინისტრის მოადგილის მკვლელობის შემკვეთი ძალიან ცნობილი, პატრიოტი ქართველი იყო.  ეროვნული მოძრაობა რომ განახლდა, ის მაშინვე ჩაერთო მასში და ახალი ხელისუფლების მოსვლისთანავე საკმაოდ მაღალი თანამდებობა მიიღო მთავრობაში. ის ძალიან პატიოსანი, კომპეტენტური და ერთგული ადამიანი იყო და ბოლომდე უერთგულა დევნილ პრეზიდენტს. ახალი მთავრობა და მისი შეიარაღებული ბანდები კი მას რომ ვერ მისწვდნენ, მის ოჯახს დაუწყეს შევიწროება, მისი ძმა და შვილი შეიპყრეს და ფულის გამოძალვის მიზნით საშინლად აწამეს, მათ ერთ მილიონ დოლარს სთხოვდნენ და ყოვლად უდანაშაულო ადამიანები ტყუილუბრალოდ გამოასალმეს სიცოცხლეს. მათ პირადად სწორედ ქეთას მამამთილი აწამებდა, რომელიც მაშინ მილიციის კაპიტნის ჩინს ატარებდა და ბიძა და ძმისშვილი მისი ხელიდან დაიხოცნენ.

– მოვა დრო და მილიონ დოლარს გადავიხდი, რომ ისეთივე საშინელი წამებით ამოგხადონ სული, როგორც ეს შენ ჩემს შვილსა და ძმას გაუკეთე, – შეუთვალა ქეთას მამამთილს ერთ-ერთი ჟურნალისტის პირით დევნილმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ გროზნოში ცხოვრობდა, მოგვიანებით კი ევროპაში გაემგზავრა, ბიზნესი წარმატებით ააწყო და გამდიდრდა.

შემკვეთის და მისი ოჯახის ტრაგიკული ისტორია ყურმოკვრით ვიცოდი, რომანმა კი დაწვრილებით მომიყვა და ეჭვი აღარ მეპარებოდა, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე, როდესაც მამა-შვილის ლიკვიდაციის საქმეს მოვკიდე ხელი. „დამპალი და გასაწყვეტი ჯიშია, – ვფიქრობდი გუნებაში, – საცოდავი, უმწეო ბავშვი საკუთარმა მამამ გამოასალმა სიცოცხლეს, მის წინაპრებს კი, მე მოვუღებ ბოლოს და მათი დამპალი თესლიც ამით დასამარდება“.

„ძიას“ წასვლიდან ათ წუთში მეც გავუდექი გზას. მეტროთი ერთ-ერთ ძველ უბანში გავედი, სადაც კონსპირაციული ბინა მქონდა ნაყიდი და ამის შესახებ ჩემმა ცოლ-შვილმა არაფერი იცოდა. სამოთახიანი ბინა იტალიური ეზოს მეორე სართულზე მდებარეობდა, მაგრამ ცალკე შესასვლელი ჰქონდა, სადარბაზოდან პირდაპირ ქუჩაში გადიოდი და ყურადღებას არავინ გაქცევდა. ბინაში ჩემი საქმისთვის საჭირო რეკვიზიტებს ვმალავდი და, იქ ქურდიც რომ შესულიყო, ვერაფერს იპოვიდა, რადგან ყველაფერი საიმედოდ მქონდა შენახული შენიღბულ სამალავში.  რომ მივედი, სამალავი გავხსენი და ექიმის ხალათი და სხვა აღჭურვილობა გამოვიღე. შემდეგ ულვაშები დავიკარი, მელოტის პარიკი დავიხურე და ისეთი მაკიაჟი გავიკეთე, რომ უახლოესი ადამიანებიც კი ვერ მიცნობდნენ. ყველაფერი რომ მზად იყო, „შავი კოქტეილით“ სავსე კაფსულა გულის ჯიბეში ჩავიდე ძალიან გამძლე და თხელ რეზინის ხელთათმანებთან ერთად, ბოლოს კი მაყუჩიანი, ავტომატური პისტოლეტი ჩავდე კაბურაში, რომელიც მოხერხებულად მქონდა პიჯაკზე დამაგრებული და კონსპირაციული ბინიდან გავედი. სამასიოდე მეტრი ფეხით გავიარე, თან ვამოწმებდი, ხომ არავინ მითვალთვალებდა, შემდეგ ტაქსიში ჩავჯექი და იმ კლინიკისკენ გავემართე დაზვერვაზე, სადაც ქეთას ქმარი მკურნალობდა. ამჯერად ჩემი ვიზიტის მიზანი დაზღვევა იყო – უპირველესად, იქაურობა უნდა შემესწავლა, რადგან, ჩემი გეგმა შეიცვალა და საქმე მხოლოდ მაშინ უნდა გამეკეთებინა, როდესაც მამა-შვილი ერთად იქნებოდა. ამიტომ, პირველი დაზვერვის შემდეგ უნდა დამეზუსტებინა შემდგომი მოქმედების გეგმა. ტაქსი კლინიკიდან ასიოდე მეტრის დაშორებით გავაჩერე და შენობისკენ ფეხით გავემართე. თეთრი ხალათი ეზოში ჩავიცვი და კლინიკაში ისე შევედი, დარაჯს ყურადღებაც კი არ მოუქცევია. კარდიოქირურგიის განყოფილება მეორე სართულზე მდებარეობდა და იქ რომ ავედი, მშვიდი ნაბიჯებით გავემართე დაზვერვაზე. ის გარეწარი, როგორც ვვარაუდობდი, ცალკე პალატაში მარტო იწვა. კართან პოლიციელი იჯდა, რაც ჩემს მისიას ართულებდა. „ადგილმდებარეობა დავადგინე, ახლა გასაქცევ დროსა და მარშრუტზე ვიმუშავებ, სახლში კი იმას მოვიფიქრებ, როდის და როგორ მოვიხელთო მამა-შვილი ერთად“, – გავიფიქრე და უკვე გამობრუნებას ვაპირებდი, როდესაც დერეფანში მინისტრის მოადგილე, პოლიციის გენერალი გამოჩნდა. ის სამი მცველის თანხლებით მოაბიჯებდა და გვერდით რომ ჩამიარა, გავუღიმე და მივესალმე, რაზეც მან თავი დამიქნია, გზა განაგრძო და შვილის პალატაში შევიდა. პირადი მცველები კი კართან დარჩნენ. „ახლავე, დაუყოვნებლივ უნდა ვიმოქმედო, ასეთი ხელსაყრელი მომენტი, შეიძლება, აღარც კი მომეცეს. მიდი, კოკი, იმოქმედე!“ – გავიფიქრე გუნებაში, შემდეგ ექიმთა ოთახში შევედი, რომელიც ცარიელი იყო, გორგოლაჭებზე დამაგრებულ კარდიოაპარატურას მოვკიდე ხელი და კარისკენ დავიძარი, მაგრამ კარი გაიღო, ოთახში ახალგაზრდა ექიმი შემოვიდა, რომ დამინახა ვერ მიცნო და მკითხა:

– უკაცრავად, მაგრამ ვინ ბრძანდებით და სად მიგაქვთ ეს აპარატურა?

ექიმს გავუღიმე და პირი დავაღე, თითქოს რაღაცის თქმას ვაპირებდი, მაგრამ მარცხენა ხელის მტევანი მოულოდნელად კისერში ჩავარტყი, მივთიშე, იქვე მივაწვინე და საექიმოდან აპარატურასთან ერთად გამოვედი. დერეფანი თითქმის ცარიელი იყო, მაგრამ უნდა მეჩქარა, რადგან ყოველ წამს შეიძლებოდა, გავშიფრულიყავი. მე რეზინის ხელთათმანები ხელზე წამოვიცვი, რადგან მათ გარეშე „შავი კოქტეილის“ გამოყენება არ შეიძლებოდა – ერთი წვეთიც რომ მომხვედროდა კანზე, სიკვდილისგან ვერაფერი მიხსნიდა.

– ბოდიშს გიხდით, მეგობრებო, გამატარეთ, – ვუთხარი კართან მდგარ პოლიციელებს, შემდეგ პალატის კარი გავაღე, აპარატურა შევაგორე და კარი მოვიხურე.

ქეთას ქმარი საწოლზე იწვა, სიგარეტს ეწეოდა, ფორთოხლის წვენს აყოლებდა და ეტყობოდა, რომ კაიფში იყო. მამამისი კი თავზე ადგა და დაბალი ხმით ეჩხუბებოდა.

– უკაცრავად, მეგობრებო, კარდიოგრამა უნდა გადავიღო, – ვთქვი მე და აპარატურა საწოლთან მივაგორე. შემდეგ „შავი კოქტეილი“ ამოვიღე ჯიბიდან, თავი მოვხსენი და სახეში შევასხურე გენერალს, რომელიც იქვე დაეცა. ქეთას ქმარმა ეს რომ დაინახა, ფორთოხლის წვენი ხელიდან გაუვარდა და დაყვირება სცადა, მაგრამ, ყელში ვწვდი, ხმა არ ამოვაღებინე და სანამ „კოქტეილს“ მივასხურებდი, ვუთხარი:

– მოვკვდი, შე დამპალო მატლო!

მიუხედავად იმისა, რომ მაყუჩიანი ავტომატური პისტოლეტი თან მქონდა და ოთხივე პოლიციელს გავუსწორდებოდი, ამის გაკეთება არ შეიძლებოდა. ამიტომ, პულვერიზატორს თავზე დავახურე და ჯიბეში ჩავიდე, შემდეგ ფანჯარა გავაღე, მეორე სართულიდან ეზოში ჩავხტი, სადაც არავინ იყო და კლინიკიდან გავედი. თეთრი ხალათი გზაში გავიხადე, დავკეცე და ცელოფანის პარკში ჩავდე, რომელიც წინასწარ მქონდა მომზადებული, ორასიოდე მეტრი გავიარე, ტაქსიში ჩავჯექი და მტკვრის პირას, წინასწარ შერჩეულ ადგილზე ჩამოვედი. ტაქსი რომ წავიდა, პარიკი და მაკიაჟი იქვე მოვიშორე – პულვერიზატორთან ერთად ცელოფნის პარკში ჩავდე, მაგრად გამოვკარი და კანალიზაციის ლუკში ჩავაგდე. შემდეგ კვლავ ქუჩაში გავედი, სამასიოდე მეტრი ფეხით გავიარე, ისევ ტაქსიში ჩავჯექი და კონსპირაციულ ბინაში დავბრუნდი, დანარჩენი რეკვიზიტებიც გადავმალე და შხაპი მივიღე. წასასვლელად რომ მოვამზადე შუადღეც შესრულდა.

„ყოჩაღ, კოკი, ძველებურად ფორმაში ხარ“, – შევაქე საკუთარი თავი, შეუმჩნევლად გამოვედი გარეთ და ქუჩას ფეხით გავუყევი მეტრომდე. ესკალატორზე რომ ვეშვებოდი ორი მამაკაცის საუბარს მოვკარი ყური:

– გაიგე, რა მოხდა ამ დილით? – ჰკითხა პირველმა მეორეს.

– არა. რა მოხდა?

– რა და, მინისტრის მოადგილესა და მის შვილს დაესხნენ თავს საავადმყოფოში, მაგრამ, სიკვდილს გადაურჩნენ.

„ისე გადარჩეს ჩემი მტერი“, – გავიფიქრე გუნებაში, რადგან ზუსტად ვიცოდი, რომ მამაც და შვილიც ორ კვირაში ცოცხლად დალპებოდნენ...

მამა-შვილის თემას თითქმის სამი კვირის განმავლობაში აშუქებდა საქართველოს ყველა ტელეკომპანია, ზოგიერთმა მათგანმა მათი დაკრძალვის ცერემონიალი პირდაპირი ეთერითაც კი უჩვენა, თითქოს მნიშვნელოვანი საზოგადო მოღვაწეები ყოფილიყვნენ. ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ კი გენერლის მკვლელობის შემკვეთის ვრცელი ინტერვიუ გადასცა, რომელშიც მან თქვა:

– ყველამ კარგად იცის, რა სადისტურად დახოცა გარდაცვლილმა გენერალმა ჩემი ყოვლად უდანაშაულო შვილი და ძმა, ამის გამო კი მას პასუხი არავინ მოსთხოვა. პირადად მე ამ საქმესთან არანაირი კავშირი არ მაქვს, მაგრამ, თუ ჩემი სუბიექტური აზრი გაინტერესებთ, გეტყვით, რომ ეს იყო ღვთის რისხვა და, ადრე თუ გვიან მას ვერავინ გაექცევა...

შემკვეთი მამა-შვილის სიკვდილს არ დალოდებია – ერთი მილიონი დოლარი შვეიცარიულ საბანკო ანგარიშზე მეოთხე დღესვე დამიჯდა, რაც ასეთი კატეგორიის მკვლელობისთვის ასტრონომიული თანხა იყო და ორმოცდაათი ათას დოლარადაც გაიჩარხებოდა.

„ასე, ალბათ, იმიტომ მოხდა და გენერლის მკვლელობაში ამხელა თანხა იმიტომ მერგო, რომ ქეთას ქმარი უფასოდ მოვკალი, მაგრამ, ეს იყო პირველი და უკანასკნელი შემთხვევა და მსგავსი რამ აღარ განმეორდება“, – ვთქვი გუნებაში და საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ შეკვეთის გარეშე არასოდეს მოვკლავდი ადამიანს, თუკი, რა თქმა უნდა, ასეთი რამ ჩემს პირად ინტერესებში არ იქნებოდა...

– შენ, ჩემო ძმაო, ქველმოქმედება დაგიწყია, – მითხრა რომანმა, როდესაც ერთმანეთს შევხვდით, – ერთი მილიონი უკვე ზის და, იმედია, გენერალს ვერაფერი გადაარჩენს.

– მის შვილსაც, – დავამატე მე, – ორივე ერთი და იმავე დამპალი ჯიშისანი იყვნენ და მისაღები მიიღეს. ასე რომ, თავიანთი სიდამპლით უკვე ვეღარავის შეაწუხებენ და საშინელ წამებაში ამოხდებათ სული.

– გასაგებია, ჩემო კოკი, მაგრამ, პროფესიონალი ხარ და კარგად იცი, რომ დათა თუთაშხიობა, ზოროობა და მსგავსი რამ ჩვენი პროფესიისთვის მიუღებელია და, შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს. თუმცა, ყველა წესს აქვს გამონაკლისი, რომელიც ამ წესს კიდევ უფრო ადასტურებს და, ჩავთვალოთ, რომ ეს იყო სწორედ ის დასტური, – დიპლომატიურად მითხრა „ძიამ“, შემდეგ გამომემშვიდობა, ადგა და, როგორც ყოველთვის, უკანმოუხედავად წავიდა.

მე და „ძია“ უახლოესი მეგობრები ვიყავით, მისგან არაფერი მწყინდა და ის არც არასოდეს მეტყოდა რაიმე საწყენს. სწორედ მისი დამსახურება იყო, რომ „კაგებედან“ წამოსვლის შემდეგ ახალი სამსახურის შოვნა არ გამჭირვებია. უმუშევარი, ალბათ, არც მის გარეშე დავრჩებოდი და რამეს ჩემითაც გავახერხებდი, მაგრამ ფაქტია, რომ რომანი დამეხმარა, მეც გამიმართა ხელი და საკუთარ თავსაც, რადგან მას, როგორც შეკვეთის მიმღებსა და მასზე პასუხისმგებელს, გადახდილი თანხის მესამედი ერგებოდა, ეს კი საკმაოდ კარგი ფული იყო. მაგალითად, მინისტრის მოადგილე გენერლის მკვლელობაში მე თუ ერთი მილიონი დოლარი მივიღე, „ძიას“ ნახევარი მილიონი ერგო, ეს კი პატარა თანხა არაა, მით უმეტეს, რომ „ძიამ“ კარგად უწყის ჩემი პროფესიონალიზმის ამბავი და დარწმუნებულია, რომ არ დავაღალატებ.

 გაგრძელება შემდეგ ნომერში

 

 

скачать dle 11.3