რას გააკეთებს შეყვარებულისთვის დათო ლონდარიძე და რა აძლევს მას დიდ სტიმულს და ანიჭებს სიამოვნებას
ჯეოსტარელმა დათო ლონდარიძემ ჯერ კიდევ „ჯეოსტარის“ ქასთინგებზე შეძლო მაყურებლის მოხიბვლა. დათო საკმაოდ სერიოზული, გაწონასწორებული ადამიანია და ეს ეკრანიდანაც კარგად იგრძნობა.
დათო ლონდარიძე: როდესაც სცენაზე გადიხარ, იცი, რომ შენი შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა გააკეთო, მაგრამ არ გამოგდის, რადგან სხვაგან ხარ, სულ სხვა სამყაროში. აქედან გამომდინარე, შეცდომებსაც უშვებ, მონიტორებთან ისეთი ხმა მოდიოდა, ცოტა მანერვიულებდა. ეს დაახლოებით 30 წამი გრძელდება და მერე ნელ-ნელა შედიხარ სიმღერაში. თანდათან უფრო კარგად გრძნობ სცენას, აკონტროლებ ბევრ რამეს. მიმაჩნია, რომ ყველანი ზრდის პროცესში ვართ.
– ალბათ, შენი ცხოვრების სტილიც შეიცვალა.
– ძალიან გადატვირთული გრაფიკი მაქვს, ათასი რაღაცაა გასაკეთებელი. თან, ისეთ პროექტში ვმონაწილეობ, ბევრ რამეზე უნდა ვიფიქრო: რეიტინგზე, პოპულარობაზე, ხალხთანაც უნდა მივიდე. ეს ყველაფერი საჭიროა. მიხარია, რომ ხალხისგან როგორც ცხოვრებაში, ასევე, „ფეისბუქის“ საშუალებით, დადებითი ემოციები მოდის. ის, რომ ვიცი, გულშემატკივრები მყავს, დიდ სტიმულს მმატებს და რაც მთავარია, ისინი არ უნდა დავაღალატო.
– მეგობრებისთვის ვეღარ მოიცლი, ალბათ?
– ფაქტობრივად, ვერ ვიცლი მათთვის, მაგრამ, შეძლებისდაგვარად, ვცდილობ, დავეკონტაქტო, თუნდაც ტელეფონით. ამიტომ, არც აპროტესტებენ.
– რატომ გადაწყვიტე „ჯეოსტარში“ მონაწილეობა?
– „ჯეოსტარში“ ადრეც მინდოდა მონაწილეობა. ეს ისეთი პროექტია, სადაც შეგიძლია, შენი შესაძლებლობები კარგად გამოავლინო. რა თქმა უნდა, პოპულარობაც ძალიან კარგია და ყველა მუსიკოსს სჭირდება.
– გაქვს მუსიკალური განათლება?
– კონსერვატორიაში ათწლედი მაქვს დამთავრებული. 8 წლიდან ვუკრავ გიტარაზე, ბევრი მასწავლებელიც გამოვიცვალე. სიმღერაც შემეძლო, მაგრამ სულ ვამბობდი, გიტარისტი ვარ-მეთქი და არ ვმღეროდი. 4-5 წელია, რაც სიმღერაც დავიწყე, ჟანრი შევიცვალე. ადრე კლასიკურ მუსიკას ვუკრავდი, მერე დავიწყე ჯაზის დაკვრა, დღემდე ძიების პროცესში ვარ. აკუსტიკური და ნახევრად აკუსტიკური გიტარა დავაკავშირე სიმღერასთან და მგონია, რომ მომავალშიც ასე ვიმღერებ. ანუ, ვერ ვიტყვი, რომ მინდა, ჩემი ბენდი მყავდეს და მასთან ერთად ვიმღერო, გიტარა და სიმღერა მომწონს ერთად ძალიან.
– მანამდე სუფრასთან, მეგობრების წრეშიც მღეროდი ალბათ?
– მეგობრების წრეში – კი, ანუ, როცა ისინი მღეროდნენ, მე აკომპანირებას ვუწევდი გიტარით. ჩემზე მოთხოვნა ყოველთვის იყო – უნდოდათ, გიტარით მივსულიყავი.
– სხვა ინსტრუმენტზეც უკრავ?
– დედაჩემს ძალიან უნდოდა, რომ ფორტეპიანოზე დაკვრა მესწავლა, მაგრამ უარი ვთქვი. ჩემი უფროსი ძმა დადიოდა გიტარის გაკვეთილებზე და რასაც ის უკრავდა, მე ვიმეორებდი, ჩემით ვითვისებდი. მიხვდა, რომ ნიჭი მქონდა, თვითონ გამოვიდა და მე დავიწყე სწავლა.
– გიტარა არ უჩუქებიათ?
– ბავშვობაში მამაჩემი ყიდულობდა ხშირად ჩემთვის გიტარას. მე ვუკრავ აკუსტიკურ გიტარაზე, ელექტროზე – არა. ელექტროზეც დამიკრავს, მაგრამ აკუსტიკური უფრო მომწონს, თან მედიატორის მაგივრად თითებით ვუკრავ. უკეთ შევიგრძნობ ინსტრუმენტს. მახსოვს, მამაჩემმა მიყიდა ძალიან ძვირფასი ელექტროგიტარა, თავისი ყველაფრით. თავიდან ვუკრავდი, მაგრამ ბოლოს დავდე. მაინც აკუსტიკურზე მირჩევნია.
– მოსწავლეებიც გყავს?
– მინდოდა ის ცოდნა, რაც გიტარაზე დაკვრასთან დაკავშირებით შევიძინე, სხვებისთვისაც გადამეცა. სხვათა შორის, ჩემი ახლობლების მხრიდანაც დიდი მოთხოვნა იყო – გვასწავლე გიტარაზე დაკვრაო. იმდენი იყვნენ უბნიდან, ახლობლებიდან, რომ გადავწყვიტე, მოსწავლეები ამეყვანა და პატარა გუნდივით შეიკრა. რაც მთავარია, დროც მქონდა ამ ყველაფრის გასაკეთებლად. თან, მასწავლებლობის პროცესში ცოტა იზრდები კიდეც და ეს ახლა ძალიან დამეხმარა.
– დათო მასწავლებელს გეძახიან?
– ხუმრობით მასწავლებელს მეძახიან. საერთოდ კი, ჩემზე ასაკით უფროსი მოსწავლეებიც მყავს.
– როგორი მასწავლებელი ხარ?
– ზოგ ბავშვს ერთი სიმღერა მოეწონებოდა, ამიტომ ბოლომდე არ მიიყვანდა სხვა სიმღერის სწავლას და ამ შემთხვევაში, ცოტა მკაცრად ვიქცეოდი. ზოგადად, ყველასთან ძალიან მეგობრული და კარგი ურთიერთობა მქონდა, სასიამოვნო და კარგი პროცესია. ამჟამად არც ერთი მოსწავლე არ მყავს. ბოლოს 11 მოსწავლე მყავდა, მეტს ვეღარ ვიყვანდი. აღარ მქონდა დრო და მეტიც აღარ შემეძლო.
– პარალელურად სხვა საქმითაც ხომ არ ხარ დაკავებული?
– ჩემი ძირითადი საქმიანობა ეს არის, თუმცა სხვა საქმითაც ვიყავი დაკავებული, ანუ ოჯახური ბიზნესით. მაგრამ, ძალიან არ ვიტვირთავდი თავს. მუსიკოსი ვარ და სიმღერა, დაკვრა, მუსიკა ჩემთვის ყველაფერია.
– ემოციურიც ხარ?
– ემოციური ვარ, როგორიც ვჩანვარ ისეთი სერიოზულიც არ ვარ. ქასთინგზე ჩემი სახელი რომ გამოაცხადეს, ისე გამოვედი, ყველას ამაყი ვეგონე, არადა ჩვეულებრივი ადამიანი ვარ – ასაკიდან გამომდინარე, გაწონასწორებული. ემოციები, სიყვარული, ეიფორიული პერიოდები უკვე გავიარე, ახლა უფრო ჩამოყალიბებული ვარ და სხვა თვალით ვუყურებ ყველაფერს. მომავალში დაფიქრებულად გადავდგამ ნაბიჯებს.
– როგორი ცხოვრების სტილი გქონდა „ჯეოსტარამდე“?
– დილით ყოველთვის ადრე ვდგები. მერე აუცილებლად უნდა ვივარჯიშო კარგად, რომ გამოვფხიზლდე. ვარჯიშის გარეშე ვერაფერს ვაკეთებ. სირბილი მიყვარს ძალიან და თავისუფალ დროს სულ დავრბივარ. დილით ვცდილობ, თავი არ გადავიტვირთო, მით უმეტეს, ახლა. საღამოსაც აუცილებლად ვვარჯიშობ. მოკლედ, ლაღად, ჯანმრთელად ვცხოვრობ: არ ვეწევი, არც ვსვამ, ძალიან სპორტული ვარ. ფეხბურთი მიყვარს სიგიჟემდე, ვთამაშობ კიდეც. ყოველთვის ვცდილობ, ფორმაში ვიყო – წონიდან გამომდინარე და ისედაც, ვარჯიში ყველაფერში ხელს მიწყობს, მათ შორის მუსიკაშიც. კარგად და ბედნიერად ვარ.
– კარგად თამაშობ ფეხბურთს?
– ნორმალურად ვთამაშობ. ქუჩის დონეზე და რაც მთავარია, სიამოვნებას მანიჭებს.
– როგორი გართობა გიყვარს?
– ღამის ცხოვრება არ მიყვარს. ღამე მძინავს, რომ არ დავიძინო, მეორე დღეს ვერ ვიქნები კარგად. თუმცა, ათასში ერთხელ, შეიძლება, ასეთი რაღაცეები, მაგრამ სისტემატურ ხასიათს არ ვაძლევ. მეგობრებთან ერთად მიყვარს სადმე ჩაჯდომა, სიმღერა, სამ, ოთხ ხმაში გაშლა. რამდენიმე მეგობარი ეკლესიაში ერთად დავდიოდით. ერთი პერიოდი, ვგალობდით კიდეც. ერთად შევიგრძენით ის სითბო და სიხარული, რაც ქართულ ხალხურ სიმღერას და გალობას ახლავს. ხშირად საეკლესიო დღესასწაულებზე, დაბადების დღეებზე ერთად ვართ, ვმღერით ქართულ სიმღერას, ხმებში ვშლით. ცალკე შეიძლება გიტარაზეც დავუკრა და ვიმღერო.
– როგორი გოგონები მოგწონს?
– რა თქმა უნდა, ჩემი ასაკიდან გამომდინარე, უკვე არ აქვს მნიშვნელობა, გოგონას რა ფერის თმა ექნება, ან როგორი იქნება. შეიძლება, ისეთი ტიპაჟი იყოს, ძალიან მომეწონოს, გამაგიჟოს. აუცილებლად უნდა იყოს ჭკვიანი, გაწონასწორებული. ქარაფშუტა გოგონები არ მომწონს.
– ანუ, როგორი ხარ, როცა მოგწონს, გიყვარს – გაგიჟებული ხარ?
– როცა შემიყვარდება ვინმე, სიმღერასაც ვუმღერებ და როგორც შემეძლება, ისე გადმოვცემ ჩემს გრძნობებს. იმისთვის, რომ ადამიანს შენი სიყვარული აგრძნობინო, ბევრი რამის გაკეთებაა საჭირო, მარტო „მიყვარხარ“ არ არის საკმარისი.
– როცა გიყვარს, ეს უფრო სტიმულს გაძლევს, თუნდაც შენს საქმეში?
– მიმაჩნია, რომ თუ არ გიყვარს, ვერაფერს გააკეთებ. სულ უნდა გიყვარდეს, შეიძლება, კონკრეტული ადამიანი არ იყოს, მაგრამ სიმღერისა და დაკვრის დროსაც აუცილებლად ვინმეს წარმოვიდგენდი. ანუ, სულ უნდა გიყვარდეს, თუ გინდა იმღერო და ყველაფერი კარგად გამოგივიდეს – ამ დროს ემოციას უფრო კარგად გრძნობ და გადმოსცემ.