კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თამაში ბედთან

 

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ ¹14-42(564)

 

მარიკამ ზანტად იბრუნა გვერდი და ხელის ცეცებით დაუწყო ძებნა საწოლთან მიდგმულ ტუმბოზე აწკრიალებულ მობილურს. თვალების გახელა არ უნდოდა – ეზარებოდა გაღვიძება. ბალიშში თავი უფრო ღრმად ჩამალა, მაგრამ ამან ვერ უშველა, მობილური რეკავდა და რეკავდა... სხეულზე მეორე სხეულის სითბო იგრძნო და შეკრთა. ჯერაც ვერ შეეჩვია იმას, რომ საწოლში მის გარდა სხვაც იყო. ისევ გადაბრუნდა, იდაყვზე წამოიწია და თვალებმოხუჭულ ბიჭს ჩააშტერდა... რამდენიმე წამს დაჟინებით უყურებდა. ნიკამ ვეღარ გაუძლო და გაიცინა.

– საზიზღარო! გღვიძავს და მატყუებ... იცი, რას გიზამ? ბალიშით გაგგუდავ, – გოგომ ბალიში მოძებნა.

– ყოველთვის ვიცოდი, რომ მრისხანე გამომძიებლის ნიღბის ქვეშ მკვლელი იმალებოდა, – გაიცინა ნიკამ, – მაგრამ, იქნებ, ჯერ ტელეფონისთვის გეპასუხა?! არ მინდა, სიკვდილის წინ დავყრუვდე კიდეც.

– საზიზღარო... – მომარჯვებული ბალიში ბიჭის თავზე დაუშვა, მერე მობილური აიღო და ნიკას ანიშნა: – ასეც ვიცოდი...

– დედა, რა იყო? ჯერ ხომ არ გათენებულა, გვძინავს ისევ. მერე რა? მით უმეტეს, რომ კვირა დღეა, ვისვენებთ... რა მოგენატრე, ჯერ მხოლოდ სამი დღეა... ჰო, ვიცი, ვიცი, რომ ძალიან მოულოდნელად მოხდა და შეგუება გიჭირს... რადგან შეგპირდი, მოვალ კიდეც. ჰო, რა თქმა უნდა... მამას მოკითხვა გადაეცი... ახლა რაღა დაგვაძინებს? კარგი, ვეცდები...

 მარიკამ ტელეფონი დაუდევრად მიაგდო საწოლზე და ნაწყენი ბავშვის გამომეტყველებით მიაჩერდა ნიკას.

– ჰო, აბა, რაო, რა ბრძანა ჩემმა საყვარელმა სიდედრმა?

– გაგვაღვიძა!

– ეგ უშენოდაც ვიცი. რამე მნიშვნელოვანი საქმე ჰქონდა?

– დედაჩემისთვის ყველაფერი მნიშვნელოვანია. არ დაგავიწყდეთ, რომ დღეს საღამოს სახლში ხართ მოსასვლელებიო და „სახლს“ განსაკუთრებით გაუსვა ხაზი.

– ამით რისი თქმა გინდა?

– ჰმ, შენ თვითონ ვერ ხვდები?

ნიკუშამ თვალები მოჭუტა და უარყოფის ნიშნად თავი გააქნია.

– ანუ, მთლად მანდ ნუ გაიკეთებთ ბუდეს, ესეც თქვენი სახლიაო! – გამოაჯავრა მარიკამ და მხარზე მიეხუტა... ბიჭმა მკლავი შემოხვია და მკერდზე მაგრად მიიკრა.

– მართალია ის ქალი, ვეთანხმები.

– მართლა? ჰოდა, თუ მართალია, დღეს ნებივრობა აღარ გამოგივა. უნდა მოვემზადოთ და მივიდეთ. მერე იქიდან ან გამოგვიშვებენ, ან არა.

– მოიცა, ერთი, ნუ მაშინებ. მშვენიერი მშობლები გყავს და ჩვენ არაჩვეულებრივად გავუგეთ ერთმანეთს.

– ფარისეველი. ბალიში კიდევ გინდა?

– ბალიში? პრინციპში, შეიძლება, მაგრამ მე სხვა რამ მირჩევნია, მაგალითად, ჩახუტება. ჩამეხუტე, რა!..

მარიკამ ირონიულად მოჭუტა თვალები და ენის წკლაპუნით გააქნია თავი.

– რატომ, არ დავიმსახურე?

– არა! მომატყუე. თვალებდახუჭული ელოდი, მეც როდის გამაღვიძებდა მობილურის ზარი.

– შენი მობილური რეკავდა, ჩემი ხომ არა? ჰო, მართლა, სამსახურში რამდენიმედღიანი შვებულება მოგცეს?

მარიკამ სამი თითი გაპარჭყა.

– მხოლოდ სამი? რა უსამართლობაა! ვაპროტესტებ, ვიჩივლებ, ზემდგომ ინსტანციებში გავასაჩივრებ...

მარიკამ ამოიოხრა:

– არ გირჩევ. ამ შემთხვევაში საჩივარი არ მიიღება. მე თვითონ ვერ გავჩერდები სახლში. მით უმეტეს, რომ დედაშენიც ჩამოდის. ამაზე საერთოდ ვერ ვფიქრობ, ვერ წარმომიდგენია, რანაირად უნდა ვიცხოვრო ერთ ჭერქვეშ ადამიანთან, რომელსაც საერთოდ არ ვიცნობ.

ნიკას სახე დაუსევდიანდა:

– ამაზე ხომ უკვე ვილაპარაკეთ? რად გინდა, თავიდან რომ იწყებ? დედაჩემს ყველაფერზე შევუთანხმდი. ისედაც არ არის პრობლემური ადამიანი, უბრალოდ თავისი სამყარო აქვს. არ გაგიჭირდება, აი, ნახავ...

– არ ვიცი. გუშინ ისიც კი ვიფიქრე, ხომ არ ავჩქარდი-მეთქი.

– მარიკა, ახლა უკვე მაშინებ. ისიც არ თქვა, რომ ნანობ ამას, თორემ, გავგიჟდები.

– არა, ჯერჯერობით ასეთ უკიდურესობამდე არ მივსულვარ.

– არც მიხვალ, გპირდები, – ნიკამ ხელები შემოხვია და მკერდზე მიიკრა გოგო. მარიკა არ გასძალიანებია. ბიჭმა სახე მის თმაში ჩამალა და ჩუმად ამოიოხრა:

– მაინც არ გჯერა ჩემი? არ გჯერა? მარიკა, შემომხედე, საყვარელო... შენ ისევ იმ ამბავს გულისხმობ? ვერ დაივიწყე?

– როგორ უნდა დავივიწყო? მითხარი, ასე ადვილია ამის დავიწყება? ვერ დავიჯერებ, რომ შენც არ ფიქრობ ამაზე.

– შენ წარმოიდგინე, ვფიქრობ, მაგრამ, ტრაგედიად არ აღვიქვამ. მიმაჩნია, რომ რაღაც გაუგებრობა იყო. ხომ ფაქტია, რომ ყველაფერი მიწყნარდა?

მარიკას უნდოდა, ეთქვა, ასეთი მიწყნარება ჭექა-ქუხილზე გაცილებით უარესიაო, მაგრამ, გაჩუმება ამჯობინა. ნიკას მიმართ გრძნობამ აჯობა იმ უნდობლობას, რომელიც ვერაფრით მოიშორა საპატრულოში მიღებული ინფორმაციის შემდეგ. მხოლოდ ის შეძლო, რომ მეხსიერების შორეულ კუთხეში მიეგდო და დროებით მიეძინებინა. თუმცა, იმასაც კარგად ხვდებოდა, რომ ეჭვს ყოველ წუთს შეეძლო ახალი ძალით გაღვიძება... მაგრამ, ამაზე ფიქრი არ უნდოდა. ნიკასთან ერთად, ახალი ცხოვრების დასაწყისში, მხოლოდ დადებითი ემოციების მიღება სურდა, განსაკუთრებით – პირველ დღეებში, როცა სრულიად მარტონი იყვნენ და შეეძლოთ, მხოლოდ ერთმანეთით ყოფილიყვნენ დაკავებული. მარიკამ იცოდა, როგორი რთულია ეჭვით ცხოვრება. თუმცა, მცდელობა, რომ ამისგან ნელ-ნელა გათავისუფლებულიყო, ჰქონდა. რწმენას კი თავისი პროფესია ჰმატებდა. თავდაჯერებულობა არასდროს აკლდა... თუმცა, როცა ქალი შეყვარებულია, ის ყოველთვის ცდილობს, არ დაინახოს ის, რისი დანახვაც არ უნდა...

***

დევიმ ტელევიზორი ჩართო და თემოს სიგარეტის კოლოფზე ანიშნა, გადმომიგდეო.

– დღეს დოზა დამაკლდა. თან, საქმეც არ მაქვს და მოვწევ ერთ-ორ ღერს.

– რაც გინდა, ის ქენი, ოღონდ, მაგ ტელევიზორს ძალიან ნუ აუწევ, ფიქრში ხელს მიშლის.

– შენც, ნუ ფიქრობ ამდენს, გეყოფა, თავის ტკივილი იცის, – იხუმრა დევიმ. 

თემომ შეუბღვირა:

– შენ რა, საქმე არ გაქვს? წადი, იმუშავე...

– წარმოიდგინე, რომ არ მაქვს. მართლა... რაღაც, აღარავის კლავენ...

– ვინც მოკლეს, იმის საქმეს ხომ გავართვით თავი... – ჩაიღრინა თემომ. 

დევიმ ხელები გაშალა:

– მე რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე, ძმაო...

– მერე, ვინ გითხრა, არ გააკეთეო. მაგრამ, ვცოფდები, როცა მახსენდება, როგორ მოახერხა ახვლედიანმა პროკურატურის დარწმუნება.

– შენც ხომ იცი, რომ მოსახერხებელი ბევრი არაფერი იყო. აღიარე, რომ ნოდიას შვილის წინააღმდეგ სერიოზული სამხილები არსებობდა.

– რა სამხილი, რას ლაპარაკობ? აი, ნახავ, დაცვის მხარე როგორ გააცამტვერებს მაგ ვითომდა სამხილებს.

– კი მაგრამ, მოტივი? მოტივზე რაღას იტყვი?

– მოტივი სამხილი არ არის და ეს შენ ჩემზე უკეთ იცი.

– მე ბევრი რამე ვიცი... – დევიმ თითები გაატკაცუნა და წაიღიღინა, – მერე რა, რომ ვიცი? ზოგჯერ აჯობებს, საერთოდ არაფერი იცოდე... თუმცა, ისიც ხომ ფაქტია, რომ შენი პროგნოზებიც არ გამართლდა?

– რომელი პროგნოზები?

– მკვლელი თავისუფლად დასეირნობს გარეთო...

– რა იცი, რომ არ გამართლდა? ჯერ კიდევ არის დრო, – ნიშნი მოუგო თემომ და თავისივე სიტყვებზე გაეცინა, – მეც რა მაგარი ვარ... ვერ შევეჩვიე, რომ ზოგჯერ უნდა „დავიკიდო“ რაღაც-რაღაცეები.

– და, ვიღაც-ვიღაცეები! – მრავალმნიშვნელოვნად დაურთო დევიმ, – მაგალითად, ერთი  ჩვენი უფროსი, რომლის გვარსაც შეგნებულად არ ვასახელებ.

– ნეტავი გამაგებინა, რომელ ჭკუათმყოფელს მოუვიდა თავში აზრად მაგ იდიოტის ამ თანამდებობაზე დანიშვნა. ზოგჯერ მგონია, რომ საერთოდ ვერ აზროვნებს.

– მხოლოდ ზოგჯერ? ისე, აქ მაინც არ ღირს ამაზე ხმამაღლა ლაპარაკი. საერთოდ, რა ქნას ბიჭმა, თუ დიდი ამბიცია აქვს, შესაძლებლობები კი – გაცილებით ნაკლები. მე, მაგალითად, არ მძულს.

– არც მე ვარ მისი ზიზღით შეპყრობილი, მაგრამ, მუშაობაში რომ ხელს მიშლის?! მარიკასთვის ხომ არ დაგირეკავს? – ერთბაშად შეცვალა თემომ საუბრის თემა, – როდის ბრუნდება სამსახურში?

– აცადე ახლა იმ გოგოს. ჯერ სამი დღეც არ არის, რაც გაბედნიერდა, თაფლობის თვე უნდა ჩაუმწარო შენი გვამებით და მოკლულებით?

– ჩემი გვამები და მოკლულები, არა?! თუმცა, აქ ყველას, რატომღაც, მართლა ჩემი ჰგონია. მაინც არ დაგიჯერა და გაჰყვა ცოლად იმ ბიჭს, მიუხედავად იმ ეჭვისა, რომელიც ყველას აქვს?

დევიმ მხრები აიჩეჩა.

– რა ქნას, უყვარს. სიყვარული კი, მოგეხსენება, ბრმაა. თუმცა, რას გიხსნი, ეს ხომ შენც იცი.

– არ გინდა, რა... მე სრულიად სერიოზულად გელაპარაკები. რატომ არ ვუთხარი, რომ შეიძლება, დანაშაულს მალავდეს? ეს უკვე დანაშაულია.

– მარიკას ამის ახსნა არ სჭირდება. თანაც, რა დანაშაულზე შეიძლება იყოს საუბარი, როცა იქ უბედური შემთხვევა მოხდა?

– ძალიან დარწმუნებულიც ნუ იქნები ამაში...

– ახლა, არ მითხრა, რომ ისევ შენმა ინტუიციამ გაიღვიძა, თორემ, გავაფრენ. 

– კარგი, აღარ გვინდა ამაზე, მაგრამ, მარიკა მჭირდება. მე ვერ დავურეკავ, ისევ შენ შეეხმიანე და უთხარი, რომ ძალიანაც ნუ გააგრძელებს არდადეგებს.

– გინდა, დღესასწაული  ჩაუმწარო? – სერიოზულად თქვა დევიმ. თემოს ეწყინა:

– ეგ რა ლაპარაკია? რატომ უნდა ჩავუმწარო? უბრალოდ, შენ იცი აქაური სიტუაცია და მარიკას გარეშე ძალიან გამიჭირდება.

დევი მაშინვე მიხვდა:

– შენ რაღაც გადაწყვიტე. ასეა?!

თემომ მდუმარედ დაუქნია თავი.

– რა? მაინც არ იშლი შენსას?

– ჰო. რა ვქნა? რაღაც არ მასვენებს. მით უმეტეს, როცა ახლა შანსი გაჩნდა.

– ოღონდ, არ მითხრა, რომ მარიკას დედამთილზე ან ქმარზე დაკვირვება უნდა დაავალო.

– „დაკვირვება“ ძალიან ხმამაღალი და უხეში ნათქვამია. ჩემი ინტუიცია უნდა გადავამოწმო. ნუ ინერვიულებ, მაქსიმალურ სიფრთხილეს გამოვიჩენ. ეს ჩემს ინტერესებშიც შედის, მაგრამ, მარიკას შენ უნდა დაელაპარაკო.

– ასეც ვიცოდი!

– რა იცოდი?

– შავ საქმეს ჩემი ხელით რომ გააკეთებდი.

– უბრალოდ, შენ და მარიკამ კარგად გაუგეთ ერთმანეთს და შენ უკეთესად მოახერხებ ამის თქმას.

დევიმ ამოიოხრა და თავი გადააქნია:

– ექსპერტის გარდა, მგონი, ყველაფერი ვარ, ჩემს საქმეს ვეღარ ვაკეთებ.

– ნუ ბუზღუნებ, თვითონვე მოგწონს, როცა გამოძიებაში მეხმარები.

– და, შენც ბოროტად სარგებლობ ამით, – შეახსენა დევიმ. თემომ ხელი აუქნია:

– შენ ხარ და, ვინმეს ასარგებლებინებ, როგორ არა...

– ეჰ, ჩვილი გული მაქვს ბავშვივით, რა ვქნა, უარს ვერაფერზე გეუბნები.

– მორჩი მასხრობას და მითხარი, დაურეკავ მარიკას, ეტყვი?

– დღეს და ხვალ ნუ მომთხოვ ამის გაკეთებას. მერე კი, რაც მიბრძანე, იმას შევასრულებ, სხვა რა გზა მაქვს?

– მეც არ ვიცი, რა მემართება, რატომ ვერ ვისვენებ.

– გეტყოდი, მაგრამ, ჯობია თავი შევიკავოთ. თუმცა, მესმის შენი. ისე, იმ ნოდიას ბიჭი მეც მეცოდება. მით უმეტეს, თუ დამნაშავე არ არის.

– ჰოო?! მეც სწორედ ეგ პრობლემა მაქვს.

დევიმ თითი შემართა:

– მაგრამ, ამისთვის არსებობს სასამართლო. შენ, რაც შეგეძლო, ყველაფერი გააკეთე.

– მე ასეთი დარწმუნებული არ ვარ. ნეტავი, ვცდებოდე, ნეტავი.

– უინსტონ ჩერჩილმა თქვა: „არაფერი ისე არ შთაგაგონებს და აღგაფრთოვანებს ცხოვრებაში, როგორც იმის გაცნობიერება, რომ გესროლეს და აგაცილესო“. ასე რომ, ძალიანაც ნუ ინერვიულებ...

***

... ყველაფერი სხვანაირად მოხდა. ისე არა, როგორც ადრე ხდებოდა. ამჯერად ემოცია წარმოუდგენლად ძლიერი იყო, თითქმის ვნების ტოლფასი. ამიტომ, სიამოვნების განცდამ თხემით ტერფამდე მოიცვა. სამაგიეროდ, თითქმის ბოლომდე ჩაახშო გონების ხმა და საშუალება არ მისცა, მომხდარი გაეანალიზებინა, რასაც ჩვეულებრივ აკეთებდა ხოლმე. აღარც იმაზე უფიქრია, რამდენი დრო დასჭირდა ჩანაფიქრის შესრულებას. მისთვის მთავარი იყო გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა და შინაგანი, ლამის ინსტინქტად ქცეული მოთხოვნილების დაკმაყოფილება. სიმშვიდე მოგვიანებით მოვიდა. ნელ-ნელა, როგორც ნისლი მოიცავს ხოლმე არე-მარეს, ისე შეაღწია მის არსებაში და ყველა გრძნობა მიაძინა, ყველა შეგრძნება, გარდა ერთისა: ის კმაყოფილი იყო – დაკმაყოფილებული და ემოციებით სავსე, მაგრამ, ამავე დროს, დაცლილი ამ ემოციებისგან. ეს უცნაური თანხვედრა იყო ის, რასაც მიელტვოდა და რისთვისაც რისკიც არაფრად უღირდა...

***

... დათომ დაჭმუჭნილი პერანგი მაგიდაზე დადო და სამზარეულოში გავიდა წყლის მოსატანად. დაბრუნებულს დივანზე წამოწოლილი მაკა დახვდა. ქალი მინერალურ წყალს წრუპავდა და ჩუმად ოხრავდა. ძმას უკმაყოფილო გამომეტყველებით შეხედა.

– რა იყო? – ვერ მოითმინა დათომ, – ისევ ცუდ გუნებაზე ხარ?

– ცუდ გუნებაზე არა, ცუდად ვარ. შენ რას აკეთებ?

– ვერ ხედავ? პერანგს ვაუთოებ.

– კი არ აუთოებ, ასველებ, –  მაკა დაიჭყანა, – ღმერთო, რა საზიზღრად ვარ... მთელი სამყარო მძულს.

დათომ მხრები აიჩეჩა:

– არ მიკვირს. აი, მე კი ეს პერანგი მძულს.

– ამდენ წყალს ნუ ასხამ, დაალპობ, – ჭკუა დაარიგა დამ.

– მართლა, მაგ კომენტარებს გირჩევნია, დამიუთოო!

– არც იოცნებო. ფეხზე ვერ ვდგები. შენი პერანგის დაუთოების არც სურვილი მაქვს და არც ფიზიკური შესაძლებლობა. ისე, სად მიბრძანდები?

– ნიკას მივყვები ერთგან. მნიშვნელოვანი ხალხია, მნიშვნელოვანი შეხვედრა და შესაფერისად უნდა გამოვიყურებოდე.

– მართლა? რა იყო, ცოლი ხომ არ მოჰყავს?

– მოიყვანა უკვე, – ნიშნის მოგებით, საზეიმო ხმით გამოაცხადა დათომ და დას თითი დაუქნია, – ხომ გეუბნებოდი, სულ ტყუილად აიწეწე ცხოვრება!

– მოკეტე, ისედაც ცუდად ვარ, – შეუღრინა მაკამ, – რა უნდა გელაპარაკო, საერთოდ არ გესმის ჩემი...

– როცა მესმოდა, ან, ვცდილობდი, გამეგო, მაშინაც სულელი ვიყავი – ხელი შეგიწყვე, ყველაფერი გაგეფუჭებინა. შენი ცხოვრება გაგეფუჭებინა... მოკლედ, აზრი არ აქვს შენთან ამაზე ლაპარაკს.

– რატომ?

– იმიტომ, რომ ნიკამ მარიკა მოიყვანა ცოლად, სწორედ ის მარიკა, ვის გამოც ოჯახი დაანგრიე. მაგ გოგოს ერთი წუთითაც არ უფიქრია შენს ქმარზე. „პატიების უნარი მხოლოდ ძლიერ ადამიანებს აქვთ. სუსტები არასოდეს პატიობენ!“ – არ ვიცი, ეს ვინ თქვა, მაგრამ, მაგარი ნათქვამია.

– ესე იგი, მე სუსტი ადამიანი ვარ?

– აბა, რა... ვერ გაუგე კაცს.

მაკამ ამოიოხრა:

– ახლა ისე ცუდად ვარ, პასუხის გაცემაც არ შემიძლია, თორემ გეტყოდი...

– დამშვიდდი, ამ პერანგს დავაუთოებ და გავქრები.. შენ კი, თუ ცუდად ხარ, ექიმთან მიდი.

– გმადლობ, შენს რჩევას გავითვალისწინებ... ღმერთო, რა ცუდად ვარ. გარშემო ყველაფერი ტრიალებს და გული მერევა.

– „პახმელიაზე“ ხომ არ ხარ?

– მომეშვი, შენი დანახვაც არ მინდა!

– თემოსი? – ეხუმრა დათო, მაგრამ ამან ქალი მხოლოდ გაამწარა, ბოთლი მოუღერა და ისტერიკულად იკივლა:

– მომშორდი!

***

... სხეული არასდროს იტყუება. მან ყოველთვის ზუსტად იცის, რა უნდა, რას გრძნობს და რა უნდა მოიმოქმედოს ამ სურვილის დასაკმაყოფილებლად. თუ ნებაზე მიუშვებ, კმაყოფილი დარჩება, მაგრამ, იქნება თუ არა კმაყოფილი გონებაც, რომელსაც ზოგჯერ გაცილებით ურჩევნია, „მოატყუოს“ სხეული?! ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რა უჯდება გონებას სხეულის დაკმაყოფილება და სიმართლე... 

სამართლიანობა აღსრულდა – ის ამას სხეულით გრძნობდა... სხეულით, რომელიც, პრაქტიკულად, არასდროს ტყუის...

***

ქალმა მაგიდას გადახედა:

– მგონი, არაფერი აკლია... დაურეკე? რა გითხრეს, მალე მოვალთო?

– მოვლენ, სხვა გამოსავალი არ დაუტოვე და... – გაეცინა კაცს, – მგონი, ზედმეტი მოგვივიდა.

– რას გულისხმობ?

– სუფრას, თათა, სუფრას ვგულისხმობ. ამდენი საჭმელი ვინ უნდა ჭამოს?

– ერთი-ორი ახლობელი დავპატიჟე, – მრავალმნიშვნელოვნად თქვა ქალმა და მაშინვე თავდაცვაზე გადავიდა, – არც ეცადო, მისაყვედურო. ბავშვი გათხოვდა. თქვენი ორიგინალურობის წყალობით, ისედაც ვერაფერს ვაკეთებ. ჰო, რას მიყურებ? არ იტყვის ხალხი, ამისთანა რა გაუჭირდათო? ტყუილად იბღვირები. იმ შენს შვილსაც უთხარი, რომ მობრძანდება, არ გაფხუკიანდეს. რასაც ვაკეთებ, ისევ მისთვის.  ვერაფრით ვეგუები იმას, რომ იმ ბიჭის შესახებ არაფერი ვიცით. დედამისიც კი ვერ გავიცანი.

– ვიცი, რომ ჩვენს შვილს უყვარს და ჩემთვის ეს საკმარისია.

– იმიტომ, რომ შენი შვილივით ძალიან მარტივად უყურებ ამ ცხოვრებას, მეტისმეტად მარტივად. არ არის ისე, თქვენ რომ გგონიათ, თავიც რომ მოიკლა, ამ საზოგადოების ნაწილი ხარ და ამას ვერ გაექცევი.

ზურაბმა უკმაყოფილოდ გააქნია თავი:

– მარიკა გადაირევა. ეს არ არის ოჯახური ვახშამი. მოვლენ და აქ სტუმრებს დაახვედრებ. მარტო შენზე კი არა, ჩემზეც გაბრაზდება და მართალიც იქნება. მაინც, ვინ დაპატიჟე? ჩემთვის მაინც გეთქვა და გაგეფრთხილებინე.

– შენთვის რომ მეთქვა, ყველაფერს ჩამიშლიდი. ისეთი არავინ დამიპატიჟებია, ნუ გეშინია უნდა მომეხმარო,  მარიკა დავარწმუნოთ, რომ ასე იყო საჭირო.

– როგორ დავარწმუნო იმაში, რაც მე თავადაც არ მესმის? თათა, რატომ არაფერი მითხარი?

– ტრაგედიას ნუ ქმნი, განსაკუთრებული არაფერი ხდება. ოჯახური ვახშამია ოჯახის მეგობრების თანდასწრებით. ნიკას დედა რომ დაბრუნდება და შევხვდებით, ქორწილზეც დავილაპარაკოთ.

– აჰა, ახლა კიდევ ქორწილი აიხირე. თათა, იმდენს იზამ, მარიკა საერთოდ აღარ მოვა ჩვენთან.

ქალმა ამოიოხრა:

– რატომ არ შეგიძლიათ შენ და შენს შვილს ნორმალური, ჩვეულებრივი ადამიანებივით იცხოვროთ? ასეთი ძნელია? თუ, ორივე მე მეჯიბრებით? იცოდე, მისი მხარე არ დაიჭირო, თორემ, ძალიან გავბრაზდები, ჩემი გაბრაზება კი ადვილად არ ჩაგივლის. ჯერ ისიც ვერ მომინელებია, სახლიდან ჩუმად გაპარვის ნება რომ მიეცი.

– მარიკა არ გაპარულა. გვითხრა, გაგვაცნო და, საერთოდ... 

– და, საერთოდ, რაც შენ ხარ, შვილიც ზუსტად ისეთი გყავს. გაფრთხილებ, პრობლემები არ შემიქმნა და, ძალიან გთხოვ, იმ ხალხთან არ შემარცხვინო.

– მითხარი მაინც, რომელ ხალხზეა ლაპარაკი?

– ნახავ. მხოლოდ რამდენიმე მეგობარი იქნება, შენი და ჩემი. მინდა, სიძე გავაცნო.

– კარგი. ახლა გაბრაზებას აზრი არ აქვს – ხელი ჩაიქნია კაცმა, – ისღა დამრჩენია, წარმატება გისურვო შენს ჩანაფიქრში.

ქალმა უკმაყოფილოდ გადააქნია თავი:

– შენსას მაინც არ იშლი, მაგრამ არ აგყვები – არ მინდა, ნერვები მოვიშალო...

***

ნიკამ დიდხანს აწვალა გასაღები საკეტში და გაღიზიანებულმა შეიგინა. მარიკამ ჩანთა მხარზე გადაიგდო და მასთან მივიდა.

– რა ხდება?

– არ ვიცი, საკეტს რაღაც დაემართა. ვერ ვაღებ. მანქანა როგორ გამოვიყვანო?

– რა უნდა დამართნოდა? მაჩვენე, ახლა მე ვცდი, – მარიკამ გასაღები გამოართვა, მაგრამ, თვითონაც ვერაფერი მოუხერხა:

– წარმოუდგენელია. ყოველთვის ადვილად იღებოდა!..

– არაფერი გამოდის. დამხმარე რაზმის გამოძახებაა საჭირო... ან ტაქსის, თორემ, დაგვაგვიანდება. მე ტაქსის იდეას ვემხრობი – ნაკლები დრო დასჭირდება.

– გაუგებარი და გამაოგნებელი ამბავია!

– არა უშავს, მაგაზე მერე ვიფიქროთ, – მარიკა მხარზე მიეხუტა ბიჭს, – დათოსაც უნდა გავუაროთ, არ დაგავიწყდეს.

– ცოტა მეუხერხულება. დედაშენს და მამაშენს, ალბათ, ერჩივნათ, მარტონი მივსულიყავით, მე კი დათო ავიკიდე.

მარიკამ გაიცინა:

– ამას იმიტომ ამბობ, რომ დედაჩემს არ იცნობ.

– რას გულისხმობ?

– როცა მიხვალ, მიხვდები.

ნიკამ გაოცებით შეხედა ცოლს. მარიკამ გაიცინა.

– ასე ნუ მიყურებ, ყველაფერი კარგად არის. მთავარია, არ დაიბნე...

ზუსტად ოთხი საათის შემდეგ მარიკამ აივანზე გასულ ქმარს გააკითხა.

– აბა, როგორ ხარ?

– არაჩვეულებრივი საღამო იყო, მშვენიერი საზოგადოება. კარგად გავერთე. ერთადერთი პრობლემა ის იყო, რომ ამ ადამიანების ნახევარზე მეტს არ ვიცნობდი.

მარიკამ გაიცინა:

– ჩემი მშობლების მეგობრები იყვნენ. კარგი ხალხია, თანაც, ის ქალი შენი მეგობრის დედა იყო – გარდაცვლილი ვახტანგ ჩილაჩავას ცოლი ვერ იცანი?

ნიკამ წაუსტვინა:

– იმიტომაც მიყურებდა ასე უცნაურად? ძალიან მალე გამოსულა შოკიდან. საკმაოდ მხიარულად გამოიყურებოდა და შავი კაბაც არ ეცვა.

– საფლავში ვერ ჩაყვებოდა... ისე, სასიამოვნო ქალია.

ნიკამ ამოიოხრა:

– მე ისევ გარაჟზე ვფიქრობ. ცოტა უცნაურად მეჩვენება ეს ამბავი – საკეტი რას უნდა გაეჭედა?

– არ ვიცი. ნუ ინერვიულებ. საკეტს ეშველება... გაიგონე, დედაჩემმა რა თქვა?

– რა?

– ქორწილთან დაკავშირებით...

– ჩვენ რომ ქორწილი არ გვინდოდა?! შენც ხომ ამას მეუბნებოდი...

– ნუ გეშინია, არავითარი ქორწილი არ იქნება. მე მართლა არ მინდა ეს. თან, დროც არ მაქვს, სამსახურში მალე უნდა დავბრუნდე. მერე, ერთი ათი დღით გამოვძვრები და სადმე წავიდეთ. მამაჩემი დამპირდა და ფულს მოგვცემს. დედაჩემისაც მესმის – ყველაფერი წესისა და რიგის მიხედვით უნდა, ასეთი ტიპია.

– ჰო, დედები აშკარად „ტიპები“ გვყავს... – გაიცინა ნიკამ და მარიკა მკერდზე მიიკრა.

***

თემოსთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, საკუთარი სინდისის ხმა არ მისცემდა მშვიდად ყოფნის საშუალებას თუ ცუდად შესრულებული სამუშაოს გამო მიღებული საყვედური. იქნებ, ეს მეორე ვარიანტი ერჩივნა კიდეც. სინდისის ხმისგან არ შეეძლო თავის დაცვა, თორემ, საყვედურზე პასუხის გაცემას  როგორმე მოახერხებდა.  სავარძელი ფანჯარასთან მიაჩოჩა და სიგარეტს მოუკიდა. ძალიან უჭირდა იმ სიცარიელის ატანაც, მის ბინაში დიდი ხნით რომ დაისადგურა. იცოდა, რაღაცის გაკეთება იყო საჭირო არსებული რეალობის შესაცვლელად, მაგრამ,  სამოქმედო გეგმა თუ არა, მოქმედების დასაწყებად  სურვილი ხომ მაინც უნდა ჰქონოდა... ზარის ხმა შორიდან და ბუნდოვნად ჩაესმა.  საკმაოდ გვიან მიხვდა, რომ მის გარდა კარს სხვა ვერავინ გააღებდა და ზანტად გაემართა შემოსასვლელისკენ. 

– სადა ხარ, კაცო! – აქოშინებულმა შემოაბიჯა დევიმ, – ტელეფონს მაინც რატომ არ პასუხობ, გული რომ გამიხეთქე? სამსახურში მოსვლას არ აპირებ?

– დღეს კვირა არ არის? ვისვენებ. 

– რა კვირა, ორშაბათია უკვე! – დევიმ შიშით შეხედა მეგობარს, – გუშინდელი დღე ისე გაატარე, რომ ვერაფერი გაიგე? კარგად ხარ? თემო, ერთი შემომხედე, ექიმთან ხომ არ წავიდეთ?

– ნუ გეშინია, არაფერი მჭირს. უბრალოდ ვფიქრობდი, – თემომ მისი შუბლისკენ გაწვდილი ხელი აირიდა და სიგარეტის ნამწვი საფერფლეზე დასრისა, – ახლავე მოვწესრიგდები და წამოვალ. დამელოდები?

– აბა, აქ რისთვის ვარ? ნეტავი, გუშინაც შემომევლო, მაგრამ, რა ვქნა, რაც დამავალე, იმას ვაკეთებდი. 

– რა დაგავალე?

– არ გახსოვს? მარიკა ვნახე და ველაპარაკე. 

– მართლა? რაო, ბედნიერებისგან მიწაზე აღარ ვაკარებ ფეხსო? – ღვარძლიანად ჩაილაპარაკა თემომ, თან კომოდიდან პირსახოცს იღებდა. დევიმ გაოცებით შეხედა. 

– შენ აშკარად რაღაც გჭირს. რა გემართება? რომ არ გიცნობდე, ვიტყოდი, იმ გოგოს ბედნიერება შეშურდა ან ეჭვიანობს-მეთქი. 

– ხომ იცი, რომ ასე არ არის?

– თემო, იქნებ, შვებულება აიღო და სადმე წახვიდე ერთი-ორი დღით? სერიოზულად გეუბნები. ძალიან არ მომწონხარ. 

– სად წავიდე ასე, მარტო? – გაბრაზდა თემო, – არა მიშავს, გამივლის. ასე იმიტომ ვარ, რომ საქმე შემომაკლდა. ნახავ, რაღაც გამოჩნდება თუ არა, მაშინვე ფორმაში ჩავდგები. 

დევიმ თავი გადააქნია: 

– მე ვერ მომატყუებ. დამიჯერე, წადი სადმე. 

–  კარგი, ვიფიქრებ მაგაზე. ახლა კი მაცადე, შხაპი უნდა მივიღო. შეგიძლია, ტელევიზორს უყურო, პულტი სავარძელზეა. 

დევიმ სინანულით გახედა მეგობარს და სავარძლიდან პულტი აიღო. მერე შებრუნდა და სააბაზანოს კარს მიღმა გაუჩინარებულს მიაძახა: – არც გიკითხავს, მარიკამ რა თქვა და, ცდილობ დამიმტკიცო, რომ კარგად ხარ? დღესვე შეგაგდებ ახვლედიანთან და შვებულებას გათხოვნინებ... ამ ტელევიზორში კი ვერაფერს ნახავ საინტერესოს. საინფორმაციო გამოშვებებიც კი უინტერესო და ინფორმაციას მოკლებულია... – დევიმ რამდენიმე არხზე გადართო და უცებ გაშეშდა. მერე ხმას მოუმატა და ტელეეკრანს გაფაციცებული მიაჩერდა. თითქმის იმწამს დარეკა მისმა მობილურმაც...

– გისმენ! ჰო, ვიცი უკვე! საიდან და, ჩიტმა მომიტანა ამბავი! მაგას რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია, რომ ვიცი და მოვდივარ. ვინ? თემო? აქ არის, ჩემთან. ვეტყვი, რა თქმა უნდა. ხომ იცი, რაც უნდა გააკეთო? აბა, შენ იცი!..

დევიმ მობილური დადო და ხელები მოიფშვნიტა, მერე ისევ ტელევიზორზე გადაიტანა მთელი ყურადღება. თემოს ოთახში შემოსვლა არც გაუგია. 

–  ყავა დავლიოთ თუ სადმე გზაში ვისაუზმოთ?

დევიმ ტელევიზორის ეკრანისკენ გაიშვირა თითი. 

– აი, რასაც ნატრობდი. ვერც ყავის დალევას მოასწრებ და ვერც სადმე სასაუზმოდ შევლას, სასწრაფოდ გავდივართ. მკვლელობა მოხდა – ხომ ეს გინდოდა?

– რა?! შენ ვინ გითხრა?

– ჯერ ტელევიზორმა და მერე ვახომაც დარეკა. ნახე, შენს ტელეფონშიც უნდა იყოს შემოსულ ზარებში – სასწრაფოდ მოდით, ახვლედიანი გადარეულია, ჟურნალისტებმა როგორ მიგვასწრესო... 

– არ მეტყვი, რა მოხდა?

– მე თვითონაც ბევრი არაფერი ვიცი, იმაზე კი, რაც პირმშვენიერმა ჟურნალისტმა გვაუწყა მოზეიმე იერით, გზაში მოგახსენებ. მგონი, ამათ მართლა უხარიათ, რაღაც უბედურება რომ ხდება. ჰა, იცვამ, თუ არა?!

განყოფილებაში აღარ შეუვლიათ. ახვლედიანმა თავადაც დარეკა და პირდაპირ შემთხვევის ადგილას მისვლა მოსთხოვა. საპატრულო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა თავგანწირვით იცავდა იქაურობას ჟურნალისტების თავდასხმისგან. პაპავა და დევი სწრაფად შეუშვეს რკალს შიგნით და ისევ საწყის პოზიციაზე დაბრუნდნენ.  

დევიმ წაუსტვინა:

– ოჰოოო!.. ეს უკვე გიჟის ნამოქმედარს ჰგავს. რამდენი სისხლია... მიცვალებული ხომ არ დაგიძრავთ ადგილიდან? – მიუბრუნდა ახლოს მდგარ პატრულს. 

– ჩვენ არა, მაგრამ, მგონი, ბარის თანამშრომლებმა გადააადგილეს. შეიძლება, მის გადარჩენას ცდილობდნენ. 

– მიდი, გაარკვიე, რომელმა გააკეთა ეს საქმე და აქ მომიყვანე... – დევიმ მოკლულთან ჩაიმუხლა, რამდენიმე წუთი  მდუმარედ ათვალიერებდა და მხოლოდ თავს აქნევდა. თემოს მოთმინებამ უღალატა:

– აბა, რას იტყვი?

– ჯერჯერობით, მარტო იმას, რომ ძალიან ბევრი სისხლია და ჭრილობების ნაკლებობასაც არ ვუჩივით – კარგად დაუჩეხავთ. წინასწარ, სანამ გვამს უკეთესად არ დავათვალიერებ, ამის მტკიცება ძნელია, მაგრამ, მგონია, რომ სიკვდილი სისხლისაგან დაცლამ გამოიწვია – არც ერთი ჭრილობა არ არის სასიკვდილო. 

–  მაშინ, რამ მოკლა?

–  მათქმევინე, რა დაგემართა? სწორედ მაგის ახსნას ვცდილობ. არც ერთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანო არ უნდა იყოს დაზიანებული, მაგრამ, სისხლმა დიდხანს იდინა, მანამდე, სანამ ჯერ შოკი, მერე კი სიკვდილი არ განვითარდა მერე კი სიკვდილით არ დასრულდა. 

–  ამით რისი თქმა შეიძლება?

–  გააჩნია, საკითხს როგორ მივუდგებით, – დევიმ სანახევროდ ჩახდილ შარვალზე მიუთითა გამომძიებელს: – ამაზე რას ფიქრობ?

ვახომ დაასწრო:

– ტუალეტში გამოვიდა კაცი მოსაფსმელად და მკვლელმა სწორედ მაგ დროს მიუსწრო. 

დევის გაეღიმა და თემოს შეხედა: 

– შენც ასე გგონია?

– ჰო, ალბათ. შენ სხვა ვერსია გაქვს?

დევიმ თავი დაუქნია: 

– მაქვს და ამის საფუძველს საზარდულსა და სათესლეებს შიროს მიყენებული ჭრილობები მაძლევს. თუ გაკვეთის შემდეგ შარდის ბუშტიც სავსე აღმოჩნდება, მაშინ უკვე დაბეჯითებით ვიტყვი, რომ ტუალეტში მოსაფსმელად კი არა, სხვა რამის გასაკეთებლად შევიდა. ფოტოგრაფი და დამხმარე მჭირდება. მე აქ მივხედავ საქმეს, თქვენ კი ამ ბარის თანამშრომლები დაკითხეთ. ალბათ, პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, ის ადამიანი უნდა მოძებნოთ, ვისთან ერთადაც მოკლული ბარში მივიდა. 

– ანუ, ქალი უნდა ვეძებოთ? – ისევ იაქტიურა ვახომ. 

– რატომ, მარტო ქალი? ეჰ, ვახო, ვახო, რა უსუსური ხარ ფანტაზიებში! წარმოსახვის უნარი ხომ, საერთოდ არ გაგაჩნია. ის პატრული სადღა დაიკარგა? აუცილებელია, ვიცოდე, რა მდგომარეობაში იყო გვამი, როცა პირველად ნახეს! ვახტანგ, ერთი, გაიქეცი და დამიჩქარე ეგ ამბავი!

თემო სისხლის გუბეს დააკვირდა.

– ვხვდები, რასაც უყურებ – გაინტერესებს დრო, როდის მოხდა მკვლელობა... ოთხი საათის ამბავია, მეტის არა. შეგიძლია, მენდო. 

პატრულმა გაფითრებული ოფიციანტი მოიყვანა.

–  შენ ნახე მოკლული პირველად?

–  დიახ, შემთხვევით შემოვედი და... მე არ ვიცოდი, ხელი რომ არ უნდა მეხლო, ვიფიქრე, იქნებ, ცოცხალია-მეთქი. ისე იყო პირსაბანთან მიყუდებული, რომ... ხელი რომ შევახე, წაიქცა... ახლა ამისთვის დამაკავებთ?

დევიმ მოზეიმე სახით გადახედა თემოს: 

– ასეა, რაც ვივარაუდე, ის არის. მაშ, მოსაფსმელად შემოვიდა, არა?! ეჰ, ლელაძე, რა გეშველება?!   

გაგრძელება შემდეგ ნომერში

 

 

скачать dle 11.3