კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

 

ბადალაშვილი-ბადალოვი-ბადალიანი

გვარის ფუძეა ბადალი, რომელიც არაბული სიტყვაა და „ტოლფასს” ნიშნავს. ბადალი ფეოდალურ საქართველოში სხვის ნაცვლად ბეგარის მომხდელს ნიშნავდა, კერძოდ, ძეგლის დადება მეფეთ-მეფის გიორგის მიერ, მეთოთხმეტე საუკუნეში, ითვალისწინებდა შეუძლოდ მყოფი ხევისბერის მაგიერ ლაშქარში ძმის ან სხვა ახლობლის წასვლას. ეს ინსტიტუტი ჩამოყალიბდა და განვითარდა მეთვრამეტე საუკუნეში, ცვალებადი შემადგენლობის მუდმივი ჯარისკაცის მორიგი ჯარის შემოღებასთან დაკავშირებით. მორიგი ლაშქრის განაჩენი, 1774 წელს, ბადლობის ნებას აძლევდა სოფლის მღვდელს – „აღებ-მიცემის კაცს”; ასევე, გუთნისდედას, მეწისქვილეს და ზოგიერთ სხვა ხელობის მუშაკს. 

გვარი ბადალაშვილი სოფელ კოდაში გაჩენილი გვარია. ამ სოფელში, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის გვერდით, გაჩნდა სომხურ-გრიგორიანული ეკლესია და მისი წინამძღოლი – ტერტერა. სწორედ ამ წლებიდან  გაჩნდა მარჯანიშვილიდან – მარჯანოვი, მინაშვილიდან – მინაროვი, საღათაშვილიდან – საღათოვი და ასე შემდეგ. გვარი ბადალოვი, რომელიც ბადალაშვილიდანაა გაჩენილ-გადაკეთებული, გვხვდება 1886 წლიდან.

ბადალაშვილი ქართველებიდან გაჩენილი გვარია. სომხები და რუსები კი დაინტერესებულები იყვნენ ქართული გვარების გადაკეთებით. ასე გაფორმდა 1863 წელს ბევრი გვარი და ეს პროცესი 1919 წლამდე გაგრძელდა.

ასე რომ, ბადალაშვილებიც, ბადალოვებიც და ბადალიანებიც ქართველები არიან.

საქართველოში 514 ბადალაშვილი ცხოვრობს. თბილისში 242, თეთრიწყაროში – 145, რუსთავში – 53 არიან სხვაგანაც.

519 ბადალიანი. თბილისში – 269, მარნეულში – 81, ნინოწმინდაში – 77 არიან სხვაგანაც.

901 ბადალოვი: თბილისში – 299, მარნეულში 208, ბოლნისში – 141. არიან სხვაგანაც. 

ელისაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ელისა. გვხვდება, ასევე, სახელი ელისე, რომელიც ძველი ბერძნული სიტყვისაგანაა ნაწარმოები და ღვთისგან ხსნილს ნიშნავს.

1708 წელს მამუკა აბელაძისა და დათუნა კოსაძის მიერ არდაშელ ზუბულიძისადმი გაცემული დახსნილობის წიგნში მოხსენიებულია ელიოზ ელისაშვილი.

1721 წელს მოხსენიებულია ხოსროვანიშვილის ყმა, დათუა ელისაშვილი.

საქართველოში 706 ელისაშვილი ცხოვრობს. თბილისში – 278, გურჯაანში – 73, ბორჯომში 44. არიან სხვაგანაც.

თოროზაშვილი

 გვარის ფუძეა საკუთარი სახელი თოროზა.

არუთინა თოროზაშვილი შვილებთან ერთად მოიხსენიება 1843 წელს, დიდ თონეთში.

1843 წელს, პატარა თონეთის აღწერაში, მოიხსენიება ვახტანგ დემურაშვილი, იგივე თოროზაშვილი.

მოგვიანებით, თოროზაშვილები რუსული გაფორმებით, თოროზოვებად ჩაუწერიათ.

საქართველოში 86 თოროზაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 18, გორში – 10, ბოლნისში – 8 არიან სხვაგანაც.

57 თოროზოვი.

გიგოლაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი გიგოლა, რომელიც ქართული წარმოშობისაა – ის გიორგის ან გრიგოლის შემოკლებული ფორმაა.

1721 წელს საბარათაშვილოში მოიხსენიება როსტომა გიგოლაშვილი. მეთვრამეტე საუკუნეში, ყმების აღრიცხვის სიაში მოიხსენიება ვინმე გიგოლაშვილი.

საქართველოში 1 329 გიგოლაშვილი ცხოვრობს. თბილისში – 324, ადიგენში – 214, გორში 200. არიან სხვაგანაც. 

ხანდამაშვილი

გვარის ფუძეა სიტყვა ხანი, რომელიც თურქულ და მონღოლურ ენებზე სახელმწიფო მთავარს ნიშნავდა.

ხანდამაშვილები იყვნენ აზნაურები. ცხოვრობდნენ და ყმები ჰყავდათ ჩონჩხურსა და თაგუთში. იყვნენ, ასევე, უყმო ხანდამაშვილებიც.

1721 წლის აღწერით, ალავერნა ხანდამაშვილს, ყაფლანიშვილების მემამულეს, სოფელ თაგეთში ყმები ჰყავდა.

საქართველოში 42 ხანდამაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 23, თეთრი წყაროში – 13, გურჯაანში – 6.

ხეჩიკაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ხეჩა.

1666 წლის ნასყიდობის წიგნში მოიხსენიება მამასახლისი მასელა ხეჩიკაშვილი.

ამავე ძირისაა გვარები: ხეჩიაშვილი, ხეჩინაშვილი, ხეჩუაშვილი.

საქართველოში 258 ხეჩიკაშვილი ცხოვრობს: კასპში – 162, თბილისში – 78, გორში – 18.

ჯანგირაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ჯანგირა.

ჯაჰანგირ სპარსული სიტყვაა და ქვეყნის მპყრობელს ნიშნავს.

1871 წელს დუშეთის ოლქის სოფელ დიხჩოდან სოფელ ლასტისციხეში საცხოვრებლად გადასულა პაპია ჯანგირაშვილი.

საქართველოში 882 ჯანგირაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 375, დუშეთში – 228, თიანეთში – 78. არიან სხვაგანაც.

ჭოტიაშვილი

გვარის ფუძეა მეტსახელი ჭოტა, ჭოტი.

1721 წელს სოფელ წინწყაროში, საბარათაშვილოს საბატონეთში გაგუა ჭოტიაშვილი მოიხსენიება.

საქართველოში 21 ჭოტიაშვილი ცხოვრობს: თელავში – 19, თბილისში – 2.

ბედენაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარის ახელი ბედენა, ბედანა.

„ერტისში მცხოვრებ გიორგი ბედენას ძე ბედენაშვილს და რჯულიერსა ცოლსა მისსა ელენე თევდორეს ასულს, 1831 წელს ეყოლათ ვაჟი – ივანე. სახელი გაუნათლა და ნათლისცემა სრულყო მღვდელმა გრიგოლ ნატროშვილმა. მიმრქმელი იყო თავად გრიგოლ ყაფლანიშვილის ყმა, ღოუბანში მცხოვრები დიმიტრი კენკებაშვილი“.

საქართველოში 424 ბედენაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 118, გურჯაანში – 88, ამბროლაურში – 67. არიან სხვაგანაც.

გულდამაშვილი

გვარი ნაწარმოებია საკუთარი სახელიდან გულდამანა. ეს სახელი კი მომდინარეობს სპარსულიდან, რაც ვარდისტანას (ვარდი + სხეული), ნიშნავს.

საამისა და ედიშერ აბაშიშვილების მამულში, სოფელ დვალეთში, 1621 წელს მოიხსენიება ადუა გულდამაშვილი.

გულდამაშვილები მარაბდაში დვალეთიდან უნდა იყვნენ გადმოსულები.

საქართველოში 115 გულდამაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 52, თეთრი წყაროში – 25, გარდაბანში – 12.

დემურაშვილი – დემურიშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი დემური. დემური თურქულ-მონღოლური წარმოშობისაა და ქართულად რკინას ნიშნავს. სახელი 1677 წელს მოიხსენიება მამულის და შაღუმა ბერუაშვილების ნასყიდობის წიგნში.

1843 წელს პატარა თონეთში მოიხსენიება ვახტანგ დემურაშვილი, იგივე თორისაშვილი.

იმავე წარმოშობისაა გვარი დემურიშვილი.

საქართველოში 318 დემურაშვილი ცხოვრობს: ბოლნისში – 162, თბილისში – 55, თელავში – 35. არიან სხვაგანაც.

284 დემურიშვილი.

სუთიაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი სუთია.

1721 წელს, წინწყაროში, საბარათაშვილოში, ბატონის სახასოში მოიხსენიება ალავერდა სუთიაშვილი.

საქართველოში 184 სუთიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 67, მცხეთაში – 54, გორში – 6.

არიან სხვაგანაც.

გოგბერაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი გოგიბერი.

ამავე ძირისაა გვარები: გოგიბერაშვილი, გოგიბერიშვილი.

1843 წლის აღწერაში, სოფელ დიდ თონეთში მოიხსენიება მოსე გოგბერაშვილი.

საქართველოში 900 გოგბერაშვილი ცხოვრობს: თერჯოლაში – 329, ზესტაფონში – 236, თბილისში – 114. არიან სხვაგანაც.

იაკობაშვილი

იაკობი ებრაული სიტყვაა, რომელიც კვალს ნიშნავს. ამ სახელისგან მიღებული გვარებია: იაკობიძე, იაკობაშვილი, აკობია, კობიძე.

ბიბლიის მიხედვით, იაკობი იყო ისრაელთა მოდგმის ერთ-ერთი პატრიარქი.

იაკობიძეები ცხოვრობდნენ აჭარის რეგიონის ხულოს რაიონში.

იაკობაშვილთა შტო-გვარადაა მიჩნეული ავქაფაშვილი და ავქოფაშვილი.

საქართველოში 1 498 იაკობაშვილი ცხოვრობს: საჩხერეში – 476, თბილისში – 394, დედოფლისწყაროში – 109. არიან სხვაგანაც.

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

 

 

скачать dle 11.3