კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქართველების სტუმრობისას, სტალინი სხვებს დელიკატურად სთხოვდა კაბინეტის დატოვებას

 

ილიას საფლავის ხელყოფა და სოსოს პასუხი 

საქართველოს გასაბჭოების  შემდეგ, ილია ჭავჭავაძე, როგორც საზოგადო მოღვაწე  და მწერალი, მივიწყებული იყო. მეტიც, 30-იან წლებში მის წინააღმდეგ საბოლოო დარტყმა მზადდებოდა – მიზანი ქართული ცნობიერებიდან სულმნათი ილიას სრული ამოკვეთა იყო. იმდროინდელმა პარტიულმა ხელმძღვანელმა და ილიას მკვლელობის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ფილიპე მახარაძემ, „საქმე“ პანთეონიდან მისი გადასვენების მცდელობით დაიწყო. სტალინმა შეიტყო ამ შავბნელი საქმის შესახებ და რადიკალური ზომები მიიღო.

1933 წლის აპრილში მწერალმა შოთა ლეკვეიშვილმა ცნობილი მწერლების საფლავების დასათვალიერებლად, მთაწმინდის  პანთეონი მოინახულა და სწორედ იმ დროს დაინახა, რომ ილია ჭავჭავაძის  საფლავთან შეკრებილიყვნენ ბრიგადირი და  ხუთი მუშა წერაქვებით, ბარებითა და ნიჩბებით.  შეწუხებულმა ბრიგადირმა აღიარა, რომ ილიას საფლავის კუკიის სასაფლაოზე გადატანა ჰქონდა დავალებული. ლეკვეიშვილი იძულებული გახდა, ეცრუა და ეთქვა, რომ ეს ამბავი თითქოს სტალინის მეგობარმა, პეტრე კაპანაძემ, გაიგო  (პეტრე იოსებ ჯუღაშვილს არალეგალური საქმიანობის დროს ეხმარებოდა და მისი ახლო მეგობარი იყო) და სპეციალურად ჩავიდა მოსკოვში ამ საკითხთან დაკავშირებით. ბრიგადირმა კი მწერალს სთხოვა, რომ იგივე მას, ქალაქის საბჭოს აღმასკომის სამშენებლო განყოფილების უფროსისთვისაც მოეხსენებინა, რადგან განკარგულება მისგან ჰქონდა მიღებული. შოთა ლეკვეიშვილი ჯერ აღმასკომში მივიდა და გადაწყვეტილება შეაჩერებინა, შემდეგ სასწრაფოდ გაემგზავრა ხაშურში, შეხვდა პეტრე (პეტა) კაპანაძეს და ყველაფერი უამბო. პეტა – ყოფილი მღვდელი სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა. ის აღაფრთოვანა ახალგაზრდა კაცის პატრიოტულმა საქციელმა და დაუყოვნებლივ გაემგზავრა მოსკოვში. მას კრემლის მუდმივი საშვი ჰქონდა. იმის მიუხედავად, რომ კაბინეტში სტალინს სტუმრები ჰყავდა, პეტა იხსენებს, რომ, „ბელადი ფეხზე წამოდგა, ხელი ჩამომართვა და მითხრა, დაბრძანდიო. იმ ორ კაცს კი განუცხადა, ახლა ჩვენ ქართულად ვისაუბრებთ და შეგიძლიათ, დაგვტოვოთო. ისინიც ადგნენ და გავიდნენ.“ პეტამ ჩვეულებრივად უამბო სტალინს საქართველოს ამბები და იქვე, გულნატკენმა უთხრა ილიას საფლავის ხელყოფის შესახებ. საფლავს რაღას ერჩიანო, აღშფოთებულა სტალინი. ყურმილი აიღო და მაშინვე თბილისში დარეკა, მეგობარს კი უთხრა: შეგიძლია, დამშვიდდე, ილიას საფლავს კაციშვილი ხელს ვერ ახლებსო. მას ბევრი ლაპარაკი არ უყვარდა. ამით ყველაფერი დამთავრდა. მოსკოვიდან წამოსულმა პეტრემ შოთა ლეკვეიშვილს სტალინის ხელით დაწერილი წერილი გადასცა, სადაც ბელადი მას მადლობას უხდიდა. ორიოდე კვირის შემდეგ, შოთამ ქალაქის საბჭოს აღმასკომის სამშენებლო განყოფილებაში შეიარა. კარი შეაღო და ხმამაღალი ლაპარაკი შემოესმა. განყოფილების გამგე ამბობდა: ვენაცვალე პეტრე კაპანაძეს, დედა უტირა ფილიპე მახარაძესო!

ირონია 

1989 წლის 9 ივნისს გორის აღმასკომის თავმჯდომარის სახელზე შევიდა საკმაოდ მოულოდნელი განცხადება-საჩივარი. თბილისში მცხოვრები მოქალაქე აცხადებდა, რომ სტალინის სახლ-მუზეუმის კომპლექსის ერთ-ერთი ძირითადი ობიექტი, სადაც ბელადმა ბავშვობის წლები გაატარა, მომჩივანის დეიდის, ეკატერინე ივანეს ასულ ყულუმბეგაშვილის, სამკვიდრო იყო, რომელიც 30-იან წლებში კომუნისტური რეჟიმის რეპრესიებში მოჰყვა და სახლიც დაკარგა. მანამდე კი, აღნიშნული საცხოვრებელი მათ წინაპრებს ეკუთვნოდათ, სადაც ბესარიონ და ეკატერინე ჯუღაშვილები მდგმურად ცხოვრობდნენ. სტალინი კი იქვე, მოშორებით მდგარ ქოხში დაიბადა. განმცხადებელი კატეგორიულად ითხოვდა ბინის დაბრუნებას და ზარალის ანაზღაურებას. საჩივარს თან ერთვოდა, გორის აღმასკომის მიერ ადრეულ წლებში გაცემული ცნობა, გორის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის, ჩუბინიშვილის ხელმოწერით. მასში კი მითითებული იყო, რომ აღნიშნული ალიზის სახლი (ორი პატარა ოთახი, აივნითა და სარდაფით) ნამდვილდ ეკუთვნოდა მოქალაქე ეკატერინე ყულუმბეგაშვილს. წერილში არაფერი იყო ნათქვამი იმის შესახებ, რომ ეს პატარა სახლი მოქცეული იყო მარმარილოს სვეტებზე შემდგარი, ტუფით, გრანიტითა და მინით შექმნილი ძვირფასი არქიტექტურული ნაგებობის ქვეშ, რომელიც ხუროთმოძღვარ ნეპრინცევის პროექტით აშენდა. სტალინის ქალიშვილმა, თავის ცნობილ წიგნში „20 წერილი მეგობარს“, ამ სახლს დაცინვით „ხიბარა“ უწოდა. რა თქმა უნდა, ეს ქოხმახი ვერ შეედრებოდა მოსკოვის კეთილმოწყობილ აგარაკს (რომელიც ერთ დროს, სხვათა შორის, ქართველი ზუბალაშვილის მიერ აშენდა და მისივე საკუთრებაც იყო). ერთი რამ ფაქტია, რომ სოსო ჯუღაშვილს მშობლიურ ქალაქში, სადაც დაიბადა, ფეხი აიდგა და ბავშვობის წლები გაატარა, საკუთარი კუთხე არ დარჩა. ახლა კი საფრთხე მუზეუმს დაემუქრა. თუმცა, კეთილ ადამიანებს რა გამოლევს ამქვეყნად. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ბელადის მუზეუმი დღესაც ფუნქციონირებს. თვითმხილველები ასეთ ისტორიასაც იხსენებენ: 1952 წელს იოსებ სტალინი ლიკანში ისვენებდა. ერთ საღამოს მანქანით წავიდა გორისკენ. რუისის მთა გადაიარა და გორიც გამოჩნდა. სტალინი მანქანიდან გადავიდა და საათზე მეტხანს უყურებდა მშობლიურ ქალაქს. ვერავინ გაბედა ხმის გაცემა, შემდეგ უსიტყვოდ ჩაჯდა მანქანაში და უკანმოუხედავად გაბრუნდა ბორჯომის ხეობისკენ. მსოფლიო პოლიტიკის გიგანტი გორში არ შევიდა. ლიკანში დაბრუნებულმა კი ორი ისტორია გაიხსენა. ერთი მისი ბავშვობის წლებს ეხებოდა, თუ როგორ უშრობდა სკოლაში სისხლს ქართველთმოძულე რუს მასწავლებლებს. ბავშვები მათზე შურისძიების ათასგვარ ფორმასა და მეთოდს იყენებდნენ. წამქეზებელი და ყველაფრის მოთავე კი თვითონ იყო – საუკეთესო და, ამავე დროს ყველაზე უწესო მოსწავლე – სოსო ჯუღაშვილი; მეორე ისტორია ეკატერინე გელაძეს ეხება. დედა-შვილი ერთმანეთს თითქმის არ ნახულობდნენ, თუმცა კატო ხშირად ახსენებდა თავს და დედის მადლით გამთბარ მოსაკითხს უგზავნიდა მოსკოვში. სტალინის შვილები – სვეტლანა და ვასილი, ბავშვობაში ხშირად ჩხუბობდნენ ჩურჩხელების, კაკლის მურაბისა და ხილის ჩირის გამო. ეკატერინე სიცოცხლეში მოესწრო შვილის დიდებას, მაგრამ მისგან და, მისი ოჯახიდან ყოველთვის შორს იყო. ასეთი კურიოზიც მოხდა, კატო იმდენად იყო მოწყვეტილი რეალობას, რომ საქართველოს მთავრობის თავმჯდომარეს თხოვნით მიმართა, სოსო იქნებ აქ, ახლოს გადმოიყვანოთ სამუშაოდო. ისიც არ იცოდა, რომ მისი სოსო, სადაც უნდოდა, იქ გადაიყვანდა მთავრობის თავმჯდომარეს... ამ ისტორიაზე ბევრს იცინოდნენ კრემლში. 

ულვაშიანი კაცის ასიათასობით პორტრეტი 

P.S. 1937 წელს მოსკოვს სტუმრად ეწვია გამოჩენილი გერმანელი მწერალი ლიონ ფოიხტვანგერი. თავისუფლება რომ არ ბატონობდა საბჭოთა კავშირში – აი, რა აწუხებდათ და აწვალებდათ დასავლეთის თავგამოდებულ დემოკრატებს. ფოიხტვანგერი იმოწმებს სტალინის საკადრის პასუხს, წარმოთქმულს სტახანოველთა თათბირზე; „...სამწუხაროდ, მარტოოდენ თავისუფლება არაა საკმარისი. თუკი გვაკლია პური, კარაქი და ცხიმი, გვაკლია მანუფაქტურა და საცხოვრებელი ბინებიც გვიჭირს, მარტოოდენ თავისუფლებით შორს ვერ წახვალ. ძალზე ძნელია, ამხანაგებო, ისუნთქო მხოლოდ თავისუფლებით. კარგად და ხალისიანად, ვიცხოვროთ რომ აუცილებელია, პოლიტიკური თავისუფლების სიკეთეს მატერიალური კეთილდღეობა ემატებოდეს“.

„ნეტავი თქვენ რა გნებავთ“? – ფოიხტვანგერთან საუბრისას ხუმრობით უკითხავს ბელადს, – „დემოკრატია ეს არის ბატონობა ხალხისა, დიქტატურა – ბატონობა ერთი კაცისა. მაგრამ, თუკი ეს კაცი  იდეალურად გამოხატავს ხალხის ნებას,  განა დემოკრატია და დიქტატურა ერთი და იგივე არ არის?“

ფოიხტვანგერის სიტყვით, ეს ხუმრობა სერიოზულ ნიადაგზეა აღმოცენებული, რაც მას ძალიან მოეწონა. თაყვანისცემა და მისგან შექმნილი კულტი, ამითაა გარშემორტყმული სტალინი – ესაა პირველი ნიშანი, უმალვე თვალში რომ ხვდება საბჭოთა კავშირში სამოგზაუროდ ჩამოსულ უცხოელს. ყოველ კუთხესა თუ გზაჯვარედინზე, შესაფერ თუ შეუფერებელ ადგილებში მოჩანს სტალინის გიგანტური ბიუსტები და პორტრეტები. მოხსენებში კი და არა მხოლოდ პოლიტიკურში – ნებისმიერ სამეცნიერო თუ მხატვრულ თემაზე, უხვადაა სტალინის ქება-დიდება. ბატონი ლიონი თვლის, რომ ისტორია გაუთავებლად მეორდება და რომ ქვეყნის მბრძანებელთა ხვედრია უზომო ხოტბა და განდიდება, სიკვდილის შემდეგ კი – გმობა. სოსო ჯუღაშვილი ათწლეულების განმავლობაში, რკინის ხელით წარმართავდა უზარმაზარი სახელმწიფოსა და თითქმის მთელი პლანეტის ბედს. და ეს გახლდათ გორელი კაცი, რომელიც უბრალო, ჩვეულებრივი ოჯახიდან იყო და დღესაც საოცრებაა, როგორ მიაღწია ასეთ ბრწყინვალე კარიერას.

 

 

скачать dle 11.3