კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იკურნებიან ონკოავადმყოფები იოგას ვარჯიშებით და ვინ აზიარა ზაზა იაქაშვილი ინდიელებისა და აზიელების ეზოთერიკასა და ფილოსოფიას

ზაზა იაქაშვილს ქართული თეატრის მაყურებელი კარგად იცნობს; ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და პოპულარული სერიალის – „დეტექტივების“ მთავარი მოქმედი გმირიცაა, მაგრამ ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ ის  სერიოზულად იყო დაინტერესებული აღმოსავლური ორთაბრძოლებით, ეზოთერიკით, ფილოსოფიით. ბატონი ზაზა მეტად ენაწყლიანი რესპონდენტი აღმოჩნდა და ამ თემებზეც საინტერესოდ ისაუბრა.

 

ზაზა იაქაშვილი: მეშვიდე კლასში დავინტერესდი ჰათჰა იოგით. ხელში ჩამივარდა ინგლისურიდან თარგმნილი რუსულენოვანი წიგნი, რომელიც იოგას ეზოთერიკულ მხარესაც ეხებოდა. გამიმართლა და, არ მქონია სურვილი, რომ ეს ყველაფერი რელიგიის დონეზე დამეყენებინა. უბრალოდ, იოგათი ვიყავი დაინტერესებული, აღმოსავლური ფილოსოფიით, ეზოთერიკით, მაგრამ, ის რელიგიისგან მკვეთრად მქონდა გამიჯნული. ჩემს ბავშვობაში, რელიგიაზე ყოველგვარი საუბარი ზედმეტი იყო, მიუხედავად იმისა, რომ დედა ძალიან მორწმუნეა. მე თვითონ 33 წლის ასაკში მივედი პირველად ტაძარში, დედაჩემის მოძღვართან.

მოკლედ, იოგაში ვარჯიში საკუთარი სურვილით, დამოუკიდებლად დავიწყე. მერე ისე მოხდა, ბიძაჩემმა, გია მიქაძემ, რომელიც ყოფილ საბჭოთა კავშირში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ იოგასთან, ბატონ აბრეკ ფხალაძესთან დადიოდა, მეც მასთან მიმიყვანა იოგას შესასწავლად. თავად ბატონმა აბრეკმა, საიდან შეისწავლა იოგა ასე სრულყოფილად, დღემდე არ გაუმხელია ჩემთვის. მას მძიმედ დაავადებული და სასიკვდილოდ გადადებული ადამიანები გადაურჩენია. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ჯანმრთელობისთვის სამი კომპონენტია აუცილებელია:  სწორი კვება, ჰიგიენა და ვარჯიში. თუ ერთ-ერთი მათგანი მაინც დაირღვა, ჯანმრთელობას აუცილებლად მიადგება გარკვეული სახის ზიანი. იოგაში მითითებულიც არის, რომ, თუ ჰათჰა იოგას მისდევ, რომელი რელიგიის აღმსარებელიც გინდა იყავი, ეს შენს მრწამსს არანაირად არ უშლის ხელს. ბიძაჩემმა ჩემი გატაცების შესახებ რომ გაიგო, დამიშალა – მითხრა, ამას მარტო ნუ ასრულებო. საერთოდ, იოგას ვარჯიშები საკმაოდ რთულია და ზედმიწევნით ზუსტად შესრულებას მოითხოვს, თორემ, თუ არასწორად დაიწყე ან არასწორად გაჩერდი, შეიძლება, სერიოზულად დაიზიანო სხეული. სწორად უნდა ისუნთქო, თორემ, არა მარტო ფიზიკურად შეიძლება დაზიანდე, არამედ, ფსიქიკურადაც. სამაგიეროდ, თუ ეს ყველაფერი სწორად სრულდება, თვით ყველაზე მძიმე ავადმყოფიც შეიძლება განიკურნოს. მაგალითად, მე ვიცი ერთი ადამიანი, რომელსაც ექიმებმა იმედი გადაუწურეს და უთხრეს, რომ სულ რამდენიმე თვის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი, მაგრამ, იოგამ გადაარჩინა. 

– უკაცრავად, ეს ონკოავადმყოფებსაც ეხებათ?

– ონკოავადმყოფებსაც. მას სწორედ ონკოლოგიური დაავადების დიაგნოზი დაუსვეს.

მერე უკვე ენერგეტიკულ დონეზეც გავერკვიე: წლების შემდეგ უკვე აბსოლუტურად უცხო ადამიანმა მიმიყვანა ბატონ აბრეკ ფხალაძესთან, რომელსაც უკვე აღარ აჰყავდა მოწაფეები, თუმცა, ბიძაჩემის, სახელით რომ მივედი, მომისმინა და მომცა იოგასგან, ჩემი აზრით, ძალიან შორს მყოფი დავალებები – აინტერესებდა, რამდენად მზად ვიყავი ამ ყველაფრისთვის.

– რა სახის დავალებები მოგცათ?

– მაგალითად, ასეთი: მომცა ლობიოს თესლი, მითხრა, დამემუშავებინა მიწა, ოღონდ, ფეხშიშველს. დამეთესა ლობიო და ნაყოფი მიმეტანა. ყოველღამე ვუყურებდი როგორ ამოჰქონდა პირველი ღეროები. ყველა წესის დაცვით დავთესე, ამას ენერგეტიკულად დიდი მნიშვნელობა აქვს. თან, მაშინ ბიოლოგიურზე ვსწავლობდი. მოსკოვის მენდელეევის სახელობის ინსტიტუტში მიკრობიოლოგიის კათედრაზე ვიყავი. ბიოლოგია ბავშვობიდან სერიოზულად მაინტერესებდა, ამიტომ, გარკვეულწილად, მომზადებული ვიყავი და ბატონი აბრეკის დავალება არ გამკვირვებია. აღმოსავლეთში მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის განსაკუთრებული ურთიერთდამოკიდებულებაა. ჩემთვის გამოცდა იყო: ჯერ ერთი, რამდენად მჯეროდა და მივყვებოდი ჩემს მასწავლებელს, მეორე – შემეძლო თუ არა ძალისხმევის გაღება, როგორ უაზრობადაც  უნდა მომჩვენებოდა დავალება, მაგრამ, ბრმა და უსიტყვო მორჩილება კი არ მქონია, შინაგანად ვგრძნობდი, რომ, ასე იყო საჭირო. მას მერე დავიწყე ვარჯიში და, უკვე დიდი ხანია, ამ ადამიანთან მაქვს ურთიერთობა. კაცი 95 წლის არის, ომგამოვლილი,მაგრამ, თავისი საქმის წყალობით, შეძლო გამკლავება და ბევრი მადლიერი პაციენტიც ჰყავს.

– ბევრია საქართველოში იოგათი დაინტერესებული?

– არც ისე. რთულია და შავი სამუშაოს შესრულება არავის უნდა. მე, მაგალითად, გადაღებები მქონდა, სპექტაკლები და ფორმიდან ამოვვარდი. ვთქვა, რომ ფორმის დაბრუნება ძალიან იოლია, ახალ სიმაღლეებზე ასვლა და ახალი ფორმის შეძენაა რთული.

– მითხარით, აღმოსავლური ორთაბრძოლებით ვიყავი სერიოზულად გატაცებულიო.

– დავდიოდი ჩიგუნსა და თაი ძი ციუანზე შესანიშნავ პედაგოგთან, აწ განსვენებულ იური ყეინაშვილთან, რომელიც სრულიად უსასყიდლოდ მავარჯიშებდა. საოცრად საინტერესო პიროვნება იყო. მანამდე რაღაცეები მქონდა წაკითხული აღმოსავლურ ორთაბრძოლებზე. ვიყენებდით იარაღებსაც, მაგრამ, უფრო მეტად – ილეთებს, რომლებსაც ჰქონდა როგორც გამაჯანსაღებელი, ასევე, საბრძოლო-გამოყენებითი ხასიათი. მერე, ბატონი იურა გარდაიცვალა. მას ქართულ საბრძოლო ხელოვნებაზეც ჰქონდა საინტერესო წიგნები გამოცემული – სოფელ-სოფელ დადიოდა და აგროვებდა მასალას. სენსეი პაატა ჭელიძესთან სრულკონტაქტიან ოკინავურ გო ჯუ რიუ კარატეზე მივედი. ეს არის იაპონური ორთაბრძოლა, ოკინავაზე წარმოიშვა. ისე მოხდა, წელიწად-ნახევრის განმავლობაში აღარაფერი გამიკეთებია, ყველაფერს თავი დავანებე, მაგრამ, შარშანწინ ჩავაბარე გამოცდა და 4-საათიანი გამოცდის შემდეგ მივიღე ხარისხი. იაპონური და ოკინავური კარატე ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. ოკინავური სუფთა საბრძოლოა და უფრო უხეში. მანამდე დაოიზმისა და ძენ ბუდიზმის საფუძვლებსაც გავეცანი. სიმართლე გითხრათ, ეს ყოველთვის მაინტერესებდა და იქაც საინტერესო პარალელები ვიპოვე ჰათჰა იოგასთან. აღმოსავლურ ორთაბრძოლაში როცა სპარინგობ, მნიშვნელოვანია, ენდო საკუთარ ინტუიციას და რაღაც მომენტში მიენდო  ქვეცნობიერს, გათიშო ცნობიერი. შენ იცი, რომ უნდა მოგხვდეს, მაგრამ, თუ დაიძაბები, ვერც დროულ რეაგირებას მოახდენ და უფრო დაზიანდები. უნდა იფიქრო, რომ არ დააზიანო პარტნიორი. საბრძოლო ხელოვნებას თავისი მორალური კოდექსი აქვს, მას იაპონურად „უ დე“ ეწოდება.

– მე ვიცი, რომ ინდიელების, კერძოდ, ტოლტეკების ეზოთერიკასა და ფილოსოფიასაც კარგად იცნობთ.

– სენსეი პაატა იყო დაინტერესებული ტოლტეკების ეზოთერიკითა და მოძღვრებით. ჯერ კიდევ კარატეზე მისვლამდე, რამდენიმე კაცი ვიყავით, ვინც ამ საკითხზე ვმსჯელობდით, ფიზიკურ ვარჯიშებსაც ვაკეთებდით და მედიტაციის სახითაც. არის ვარჯიშები, რომლებსაც ენერგეტიკული მნიშვნელობა აქვს. ძალიან საინტერესო იყო ანთროპოლოგ კარლოს კასტენედას წიგნები. არ მინდა, მკრეხელობა გამომივიდეს, მაგრამ, ხელში ჩამივარდა წიგნი, სადაც მართლმადიდებლური ქრისტიანობის ეზოთერიკაზე იყო საუბარი. წავიკითხე იესოს ლოცვის შესახებ და, სრულიად ფანტასტიკური იყო, განვცვიფრდი და, ყველაფერმა, რაც მანამდე წამეკითხა, ფასი დაკარგა. ბუდიზმში, მაგალითად, უმაღლესი ნეტარება არის ნირვანა – სრულყოფილების მიღწევა და მსოფლიო გონთან შერწყმა. ინდიელებთან შედარებით სუსტად არის განვითარებული  სიყვარულის თემა, ბუდიზმში კი – შედარებით უფრო მეტად, მაშინ, როცა მართლმადიდებლობის ქვაკუთხედი უფლისა და მოყვასის სიყვარულია. ტოლტეკების ტრადიციით, შენ სამყაროში აბსოლუტურად მარტო ხარ, სამყარო კი მტაცებელია. ამიტომ, პირველ ყოვლისა, შენ უნდა იყო მუდმივად მებრძოლი შენს შინაგან მტაცებელთან, შენს სისუსტეებთან. თუ საკუთარ სისუსტეებს სძლევ, მოწინააღმდეგესაც მოერევი. 

– სიკვდილთან როგორი დამოკიდებულება აქვს ბუდიზმს?

– დონ ხუანი წიგნში ამბობდა, რომ სიკვდილი იმყოფება მუდმივად ჩვენგან მარცხნივ, სულ რაღაც ხელის  ერთი გაწვდენაზე, შეგიძლია, მხარზე ხელიც კი დაადო. როცა ცუდად ხარ, დამარცხებული და ფიქრობ, რომ აღარაფერი გიშველის, გაიხედე გვერდზე და ჰკითხე რჩევა საკუთარ სიკვდილს. ის გეტყვის: „მე ხომ შენთვის ჯერ ხელი არ შემიხია“? ეს გაფხიზლებს, გაძლევს ძალასა და სტიმულს. რაც შეეხება საიქიოს, ძენ ბუდიზმში უპირატესად მნიშვნელობა აქვს მიმდინარე მომენტებს; ანუ – აწმყოს. ის, რაც თუნდაც ერთი წამის წინ მოხდა, არ არის მნიშვნელოვანი, მხოლოდ და მხოლოდ აწმყოზე ფიქრით შეგვიძლია წარსულიდან გავთავისუფლდეთ და მომავალზე რეალური გავლენა ვიქონიოთ. ინდურ ბუდიზმში მოცემულია რეინკარნაციის იდეა. იმის მიხედვით, როგორ განვლე შენი ცხოვრება, ამ ჯაჭვის ბოლოს შენ მიაღწევ გასხივოსნებას, ნირვანას, თუკი სულიერად იქნები ასეთ საფეხურზე. ინდიელებთანაც, საიქიო მაინცდამაინც ნათლად არ არის განსაზღვრული. ინდიელი ამბობს: „მე არ ვიცი, სად მივდივარ სიკვდილის შემდეგ“. ინდიელები აღიარებენ სამყაროს აბსოლუტურ გენს და ყველაფერს განიხილავენ ენერგიების დონეზე.  განპიროვნებული კონკრეტული ღმერთები უფრო აცტეკებს ჰყავდათ, ტოლტეკებს – არა.

– 2012 წელზე რას გვეტყვით? ფილმმა ყველა შეაშინა. მაიას კალენდრით როგორ არის განსაზღვრული?

– აპოკალიფსის თარიღად მაიას ტომის კალენდარში სწორედ 2012 წელია მითითებული, მაგრამ, ქრისტიანობაში ეს არ არის განსაზღვრული, სწორედ იმიტომ, რომ მუდმივად ფხიზლად იყო. აპოკალიფსიც ყველა რელიგიაში სხვადასხვანაირადაა აღწერილი: ზოგან წინასწარმეტყველებენ, რომ გველეშაპი, მხეცი ჩამოვა დედამიწაზე და ყველაფერს გაანადგურებს; ზოგი რელიგიის მიხედვით, გაუგონარი მსხვერპლთშეწირვა დაიწყება და არავინ აღარავის დაინდობს. მაიას ტომების შესახებ, თავად ინდიელთა და ეზოთერიკოსთა ერთ-ერთი ვერსიით, არსებობს მოსაზრება, რომ ისინი, უბრალოდ, პარალელურ სამყაროში გადავიდნენ. 

 

 

скачать dle 11.3